x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508485
5 მნიშვნელოვანი მიზეზი,თუ რატომაა ბავშვის ფიზიკური დასჯა მიუღებელი
image

ფიზიკური დასჯა გავრცელებული მეთოდია, რომელსაც განებივრებული და ურჩი ბავშვების ჭკუაზე მოსაყვანად მიმართავენ მშობლები. როგორც წესი, მას 5-დან 4 მშობელი მიმართავს. ხოლო 10-დან 9 შემთხვევაში ამ მეთოდს ქალი იყენებს-დედა ან მეურვე. ზოგიერთი მხოლოდ წამორტყმას სჯერდება, ზოგი კი განრისხებისას ხელზე ქამარსაც იხვევს. თუმცა, სანამ მშობლები ფიქრობენ, რომ ასე ურჩ და გაუგონარ ბავშვებს კარგად მოქცევას ასწავლიან და თვლიან, რომ მათი ქმედებით არაფერი შავდება, ფსიქოლოგები და მკვლევარები სხვა სურათს გვიხატავენ. კვლევებით მტკიცდება, რომ ფიზიკური დასჯა არა მარტო საზიანოა ბავშვისთვის, არამედ - უშედეგოც.

თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღზრდის ასეთ მეთოდს, ამაზე ქვემოთ გიამბობთ.


1.ეს მხოლოდ აუარესებს სიტუაციას


imageდიახ, ბავშვები შეიძლება თავხედობდნენ, ცელქობდნენ და მშობლების მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მაგრამ შემოლაწუნებით სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მკვლევარები თვლიან, რომ ძალადობა, როგორც მადისციპლინებელი მეთოდი, გრძელვადიან პერსპექტივაში უმოქმედოა. ცემით ბავშვი ვერ მიხვდება რატომაა მისი ქცევა არასწორი. ძალადობა - ეს უბრალოდ ბავშვის მოქმედების შესაჩერებელი სწრაფი მეთოდია.


2.ბავშვისთვის ხდებით აგრესორი

imageკვლევებით ასევე გამოვლინდა, რომ ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების უმრავლესობა პატარა წამორტყმებით დაიწყო. როგორც უკვე ვთქვით, ფიზიკური დასჯა გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოქმედებს, ამიტომ მშობლები ყოველ მომდევნო ჯერზე ზრდიან გამოყენებულ ძალას. შედეგად-სასურველი დისციპლინური შედეგი მიუღწეველი რჩება, მშობლები კი ზოგჯერ აგრესიის ისეთ ფორმებს ავლენენ, რომელზე წამსვლელი ალბათ არასდროს წარმოედგინათ საკუთარი თავი.


3.ძალადობა ბავშვს აგრესიას უღვიძებს

imageბავშვები, რომელთაც ფიზიკურად ხშირად სჯიდნენ ბავშვობაში, უფრო მიდრეკილები არიან მომავალში პარტნიორისა და საკუთარი შვილებისადმი აგრესიის გამოვლინებისკენ და ასევე მათ შემთხვევაში უფრო მაღალია რისკი, რომ კანონდამრღვევებად ჩამოყალიბდნენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მშობლების მაგალითი გავლენას ახდენს ბავშვზე. თუ დედა და მამა ძალადობას მიმართავენ პრობლემის გადასაჭრელად, ბავშვი ამას დაიმახსოვრებს და მომავალში გამოიყენებს.


4.ბავშვს შესაძლოა დეპრესია დაეწყოს

imageთუ პარტნიორი დაგარტყამთ, ისევ იფიქრებთ, რომ მას უყვარხართ?-ალბათ არა. იგივეა ბავშვის შემთხვევაში. პატარები იმ მომენტიდანვე იწყებენ მშობლების სიყვარულში დაეჭვებას, როგორც კი მათი მხრიდან ძალადობის გამოვლინებას წააწყდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ცხოვრება მშობლების გარშემო ტრიალებს, ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ მშობლებს ის არ უყვართ და შესაძლოა კლინიკური დეპრესიაც კი განუვითარდეს, შედეგად, ძნელდება ბავშვის სოციალიზაცია.


5.ბავშვის ჯანმრთელობა უარესდება

imageმაშინაც კი, როცა ბავშვი ძალადობას შორიდან აკვირდება, ის სტრესს განიცდის. რეგულარულ ფიზიკურ დასჯას კი ძალიან ცუდი ძლიერი ეფექტი აქვს. ბავშვის იმუნური სისტემა მოწყვლადი ხდება სხვადასხვა დაავადებების მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს უკვე აქვს რაიმე დაავადება, ეს პროცესი უფრო რთულდება და ღრმავდება.


როგორ მოვიქცეთ

image1.როცა მოთმინება გეწურებათ

გადახედეთ თქვენს მოლოდინებს და ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეესაბამება თუ არა ბავშვის ქცევა მის ასაკს და განვითარების სტადიას. მაგალითად, დაუსრულებელი “რატომ?" სრულიად ნორმალურია 2-3 წლის ბავშვისთვის. ამან შესაძლოა თქვენი რისხვა გაანელოს და სიტუაციას უფრო კარგი განწყობით შეხედოთ.

2.ბევრჯერ სთხოვეთ ბავშვს კარგად მოქცევა, მაგრამ არ გიჯერებთ

ნუ გგონიათ, რომ ბავშვმა იცის რა შეცდომას უშვებს და რას გულისხმობთ თქვენ როცა ეუბნებით “კარგად მოიქეცი!". დააზუსტეთ რა და რატომ არ უნდა გააკეთოს. მაგალითად, ასე: “ნუ სჩმეტ შენს ძმას, ეს მტკივნეულია."

3.როცა ბავშვი უკვე კონტროლს კარგავს

როცა ბავშვის ქცევა უკვე სახიფათო ზღვარს უახლოვდება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩახედეთ თვალებში და ხმას დაუწიეთ. თქვენს სიმშვიდეს ძალიან დიდი ძალა აქვს, რომ ბავშვი რეალობას დაუბრუნოს.

4.ბავშვი ისტერიკაშია

აიღეთ ტაიმ-აუტი. მშვიდად გაიყვანეთ ბავშვი წყნარ ადგილას და აუხსენით თუ რატომაა მისი ქცევა მიუღებელი. შემდეგ კი უთხარით, რომ თამაშს მაშინ გააგრძელებს, როცა დამშვიდდება და ორი წუთით მოიცდის. თუ ძველებურ მოქცევას გააგრძელებს, ისევ თავიდან გამოიყენეთ 2 წუთის მეთოდი.

5.ბავშვი არ გიგონებთ

მიეცით საშუალება, რომ მის ცუდ ქცევას შედეგიც მოჰყვეს, თუ ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ასე ბავშვი საკუთარ შეცდომაზე ისწავლის. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ: “ხომ გეუბნებოდი!"


0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0