x
რა ღირს ჩვენი "უსაფრთხო" მგზავრობა?
image

რიკოთის გვირაბს რომ გავცდით, წვიმა მერე წამოვიდა. დაუნანებლად წურავდა ღრუბლებს ცისმიღმელი. ქარიც გიჟივით დაქროდა მთებს შორის. ხან ერთ მხარეს გადახრიდა ხეებს, ხან მეორე მხარეს. ხეებიც ქროლვას მიჩვეულები ელასტიურ მოძრაობებს აკეთებდნენ და თითქოს ქარს ეცეკვებოდნენ. მე და ერთი მგზავრი ბოლო ვაგონის ბოლო მინასთან ვიდექით. მე უკვე იქ ვიდექი, კარი რომ გააღო და გვერდზე მომიდგა. ხველებით ჩაიდუდღუნა, ჩახუთული ჰაერია ვაგონში და გამოვედიო.
ნუნისის სადგურში დიდხანს არ გავჩერებულვართ. დაიქშინ-დაიკივლა ელმავალმა და ხრიგინ-ხრიგინით გავუდექით დაკლაკნილ გზას. ათი წუთიც არ იყო გასული ჩემს გვერდით მდგომმა ხელის ქნევა დაიწყო. თვალი იქეთ გავაპარე, საითაც იყურებოდა და ორი საწვიმარში გახვეული კაცი დავინახე, იდგნენ და ისინიც ხელს იქნევდნენ კბილნაკლული ღიმილით და სევდაჩამდგარი თვალებით. იდგნენ და სიხარულით ხელს გვიქნევდნენ, უხაროდათ, რომ შევამჩნიეთ. მერე მალევე დაპატარავდნენ და მოსახვევში რომ შევედით, გაუჩინარდნენ.
- მაგათმა რომ რამე არასწორად გააკეთონ, ხო აზრზე ხარ, რა მოხდება? - ხველებ-ხველებით მკითხა გვერდით მდგომმა და თვითონვე მიპასუხა ხელის მოძრაობით. ჯერ სწორად წაიღო ხელი. მერე გადმოაბრუნა. - სადმე ავყირავდებით .
- ჰო. ალბათ. - დავიზაფრე. მართლა რომ რამე არასწორად გაეკეთებინათ?
იმ დღის მერე თვეზე მეტია გასული.

დღეს შემთხვევით წავაწყდი ფეისბუქზე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების განცხადებას, სადაც ხელფასების მომატებას ითხოვენ. ყველაზე მეტად სხდომის მთავარი თემა მეტკინა. რკინიგზაში დასაქმებული 12 579 ადამიანს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს. განცხადების ბოლოში ფოტოც იდო- დასაქმებულთა ხელფასების ჩამონათვალი, რომელსაც აქვე დავურთავ. დანარჩენი თავად შეაფასეთ.

image


მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია იმ ორი ადამიანისთვის:
თუ ამ სტატიას კითხულობთ, მადლობას გიხდით უსაფრთხოდ მგზავრობისთვის და ბოდიშს მოგიხდით, რომ ხელი ვერ დაგიქნიეთ .

2
64
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
64
  
2019, 3 ივლისი, 22:37
მადლობა. ჩავასწორებ :))
2019, 3 ივლისი, 22:31
კარგია,ოღონდ სათაური გაასწორე ,,უსაფრთხო" უნდა იყოს.დაგიბლოკავენ სტატიას
0 1 2