x
ტრამპის დიპლომატია და გახარებული კიმ ჩენ ინი - პირველად ისტორიაში ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეაში შეაბიჯა

image

ისტორიას ახსოვს ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი პირადი ხასიათისა და მანერების წყალობით ყოველთვის ახერხებდნენ ყურადღების მიქცევას და მიმდინარე ამბების გადაფარვას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უახლეს ისტორიაში (ისევე როგორც შეერთებული შტატების) ასეთი ადამიანი ნამდვილად არის ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკოსის გამოცდილება და რომელიც დიდად არ იწუხებს თავს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ აქვს "უცნაური" მანერები, ურთიერთობის სტილი, საუბრის სტილი. მას შეუძლია კოლეგებს შეურაცხყოფაც მიაყენოს "ტვიტერში" ან
რომელიმე ტელეარხთან ინტერვიუში. ბოლო ასეთი "მსხვერპლი" ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენია, რომელსაც ტრამპმა "მძინარა ჯო" დაარქვა და ძალ-ღონეს არ იშურებს მისი ეს მეტსახელი დაამკვიდროს. ყველას გვახსოვს როგორ იხსენიებდა ის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას ასევე პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატებისგან ჰილარი კლინტონს - მას მატყუარასა და "ყველა დროის უდიდეს ლუზერს" უწოდებდა.

დონალდ ტრამპმა 28-29 ივნისს იაპონიაში, ოსაკაში გამართული "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზეც მოახერხა ყურადღების მიქცევა - ყველა ელოდებოდა, თუ როგორ ჩაივლიდა მისი შეხვედრები ჩინეთის, თურქეთისა და განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტთან. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი სურვილის არქონისა, ტრამპი საერთაშორისო ღონისძიებებზე ბევრად უკეთესად გამოიყურება და უფრო "პოლიტიკოსივით" იქცევა. შედარებისთვის შეიძლება გავიხსენოთ თუ როგორი იყო ტრამპი ორწელიწად ნახევრის წინ - მკლავჭიდის ჩემპიონისთვის შესაშური ხელის ჩამორთმევის მანერითა და განცხადებებით, რომელსაც არავინ ელოდა და ხანდახან "თეთრი სახლიც" ვერ ხსნიდა. მართალია ეს ყველაფერი (საბედნიეროდ) წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ტრამპი მაინც ტრამპად დარჩა - სამიტზე ერთ-ერთი ორმხრივი შეხვედრისას მან განაცხადა, რომ უკანა გზაზე, სამხრეთ კორეაში სტუმრობისას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონას ესტუმრებოდა და ძალიან გაუხარდებოდა, თუ კიმ ჩენ ინს იქვე ნახავდა და უბრალოდ ხელს ჩამოართმევდა. ეს განცხადება 29 ივნისს გაკეთდა, 30 ივნისს კი ნამდვილად ისტორიული კადრები ვიხილეთ - პირველად ისტორიაში ჩრდილოეთ კორეის საზღვარი ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა გადაკვეთა.

შეხვედრა მართლაც საინტერესო იყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ ნაჩქარევად მომზადდა - ამერიკის პრეზიდენტის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაცვის წევრები ერთმანეთში ირეოდნენ, ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები კი ქაოტურად ირეოდნენ.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია ორი ლიდერის შეხვედრა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის უთანხმოების პრინციპული საკითხები არ იცვლება - პირველს სანქციების შერბილება სურს მინიმალური დათმობების ფონზე, მეორეს კი კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება. ძნელი სათქმელია, დაითანხმებს თუ არა ტრამპი კიმ ჩენ ინს ამაზე.

მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის ასეთი შეხვედრები საკუთარი იმიჯისა და პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე შიდა პროპაგანდისათვის გენიალური შესაძლებლობაა და არც არის გასაკვირი, კიმი ამ ყველაფერს მოხერხებულად რომ იყენებს.
როგორი იქნება ჩრდილო კორეის მედიის მიერ გაშუქებული შეხვედრა? იხილეთ ვრცლად
0
147
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0