x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლეგენდებით მოცული ქალი

image

ატლანტის ოკეანის პირველი ლედი - ასეთი მეტსახელი ჰქონდა ამელია ეარჰარტს, რომელიც 1928 წლის 17 ივნისს პირველი ქალი გახდა, ვინც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. მან არაერთი მსოფლიო რეკორდის დამყარება მოახერხა ავიაციის სფეროში. 1937 წელს ამელიამ სცადა მსოფლიოსთვის შემოეფრინა, მაგრამ მისი თვითმფრინავი უკვალოდ გაუჩინარდა წყნარი ოკეანის თავზე. რა გახდა ცნობილი მფრინავის დაღუპვის მიზეზი, დღემდე გაურკვეველია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვარაუდი. არსებობს ვერსიაც, რომ ამელია საკუთარი სურვილით გაუჩინარდა. ლეგენდის თანახმად, მან თითქოს სახელი შეიცვალა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ამელია მერი ეარჰარტი 1897 წლის 24 ივლისს დაიბადა, კანზასში. ამელიას დედ-მამის ურთიერთობა თანდათან უარესდებოდა, რის გამოც გოგონას ხშირად უწევდა ბებიასთან ცხოვრება. საბოლოოდ, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ამელია დედასთან ერთად ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე დაიწყო სწავლა სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ სიტუაცია დალაგდა, მშობლები შერიგდნენ, მამა უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა შვილებს. მამის წყალობით 23 წლის ამელია ავიაშოუს დაესწრო და ბიპლანის ფრენით საშუალებაც მიეცა, რამაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ამელია მიხვდა, რომ მფრინავობა უნდოდა.

1921 წელს ამელიამ ინსტრუქტორ ნიტა სნუკთან დაიწყო ფრენის სწავლა, რამდენიმე თვეში პირველი აეროპლანის შეძენაც მოახერხა, 1922 წელს კი ეარჰარტმა უკვე რეკორდი დაამყარა ქალთა შორის, როდესაც მან მიწიდან 4200 მეტრის სიმაღლეს მიაღწია. თავიდან ფრენა ამელიასთვის უბრალო ჰობი იყო, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, აქტიური პროპაგანდა ეწარმოებინა ავიაციაში ქალების ჩართვის მიზნით. ამის წყალობით ამელია ხშირად ხვდებოდა პრესის ფურცლებზე. მომავალში ეს ერთ-ერთი გარემოება გახდა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გოგონამ ტრანსატლანტიკური ფრენის განხორციელება მოახერხა.

1928 წლის 17-18 ივნისს ამელია ეარჰარტმა 20 საათი და 40 წუთი იფრინა, ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და რეკორდიც დაამყარა.

1928 წელს, ცნობილი მოხელის, მისტერ გეტსის ცოლი იწვოდა სურვილით, განეხორციელებინა პირველი ფრენა ოკეანის თავზე, მაგრამ ქმარი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. მისის გეტსი ფემინისტი იყო და ჯიუტად ცდილობდა განეხორციელებინა ფრენა, რომელსაც ქალი უხელმძღვანელებდა. არჩევანი ამელია ეარჰარტზე შეაჩერეს, თუმცა ამ ფრენაში მისი როლი არცთუ მნიშვნელოვანი იყო, რადგან თვითმფრინავს ის არ მართავდა. როგორც კი მიწაზე დაეშვნენ, ამელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი წვლილი მინიმალური იყო და საკუთარი თავი კარტოფილით სავსე ტომარას შეადარა. მიუხედავად ამისა, ცნობა იმის შესახებ, რომ ამელია გახდა პირველი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა, მთელ ქვეყანას მოედო. ამელია კინოვარსკვლავებზე პოპულარული გახდა. თუმცა მას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მთელი დიდება მას ერგო ისე, რომ ამაში პრაქტიკულად წვლილი არ შეუტანია.

1929 წელს ეარჰარტი ქალ-პილოტთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა, რომელიც თვითონვე დაარსა. ამავე პერიოდში, ამელია საკუთარ პოპულარობას იმისთვის იყენებდა, რომ აქტიურად ებრძოლა ქალთა უფლებებისთვის.

1931 წელს ამელია ცოლად გაჰყვა ჯორჯ პუტნემს - გამომცემელს, რომელმაც თავის დროზე მისის გეტსთან რეკომენდაცია გაუწია ეარჰარტს ტრანსატლანტიკური ფრენის განსახორციელებლად. ქმარი აქტიურად იყენებდა ამელიას, როგორც სარეკლამო სახეს. ეარჰარტის ფოტოები იყო ყველგან - სპორტული ტანსაცმლიდან დაწყებული, სიგარეტის კოლოფებით დამთავრებული. ეს ყველაფერი ამელიას გულზე არ ეხატებოდა. მას ფრენა უნდოდა. და ეარჰარტმა მზადება დაიწყო კიდევ ერთი შორეული ფრენისთვის. ამ შემთხვევაში ის ერთადერთი პილოტი უნდა ყოფილიყო. 1932 წელს ამელიამ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა.

ჯორჯ პუტნემი ხვდებოდა, რომ მისი მეუღლის პოპულარობა მარადიული არ იყო. ამელია უკვე ფლობდა საჭირო ავიატორულ უნარებს, ამიტომაც პუტნემმა გადაწყვიტა რაღაც უფრო დიდი და გრანდიოზული გაეკეთებინა. ასე დაიგეგმა ფრენა მსოფლიოს გარშემო. თავდაპირველად ამელია კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რადგანაც ხვდებოდა, ასეთი ფრენა შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო. მიუხედავად ამისა, ეს იდეა არასოდეს დავიწყებია და რამდენიმე წელიწადში გადაწყვეტილებაც მიიღო. იმ მომენტისთვის ქმარი ასეთ ფრენას უკვე აღარ ეთანხმებოდა.

1933 წლის ჩათვლით ამელია ეარჰარტმა არაერთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის მოხსნა საკუთარი რეკორდიც. თუმცა ეს რეკორდები და მიღწევები მას ან ქალ მფრინავთა შორის გამოარჩევდა, ან პირველი ქალი ხდებოდა, ვინც კონკრეტული ჩარჩო დაარღვია.

მაგალითად, 1932 წლის 20-21 მაისს ამელია 14 საათი და 56 წუთი ფრენის შედეგად პირველი ქალი გახდა, რომელმაც მარტომ გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.

იმავე წლის 24-25 აგვისტოს კი პირველი ქალი გახდა, რომელმაც სოლო ნონსტოპი შეასრულა ნაპირიდან ნაპირამდე და დაამყარა ქალთა ტრანსკონტინენტური ნონსტოპ ფრენის სიჩქარის რეკორდი (იფრინა 2, 447.8 მილი, 19 საათი და 5 წუთი).

1935 წელს ეარჰარტმა უკვე სქესის განურჩეველი რეკორდები დაამყარა და 11 იანვარს შეასრულა ფრენა, რომლითაც იგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც 2, 408 მილიან დისტანციაზე იფრინა მარტომ და წყნარი ოკეანე ჰონულულუდან ოკლანდამდე (კალიფორნია) გადაკვეთა. ამასთანავე, ეს იყო პირველი ფრენა, როდესაც სამოქალაქო თვითმფრინავი ორმხრივი (მიმღებ-გადამცემი) რადიო მოწყობილობით იყო აღჭურვილი.

19 აპრილს (1935 წელი) ამელია პირველი ადამიანი გახდა, ვინც სოლო ფრენა შეასრულა ლოს-ანჯელესიდან ქალაქ მეხიკომდე. ფრენა 13 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.

8 მაისს კი ამელია ქალაქ მეხიკოდან ნიუარკში, ნიუ-ჯერსიში გაფრინდა (14 საათი და 19 წუთი) და პირველი ადამიანიც გახდა, რომელმაც მარტომ იფრინა ამ გზაზე შეუსვენებლად.

1937 წლის 17 მარტს ამელიამ და მისმა შტურმანმა, ფრედ ნუნანმა კაპიტან ჰარი მეინინგსა და აკრობატ მფრინავ პოლ მანცთან ერთად 15 საათიანი და 47 წუთიანი ფრენა შეასრულეს ოკლანდიდან ჰონოლულუმდე (კალიფორნია - ჰავაი), რაც ამელიას მოგზაურობის პირველ ნაწილს წარმოადგენდა.

1937 წლის 1 ივნისს ამელია ეარჰატმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო.

ჰავაის კუნძულებიდან აფრენისას თვითმფრინავი დაზიანდა, მაგრამ ამელია ვერც ამან შეაჩერა. მსოფლიოს გარშემო ფრენისას მან არაერთი მსოფლიო რეკორდი დამყარდა (მათ შორის, გახდა პირველი ადამიანი, ვინც წითელი ზღვიდან ინდოეთში იფრინა).

ივლისის დასაწყისში მოგზაურობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც 1937 წლის 2 ივლისს ამელია და მეორე პილოტი ფრედ ნუნანი წყნარი ოკეანის თავზე მიფრინავდნენ და მათთან კავშირი გაწყდა.

სამძებრო სამუშაოები თითქმის 2 წლი გრძელდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. 1939 წელს პილოტები დაღუპულებად გამოაცხადეს.

დღესდღეობით რამდენიმე მოსაზრება არსებობს მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ერთი ვერსიით, შესაძლებელია თვითმფრინავს საწვავი გამოელია და ოკეანეში ჩავარდა. მეორე ვერსიით, ამელიამ სცადა რომელიმე კუნძულზე დამჯდარიყო, მაგრამ აქაც პრობლემებმა იჩინა თავი, თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა, ხოლო ეკიპაჟმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. ზოგიერთი თვლის, რომ ამელია და ფრედ ნუნანი იაპონელებს ჩაუვარდნენ ტყვედ. ამელია ეარჰარტის უკანასკნელი ფრენა დღემდე საიდუმლოებით არის მოცული და ხალხში მრავალი ლეგენდის საფუძვლად იქცა.

. . .

სტატია მომზადებულია პროექტის "გზაზე ერთი ქალი მოდიოდა" ფარგლებში

პროექტს ახორციელებს სოციალური შუქნიშანი

პროექტი ხორციელდება "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:სოციალური შუქნიშანი
სოციალური შუქნიშანი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0