x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალექსანდრე მაკედონელის სარკოფაგის თავგადასავალი

ალექსანდრე მაკედონელის სიახლოვეს, ომში, თუ მშვიდობიან პერიოდში, ყოველთვის ისტორიკოსები ტრიალებდნენ, რომლებიც ყოველ მის ნაბიჯს, ცნობილი მხედართმთავრის მიერ გაჟღერებულ, ყოველ ფრაზას იწერდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ფაქტი, მისი ბიოგრაფიიდან, იდუმალებით არის მოცული. მკვლევარების გამოთვლით, მაგ., მაკედონელის აკლდამა, შეცდომით, უკვე 100-ზე მეტჯერ აღმოაჩინეს...


image




საწამლავი ჯორის ჩლიქში



დღემდე უცნობია დიდი მხედართმთავრის გარდაცვალების გარემოებები და მიზეზი. რიგი წყაროების მიხედვით, ის ციებ-ცხელებით, ძვ. წ. აღრ. 323 წელს, ბაბილონში გარდაიცვალა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, მისი იმპერია, მისმა ყოფილმა გენერლებმა გაინაწილეს, ხოლო რაზეც ვერ მორიგდნენ, სადავო საკითხი ომით გადაწყვიტეს.
მკვლევარები, უცნაურად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მეფის გარდა, არმიის უმაღლესი ხელმძღვანელ პირებს შორის, რომელთანაც ალექსანდრეს ყოველდღიურად კონტაქტი ჰქონდა, ავად არავინ გამხდარა – და ეს ფაქტი, ავადმყოფობით გარდაცვალების ვერსიისადმი, სავსებით სამართლიან კითხვებს აჩენს. გარდა ამისა, ავადმყოფობის სიმპტომები – ხანგრძლივი დროის მანძილზე ღებინება, კრუნჩხვები და გულის ცემის შენელება, რომლის შესახებ კარის მკურნალები წერდნენ – ჩვეულებრივ, ძლიერი მოწამვლისთვის არის დამახასიათებელი. ხოლო, ადამიანი, რომელსაც ეს შეიძლება ჩაედინა, სავარაუდოდ, ანტიპატრე ან მისი შვილი კასანდრე იყო. ანტიპატრე ალექსანდრეს მამის, ფილიპ II მაკედონელის მეგობარი იყო და როდესაც ალექსანდრე აზიაში გაემგზავრა, ის მაკედონიის მეფის ნაცვლად დანიშნა.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლუტარქე წერდა, რომ საწამლავი ალექსანდრე დიდის მოსაწამლად, ბაბილონში ჯორის ჩლიქით ჩაიტანეს და შემდეგ ღვინოში შეურიეს. დაახლოებით იგივე ვერსიას გადმოქვცემს III საუკუნის რომაელი ავტორი მარკ იუნიან იუსტენი, რომელმაც ფილიპ II და ალექსანდრეს მაკედონელის შესახებ, მრავალტომიანი ნაშრომი დაწერა.




პტოლემეს ეშმაკობა



ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრედ, ჯერ მისი ჭკუასუსტი ძმა არიდაიოსი, ხოლო შემდეგ, მისი შვილი ალექსანდრე IV მაკედონელი გამოაცხადეს, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ დაიბადა და ტახტზე 6 წლის ასაკში (ძვ. წ. აღრ. 317 წ.), ბიძის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. მაგრამ, იმპერიას ფაქტიურიად დიადოქოსები – უმაღლესი მთავარსარდლები მართავდნენ, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთთან იბრძვოდნენ. თითოეულ მათგანს, იმპერიის ხელში ჩაგდება და უფრო დიდი გავლენის მოპოვება უნდოდა და ფიქრობდნე, რომ ვის ტერიტორიაზეც დიდი მეფე დაიკრძალებოდა, მის მემკვიდრედ აღიარების უფრო მეტი შანსი ექნებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. მაკედონიის მეფე კასანდრე გახდა, რომელიც ალექსანდრე დიდის ერთადერთი დის ფესალონიკის მეუღლე იყო (ძვ. წ. აღრ. 316 წ. დაქორწინდა) და მას შემდეგ, რაც მან ძვ. წ. აღრ 309 წ. ალექსანდრე მაკედონელის ქვრივი როქსანა და მისი ვაჟი, მაკედონიის კანონიერი მეფე ალექსანდრე IV სიკვდილით დასაჯა, მისი კონკურენტი, სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში, აღარავინ იყო და მეფის გვირგვინი მას დარჩა. ეს ყველაფერი მოგვიანებით მოხდა, მაგრამ მანამდე...
თავად დიდ მხედართმთავარს სიცოცხლეშივე ნათქვამი ჰქონდა, რომ გარდაცვალების შემდეგ, სამუდამო განსასვენებელს სივას ოაზისში ამ მის მიერ დაარსებულ ალექსანდრიაში ისურვებდა, – იმ ტაძრის სიახლოვეს, რომლის ქურუმებმა მასში ღმერთი ამონის შვილი ამოიცნეს და ფარაონად აკურთხეს.
მეფის ცხედარი 7 დღის მანძილზე დაუმარხავი იყო და მხოლოდ იმიტომ შეინახა, რომ ის თაფლში მოათავსეს. შემდეგ, ეგვიპტიდან ქურუმები გამოიძახეს, რომლებმაც ბალზამირება გაუკეთეს და მუმია ოქროს თავსახურიან მარმარილოს სარკოფაგში ჩაასვენეს. მის გადასატანად ბერძენმა ოსტატებმა სპეციალური ეტლი ააგეს, რომელშიც 64 ჯორი იყო შებმული.
მეფის ბალზამირებული სხეული, 1 წლის მანძილზე, ბაბილონის სასახლეში იყო დასვენებული, რადგან ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ვერაფრით გადაწყვიტეს, თუ სად უნდა აეშენებინათ მისთვის აკლდამა (იმ პერიოდისთვის, ალექსანდრია ჯერ დასრულებული არ იყო). ბოლოს, მცირეწლოვანი ალექსანდრე IV რეგენტმა პერდიკამ, მხედართმთავრის მუმიის სამშობლოში გადასვენების ბრძანება გასცა. მაგრამ, ამის განხორციელება არ მოხერხდა, რადგან როდესაც სამგლოვიარო პროცესიამ დღევანდელი სირიის ტერიტორიამდე მიაღწია, მას ეგვიპტეს მმართველის – პტოლემეს ჯარისკაცები წამოეწივნენ და მაკედონიის ნაცვლად, დიდი მხედართმთავრის ცხედარი ეგვიოტეში, მემფისში გადაასვენეს. ეს რომ პერდიკამ შეიტყვო, თავისი ხალხი დაადევნა, მაგრა პტოლემემ ისინი მოატყუა – სამგლოვიარო ეტლს ცარიელი სარკოფაგი გადაჰქონდა, ხოლო მეფის მუმია მემფისში ფარულად ჩაიტანეს, ყოველგვარი პატივის გარეშე.
იქ ალექსამდრე მაკედონელის სხეულს ბალზამირება ხელმეორედ ჩაუტარეს. ხოლო, გარკვეული დროის შემდეგ, პტოლემეს შვილმა და ეგვიპტის ფარაონმა პტოლემე II ფილადელფოსმა ის ალექსანდრიაში გადაასვენა და მისი სურვილი, თუ ანდერძი აღასრულა. ალექსანდრე მაკედონელის მუმია ახალ ოქროს სარკოფაგში ჩაასვენეს და სპეციალურად მისთვის აშენებულ აკლდამაში დაასვენეს.




ხელით არ შეეხოთ!



შემდგომი ცნობები ალექსანდრე მაკედონელის სარკოფაგის შესახებ ძალიან მწირია. ცნობილია, რომ მის სანახავად და დიდი მხედართმთავრისთვის პატივის მისაგებად, რომის იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი მივიდა. მისთვის მხედართმთავრის სარკოფაგი აკლდამიდანაც კი გამოიტანეს და ოქტავიანემ პატივისცემის ნიშნად, მასზე ოქროს გვირგვინი დადო. ძველი წყაროს ცნობით, ის მუმიიას სახეზეც შეეხო, თან ისე ცუდად, რომ მას ცხვირი მოსტყდა.
imageმემატიანე იმასაც ამტკიცებს, რომ მეფის სარკოფაგი ბოლო დროს ოქროსი კი არ, მთის ბროლის იყო და რომ, პტოლემეების დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, –დედოფალმა კლეოპატრამ სარკოფაგის გადადნობა ბრძანა, რათა დაცარიელებული ხაზინა შეევსო (თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაციაც მისი დაუძინებელი მტრის, ოქტავიანეს მიერ გავრცელებული მორიგი ჭორი ყოფილიყო).
ისტორიული ქრონიკების თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის აკლდამაში, მისთვის პატივის მისაგებად, რომის სხვა იმპერატორები – კალიგულა და კარაკალაც იყვნენ. ხოლო, II საუკუნის ბოლოს, იმპერატორმა ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა მეფის სარკოფაგის გადამალვა და აკლდამის ამოქოლვა ბრძანა. იქიდან მოყოლებული, დიდი მხედართმთავრის განსასვენებლის ადგილი უკვე იკარგება. ხოლო, არქეოლოგები სხვადასხვა ადგილებს ასახელებენ, სადაც შესაძლებელია, რომ ის იყოს და არა მარტო ეგვიპტეში ან საბერძნეთში, არამედ ირანში და შუა აზიაშიც კი.
ერთ-ერთი სპარსული ლეგენდის თანახმა, მაკედონელის სარკოფაგში თავიდან სხვისი მუმია იყო, ხოლო თავად მეფე, ბაბილონში დაკრძალეს ფარულად.

მაკედონული ლეგენდის მიხედვით კი, მეომრებმა მეფის ცხედარი მოიპარეს და სამშობლოში გადაასვენეს, სადაც ტრადიციის მიხედვით, მისი კრემაცია მოახდინეს.
მაგრამ, ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, მუმია ნამდვილად ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნოდა და სავარაუდოდ, ის დღესაც ეგვიპტეშია.




ვანგამ დახმარება ვერ შეძლო



ცნობილი ნათელმხილველის ვანგას დის შვილი, კრასიმირა სტოიანოვა თავის წიგნში წერს, რომ ერთხელ, დეიდამისთან ვიღაც მივიდა ძველი გრაგნილებით და მისი გაშიფვრა სთხოვა. ხოლო, ვანგამ უპასუხა, რომ ტექსტს ზუსტად ვერ გადაუთარგმნიდა, მაგრამ იცოდა, თუ მასში რაზე იყო საუბარი. როგორც აღმოჩნდა, ხელნაწერი ინფორმაციას შეიცავდა, რომ ალექსანდრე მაკედონელი სამშობლოში იყო დაკრძალული და იგივე ტექსტი, რაც წერილში იყო, ეგვიპტიდან ჩამოტანილი კუბოს შიდა მხარეზეც იყო ამოტვიფრული (არსებობს ინფორმაცია, რომ რომის იმპერატორმა კარაკალამ (ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის უფროსი ვაჟი), რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დიდი თაყვანისმცემელი იყო, მხედართმთავრის მუმია მაკედონიაში გადაასვენა).
2014 წ. ბერძენმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ქ. ამფიპოლისის (საბერძნთი) მახლობლად, ეგეოსის ზღვიდან 4 კმ-ს დაშორებით, მათ 500 მ. სიგრძის და 3 მ-ზე მაღალი, მარმარილოს კედელი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მაკედონელის სამარხი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იქ მეტად მნიშვნელოვანი პირია დაკრძალული. ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის, მართლაც იყო, თუ არა დიდი ალექსანდრეს ცხედარი სამშობლოში გადმოსვენებული და მეცნიერები წინასწარი დაკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა კვლევის პირველი შედეგები დამაიმედებელია: აღმოჩენილი აკლდამა ალექსანდრე მაკედონელის და მისი მამის ფილიპ II ეპოქას ეკუთვნის და ისე მდიდრულად არის მოწყობილი, რომ შესაძლებელია, სწორედ ალექსანდრე მაკედონელისთვის ყოფილიყო მომზადებული.
გათხრები გრძელდება და ადრე, თუ გვიან, ალბათ, ამ საიდუმლოსაც აეხდება ფარდა...

imageimageimageimageimageimageimage






0
540
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0