x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური, იშვიათი და განსაცვიფრებელი მცენარეები
დედამიწაზე უამრავი უცნაური, გასაოცარი სილამაზის უნიკალური მცენარეა, რომელთა ნახვისას აუცილებლად დაგებადებათ კითხვა: როგორ შეძლო ბუნებამ ასეთი შედევრის შექმნა? მართლაც, ჩვენს პლანეტაზე არსებობს მცენარეთა ბევრი სახეობა და ქვესახეობა, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული გამძლეობით და სიცოცხლისუნარიანობით, გასაოცარი ფორმებით და ფერებით, სილამაზით, გიგანტური ყვავილებითა და უცნაური აგებულებით.



image



ამ პოსტში შეკრებილია დედამიწაზე გავრცელებული ყველაზე უცნაური, ყველაზე ლამაზი და ყველაზე დიდი ზომის მცენარეები. ნახეთ და დატკბით ბუნების კრეატიულობითა და ოსტატობით.




კომბოსტო რომანესკო ბროკოლი



image



რომანესკო – კომბოსტოს კულტურული ჯიშია და მიეკუთვნება იგივე სახეობას, რასაც ყვავილოვანი კომბოსტო. ის წარმოადგენს ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის ჰიბრიდს. რომანესკოს ჯიშის კომბოსტო უხსოვარი დროიდან მოჰყავდათ რომის შემოგარენში. სწორედ აქედან წარმოდგა მისი სახელწოდებაც. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, რომანესკო პირველად მოხსენიებულია მე-16 საუკუნის იტალიურ წყაროებში, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ის პირველად XX საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა. ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოსაგან განსხვავებით, რომანესკოს ტექსტურა უფრო ნაზია და მას გააჩნია რბილი გემო ნაღებისა და თხილისა, კომბოსტოსათვის დამახასიათებელი მომწარო გემონაკრავის გარეშე.



ტაკა


image




ტაკა წარმოადგენს ტაკისებრთა ოჯახის მცენარეს, რომელიც ხარობს მრავალფეროვან ბუნებრივ პირობებში. ის გავრცელებულია ძლიერ ნესტიან ადგილებში, სავანებში, ბუჩქნარებსა და წვიმიან ტყეებში. მცენარის ახალგაზრდა ფოთლები წვრილ-წვილი თმებივითაა ჩამოშვებული, დროთა განმავლობაში კი ისინი ჩვეულებრივ ფოთლებად გადაიქცევიან. მცენარის ზომები მერყეობს 40-100 სმ ფარგლებში, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით სამ მეტრამდე სიმაღლის ტაკას. ტაკა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ოთახის მცენარეების მოყვარულებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელ ბინაში მისი მოთავსება ჯანმრთელობისათვის დიდად სახარბიელო არაა.



ბუზიყლაპია ვენერინა


image



ბუზებისჭამია ვენერინა ყველაზე ცნობილი მწერიჭამია შხამიანი მცენარეა. ის ძირითადად ბუზებითა და ობობებით იკვებება. ეს არის პატარა ზომის მცენარე, რომელსაც სულ 7-8 ფოთოლი გააჩნია. მცენარის ფოთოლი გაყოფილია ორ ნაწილად და ბოლოვდება წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსებით. ფოთლის ეს ნაწილები ახორციელებენ სწრაფ მოძრაობას, როცა მათ მწერი ან ბუზი შეეხება. ისინი იხურებიან 0, 1 წამის განმავლობაში და თავის შიგნით წარმოქმნიან მცენარის ეგრეთ წოდებულ "კუჭს", სადაც ხდება მწერის გადამუშავება.



დრაკონის ხე


image



დრაკონის ხე - დრაცენას ჯიშის მცენარის სახეობაა, რომელიც აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხარობს. ძველი ინდური ლეგენდა გვიამბობს, რომ დიდი ხნის წინ არაბეთის ზღვაში მდებარე კუნულ სოკოტრაზე ცხოვრობდა სისხლისმსმელი დრაკონი, რომელიც თავს ესხმოდა სპილოებს, კლავდა მათ და სვამდა სისხლს, მაგრამ ერთხელაც ერთი ბებერი და ძლიერი სპილო თავს დაესხა დრაკონს და მოკლა ის, თუმცა ამ ბრძოლაში თვითონაც დაიღუპა. მათი სისხლი ერთმანეთს შეერია და მორწყო დედამიწა. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ადგილზე ამოვიდა უცნაური ხეები, რომლებსაც დრაცენა უწოდეს, რაც არბულად ნიშნავს მდედრ დრაკონს. კანარის კუნძულების აბორიგენი მოსახლეობა ამ მცენარეს წმინდა ხედ თვლიდა, მის წვენს (სისხლს) კი სამკურნალოდ იყენებდა. ხის ფისი აღმოჩენილი იქნა პრეისტორიულ სამარხებში. როგორც ჩანს, მას ბალზამირებისთვის იყენებდნენ.

დრაკონის ხის მსხვილ ღეროზე გადაშლილია მისი ვარჯი, რომელზეც წვეტიანი, ხშირი ფოთლები იზრდება. ხის სიმაღლე ზოგ შემთხვევაში 20 მეტრს აღწევს, ხოლო მისი ვარჯის სიგანე 4-5 მეტრს. დრაკონის ხეს გააჩნია დიდი, ორსქესიანი ყვავილები, რომლებიც შეკრულია ყვავილედებად. დრაკონის ხე დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. ზოგიერთი ეგზემპლარი 7000-9000 წელსაც კი ცოცხლობს.



აფრიკული ჰიდრონა


image




ჰიდრონა ხარობს აფრიკის, არაბეთის და მადაგასკარის ტროპიკულ მხარეებში. ის უიშვიათესი მცენარეა. ერთი შეხედვით ჰიდრონა სოკოს წააგავს მანამ, სანამ არ გაიშლება მისი უცნაური ყვავილი. ჰიდრონას აქვს უზარმაზარი, მცენარის ძირზე მჯდომარე, ორსქესიანი, უფურცლებო ყვავილი.

ყვავილის შეფერილობა და აგებულება, ისევე როგორც მისი საშინლად მყრალი სუნი, ემსახურება მწერების მოზიდვას, ხოჭოები დ ბუზები ძალინ ეტანებიან ჰიდრონას ყვავილებს, დაცოცავენ მის ქვედა ნაწილში, სადაც განლაგებულია რეპროდუქტიული ორგანოები და დებენ იქ კვერცხებს.

აფრიკის მცხოვრებლები ფართოდ იყენებენ ჰიდრონას ნაყოფს საკვებდ, მადაგასკარზე მცენარის ნაყოფი ერთ-ერთ საუკეთესო ხილად ითვლება. მას ეტანებიან აგრეთვე გარეული ცხოველებიც. ასე რომ ჰიდრონას თესლის გადამტანად ითვლება როგორც ცხოველები, ასევე ადამიანები. ჰიდრონას ყვავილებს და ფესვებს იყენებენ გულის დაავადებების სამკურნალოდ.

ჰიდრონა ძირითადად პარაზიტი მცენარეა.მისი ფესვები, უფრო სწორად, მიწისქვეშა ღეროები, მიწაში ღრმად იზრდება, წრამოქმნის ერთგვარ ბადეს სხვა მცენარის ფესვების გარშემო და მისგან იწოვს საკვებ ნივთიერებებს. მცენარის მიწისზედა ნაწილის ზომები 15-20 სმ ფარგლებში მერყეობს.



ბაობაბი


image



ბაობაბი ტროპიკული ხე-მცენარეა, რომელიც ძირითადად ტროპიკული აფრიკის მშრალ სავანებში ხარობს, თუმცა, უძველესი ჩანაწერების მიხედვით, მას ეგვიპტელებიც იცნობდნენ და შესაძლოა იგი ეგვიპტეშიც ყოფილიყო გავრცელებული. ამ ხის სახელი მისი არაბული სახელწოდებიდან მოდის, მას არაბულად ''ბუ ჰუბაბს'' უწოდებენ, რაც მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს. ბაობაბის ხეს აგრეთვე ''სააფთიაქო ხის''ან „მაიმუნების პურის ხის“ სახელითაც იცნობენ.

აფრიკული ბაობაბის ხე ფრანგმა მეცნიერმა და ბუნების მკვლევარმა, მიშელ ადანსონმა აღმოაჩინა მეთვრამეტე საუკუნეში. ამის გამო მას „ადანსონია დიგიტატასაც“ უწოდებენ მეცნიერები. ამ ხის შესახებ უამრავი საინტერესო ლეგენდა არსებობს. აფრიკაში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ბაობაბის ხე ეშმაკმა ამოთხარა და უკუღმა ჩაარჭო მიწაში, ამიტომაც ამ მცენარეს ისეთი შეხედულება აქვს, თითქოსდა მიწაში თავითაა ჩარჭობილი და ფესვები ჰაერში დარჩენიაო. არსებობს ინდური ლეგენდაც, რომლის მიხედვითაც ბაობაბი სურვილების ასრულების ხედაა გამოცხადებული. თურმე ვინც ამ ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება.



image



კიდევ ერთი ცნობილი ლეგენდა შემოინახეს აფრიკელებმა ბაობაბის შესახებ: დედამიწის არსებობის პირველი დღიდანვე ღმერთებმა გარეულ მხეცებს თესლები დაურიგეს, რათა მცენარეები დაეთესათ. ბაობაბის თესლი აფთარს შეხვდა დასათესად. აფთარს სხვა მცენარის თესლების დათესვა უნდოდა, ამიტომ გაბრაზდა და გადაწყვიტა, ეს მცენარე უკუღმა დაერგო, ამიტომაც ბაობაბი ფესვებით ზემოთ ამოტრიალებულ ხეს ჰგავს. ბაობაბი 30 მეტრ სიმაღლეს აღწევს. მას შიშველ ტოტებზე ამოსდის მსხვილი, თეთრი ფერის ყვავილები, რომლებიც ხუთი ფურცლისგან შედგება. ყვავილები გვიან ღამით იშლება და მხოლოდ ერთ ღამეს ცოცხლობს. როცა ყვავილები დაჭკნება, მათ ადგილზე წარმოიქმნება უცნაური ნაყოფი, რომელსაც ნესვის ფორმა აქვს, მისი ქერქი კი ძალიან მაგარი და უხეშია. ქერქისგან განსხვავებით, ნაყოფის შიდა ნაწილი რბილია, თეთრი ფერისაა და მომჟავო გემო აქვს. ნაყოფს ამ რბილ ნაწილში შავი თესლები აქვს. ბაობაბის ნაყოფი ბევრ ცხოველს უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევიან სპილოები, ისინი არა მხოლოდ ნაყოფს მიირთმევენ, არამედ ხის ქერქსა და ფოთლებსაც არ იწუნებენ. ბაობაბის გემრიელი ნაყოფი მაიმუნების საყვარელი საჭმელიცაა. მისი ყვავილების სუნი კი ღამურებს მოსწონთ. ისინი ღამღამობით ხშირად იკრიბებიან ბაობაბის ხეებზე.

ბაობაბი ყველაზე დღეგრძელი მცენარეა. მისი ზოგიერთი ეგზემპლარი 5000 წლამდე ცხოვრობს. სხვა ხეებისაგან განსხვავებით, მას არ აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობის განმსაზღვრელი რგოლები. ხის ასაკის გამოცნობა ძნელია. 5000 წლიანი ცხოვრების პერიოდი მისმა აღმომჩენმა, მიშელ ადანსონმა განსაზღვრა, რის გამოც მას ხშირად „ბაობაბის ნათლიადაც“ კი მოიხსენიებენ ხოლმე.



ამაზონის ვიქტორია


image



ამაზონის ვიქტორია ყველაზე დიდი წყალმცენარეა დედამიწაზე. ის მიეკუთვნება წყლის მცენარეთა გვარს დუმფარასებრთა ოჯახისა. ვიქტორიას აქვს წყალზე მოტივტივე დიდი ზომის აკეცილკიდეებიანი ფოთლები; ფოთლის ქვედა მხარეზე განვითარებულია მსხვილი ძარღვების ქსელი, რომელიც შეიცავს ჰაერშემცველ ქსოვილს. ამაზონის ვიქტორია იზრდება მდინარე ამაზონის აუზში, მისი ფოთლის დიამეტრი 2 მეტრს აღწევს და 50 კგ-ზე მეტ ტვირთს უძლებს. მცენარეს დიდი დიამეტრის (25–35 სმ) სურნელოვანი ყვავილი აქვს, რომელიც ყვავილობს 2 დღე-ღამის განმავლობაში, ამ დროს გვირგვინის ფურცლების ფერი იცვლება თეთრი და ვარდისფრიდან – ჟოლოსფრამდე. დღისით ყვავილი იკეცება და ეშვება ფსკერზე, სადაც შავთესლიანი ნაყოფი ვითარდება. ველურ პორობებში მცენარის სიცოცხლისუნარიანობა 4-5 წელია. ამაზონის ვიქტორია ორანჟერეებსა და ბოტანიკური ბაღებში საკმაოდ კარგად ხარობს, ამიტომ ხშირია მათი კულტურული სახით გაშენების ფაქტები.



კალიფორნიული სექვოია


image



გიგანტური სექვოია (სექვოიადენდრონი, ველინგტონია) არის გიგანტური ხის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება კვიპაროსის ხეთა ოჯახის რიგს.

ეს ხეები ძველად დედამიწაზე მრავალ ადგილას იყო გავრცელებული(მათ შორის კავკასიაშიც, სადაც რამდენიმე საუკუნის წინ ამერიკიდან შემოიტანეს რამდენიმე ნერგი), მაგრამ დღეს მათი გავრცელების არეალი შეზღუდულია. ის გვხვდება აშშ-ში კალიფორნიის შტატში სიერა-ნევადას მწვერვალზე 1500-2000 მეტრ სიმაღლეზე.

მეცხრამეტე საუკუნეში აშშ-ში ბევრს მსჯელობდნენ ამ ხის სახელთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომაც აქვს მას რამდენიმე დასახელება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული სახელი მაინც გიგანტური სექვოიაა.

ხის ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია: მაქსიმალური სიმაღლე 100 მეტრს აღწევს, ხოლო დიამეტრი 10-12 მეტრს აღემატება.



image



ხე რამდენიმე ათას წელს ცოცხლობს, დღევანდელი მონაცემებით ყველაზე ძველი სექვოოის ხის ასაკია დაახლოებით 3200 წელი. მას "გენერალ შელმანს" უწოდებენ. ხის სიმაღლე 115 მეტრს აღწევს, ხოლო მთლიანად მისი მოცულობა 1487 კუბურ მეტრს. ეს სექვოია ითვლება ყველაზე დიდ და მაღალ ხედ მსოფლიოში.



ნეპენტესი


image



ნეპენტესი ნეპენტისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც აერთიანებს 120 სახეობას. მათი უმეტესობა ხარობს ტროპიკულ აზიაში, განსაკუთრებით ბევრია კალიმანტანის ნახევარკუნძულზე. ნეპენტესი წარმოადგენს ბუჩქოვან ან ნახევრადბუჩქოვან ლიანებს, რომელიც ტენიან ადგილებში იზრდება. ლიანებზე ჩამოკიდებულია ეგრეთ წოდებული დოქები, რომელიც სხვადასხვა ზომის და შეფერილობისაა: წითელი, თეთრი ნაირფერი ლაქებით, ნარინჯისფერი, ყავისფერი...



imageimage



ამ მცენარეს სხვაგვარად ბუზების მჭერს, მტაცებელს და დოქებიან ყვავილს უწოდებენ. თუ გსურთ, ორიგინალური და უცხო ოთახის ყვავილი გქონდეთ, ნეპენტესზე უკეთესს ვერაფერს ინატრებთ: მისი უცნაური გარეგნობა მოგხიბლავთ და მწერებიც არ შეგაწუხებთ: თავისი "დოქებით'' ნეპენტესი აქტიურად იჭერს ბეზებს, კოღოებს და სხვა მწერებს.



ეშმაკის თითები


image


ერთადერთი სოკო ჩვენს რეიტინგში: ხალხში ამ სოკოს " ეშმაკის თითებს", "რვაფეხას მარწუხებს'' და "მყრალ რვაფეხას" უწოდებენ, თუმცა მისი მეცნიერული დასახელებაა Clathrus archeri.

სოკოს სამშობლო ავსტრალია და ტასმანიაა, თუმცა ის იშვიათად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც გვხვდება.ზრდასრული სოკოდან გამოიზრდება ''მარწუხები'', რომლებსაც საშინელი, გახრწნილი გვამის სუნი აქვს. სწორედ ეს სუნი იზიდავს ბუზებს და სხვა მწერებს, რომლებსაც ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ სოკოს სპორები და ხელს უწყობენ მის გამრავლებას. ზრდასრულ სოკოს 4-8 "თითი" აქვს, რომლებიც ძალიან წააგავს რვაფეხას საცეცებს. სწორედ აქედან გავრცელდა სახელწოდება "ეშმაკის თითები".

სოკო საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ის ძირითადად შერეულ და ფოთლოვან ტყეებში იზრდება ნეშომპალა ნიადაგზე და ხეების დამპალ ძირებზე.



image



თუ ტყეში სეირნობისას ასეთ სურათს წააწყდით, არ შეშინდეთ. იცოდეთ, რომ ეს საფლავიდან ამოწვდილი მიცვალებულის ხელი კი არა, ჩვეულებრივი სოკოა.



ტიტანური ამორფოფალუსი


image


ყველაზე ეგზოტიკური და უცნაური მცენარების სამეულს იწყებს 1878 წელს კუნძულ სუმატრაზე აღმოჩენილი უზარმაზარყვავილიანი ტროპიკული მცენარე ამორფოფალუსი. მცენარის ყვავილი ითვლება ყველაზე მაღალ ყვავილად მსოფლიოში არსებულ ყვავილებს შორის. ამორფოფალუსის მიწისზედა ნაწილი წარმოადგენს მსხვილ და მოკლე ღეროს, რომლის საფუძველთან განთავსებულია მცენარის ერთადერთი დიდი ფოთოლი. ფოთლის სიგრძე ზოგჯერ სამ მეტრზე მეტს აღწევს. ფოთლიდან ამოზრდილია უზარმაზარი ყვავილი, რომელიც ზოგჯერ 50 კილოგრამსაც კი იწონის.

ამორფოფალუსის ყვავილს ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს: მყრალი კვერცხის და გაფუჭებული თევზისა და ხორცის, ამიტომ მას ხშირად გვამის ყვავილსაც უწოდებენ. სორედ ეს სუნი იზიდავს მწერებს, რომლებიც მცენარის დამტვერვას ემსახურებიან. ყვავილობის პერიოდი 2 კვირა გრძელდება. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ამორფოფალუსის ძირი 40 გრადუსამდე ცხელდება. ყვავილი მცენარეს ყველა სასიცოცხლო ნივთიერებას ართმევს, ამიტომ შემდეგ ყვავილობამდე გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ ძირმა ძალები აღიდგინოს. ამორფოფალუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 წელია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ 2-3 ჯერ ყვავილობს.



ველვიჩია


image



ველვიჩია გასაოცარი, რელიქტური ხე-მცენარეა: ის ველვიჩიასებრთა ჯგუფის, სახეობის, ოჯახის და ჯიშის ერთადერთი წარმომადგენელია. ველვიჩია მხოლოდ ნამიბიის და ანგოლის სამხრეთ ნაწილში ხარობს, დედამიწის სხვა ადგილებში ის ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ. გარეგნული იერსახით ძნელია ველვიჩიას უწოდო ხე ან ბუჩქი, ან ბალახი..

მეცნიერებმა ველვიჩია მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს.

შორიდან ჩანს, რომ ველვიჩიას ბევრი ფოთლები აქვს, თუმცა სინამდვილეში მას მხოლოდ ორი ფოთოლი გააჩნია. ისინი მცენარის მთელი სიცოცხლის მანძილზე უცვლელნი არიან და ყოველწლიურად სიგრძეში იზრდებიან 7-8 სანტიმეტრით. ბოტანიკულ წიგნებში აღწერილია ველვიჩია, რომლის ფოთლების სიგრძე 6 მეტრი იყო, სიგანე კი - 2 მეტრი. მცენარის სიცოცხლისუნარიანობა იმდენად დიდია, რომ სწორედ ეს კრიტერიუმი განაპირობებს მის მოხვედრას ყველაზე უცნაური და უნიკალური მცენარების რეიტინგში მეორე ადგილზე. მეცნიერებმა რადიონახშირბადოვანი მეთოდით გამოიკვლიეს ზოგიერთი ველვიჩიას ასაკი და დაადგინეს, რომ ისინი საშუალოდ 2000 წელს ცოცხლობენ. წარმოიდგინეთ, ერთი და იგივე ორი ფოთოლი და 2000 წელი!



image



ველვიჩია მარტოსული მცენარეა. ის ჯგუფებად არ იზრდება და მხოლოდ ერთეული ეგზემპლარს თუ წააწყდებით. მისი ყვავილები პატარა გირჩებს ჰგავს. რაც შეეხება დამტვერვას, აქ მეცნიერთა აზრი ორად იყოფა: ერთნი ამტკიცებენ, რომ მცენარის დამტვერვას მწერები ახდენენ. სხვები კი ამ ფუნქციას ქარს მიაწერენ. ველვიჩიას ნამიბიის გარემოს დაცვის სამსახური იცავს. მისი თესლის მოკრეფა სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია. მთელი ტერიტორია, სადაც ეს მცენარე ხარობს, ნაციონალურ ნაკრძალადაა გამოცხადებული.



რაფლეზია არნოლდი


image


და აი, ჩვენი რეიტინგის რეკორდსმენიც: ყველაზე გასაოცარი და ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში რაფლეზია არნოლდი. მცენარე მხოლოდ სუმატრისა და კალიმანტანის კუნძულებზე ხარობს. რაფლეზიას აქვს ერთადერთი ყვავილი, რომელიც ითვლება ყველაზე დიდ ყვავილად მსოფლიოში: მისი დიამეტრი 60-100 სანტიმეტრია, ხოლო წონა 8 კილოგრამი. მცენარის ყვავილი ძალიან ლამაზია: ის შედგება ხუთი სქელი, ხორციანი, ბლინისმაგვარი ფურცლისაგან, რომელიც მოწითალო შეფერილობისაა თეთრი ლაქებით. აგურისფერი-წითელი ყვავილი პირდაპირ დედამიწაზე იშლება ძალიან მცირე დროის განმავლობაში: მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ 3-4 დღეა. მცენარის გარეგნული სახე და დამპალი ხორცის სუნი აქტიურად იზიდავს მის მთავარ დამტვერიანებლებს-ნაკელის ბუზებს. ბოტანიკოსებს თუ დავუჯერებთ, რაფლეზიას ასდის "უკიდურესად გახრწნილი კამეჩის ლეშის სუნი", ამიტომ მას ხშირად "გახრწნილ ლილიასაც'' უწოდებენ.

რაფლეზიას არ აქვს ფესვები, არც ძირები და არც ფოთლები, სადაც როგორც წესი, მიმდინარეობს მცენარის ფოტოსინთეზის პროცესი, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს არსებობისათვის აუცილებელი ორგანული ნივთიერებები, ამიტომ ის პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა: მცენარე ხარობს ცისუსის ჯიშის ლიანების დაზიანებულ ფესვებზე და ღეროებზე. რაფლეზიას თესლი უშვებს ძაფებს, რომელიც ეჭიდება დედა-მცენარის ქსოვილებს, თუმცა ამით მას არანაირ ზიანს არ აყენებს. რაფლეზიის თესლი პაწაწინაა და წააგავს ყაყაჩოს თესლს. თუ როგორ ჩაინერგება ის დედა-მცენარის ტანში - ჯერჯერობით გამოცანაა.



image


რაფლეზია ძალიან ნელა იზრდება: ლიანის კანი, რომელშიც ჩამაგრებულია პარაზიტი-მცენარის თესლი, ძალიან ნელა ჯირჯვდება, პროცესს დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება. ამ დროის გასვლის შემდეგ კიდევ 9 თვეა საჭირო, რომ ყვავილის კოკორი წარმოიქმნას და გაიშალოს.

რაფლეზია გადაშენების პირას მყოფი მცენარეა. როგორც წესი, მამრი და მდედრი ყვავილები ერთად უნდა იზრდებოდეს, რათა მოხდეს მცენარის ჯვარედინი დამტვერვა და მისი გამრავლება. ადამიანების დაუდევრობის წყალობით კვირტების უმეტესობა ვერ ასწრებს ყვავილობას და ზრდას. ამის გამო რაფლეზია სულ უფრო იშვიათი სანახავია ბუნებაში. მცენარე წითელ წიგნშია შეტანილი.

0
2341
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0