x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92536
  • ვიდეო:341547
  • სურათი:454552
"გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ" - ვახტანგ ჯავახაძე და მისი საოცარი ლირიკა

image

ყველასათვის საყვარელ მწერალს, ვახტანგ ჯავახაძეს, ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაუწყია. იმ პერიოდში თბილისში გაზეთი ''ნორჩი ლენინელი'' გამოდიოდა და სწორედ იქ დაბეჭდილა მისი ლექსი.

იმ დღიდან მოყოლებული წერს... წერს უსასრულოდ.

მის ლექსებზე არაერთი სიმღერაა შექმნილი. მათ შორის ისეთი კომპოზოტორების მიერ, როგორებიც არიან სანდრო მირიანაშვილი ("გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა"), იაკობ ბობოხიძე, რობერტ ბარძიმაშვილი და სხვა.

ვახტანგ ჯავახაძეს ვლადიმერ მაიაკოვსკის ოთხი პოემა აქვს ნათარგმნი: ''ხერხემლის ფლეიტა'', ''შარვლიანი ღრუბელი'', ''მიყვარს'', ''მთელი ხმით''.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი.

ის არის შოთა რუსთაველის სახელობის, საბასა და გალას პრემიების ლაურეატი.

...

image

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მისი წიგნი "უცნობი", რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მის პიროვნებას ეძღვნება.

...

"მე ვიცნობდი გალაკტიონ ტაბიძეს!


უკანასკნელ ორ წელიწადს ხშირად ვხვდებოდი: მახსოვს საქმიანი დიალოგი,
როდესაც რჩეულს ვადგენდით, მხიარული საუბარი, როდესაც აწეულ ხასიათზებრძანდებოდა, სერიოზული მონოლოგი, როცა საინტერესო ამბავს ყვებოდა.


ტელეფონითაც გვისაუბრია.


აღტაცებულიც მინახავს და გაბრაზებულიც.


ხშირად მოდიოდა გამომცემლობაში. ვყოფილვარ მასთან სახლში, შევხვედრივარ მწერალთა კავშირში, სტამბაში, უფრო ხშირად კი ქუჩაში, რადგან იქვე ცხოვრობდა, წიგნის სასახლის წინ, და ქუჩაში ხეტიალი
უყვარდა.


დიახ, მეც ვიცნობდი...

მაგრამ ფრთხილად, მკითხველო! ნუ აჩქარდები, ნუ შეგშურდება ჩემი,
განსაკუთრებით ჩემზე ახალგაზრდა მკითხველო!


გალაკტიონი იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და
განსხვავებული, მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა
შეუძლებელი იყო.


ჩაუწერია კიდეც:


თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო.
 "

- წერს ვახტანგ ჯავახაძე

...

მწერლის ამ უდიდესი ნაშრომით აღფრთოვანებული ცნობილი ადამიანები კი "უცნობს " ასე ეხმიანებიან :

*"მოულოდნელი წიგნი" - ასე უწოდებს მას მურმან ლებანიძე

*"უცნაური რომანი" - ამბობს ტარიელ ჭანტურია

*"ვახტანგ ჯავახაძის "უცნობმა" წმინდა ტაძარში შეგვიყვანა", - აღნიშნავს გურამ დოჩანაშვილი.

*"ვახტანგ ჯავახაძემ შექმნა ქართული ბიოგრაფიული რომანის მშვენება – წიგნი გალაკტიონ ტაბიძის გენიის ანატომიაზე", – ეს უკვე ბესიკ ხარანაულის სიტყვებია.

*" – თქვენ თვითონ თუ იცით, რა გენიალური წიგნი დაწერეთ?", – უთხრა ავტორს თენგიზ აბულაძემ, რომელიც რომანის ეკრანზე გადაეტანას აპირებდა.


image

გარდა "უცნობი"-სა უაღრესად საინტერესოა ასევე ვახტანგ ჯავახაძის წიგნი "ელეგია", რომლის გამოც 2017 წელს მწერალს გადაეცა ლიტერატურული პრემიები – ლიტერა და საბა (ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური კრებული).

...

"ჩვეულებრივი ლექსი წამოვიწყე, მაგრამ ვეღარ გავჩერდი... ეტყობა ტკივილის განცდა ისეთი იყო, რომ თავის შეკავება ვერ შევძელი და გავაგრძელე და გაგრძელდა ეს პროცესი თითქმის მთელი წელიწადი... თანაც ვიფიქრე, რომ ასეთ ხანგრძლივ ლექსს ვიღა წაიკითხავსმეთქი, მაგრამ საბედნიეროდ მოხდა პირიქით."

"ჩემი ასაკის ადამიანს ყველაფერი ორმაგად უხარია".

"ჩემთვის ეს პრემია გნსაკუთრებით ძვირფასია იმის გამო, რომ იგი მოვიპოვე გალაკტიონ ტაბიძის პროტექციის გარეშე, საკუთარი მეუღლის პროტეციით",
- განაცხადა ბატონმა ვახტანგმა.

...
ჩვენს მკითხველს კი ამ მართლაც საოცარ პოემას ვთავაზობთ, რომელშიც მწერალი საკუთარ ტკივილს გაგიმხელთ და ის მის გარდაცვლილ მეუღლეს ეძღვნება...

თუმცა პირადი ტრაგედიის გარდა, პოემაში იმდენი საინტერესო რამ გვხვდება... სჯობს თავად მკითხველი დარწმუნდეს ამაში:

...

ელეგია პირველი: ყ ე ლ ს ა ბ ა მ ი

"ვეჩვევი უშენობას!"

მ უ რ მ ა ნ ლ ე ბ ა ნ ი ძ ე


დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიან ღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისე გადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმის ვერ ვიხედები,
ენაცვლებიან სუფთა პროფილებს ─ პროფილის სამი მეოთხედები.
ლაშას ─ და არა ლაშარის ─ ჯვარმა დახატა შენი ფოტო-კოლაჟი
(ჯვარი ─ თაყვანის-საცემელია, როგორც წერია "სიტყვის კონაში).
სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები,
ახლა პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები,
რომლებსაც აქებს სალამური და აქებს ჩანგი და აქებს გიტარა,
ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა.
მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმა შექებამ,
მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისე შეგაბამ.
და, რაკი ქვეყნად კიდევ ვეთრევი, შევავედრებ და შევევედრები,
რათა ვარდების ლიტურგიაზე დაამწყალობნონ შენი თეთრები.
შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით,
როცა წითლები ─ მოპარულივით ─ შემოგაჩეჩე ხელში ტიტები.
ნანები! ─ შენი იავნანები: ნანები! ─ შენ და ვარდონანები:
გინანე! ─ კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები.
დასანანია: ჩვენს ბედისწერას უსმი რადარი არადარებდა,
ჩვენ ვერ დავბერდით, გავითამაშეთ არჩევანი და არადანი და
ჩვენ არ დავბერდით, გზები გავიგნეთ შარავანდით და შარავანდედით,
ჩვენ ერთმანეთს და ერთიმეორეს შევაბერდით და გადავაბერდით
და გავიხსენეთ მოსკვა-რეკა და ჩვენი თაფლობის სამი დეკადა,
კრემლის საათი როცა ჩვენთვისაც რეკავდა, მაგრამ მშვიდად რეკავდა.
ვაქებდით არბატს, სადაც ქართული იყიდებოდა მაშინ ლავაში
და სადაც ახლა უპედესტალო ძეგლი დგას ბულატ ოკუჯავასი,
და გაგეხუმრე (თუმცა ხუმრობას ვერ მიგვიხვდება ზოგი პინგვინი):
დაბერებულიც ისე მომწონხარ, მოდი, მეორედ ვიფსკვნათ გვირგვინი.
მაგრამ სიმაღლე ვერ გადავლახეთ ─ გათელილი უხილავ თამასით ─
და ვეღარც ნიკო ლორთქიფანიძის ბებრები ვეღარ გავითამაშეთ.
ვერ გაგამდიდრე, ალმას-ლალებით ვერ დაგიმძიმე კაბა-კუბანი,
ჩვენ ვაჟკაცურად მოვიგერიეთ ცხრაასი მილიონი კუპონი
და მერე, როცა ავთანდილივით წამოგვეშველა ლარის ტირაჟი
მე შენ დოლარი გადაგიხადე "უცნობის" ყოველ კორექტურაში.
ახლა ბირჟაზე ავდარია და ისე უბერავს ევრო-მისტრალი,
არ ვიცი, როგორ მოვიგერიო, ჩემო ფინანსთა ნამინისტრალო,
მაგრამ მე უფრო მაინტერესებს გასაშიფრავი წლების ქაოსი:
აქედანა და შენამდე კიდევ რამდენი დამრჩა სააქაოსი.
ვინ იცის რამდენს გამოიმეტებს ჩემი გენების ენერგიები,
ნდა ─ რამდენჯერ გადამარჩენენ ეს ჩემი სისულელეგიები?
ცხრა წლის ვალი მაქვს, ჩემო მევალევ, ჩვენ გაგვიმეტა ჩემმა ასაკმაც:
აქეთ დამტოვა, აქეთ განმსაჯა, აქეთ გამსარჯა და დამასაქმა.
აქეთ ─ ბრინჯაოს ორი მხედარი ─ ვახტანგ (ელგუჯა) ─ დავით (მერაბი),
იქით ─ ბრინჯაოს ხელსაბამები ─ შენი ფერადი ეფემერები!
ისე დამძიმდა შენი ხელკავი, ვეღარ გავბედე ხელის გაშვება
და, თუმცა დათომ ხელები კიბის მოაჯირივით შემოგაშველა, ─
ჩვენი ზიარი ნაფეხურები კატაბალახამ ააბალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ამიერიდან სალხინებელის ცალმხრივ ტრასაზე უნდა გეძიო
და, რაკი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვიტონ უნდა წამოგეწიო
და, ვინაიდან ჩემი მყობადი მოკლეა, ვიდრე შენი მერმისი,
ძალიან დიდხანს არ დამაყოვნებს ჩვენი ჰადესის ჩემი ჰერმესი,
არ დააყოვნა თურმეობითმაც, თურმე ნუ იტყვი, თურმე ძალიან ─
მხოლოდ შენთვის და შენთვის და შენთვის ─ აღარავისთვის აღარ მცალია.
უარი ნარდის მღერას და ბანქოს! ─ მარაოიან-მუარებიან
ვარჰალალოებს ვეუარები: აუარება უარებია.
─ ხმა ამაიღე! ─ ასე მღეროდნენ, ასეთი იყო ძველი ჰიტები,
─ ხმა ამოიღე! ─ ამჯერად მიქელ-ანჯელოსავით აგიხირდები.
შენ კი სდუმხარ და ასე მგონია, შვიდივე სიმი გაწყდა გიტარის,
ასე მგონია, მხოლოდ და მხოლოდ მე მომიკვდი და სხვებმა გიტირეს.
იცრემლებიან ჩვენი ფანჯრები და მე ფიქრებში ჩავიძირები,
მაგრამ არავის აინტერესებს ჩემი და შენი ჭრელი წვიმები.
ცა ტირის, როგორც ბავშვი (ტირიფი), რომელიც დედამ (ქარმა) გალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ბედმა ქვრივობა არ გაღირსა და შენი ვარსკვლავი აღარ აანთო,
გადაგავიწყდა ტკბილი სიტყვა და სიტყვები, ჩემო ოთარაანთო,
რას აშავებდი? რა იქნებოდა, მაგ შენი ვითომ-ბრილიანტებით ─
შენც გებაჩუნა ამ პლანეტაზე ამ რამდენიმე მილიარდივით?!
ერთი პლიუსი! ─ მსოფლიო ბალანსს რას დააკლებდა ერთი პლიუსი, ─
აჯასა ამას დასტურს დასცემდა მარკუს (ბაჩანა) ავრელიუსიც,
თავს არც იოჰან (დავით) გოეთე (წერედიანი) შეიკავებდა
და აღარც სულხან (ეზოპე) საბა ─ მესაიდუმლე მეიგავეთა,
ახირებული ჟინი ამიტანს და შერეკილი ვნება წამიტანს:
─ იქნებ შეჩერდე, კაცობრიობავ, თუნდაც ამ ერთადერთი წამითაც! ─
რა ვქნა, მე თვითონ მეხამუშება ჩემი მაზალო სენტიმენტები,
შინაურები შემინდობენ და მაპატიებენ, შენ თუ მენდობი.
თუმცა, შენ ვერც კი წარმოიდგენდი, ჩემო ურწმუნო თომას დაიკო,
და ვერც ვერავინ დაგარწმუნებდა, ფიანდაზიც რომ ფეხქვეშ დაეგო:
ერთბაშად გატყდა ნავსი ხანგრძლივი ურწმუნოება-უიმედობის:
მოგიხსენიეს და შენს სახელზე ხატი აკურთხეს ნანა დედოფლის,
და ახლა ესე ჩვენი სიმართლე ღმერთმა უწყის და არა ალახმა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ადრე დაბერდი: შენ წაიკითხე წარსული, როგორც ძველი აფიშა,
შენ მოესწარი მეგობრის ღალატს, რომელმაც მირონს გადააბიჯა,
მაგრამ გწყალობდა ზარი ანასი და საღარაძის შანდორ პეტეფი
და კიდევ ─ დავით კაკაბაძის და შენი ბავშვობის იმერეთები.
შენ არ გახსოვდა მამა, გახსოვდა თბილისის ბნელი ქუჩა წვიმაში
და სამი სოკო: წითელქუდასი, ნაგასაკის და ხიროსიმასი.
გახსოვს: უცნობი ჩამოასვენეს ქერჩიდან, დრამა გაითამაშეს,
და ჩვენ ვარდები მივართვით ─ როგორც ჩვენი შვილების პაპას ─ მამაშენს.
შენ მობილური ჩაგიწერია ჩვენი დედების სასაფლაოსი,
შენ სვანეთიდან ჩამოყვანილი არ მოგეწონა სანტა-კლაუსი,
შენ ბიჭვინთაში (აფსუს აფსუას!) სააგარაკო ნერგს დაეძებდი,
შენ თიანეთში ბესიკის დედამ ჩაგაწერინა ხინკლის რეცეპტი.
შენ შვილიშვილი განუგეშებდა შენი მამისძმის ─ ალექსანდრესი,
შენ ანგელოზმა დაგიდასტურა უკანასკნელი შენი ადრესი.
ხოლო ვინც შენი თავი წამგვარა და მომანიჭა ურვა ასმაგი,
ვახო მომგვარა თექვსმეტისა და გადამავიწყდა ვახოს ასაკი,
რომელმაც ჩვენი გაითავისა ყველა უჯრა და ყველა განჯინა
და აიპედში გადარჩენილი შენი რეპლიკა აღმოაჩინა:
─ ბიჭო, გაჩერდი! ─ არ გაჩერდა და, რაკიღა მაცხოვარი წყალობდა,
შენი ალუბლის სამი კუნძულა ჩამოგიტანა მუხათწყაროდან.
ჩემი უდაბნოს ეფემერამ კი ფოთლების მადლი მალე მოისხა:
ოაზისივით შემომაშველა ლოცვანი დილა-საღამოისა.
მავანთ წყურვილი უნდა მოიკლან და სიამენი უნდა მოიკლონ,
ხოლო რომელნი ცრემლით თესვიდენ, მათ სიხარულით უნდა მოიმკონ.
როგორც პლატონი (ბაჩანა) ბრძანებს, სხეული სულის საპყრობილეა:
სულს აღსარება გადაარჩენსო, ─ დასძენს მამაი ჩვენი ილია.
ამიტომ სმენას ვათვინიერებ წმინდა წიგნების კილოკავებთან
და ნერვიული ტელეფონები გირეკავენ და გირეკავენ და...

შენმა გრანიტმაც გამოიღვიძა: სიტყვა სდუმდა და ქვა ღაღადებდა,
ხელი ჩამჭიდე, აღარ გამიშვი და მიმიყვანე ნაცნობ ხატებთან
და მიმატოვე და შემატოვე ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი,
თან უმოკლესი გზები მასწავლე სამებისა და სიონისანი.
შენ შემატოვე ჩემი ვინსენტიც: ორნი დავრჩით და ჩვენმა მესამემ
შენთვის ─ მოცარტის "რეკვიემივით" ─ წამომაშველა ბახის "მესა" მე.
ხოლო კეთილმა ჩვენმა მზახალმა ─ "მთვარის სონატის" ფრაზა პატარა ─
სიმძიმილივით გაიხსენა და სამძიმარივით გამომატანა.
ქრის რი კი თვითონ ამოარჩიე: "გზა შავეთისა", ─ რატომ შავეთი? ─
სახიფათოა, როგორც ცამეტი ან კიდევ ─ როგორც ოცდაცამეტი,
და რატომ ქრის რი? ─ და რატომ ოთხ მარტს დაბადებული უფლის სეხნია? ─
მელომანები იკითხავენ და შვილიშვილები დაიკვეხნიან.
შენს ფოტოებთან მოვისაკლისებ, მოვიპატიჟებ მოტივს მოტივად,
ანთებულ სანთელს დაველოდები და მერე შენგან შენთან მოვდივარ,
სადაც, ვიდრემდის ტანს აიყრიდნენ კიპარისები ─ ჩვენზე მაღლები,
შენ შემირჩიე, შენ მომიზომე ადგილი, სადაც დავიმარხები:
დაჯავშნილია სამარადისოდ, ვერ გადაჯავშნის სამი სამიტიც:
ჩვენი სასტუმრო-სასუფეველის ნომერიც ვიცი: 413! ─
და მე ადვილად ამომიცნობენ ამდენ უნომრო მობინადრეში,
თუკი შემთხვევით მიქელ-გაბრიელს არ დაავიწყდა ჩემი ადრესი.
ამ წუთისოფლის ანი და ბანი ─ ჯერ ოცნება და მერე ჟინია:
რა შეიცვალა ბოლოს და ბოლოს? ─ შენს მაგივრადაც მე მეშინია:
თითქოს სიზმარში თითქოს ხანძარი თითქოს გაჩნდა და თითქოს ტაძარი
დაწვეს და თითქოს რაღაცა უნდა მეთქვა შენთვის და ვერ მოვასწარი.
ვერ დავამსგავსე სიტყვა და სიტყვა ერთმანეთს, როგორც ლებანს ლებანი,
ვეღარ და ვეღარ დავამუღამე უშენობათა განტოლებანი.
ვერ მოვტვინე და ვერ მოვიპოვე სხვა მისანი და სხვა სპირიტი და
უშენოდ ვეღარ გამოვაღწიე შენი დოზების ლაბირინთიდან.
მანამ კი, ვიდრე გამოვაღწევდე გამოდევნებულ შიშებს მაშინდელს,
შენი ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე ჭიქა მამშვიდებს.
ვიხსენებ, რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედს ამაოს ─
დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილ მამაოს.
ერთი ნუგეშიც შევაკოწიწე რამოდენიმე აქსიომიდან:
ჩემი ირინას ნათლია მოვა და უშენობის წამალს მომიტანს.
ხანხადან, როცა გამინაპირებს ჩემი ერთგული მელანქოლია,
უცებ შემაკრთობს ზარი ქუჩისა, შენი სასთუმლის ზარი მგონია.
ძილშიც ჩამესმის შენი "ვახტი" და ─ შენსავით ─ შენზე ჩუმად მეძახის
და, როგორც დედაჩემი იტყოდა, ვებღაუჭები იმედს ერცახეს:
ასე მგონია, მეორდებიან სამზადისები საკაიფონი:
დეზერტირების ბაზარში ისევ დამეკარგე და მალე გიპოვნი.
ანდა ─ ქვიშხეთში გახიზნული ხარ ─ ბავშვებთან ერთად ─ და მელოდებით,
მე კი თბილისში ბერბიჭასავით ვცხოვრობ და თავი მომაქვს ლორდივით.
ან კიდევ ─ ერთი ყელსამკაული, რომელსაც გულთან ახლოს მიიტან,
ჩამოვაბრძანე სიცილიიდან, მაშასადამე ─ იტალიიდან.
შენ დაბერდი და კარგად დაბერდი, მაგრამ ფორტუნამ გვიალმაცერა,
ვერ მოვასწარით სვეტიცხოველში ჩაფიქრებული ჯვარის დაწერა:
ვერ დაიკიდე... ვერც დაიკიდე, ვერც დაიკიდებ ამიერიდან,
თვალი თანდათან მომარიდე და გვერდი თანდათან ამიარე და
ათწლეულების გადასახვევთან ერთი ნაბიჯით გადამასწარი,
მიტევებათა საზეპიროებს აღარასოდეს გადამასწავლი:
ისევ შენსავით ვიმეზობლებ და ვიმასპინძლებ და ვინათესავებ
და ─ შენი ხათრით ─ ასაკის გამო ─ ხელს არ დავიბან პილატესავით,
აქ შედარებამ მოიკოჭლა და განსაწმენდელში გამოვატარე,
რადგან სხვაგვარად არ შემიძლია: მანამ ვარსებობ, ვიდრე ვადარებ:
ნეტარ ─ ბაჩანა ─ მთაწმინდელივით, მიგელ ─ ბაჩანა ─ ლამანჩელივით
და სენტ ─ ბაჩანა ─ უფლისწულივით ბევრჯერ ბეწვზე ვარ გადარჩენილი,
მაგრამ ამჯერად ვეღარ გადავრჩი: უკანასკნელი მატარებლიდან
საყვედურივით გადმომხედე და უკანასკნელმა შენმა რეპლიკამ
ღიად დარჩენილ კარადის კართან დამიმონტაჟა შენი ვიდეო-
თვალი, რომელიც მაშანტაჟებს და მაფრთხილებს: ახლოს არ მოხვიდეო.
მას შემდეგ ჩვენი ოთხი კედელი უფრო და უფრო მეპატარავა
და იდუმალი ახლა ამაოდ მარწმუნებს, თითქოს მარტო არა ვარ.
ვარ და ამიტომ შემოგთავაზე სკაიპი ანუ გასაუბრება,
შენ კი ორივე გამოიყენე: დუმილისა და ვეტოს უფლება:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ,
ხარ ოდენ ცისა და ოდენ ღვთისა ანაბარა და ანაბარაღა.

დაინომრა და გადაინომრა წელიწადების გრძელი აღალი:
უკანასკნელი მიდის შენი და მალე უშენო მოვა ახალი.
მზე ამოვა და მთვარე ჩავა და დააბალანსებს ხარვეზს ხარვეზთან,
მე კი რა ვუყო უშენო წამს და წუთს და საათს და დღეს და ღამეს და
უშენოდ დროს ვინ გამაყვანინებს ან გულს რომელი მომაყვანინებს,
მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსხა წყალი ყვავილებს.
ერთმა ძალიან მაეჭვიანა: გიერთგულა და ვერ ამიტანა:
ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?
ერთიც აყვავდა აგარაკზე და ყოველთა მფარველია სამება,
მაგრამ მე ვისღა ჩამოვუტანო შენი ბუთხუზა იასამნები?
ხედავ, რამდენი კითხვის ნიშანი გაათამაშა გამოსარჩლებამ? ─
ჩვენ ყველას ერთად მოვიგერიებთ და, რაც ჩვენს შორის დარჩა, დარჩება.
ჩემო შეთქმულო, რომელ მესამეს ეთანხმები და ეთავადები
და, რომ გიტოვებ, რას გაუწყებენ ეგ შენი თეთრზე თეთრი ვარდები? ─
რომლებიც უკან მეზიდებიან, მაგრამ მე აღარ ვზივარ საჭესთან,
კიდევ და კიდევ დამენანები, ჩვენ ერთმანეთი მოგვისაჯეს და
სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს: დანაღმულია სამი კედარი,
სიზმარში მაინც გამომეცხადე, რომ შეგადარო და შეგედარო:
რაკიღა შენი კერა ჩამიქრა და შენი კელაპტარი ჩამიქრა
და, რაკი გულში ვეღარ ჩამიკრავ, იქნება თვალი მაინც ჩამიკრა,
რათა ავკინძო ალმასებივით გადაღებული წვიმის წვეთები
და კვლავ შეგაბა ყელსაბამივით, თუკი შეძლებ და გამიჩერდები
და უკანასკნელ საბედისწერო მერიდიანსაც თუ გადალახავ...
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არა მარტო სახლში არა ხარ.

*

გასრულდა ესე ელეგია და ტრიალი ცალფა რითმის ჯარასი
და, როცა ბოლო წერტილი დავსვი, მოულოდნელად შენს ფანჯარაში
ცისფერი მტრედი გამომეცხადა, ღუღუნა მარცვლებს ანამცეცებდა
და ამ სტრიქონებს ისე დახედა, თითქოს საკუთარ სახელს ეძებდა.
საოცარია: ჩვენი ცისფერი განმეორებით გამომეცხადა
და ფრთები ისე მძიმედ აზიდა, თითქოს გაფრენა აღარ ეწადა,
თითქოს შენსავით გამომესალმა ─ უმშვიდესი და უსათნოესი ─
პაბლო პიკასოს არჩევანი და კიდობანელთა ელჩი ნოესი.
ფანჯარა აღარ დავხურე, თუმცა სასწაულების არა გჯეროდა,
მტრედივით შეკრთა შენი ლანდი და გამოიხედა ღამის ჩეროდან.
აქ იყო შენი სალოდინო და სამლოცველო და სამეტანიო,
აქ ბედისწერა აუტანელი გეძალებოდა ─ ამიტანეო.
ეს იყო შენი გადასახედი, შენ ამ ვიდეო-მართკუთხედიდან
გვაცილებდი და გვაფრთხილებდი და გვავედრებდი და გვაკურთეხბდი და
აქვე გველოდი, ვიდრე უეცრად არ გავითიშეთ ზედა-ქვედანი
და აქვე, როგორც დაბარებული, არ მომევლინა მტრედი-ქედანი.
ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი ანუ ქარასტა,
ეს ნახევარი საუკუნეა, მტრედი არ მახსოვს ამ ფანჯარასთან,
დღეს კი ცა უფრო მტრედისფერია და ჩიორების კოსმოდრომიდან
კვლავ ─ არა მარტო მოფრინდება და კვლავ ─ არა მარტო ამბავს მომიტანს.

2016 წ.

ვახტანგ ჯავახაძე

image


0
130
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0