x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"ბატონო რობერტ, საქართველო იყო, არის და იქნება!!!!" - ნინო კასრაძის მწვავე პასუხი რობერტ სტურუას

image


მსახიობი ნინო კასრაძე, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას ფეისბუქსტატუსს ეხმიანება, სადაც რეჟისორმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს საკმაოდ მძაფრი შეფასება მისცა: "ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!" მსახიობმა ამასთან დაკავშირებით რეჟისორს საპასუხო ფეისბუქპოსტი მიუძღვნა და მისი პოზიცია საჯაროდ გააპროტესტა: "ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ....
მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით...
მესმის, რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია, მესმის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია, ჰოდა, ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით...
ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები.ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ.მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!
მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს, ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის...
პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი
ცალთვალა...
ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი. პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს "საქართველო აღარ არის"!
საქართველო იყო, არის და იქნება!!!!".






0
192
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
192