x
image
მაია 24
თუ ამ 16 რჩევას გაითვალისწინებთ, კრიზისს ნებისმიერ ურთიერთობაში დაძლევთ

image


"სიყვარულია, როცა შეგიძლია ადამიანს დაუბრუნო საკუთარი თავი"


პირადი ურთიერთობები შობენ გამოცდილებას, გამოცდილება შობს აღქმას, აღქმა შობს იმ პერსონალურ სამყაროს, რაშიც მოგვიანებით ცხოვრება გვიწევს. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ, სიტუაციები, რომლებშიც მათთან ერთად ვმონაწილეობთ ქმნიან ემოციებს და რაც მეტად ინტიმურია ურთიერთობა, მით უფრო მძაფრია ემოციები. მაღალი მგრძნობელობა ხშირად საბედისწერო გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან პროცესებზე, ამ განცდის ბორკილებიდან თავის დახსნა კი ურთულესი და მტკივნეულია.


ადამიანური ურთიერთობების მართვა საკმაოდ დიდ სასიცოცხლო ძალებს, ყველა დეტალის გააზრებასა და ხშირად საკუთარ ეგოიზმზე გამარჯვებას მოითხოვს. ეს ის თამაშია, სადაც ზუსტი წესები არ არსებობს. რადგან ყველა ადამიანი ისეთია, როგორიც არის, შეუძლებელია ყველგან ერთი ინსტრუქციით იმოქმედოთ, მაგრამ არის გარკვეული მიმართულებები, რაზეც ყურადღების გამახვილებამ შესაძლოა, სასურველი შედეგი მოგიტანოთ და თქვენს გარშემო იყოს ისეთი გამოცდილება, როგორსაც ისურვებდით.


1) გამოხატე გრძნობები

აქ საუბარია არა მხოლოდ სიყვარულზე, არამედ ფორმებზე. სიყვარული ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, მნიშვნელოვანია, რამდენად ადეკვატურად და სამიზნე ადამიანისათვის გასაგებ ენაზე გამოხატავთ. საკმაოდ რთულია ზუსტად იმ გზების მოძებნა, რომლებიც ამ კონკრეტული პიროვნების აღქმასთან შესაბამისობაში მოვა. ამიტომ საჭიროა, საკუთარ თავსაც და მასაც კარგად იცნობდეთ.

2) მიეცი თვითგამოხატვის საშუალება

თქვენს გვერდით ადამიანი არ უნდა ჰკარგავდეს სილაღეს, ბუნებრივობას და უშუალობას. შეუზღუდავად უნდა გამოხატავდეს საკუთარ შეხედულებებს, საუბრობდეს სურვილებსა და მისწრაფებებზე. ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის ჟანგბადის ეს ულუფა შეუცვლელი ელემენტია.

3) დაივიწყეთ როლები


ურთიერთობები გაცილებით საინტერესოა, ვიდრე რომელიმე ერთი როლის მორგება - მსხვერპლის, ჭკუის მასწავლებლის, დომინანტის და ა.შ. ამგვარი გადანაწილებები ზღუდავს და განვითარების საშუალებას ართმევს ურთიერთობებს. იყავით თავისუფალი და უბრალო.


image


4) დაივიწყეთ მოლოდინები

პირველი, რაც ურთიერთობის გაფუჭებას იწყებს, არის იმედის გაცრუება. მოლოდინები, რომლებიც ჩვენს წარმოსახვაშია ჩამოყალიბებული დიდი შანსია, არ ემთხვეოდეს მეორე ინდივიდის სურვილებს და ნებას. ურთიერთობები არ არის ერთმანეთის პროგრამა მაქსიმუმი/მინიმუმის შესრულება, არ არის გაწერილი გეგმა, არ არის სტანდარტი. მოლოდინები არის ილუზიური აღქმა, რომელიც მკვდრადშობილად აქცევს თქვენს ურთიერთობებს. სინამდვილეში ნებისმიერი კავშირი ღრმა და რთულ მიზეზ-შედეგობრივ ტენდენციებს მოიაზრებს საკუთარ თავში, რადგან მასში მონაწილეობს ორი ან ორზე მეტი ადამიანი. ამ პროცესმა, ერთი მხრივ, შესაძლოა ის არ შემოგთავაზოთ, რასაც ელოდით და, მეორე მხრივ, მოგცეთ ისეთი რამ, რასაც ყველაზე მდიდარ ფანტაზიაშიც ვერ წარმოიდგენდით. შეიძლება ეს ყველაფერი მიიღოთ არა დათქმულ დროში, არამედ ცოტა გვიან, ან ცოტა ადრე. მთელი მომხიბვლელობა ამ განუსაზღვრელობაშია.

5) მოიპოვე ნდობა

თუ მეგობრებს გასაჭირში პირველი თქვენ ახსენდებით, გილოცავთ! ეს სანდოობის ხარისხის საუკეთესო შეფასებაა. თუ ყველაზე ბოლო თქვენ იგებთ ინფორმაციას, ნუ გაბრაზდებით, თქვენვე უბიძგებთ გარშემომყოფებს ამისაკენ. დაგეყრდნობიან მაშინ, როცა დაიცავთ სხვების პირად ინფორმაციას, არ უღალატებთ, არ აჰყვებით იმპულსებს, როცა პრობლემაა გადასაწყვეტი…

6) დაიცავით ბალანსი

ეს ერთ-ერთი საბედისწერო თემაა ურთიერთობებისთვის და თავის თავში მოიცავს, ასევე, როლების გადანაწილების საკითხს. თუმცა, ნებისმიერ წვრილმან ქმედებაშიც შესაძლოა გამოიხატოს. ხდება ხოლმე, ერთი მხარე იმდენად გართულია თვითპრეზენტაციით, რომ მეორე მხარე მხოლოდ მსმენელ-მაყურებელია. ან ერთი მხარე იმდენად "გონიერია", რომ მისი რჩევები ოქროს ფასია. ის, ვინც ყოველთვის მართალია, ინფანტილიზმის მსხვერპლია. სასიყვარულო ურთიერთობების ეს განმარტებაც გსმენიათ ალბათ - "ერთი შეყვარებულია, მეორე სიყვარულის უფლებას აძლევს". ეს აღწერა კერპისა და თაყვანისმცემლის მოდელს უფრო ჰგავს, ვიდრე შეყვარებული წყვილის. ეს ყველაფერი ბალანსის რღვევის მაგალითებია და ურთიერთობების დამახინჯებული ფორმაა.

7) დაინტესდი ადამიანით

თუ თქვენ ურთიერთობები გჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ამისგან რაღაცას ელით (მსმენელს, მრჩენელს, გადამრჩენელს და ა.შ. ), თქვენ მიგატოვებენ. თუ თქვენ ნებისყოფა არ გყოფნით მოუსმინოთ, ხშირად აწყვეტინებთ საუბარს და მხოლოდ მოვალეობის მიზნით მოიკითხავთ, ეს ურთიერთობა აუცილებლად დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, შეიცვლება სიახლოვის ხარისხი. შენი სამიზნე ადამიანი უნდა გაინტერესებდეს არა მხოლოდ ზედაპირულ, არამედ განცდების, აღქმების, პიროვნული მისწრაფებების, სურვილების დონეზე. რას გრძნობს, რის გამო გრძნობს ამას, როგორ გამოხატავს, რას არ გამოხატავს, რატომ არ გამოხატავს იმას, რასაც არ გამოხატავს, რა აღიზიანებს, რა ახარებს… ყველას სურს, მისი ესმოდეთ და თუ ახსნის გარეშე ესმით მისი, ის ბედნიერია.


image

8) მიეცი თავისუფლება

ნუ შეზღუდავთ საკუთარი დამოკიდებულებებით, სტერეოტიპებით, ეჭვებით და აზრებით, ნუ გააკონტროლებთ ყველა ნაბიჯს, ნუ მისცემთ გამუდმებით შენიშვნებს, ნუ დაავალდებულებთ, ნუ მოთხოვთ თქვენი გეგმის განხორციელებას მას. ერთმანეთის პირადი სივრცის ხელშეუხებლობის დროს ურთიერთობა ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო სახეს იღებს. ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ის აძლევს მას სხვებსაც. დაივიწყეთ ეჭვები! ხშირად ადამიანები წარმოიდგენენ ხოლმე სხვების ემოციებში და აზრებში მიმდინარე პროცესებს და იმდენად ერთობიან ამგვარი წარმოსახვით, რომ ვეღარ არჩევენ რეალობას წარმოსახვისგან. თუ რამე გაინტერესებთ, იკითხეთ უბრალოდ და პირდაპირ. თუ რაიმე ფაქტად დგება თქვენს ცხოვრებაში, ეს უკვე ეჭვის თემა არ არის. თუ ეს ფაქტი არ გაქვთ - ინერვიულოთ იმაზე, რომ ოდესმე დადგება, გამოიწვევს იმას, რომ მართლა დადგება.

9) მიანიჭე თავდაჯერებულობა

თუ გინდათ გარშემომყოფთათვის შეუცვლელი იყოთ, გაუწიეთ ეს სამსახური. ხშირად უთხარით მათ, რომ შეუძლიათ ამა თუ იმ მიზნის მიღწევა, რომ გააჩნიათ საჭირო უნარები. ადამიანები, რომლებიც თქვენ ურთიერთობისთვის აირჩიეთ, ან რომლებთანაც ურთიერთობა ბედმა გარგუნათ წილად, ამას იმსახურებენ. ეს არ იქნება ტყუილი, ყველა ინდივიდს გააჩნია საკუთარი რეზერვი გარკვეული ამოცანის შესასრულებლად. თქვენ უნდა იყოთ სტიმულატორი. მაგალითად, ფრაზა - "დაანებე ამაზე ფიქრს თავი და რაიმე სერიოზულით დაკავდი", ჯანსაღ ურთიერთაღქმას ძირს უთხრის. სხვების ოცნებებისა და სურვილებისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება მარტივად გახდება გაუცხოვების მიზეზი.

10) მიიღე გამოწვევები

ეს პუნქტი განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება. იმისთვის, რომ ურთიერთობა მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი არ გახდეს, მათ ყოველდღიური მოვლა, თავგადასავლები, ახალი ემოციებით და შეგრძნებებით კვება სჭირდება, რაც, როგორც წესი, ყოფით ცხოვრებაში ქრება და რჩება მხოლოდ რუტინა და ვალდებულებები. ენთუზიაზმის გაქრობას ნუ დააბრალებთ ყოველდღიურ პრობლემებსა და მდგომარეობას. თქვენ ნებისმიერი მომენტის გადაგცევა შეგიძლიათ პატარა სასიყვარულო მესიჯად. ასეთ დროს ძალიან უბრალო ქმედებებიც კი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენენ.


image

11) იყავი საინტერესო

არასოდეს დანებდეთ უკვე მიღწეულ შედეგებს. მოძრაობა, ცნობისმოყვარეობა, ძიება, საკუთარი პოტენციალის რეალიზება იქნება თქვენი მიმზიდველობის საფუძველი და გარანტი იმისა, რომ არასოდეს იქცევით ტვირთად სხვებისთვის. მებრძოლი, ცნობისმოყვარე, გაბედული, თავისუფალი ადამიანები არასოდეს კარგავენ თავიანთ მიმზიდველობას.

12) დაიჭირე მომენტი

უნარი აღიქვა და მიიღო სიამოვნება ნებისმიერი წამიდან მიუთითებს იმაზეც, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ბედნიერების გადატანა სხვებზე. ხალხს იზიდავს მხიარული, სიცოცხლით და იმედებით სავსე ინდივიდები და ის სითბო, რასაც ისინი ასხივებენ. შესაბამისად, როგორც ამ ბედნიერების გამავრცელებელი, ისინი მისაღები ხდებიან ყველა სახის ურთიერთობისთვის. "დადებითი აურა აქვს", "სასიამოვნო ადამიანია" - ასე სწორედ მათ აღწერენ. ისწავლეთ პრობლემების მიუხედავად ცხოვრებით ტკბობა, გამოიმუშავეთ პოზიტივზე კონცენტრირების ჯადოსნური თვისება.

13) მიიღე უპირობოდ

თუ ადამიანთან ურთიერთობა გიღირს, ნუ შეზღუდავ პირობითობის ჩარჩოებით, ნუ დაელაპარაკები ულტიმატუმის ენით, ნუ ითხოვ არჩევანის გაკეთებას მისგან.


image

14) აგრძნობინე, რომ განსაკუთრებულია

აგრძნობინო ადამიანს ასეთი რამ მთელი ხელოვნებაა, მაგრამ თუ ამას მოახერხებ, ისიც იგრძნობს შენს განსაკუთრებულობას. როგორც უმეტეს შემთხვევაში, აქაც დეტალები წყვეტს ყველაფერს.


15) გამოხატე პატივისცემა, ნებისმიერი პოზიციის დასაფიქსირებლად იპოვე საჭირო ფორმა

ამ პუნქტის შესრულება იმპულსური ადამიანებისთვის ძალიან რთულია. თქვენი აზრი გარანტირებული სიმართლე არ არის, თუ პოზიციას გაწონასწორებულად, დელიკატურად და მოკრძალებურად გამოვხატავთ, თქვენ მოგისმენენ, დაფიქრდებიან და თავსაც არ იგრძნობენ შეურაცხყოფილად.

16) დახმარება

დახმარება ხშირად ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია. უნდა დაეხმარო მაშინ, როცა ითხოვენ და როცა ეს შენს ძალებს არ აღემატება. დახმარება არ ნიშნავს სხვის პირად სივრცეში თვითნებურ ჩარევას, თუნდაც კარგი მოტივებით. რომ დაეხმარო, საჭიროა ამ ადამიანს იცნობდე ემოციურ დონეზე. იცნობდე არ ნიშნავს გქონდეს საკუთარი სტერეოტიპული შეხედულებები და მისი ინდივიდუალიზმის შენებური აღქმა. ზოგჯერ გარკვეულ თხოვნაზე უარის თქმაც დახმარებაა, ზოგჯერ დუმილიც დახმარებაა…


ურთიერთობებში კრიზისები ძირითადად ამ მიზეზების გამო იწყება. მთავარია, გავაცნობიეროთ, რომ ადამინები მუდმივად ვალდებულები არ არიან ჩვენს წინაშე. ამგვარი წარმოდგენები ეგოს თამაშებია. არდაფასების ილუზიას და მსვერპლის როლის მორგებას სჯობს, მეტი ვიფიქროთ იმაზე, რისი შეცვლა შეგვიძლია უკეთესობისკენ. ეს მოგცემს განვითარებისა და ძვირფასი ადამიანების შენარჩუნების საშუალებას. თუნდაც გვეჩვენებოდეს, რომ ბევრი ძალისხმევა და ნაკლები შედეგია, სინამდვილეში ვიღებთ ზუსტად იმდენს, რამდენსაც გავცემთ.



ასევე დაგინტერესებთ:


8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე


7 ნიშანი, რომ თქვენს სიყვარულს გაგრძელება არ ექნება


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


8 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში



არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...



14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
414
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0