x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"თვალი დახუჭეთ და მის ხმაში ცისარტყელას დაინახავთ" - როგორ მიიღო ჰამლეტ გონაშვილი მსოფლიომ და რითი დაიღუპა "ქართველ ბულბულად" წოდებული მომღერალი
image

...

"დამდევს შუაღამის ბაღში,
ურვა - ოროველა ერის,
როცა თმაჭაღარა ბავშვი
- ჰამლეტ გონაშვილი მღერის.

აღარც ჩამიჩუმი ისმის,
ბნელში შეყუჩებულ წყვილთა,
საყდრულ სიჩუმეში კვნესის,
ჰანგი - სიყვარულზე წმინდა".

ოთარ ჭელიძე.

...


ჯერ კიდევ 2-3 თვის ბავშვს ესმოდა თურმე სიმღერა... ღუღუნით აყვებოდა ჩვილი დედის იავნანას... რთული დასაჯერებელი იყო და ქალს ხშირად უწევდა ამის დამტკიცება. ბავშვის აკვანს ხან მარჯვნიდან დაუდგებოდა, ხანაც მარცხნიდან ... და ისიც იქით მოიხედავდა, საიდანაც იავნანა ესმოდა.

"საქართველოს ხმად" წოდებული... ჰამლეტ გონაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ მუდმივად მღეროდა...

ოჯახში, მეგობრებში, სოფელში... ყველგან და ყოველთვის...


image

...

ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა...

შემდეგ თბილისში, თეატრალურზე სწავლობდა და ერთხელაც, ინსტიტუტის სცენაზე სიმღერით გამოსვლა მოუწია...

თეატრალური ინსტიტუტის რექტორი მიხეილ კვესელავა გაოგნებული უსმენდა თურმე არამქვეყნიურ ხმას... გამოსვლის შემდეგ ბიჭი თავისთან დაუბარებია რექტორს და უთხოვია "სიმღერისთვის სერიოზულად მიეხედა".

და ჰამლეტიც იწყებს მუსიკალურ მოღვაწეობას...


image

25 წლის ასაკში, 1953 წლიდან, ის საქართველოს ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის წევრია.

1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი.

...

ჰამლეტი გამუდმებით მუშაობს...

საათობით უსმენს ძველ ჩანაწერებს, იზიარებს ყველა გამოცდილებას... აგროვებს ინფორმაციებს...

ყოველ წუთსა და წამში ნოტებითაა მისი სხეული სავსე და...

იქმნება ახალი სიმღერები...

და ატანს მთელს სულსა და გულში მისი საოცარი ხმა..

იშვიათი და ლამაზი...

ბგერით მსუბუქი და ტკბილი...

აღტაცებულია მისით არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო...

პარიზში ჰამლეტ გონაშვილს „მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს...

ერთ იაპონურ ანიმაციურ ფილმში, რომელიც სამყაროს აღსასრულზეა გადაღებული, ჰამლეტ გონაშვილის ხმაზე ნგრევა ჩერდება და... მიწიდან
ს ი ც ო ც ხ ლ ი ს ხ ე ამოდის...

ესპანელები ყელზე კოცნიდნენ...

მსოფლიო პრესა კი წერდა :

"თვალი დახუჭეთ და მის ხმაში ცისარტყელას დაინახავთ... ის ჰამლეტ გონაშვილია!"

image

"ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს"...

მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია...


ჰამლეტ გონაშვილი ერთნაირი წარმატებით ასრულებს საქართველოს ყველა კუთხის სიმღერას. მასთან დუეტში მღერა არც ისე ადვილია, რადგან ერთსა და იმავე სიმღერას ორჯერ ერთნაირად არასდროს მღერის...

imageროგორი ტბილიც იყო მისი ბგერა... ისეთივე საოცარი იყო ჰამლეტ გონაშვილის ადამიანური თვისებებიც. ის ერთიანად უყვარდა ყველას... დიდსა თუ პატარას...

გამორჩეული კაცი...გამორჩეული სიმღერით.. და სამწუხაროდ გამორჩეულივე სიცოცხლის ბოლო დღეებით...

...
დაღუპვამდე ორი თვით ადრე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონცერტის წინ რეპეტიციაზე, საიდანღაც რაღაც სოლი ჩამოვარდნილა ჭერიდან და მილიმეტრებით ასცდენია მომღერალს...

მაშინ უთქვამს: "ღმერთო, მილიმეტრებში გადავურჩი სიკვდილს".

თუმცა...

სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, ჰამლეტ გონაშვილი ისევ სოლით დაიღუპება...

ის მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად მიდის... სიმაღლიდან ვარდება და მიწაში ჩასობილ სოლზე ამთავრებს თავის სიცოცხლეს...

image

ჰამლეტ გონაშვილზე საუბარი ალბათ, უსასრულოდ არის შესაძლებელი...

განა შეიძლება ამომწურავი იყოს თემა კაცზე, რომელსაც თავისმა ქვეყანამ "საქართველოს ბულბული უწოდა"

ჩვენ წერას აქ შევწყვეტთ...

დანარჩენი მასზე დაე მისმა მუსიკამ გიამბოთ...

თქვენ კი უბრალოდ :

"თვალი დახუჭეთ და მის ხმაში ცისარტყელას დაინახავთ"...

image


...

გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები და არ განახორციელოთ მასალის გადაბეჭდვა.



0
329
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0