x
მეტი
  • 26.06.2019
  • სტატია:91575
  • ვიდეო:341035
  • სურათი:453573
თამაზ ბიბილურის გახსენება

imageალბათ, ცოტა ადამიანმა თუ იცის თამაზ ბიბილურის შესახებ, კიდევ უფრო ნაკლებმა-მის შემოქმედებაზე. თამაზ ბიბილური სამოციანელთა წარმომადგენელი და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მწერალთა იმ მცირე ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც თავისი პროფესიონალიზმითა და ნიჭით ქართული მწერლობა კიდევ უფრო გაალამაზეს. თამაზ ბიბილური ფილოსოფიური ღრმა ფიქრებით წერდა, რაც პირველ რიგში, მის მოთხრობებსა და რომანებში აისახა. თუ მის ნაწერებს ერთხელ მაინც გადახედავთ, მაშინვე იგრძნობთ, რომ თამაზი გამორჩეული მწერალი იყო, მისი წერის სტილი არ გავდა სხვისას. თამაზ ბიბილური "ნა­თელ­ხილ­ვის ოს­ტა­ტი" იყო, იგი წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. წერდა უჩვეულო დაფიქრებით და მისი ნაწერი მკითხველს შინაგანი ჩაღრმავებისკენ უბიძგებს. მართლაც, რომ განსხვავებული და დამაფიქრებელია მისი რომანები: "ჟამი კითხულისა" და "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის". ორივე ფსიქოლოგიურ ჟანრს მიეკუთვნება და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოებები მწერლის შემოქმედებითი წვის მწვერვალია. თამაზ ბიბილურმა შექმნა შედევრები, რომლებსაც მომავალი თაობები უფრო მეტად დააფასებენ. დღევანდელი გადასახედიდან კი, ორმაგად დასაფასებელია მწერლის შემოქმედება, რადგან დროსთან ერთად უფრო მეტად გვენატრება ის გულწრფელობა, რომელსაც თამაზ ბიბილური მთელი სიცოცხლე ატარებდა. რომანებში დასმული პრობლემები ეხმიანება დღევანდელობასაც და ბევრი მსგავსების დანახვაც შეიძლება. სულ უბრალო ეპიზოდები მოვიყვანოთ. "ჟამი კითხულისა" - „წარსული მიწაში იმარხება, მაგრამ ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ და მიწიდან გვესმის ყრუ გუგუნი… ეს წარსული გუგუნებს და თავის თავს გვახსენებს“. ასე ამთავრებს მწერალი რომანს, როგორი მშვენიერი დასასრულია არა, თითქოს ხაზგასმულია ის, რომ ადამიანებს არ უნდა აშინებდეთ ეს ხმა, რადგან იგი მათ წარსულს ახსენებს და ამავდროულად ცხოვრების გაგრძელების აზრს ანიჭებს. "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის" - "შეთხზული ამბის ავტორს თუ დავუჯერებთ, აბრია მახაურს, სიკვდილს რომ ხვდებოდა, ტოროლას გალობა ჩაესმოდა. იმ წამში კი მზის ერთ პლანეტა დედამიწაზე ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა". ასე დაამთავრა თამაზ ბიბილურმა ეს რომანი. თითქოს მწერალმა შეგვიქმნა ამაღლებულის განცდა, დაგვიხატა ცხოვრების ამაოება და რომ ადამიანმა მხოლოდ ამქვეყნიურზე არ უნდა იფიქროს, რომ ყველანი საბოლოოდ სიკვდილის შვილები ვართ, მაგრამ მოკვდე ისე, რომ მართალი, პატიოსანი კაცის სახელი დატოვო - ეს ყველაზე მშვენიერია რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. დიახ, თამაზ ბიბილურის რომანები წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი დაფიქრებისა და ჩადენილის გააზრებისკენ მოგვიწოდებს. თითქოს მწერალმა მკითხველის სულში შეაღწია და ყველა ცხოვრებისეულ კითხვას გასცა პასუხი. ამ ორი ციტატიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი "ქართულით" წერდა ბიბილური და რომ იგი ერთგულია იმ ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების, რომლებიც მარად უცვლელია, და ვიდრე ერთი მკითხველი მაინც ეყოლება თამაზ ბიბილურის შემოქმედებას, მისი სახელი დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ რეხვიაშვილი
ნუგზარ რეხვიაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0