x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
კერძო საკუთრება

კერძო საკუთრებასაკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია - ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, რომლის შინაარსი, არსი და აზრი საბჭოთა პერიოდში და საბჭოური სამართლისათვის სრულიად უცხო იყო.

საბჭოური სამართალი არ იცნობდა კერძო საკუთრებას. საკუთრება შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფოსი, იდეოლოგიურად - პროლეტარიატის, ანუ საბჭოური საზოგადოების საერთო ქონება. ადამიანს, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს, არ შეეძლო ჰქონოდა კერძო საკუთრება, რომელსაც იგი განკარგავდა საკუთარი სურვილისამბრ. ასეთი იდეოლოგია საკმაოდ ეწინააღმდეგებოდა სოციალური მოწყობის პრინციპს და საერთოდ ინდივიდის, როგორც სოციალური ცხოველის, საჭიროებებს და ბუმნებას. რატომაც საბჭოურ სამართალში დამკვიდრდა „პირადი ქონების“ ტერმინი, რა ქონებას ინდივიდი განკარგავდა, მოიხმარდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (მაგ. სიცოცხლის მანძილზე), ამავდროულად აღნიშნული ქონება ეკუთვნოდა სახელმწიფოს, სრულიად პროლეტარიატს.

ასეთი ქონებრივი ურთიერთობანი აძლევდა საბჭოურ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას საჭიროებისამებრ პირისათვის წაერთმიათ მისი „პირადი ქონება“. ასე მაგალითად, როდესაც სახეზე იყო გარკვეული დანაშაული, რომლის ჩამდენ პირს გააჩნდა გარკვეული „პირადი“ უძრავი ქონება, რომელშიც ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები, ხელისუფლებას შეეძლო „წაერთმია“ ამ პირისაგან აღნიშნული ქონება, ისე რომ მტელი მისი ოჯახი დარჩენილი იყო ღია ცის ქვეშ. ხოლო მიზეზი იყო პირის მიერ ჩადენილი დანაშაული (ქურდობა, ყაჩაღობა და ა.შ.), მიზანი კი პირველ რიგში იყო - გენერალური (სამაგალითო) პრევენცია (ფსიქოპრევენცია), რაც თავიდან აიცილებდა სხვა პირთა მიერ მსგავსი ან სხვაგვარი დანაშაულის ჩადენას, მეორეს მხრივ კი - დასჯა როგორც სასჯელის მიზანი.

დღევანდელ ისეთ ცივილურ საზოგადოებებში და სახელმწიფოებში, როგორიცაა საქართველო, ზ/აღნიშნული საბჭოური მიდგომა, როგორც სასჯელის მიზნების, ისე „პირადი“ ქონების კუთხით სრულიად მიუღებელი რამ არის. ერთის მხრივ კაპიტალისტური სახელმწიფოები (რა ტერმინი „კაპიტალიზმი“ თავად პირველი სოციალისტი მარქსის მიერ შემოღებულია) აღიარებენ კერძო საკუთრებას, რაც მრავალი ქვეყნის კონსტიტუციის უმთავრეს პუნქტად და დებულებადა ქცეული - „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“[1]. საქართველოს კონსტიტუციის პირველ რედაქციაში, კერძო საკუთრებაზე საბჭოური ზეწოლისა თუ წნეხის შედეგად და მისი დაუშვებლობის ხაზის გასმის მიზნით, კერძო საკუთრების შესახებ დებულება გამოიყურებოდა შემდეგნაირად - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.[2] ანუ ხაზგასმული იყო კერძო საკუთრების უფლების, მისი სრულყოფილი არსის და საყოველთაოდ მიღებული გამოხათვის მოქმედების, გაუქმება.

მეორეს მხრივ ცივილური სამყარო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასჯელის დანიშვნა დასჯის მიზნით დაუშვებელია და არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს, ჰუმანურობის და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პრინციპებს. კერძოდ კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-40 მუხლში ნათქვამია: „იმისათვის, რომ კონკრეტული სასჯელის არსებობა გამართლებული იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, ის, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის ადექვატური საშუალება უნდა იყოს. სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ქმედებისათვის დაწესებული ნებისმიერი სასჯელი, თუ ის აცდენილი იქნება სასჯელის მიზნებს, თავად გახდება მიზანი. ადამიანის დასჯა სასჯელის მიზნების მიღმა, ამ მიზნების მიღწევის აუცილებლობის გარეშე თავად დასჯას აქცევს სახელმწიფოს მიზნად და მთავარ ფუნქციად, შედეგად არარად აქცევს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.“ ამავე გადაწყვეტილების 41-ე პუნქტში ნათქვამია: „ზოგადად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.“ ამ მიზნების გარეშე როგორც თავდაპირველად პირისათვის სასჯელის დანიშვნა, ისე შემდგომი სასჯელის გაგრძელება დაუშვებელია.

შესაბამისად პირის სამაგალითო დასჯა დაუშვებელია. აქვე დაუშვებელია გენერალური პრევენციის განხორციელების ისეთი მეთოდი, რა დროს პირს განესაზღვრება სასჯელი არა პატიმრობის მიზნების (რესოციალიზაცია და (ამავე პირის მიერ) ახალი დანაშაულის პრევენცია) მისაღწევად, არამედ სხვა ადამიანებზე (ფსიქოპრევენცია)[3] ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რამაც მათ დანაშაულისაგან ხელი უნდა ააღებინოს. აღნიშნული არის სახელმწიფოს მიერ ადამინის იარაღად გამოყენება, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ და აბსოლუტურ უფლებებს, როგორიცა ადამიანის ღირსება „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“[4], ამავდროულად ასეთ მეთოდებს არაფერი საერთო აქვთ ჰუმანურობასთან „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“[5].

უკანასკნელ დებულებაში ხაზ-გასასმელია „წამების“ ტერმინი, რადგან ჩვენს მიერ განხილვად შემთხვევებში ზუსტად რომ წამებას აქვს ადგილი, კერძოდ კი - წამების წინააღმდეგ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩედენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება.

აქვე ასაღნიშნავია, რომ გაეროს „წამების წინააღმდეგ კონვენცია” აღიარებულია საქართველოს მიერ, რამაც კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე[6] და მეხუთე[7] პუნქტების თანახმად ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს უარი თქვას სამაგალითო (გენერალური) და დასჯის მიზნით სასჯელის გამოყენებაზე, რამაც ხელჰყოფს პირის კონსტიტუციურ სხვა მრავალ უფლებას, შედეგად არარად აქცევს სამერთლებრივი სახელმწიფოს იდეას.

გასაგებია რომ საბჭოთა პერიოდში ზ/აღნული უფლებები ირღვეოდა, გასაგებია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს კონსტიტუცია იცავს კერძო საკუთრებას, პირის ღირსებას და დაუშვებლად ცნობს სამაგალითო და დასჯის მიზნით სასჯელს. ამავდროულად სისხლის სამართლის არა ერთი ნორმა სრულიად საპირისპიროს მეტყველებს და, როგორც სამართლებრივი ნორმატიული გამოხატულებით, ისე პრაქტიკაზე იყენებს პირის მიმართ სამაგალითო და დასჯის მიზნით სასჯელს, რითაც ხელჰყოფს კერძო საკუთრების უფლების დაცულ სფეროს, ამავდროულად სრულიად ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს თანაზომიერებაში.

სასჯელის ერთ-ერთი მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს დაზარალებული პირისათვის დამნაშავე პირის მიერ და მისივე ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ზიანის ანაზღაურების განხორციელება შესაძლებელია, ან მაგ. ნაქურდალი ქონების დაბრუნება. (აქვე შეუძლებელია სიცოცხლის ხელჰყოფის ანაზღაურება პირდაპირი წესით, ასეთ შემთხვევაში საქმე შეიძლება ეხებოდეს ფულად კომპენსაციას, რაც სადავოა, რადგან ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ფასეული რამ არის, რასაც ფასი არ აქვს და ის შეუფასებადია.) ანუ როდესაც მიყენებული ზიანის შეფასება შესაძლებელია, ესაა მატერიალური ზიანი იქნება თუ მორალური, დამზარალებელმა უნდა აუნაზღაუროს დაზარალებულს მიყენებული ზიანი. სამართლიანობის აღდგენა დგება მაგ. წართმეული ქონების დაბრუნებით ან/და ფულადი კომპენსაციით, რაც პროპორციული უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობისა.

სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს სასჯელის ერთ-ერთ პრინციპს, მიზანს, რაც გამოიხატება მაგ. ჯარიმის დაკისრებაში, იმ ქმედებისათვის, რამაც პირდაპირ არ ჰელყო კონკრეტული პირის(ების) კონება, მაგრამ დააზარალა საზოგადოებრივი სიკეთე. ასეთი ზარალი შეიძლება არ გამოიხატებოდეს პირდაპირი მიყენებით, მაგრამ ირიბად წარმშობდეს მას.

რაც არ უნდა იყოს, პირისათვის ასანაზღაურებელის (ჯარიმის) ოდენობა უნდა იყოს პროპორციული მიყენებული ზიანისა, რა ზიანზეც არ უნდა იყოს საუბარი.

გავნიხილოთ საქმე რეალური ცხოვრებიდან :

ი.გ. დაკავებული იყო საქართველოს საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის მცდელობისათვის, რატომაც იყო პასუხისმგებლობაში მიცემული, რისთვისაც მიესაჯა თ/აღკვეთის სასჯელი 10 წლის ვადით და აგრეთვე 100, 000 ლარის ოდენობის ჯარიმა საქართველოს სასარგებლოდ.

იგი იყო გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე[8] და 214-ე[9] მუხლებით. პირველი ითვალისწინებდა პატიმრობას, მეორე კი როგორც პატიმრობას, ისე ჯარიმის დაკისრებას, სადაც ჯარიმის და მიყენებული ზიანის ოდენობის პროპორციულობის შესახებ ხსენება არ იყო.

სრული განუკითხაობა გვევლინება ჯარიმის შესახებ სისხლის სამართლის 42-ე მუხლში. კერძოდ - „ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.“[10] - აქ არ არის მითითება ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის შესახებ, არც ჯარიმის და მიყენებული ზიანის ოდენობის პროპორციულობის წესის შესახებ.

აქვე - „ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.“[11] - ამ დებულების თანახმად ჯარიმის განსაზღვრა ხდება არა მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისად, არამედ დანაშაულის სიმძიმის და კონკრეტული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინება ჯარიმის განსაზღვრის კუთხით და როდესაც ეს ნორმა ასე ფართო მნიშვნელობისა, ზუსტად რომ დასჯის მიზნით ადგენს ჯარიმის ოდენობას, ანუ ჯარიმას, როგორც სასჯელის სახეს პირისათვის უსჯის მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, ანუ დასჯის მიზნით, ამავდროულად სამაგალითოდ და სხვათა მიერ დანაშაულის გენერალური პრევენციის განხორციელების კუთხით.

„მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით“[12] - დებულება კი დისკრიმინაციულია, რაც დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით, და გულისხმობს რომ ერთი და იმავე დანაშულისათვის სხვადასხვა მატერიალური შეძლებობის, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით“, [13] მქონე პირთათვის შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა ზომის ჯარიმის გადახდა.

სისხლის სამართლის დამანგრეველ 42-ე მუხლის კიდევ ერთ დებულებაში - „ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის.“[14] - საუბარია რომ როდესაც სამართლიანობის აღდგენის მიზანი სრულდება, რაც ზიანის მიყენებასთან კავშირში არსებული ყოველი დანაშაულის თანმდევი პირობაა, ამავდროულად პირი მიეცემა თ/აღკვეთის სახით პასუხისმგებლობაში (რესოციალიზაციის და (ამავე პირის მიერ) ახალი დანაშაულის პრევენციის მიღწევის მიზნით) და კონკრეტული მუხლით ჯარიმის დაკისრება გათვალისწინებული არ არის, სასამართლოს უფლება აქვს ასეთი დააკისროს პირს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გამიზნული სამაგალითო (ფსიქოპრევენცია) და დასჯის მიზნით დამატებითი სასჯელის დანიშვნაზე.

შესაბამისად ი.გ.-ს, რომელმაც მხოლოდ ის მოახერხა, რომ საზღვარი გადაკვეთა, და ისიც ნაწილობრივ, გარდა თ/აღკვეთისა, ენიშნება დამატებითი სასჯელი, რომელიც არ არის პროპორციული მის მიერ ჩადენილი ქმედებისა (ჯარიმის და მიყენებული ზიანის ოდენობა განსხვავებულია).

გარდა იმისა რომ აღნიშნული არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას, მაშინ როდესაც სასამართლო პირს სასჯელს უნიშნავს საზოგადოებისათვის მაგალითის ჩვენების (გენერალური პრევენცია) და დასჯის მიზნით, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის იარაღად გამოყენებას, რამაც თავის მხრივ არღვევს მის აბსოლუტურ უფლებას ღირსების შესახებ და აქვე გარდა აუცილებელი და გარდაუვალი ტკივილისა, რაც მას ისედაც მიეყენება თ/აღკვეთით, დამატებითი დასჯით აწამებს პირს,

ფულადი ჯარიმის ოდენობისა და პროპორციულობის შესახებ დებულების არ არსებობა, რამაც ანიჭებს სასამართლოს უფლებას თავისივე შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს ოდენობის საკითხი, ხელჰყოფს პირის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უფლებას, რადგან ჯარიმის დაკისრება გულისხმობს მის ანაზღაურებას პირის კერძო ქონებით, როგორც მითითებულია რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით“, [15] იმ „ზარალის“ ასანაზღაურებლად, რაც პირის მიერ არავისთვის მიყენებული არ იყო.

თუ ჩვენ ვეწინააღმდეგებით საბჭოურ „პირადი“ ქონების წესს, და იმას, რომ სახელმწიფოს დასჯის ან/და მაგალითის/პრევენციის მიზნით შეეძლო ხელჰყო ინდივიდის საკუთრება, ისე რომ არა მხოლოდ კონკრეტული პირი, არამედ მისი ოჯახიც კი დარჩენილიყო ღია ცის ქვეშ, მაშინ სისხლის სამართლის 42-ე მუხლის დებულებებასაც უნდა შევეწინააღმდეგოთ, სადაც ოდნავ განსხვავებული წესით დგება იგივე შდეგი - პირის კერძო საკუთრების ხელჰყოფა და სახელმწიფო ბიუჯეტის უსაფუძვლო გამდიდრება.

ალექსანდრე სელეპანოვი, 2019 წელი, ივნისი



[1] საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი

[2] 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი

[3] ა. სელეპანოვი., ესსე - გამართლებული სასჯელი., 2018

[4] საქართველოს კონსტიტუციის მე9 მუხლის პირველი პუნქტი

[5] საქართველოს კონსტიტუციის მე9 მუხლის მეორე პუნქტი

[6] “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.“

[7] „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ
პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა
შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.“

[8] „საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა“

[9] „საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით“

[10] სსკ-ის 42/2

[11] სსკ-ის 42/3

[12] სსკ-ის 42/3

[13] სსკ-ის 42/3

[14] სსკ-ის 42/5

[15] სსკ-ის 42/3

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე სელვი
ალექსანდრე სელვი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0