x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფრთხილად!10 თაღლითური სქემა, თუ როგორ გვპარავენ ფულს!
თაღლითური სქემით ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დაზარალდეს. მაგრამ მათთვის ყველაზე ადვილი საკბილოები მაინც შუახნის ხალხი და პენსიონერები არიან, რომელთაც ნაკლებად სმენიათ კიბერდანაშაულის შესახებ და მათი მოტყუება “გრანდიოზული ფასდაკლებით მხოლოდ დღეს" და “პირადად თქვენთვის ხელსაყრელი შეთავაზებით" ადვილად შეიძლება. ზოგიერთი სქემა უკვე გაშიფრული და ყველასთვის ნაცნობია და ამაზე ადამიანები აღარ წამოეგებიან. მაგრამ თაღლითები ახალ-ახალ სქემებს იგონებენ და კიბერდანაშაულების რიცხვიც იმატებს.


1. საბანკო მაქინაციები

imageბოლო დროს ბანკები ხშირად მიმართავენ მისსელინგს-გაყიდონ ერთი პროდუქტი მეორის სახით. ყველაზე გავრცელებული მაგალითია სიცოცხლის დაზღვევის პოლისის გაყიდვა. თქვენ ფიქრობთ, რომ ანაბარი გახსენით, სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ სიცოცხლე დააზღვიეთ და თქვენი ფული ბანკს შეუძლია ნებისმიერ პროექტში ჩადოს. ამასთან, ბანკის თანამშრომლები ხშირად მალავენ ინფორმაციას რისკების შესახებ:არ აფრთხილებენ კლიენტს, რომ ვადამდე ანაბრის გატანის შემთხვევაში კლიენტი მნიშვნელოვან თანხას დაკარგავს და რომ ასეთი ფინანსური პროდუქტის შემოსავალი გარანტირებული არ არის, რადგან თქვენი ფული შესაძლოა ისეთ პროექტში დააბანდოს, რომელიც წამგებიანი აღმოჩნდება.

როგორ მოვიქცეთ:


მიმართეთ მხოლოდ სანდო და გამოცდილ ბანკს, რომელთანაც უკვე გაკავშირებთ თანამშრომლობა. ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება სანამ ხელს მოაწერთ და გულდასმით გამოიკვლიეთ ყველა ის პუნქტი, რომელიც თქვენს ეჭვს გამოიწვევს.


2.ცრუხელოსნები და სხვა სამსახურის წარმომადგენლები

imageალბთ გახსოვთ, თუ როგორ ასაღებდნენ თავს ადამიანები მერიის თანამშრომლებად და მღრღნელების დასახოცად გაურკვეველი წარმოშობის სითხით ამუშავებდნენ სადარბაზოებს, სანაცვლოდ კი ფულს იღებდნენ კორპუსის მაცხოვრებლებისგან.თაღლითები ხშირად ასაღებენ თავს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებად, ამოწმებენ გაზგაყვანილობებს, გაზქურებს და რა თქმა უნდა, “აღმოაჩენენ" ხოლმე, რომ მოწყობილობა მწობრიდანაა გამოსული. ყურადღებას ამახვილებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად რაღაც მოწყობილობა უნდა შეიძინოთ. შეშინებული დიასახლისები და პენსიონერებიც მაშინვე იხდიან ფულს, ოღონდ კი “პრობლემა" მოგვარდეს. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ამ ხელსაწყოს არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ წითლად და მწვანედ ციმციმებს.

როგორ მოვიქცეთ:

ნუ ენდობით იმ მოწმობას, რომელსაც გიჩვენებენ. დარეკეთ შესაბამისი სამსახურის ცხელ ხაზზე და გადაამოწმეთ, ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს ადამიანი იქ და ნამდვილად არის თუ არა გამოგზავნილი თქვენს მისამართზე შესაბამისი მოკვლევის ჩასატარებლად.


3.ზარი ნაცნობი ნომრიდან

imageუამრავი კომპიუტერული პროგრამა თუ აპლიკაცია არსებობს, თუ როგორ დავრეკოთ ნებისმიერი ნომრიდან. ამ პროგრამებით კი ასევე წარმატებულად სარგებლობენ თაღლითები. ამიტომ, ზოგჯერ საკუთარ თვალებსაც კი ნუ ენდობით.

როგორ მოვიქცეთ:

ამ პროგრამებზე გამავალი ზარის იმიტირება კი შეიძლება, მაგრამ მასზე უკუზარის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, თუ რაღაც საეჭვოდ გეჩვენებათ, გათიშეთ კავშირი და თქვენ თავად გადაურეკეთ იმ ახლობელს, რომლის ნომრიდანაც ზარი შემოვიდა. მხოლოდ ასე გაიგებთ, ნამდვილად ის გირეკავდათ თუ არა.


4. ტექნიკა ძალიან იაფად!

imageალბათ გახსოვთ, თუ როგორ ყიდდნენ საოცარ მტვერსასრუტებს, რომელთა გამოც ზოგიერთმა ოჯახმა კრედიტიც კი აიღო! ამჯერად თაღლითები თავს ცნობილი ჰიპერმარკეტების ან სავაჭრო ნიშნის წარმომადგენლებად ასაღებენ და მაღაზიის იუბილესთან დაკავშირებით ყველაფერს შედარებით იაფად გთავაზობენ. საბოლოოდ, ყველაფერს მაღალ ფასად ყიდიან, ნაყიდი ტექნიკა კი მალევე ფუჭდება.

როგორ მოვიქცეთ:

არავითარ სავაჭრო წარმომადგენლებს კარი არ გაუღოთ! ტექნიკა და სხვა საქონელი უნიკალურ ფასად მხოლოდ მაღაზიებშია და იქ უნდა შეიძინოთ საგარანტიო ფურცელთან ერთად!


5.უნიკალური შეთავაზება კომუნალური სამსახურებისგან

imageეს შემთხვევაც მე-2 შემთხვევის მსგავსია, როცა თაღლითები თავს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებენ და ასე ცდილობენ სახლში შემოღწევას. სახლში შემოსულები კი აღმოაჩენენ, რომ რაღაც ისე არ მუშაობს, და შემოგთავაზებენ, რომ თუ დღესვე გადაიხდით ფულს, 50% -იან ფასდაკლებას გაგიკეთებენ. საუბრისას, როგორც წესი ისინი ხშირად იყენებენ სპეციალურ ტერმინებს, რომ მასპინძლის თვალში ნდობა მოიპოვონ. შედეგად, ისინი წინასწარ გამოგართმევენ თანხის ნაწილს და უკვალოდ აორთქლდებიან-ეს პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტის შემთხვევაში კი-სანამ თქვენ ერთ “ხელოსანს" დაყვებით ბინაში, მეორე რაღაცას აგწაპნით.


როგორ მოვიქცეთ:

სანამ სახლში შემოუშვებთ, ჰკითხეთ ვინაობა და დაუკავშირდით შესაბამის კომპანიას იმის გასარკვევად, ნამდვილად გამოგზავნეს თუ არა ეს სპეციალისტები თქვენს მისამართზე.


6. თაღლითი პროგრამისტები

imageხანდაზმული ადამიანები ტექნიკაში კარგად ვერ ერკვევიან. მათმა უმრავლესობამ არ იცის როგორ გამოასწოროს სულ ადვილი შეცდომები ან როგორ დააყენონ ახალი პროგრამა, ამიტომ დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ სხვებს და შესაძლოა თაღლითების მსხვერპლნიც აღმოჩნდნენ, რომლებიც უფრო მეტს გააადაახდევინებენ, ვიდრე სხვა, ტექნიკაში გარკვეული ადამიანი გადაიხდიდა.

როგორ მოვიქცეთ:

უმნიშვნელო ტექნიკური დახმარებისთვის მხოლოდ ახლობელ და კარგად ნაცნობ ადამიანს მიმართეთ. თუ პრობლემა სერიოზულია, წინასწარ დაათვალიერეთ ინტერნეტში შესაბამისი მომსახურების ფასები.


7.ზარი “ბანკიდან"

image

თაღლითები ხშირად უკავშირდებიან ადამიანებს, თავს ბანკის უსაფრთხოების თანამშრომლად აცნობენ და ეკითხებიან, ხომ არ უცდიათ თანხის გადარიცხვა ცოტა ხნის წინ სხვა ანგარიშზე. აქ გათვლა იმაზეა, რომ აგანერვიულონ. გეუბნებიან, რომ საეჭვო აქტივობა დაფიქსირდა თქვენს ანგარიშზე. გთავაზობენ თანხა დაბლოკოთ, რომ თაღლითებმა არ მოგპარონ, სანამ ზომებს მიიღებენ. თქვენც თანხმდებით. იმისთვის, რომ ვინაობა დაადასტურონ, გთხოვენ დაადასტუროთ ბარათის ნომერი და როცა ციფრებს დაუსახელებთ, გეუბნებიან, რომ სმს მოგივათ და უკარნახოთ პაროლი. პაროლს უსახელებთ და შედეგად, თანხა, რაც ბარათზე გაქვთ, თქვენი ანგარიშიდან ქრება.

როგორ მოვიქცეთ:

გაუთიშეთ ტელეფონი და თავად გადარეკეთ ბანკის ცხელ ხაზზე იმაში დასარწმუნებლად, მართლა იყო თუ არა რაიმე საეჭვო აქტივობა დაფიქსირებული თქვენს ანგარიშზე.


8.საეჭვო სმს-ები

imageთქვენ შეიძლება სმს მიიღოთ, რომელსაც ინტერნეტ-ბმულიც აქვს დართული. როგორც წესი, ტექსტში ურევია სიტყვები “საჩუქარი" და მითითებულია ამ ბმულზე გადასვლა. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში კი თქვენს ტელეფონში ჩამოიტვირთება პროგრამები, რომლებიც თქვენს მიერ საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებულ მონაცემებს თაღლითის ტელეფონში აგზავნის. შედეგი?-თქვენი დაცარიელებული საბანკო ანგარიში.


როგორ მოვიქცეთ:

მსგავსი სმს-ები დაუყოვნებლივ წაშალეთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე არც ტელეფონით და არც კომპიუტერში.


9. სასწაულმოქმედი მედიკამენტები ხელსაყრელ ფასად!

imageგირეკავენ, საფოსტო ყუთში სარეკლამო გაზეთს გიტოვებენ ან ინტერნეტში წააწყდებით გვერდს სასწაულმოქმედი წამლების შესახებ, რომელსაც ფასდაკლება მხოლოდ დღეს აქვს და თანაც 50%.

როგორ მოვიქცეთ:

არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, თანაც გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტებით. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან-არსებობს თუ არა ასეთი პრეპარატი და მიღებულია თუ არა საექიმო პრაქტიკაში. შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ინტერნეტში ინფორმაცია სხვა საიტებზე-რას წერენ ამ წამლის შესახებ და ყურადღება მიაქციეთ ერთ ფაქტს, უფრო სწორად კი ადამიანებს, რომლებიც ამ მედიკამენტის სარეკლამო ვებ-გვერდზე აღფრთოვანების გამომხატველ კომენტარებს წერენ ამ წამლის საოცარ თვისებებზე. როგორც წესი, მათი ფეისბუქ-პროფილები ყალბია, ანუ არ არსებობს რეალურად.


10.საიტები და გამყიდველები, რომლებიც ქრებიან

imageთაღლითები ხშირად ქმნიან სხვადასხვა საიტებს, რომლებზეც წარმოუდგენლად დაბალ ფასად იყიდება სხვადასხვა საქონელი. თუ რაღაცას წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობენ, ეს უკვე საბაბია, რომ დაეჭვდეთ.

ზოგჯერ კი თაღლითები ცნობილი საიტების “დუბლიორებსაც" ქმნიან, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით საიტის დასახელებას სამისამართე ველში.

როგორც წესი, თანხის აღების შემდეგ, თაღლითები საიტს შლიან და უკვალოდ ქრებიან. შენაძენ პროდუქციას კი თვალით ვერ ნახავთ.

იგივეა იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე პროდუქციის “გამოწერით ჩამოტანას" ეხება. ხშირ შემთხვევაში თაღლითები ყალ ანგარიშებს ქმნიან ფეისბუქში და მათ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით სხვადასხვა პროდუქციის გამოწერას გთავაზობენ სხვადასხვა ცნობილი საიტებიდან.თანხის ჩარიცხვის შემდეგ კი უკვალოდ ქრებიან.

როგორ მოვიქცეთ:

სანამ ნაკლებად ცნობილ საიტზე რამეს შეიძენთ, მოიძიეთ ამ საიტის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში, გაეცანით სხვა მომხმარებლების გამოხმაურებებს და ა.შ. თუ შესაძლებელია, რომ კურიერს გადაუხადოთ ფული პროდუქციის მიღების შემდეგ-აირჩიეთ გადახდის ეს საშუალება.

მეორე შემთხვევას რა შეეხება, გაითვალისწინეთ:

არ გადაურიცხოთ ფული არავის წინასწარ! საიტიდან გამოწერა ნამდვილად არაა მისნობა და ჯადოქრობა, რომელსაც მხოლოდ ზებუნებრივი უნარების მქონე ადამიანები ასრულებენ.თუნდაც საქმე თაღლითობასთან არ გვქონდეს, რატომ უნდა უხადოთ დამატებით ფული სხვას, როცა თავად უფრო იაფად შეგიძლიათ გამოიწეროთ? სთხოვეთ ვინმეს, რომ გასწავლოთ როგორ ხდება გამოწერა და თქვენ თავად შეძლებთ ნებისმიერი რამ გამოიწეროთ. რაც მთავარია, აუცილებლად გადაამოწმეთ საიტის სანდოობა გამოწერამდე.



0
259
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0