x
image
მანჩო 777
''კალიგრაფი" - XVIII საუკუნეში შექმნილი პირველი კომპიუტერი
იცოდით, რომ თანამედროვე კომპიუტერის (უფრო სწორად პრინტერის) პირველი პროტოტიპი მე-18 საუკუნეში შეიქმნა? - ალბათ არა. მაშინ მოდით გავიხსენოთ საინტერესო ისტორია შვეიცარიელი მესაათისა, რომელმაც მთელი ორი საუკუნით გაუსწრო დროს და შექმნა იმ დროისათვის მეტად უცნაური და განსაცვიფრებელი მექანიზმი.



image



პიერ ჟაკ დრო - უნიკალური საათების ხელოვნების პიონერი, 1721 წელს დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ლა-შო-დე ფონში. მან შექმნა გასაოცარი ანიმირებული საათები მგალობელი ფრინველებითა და შადრევნებით, გამოიგონა მუსიკალური საათები და ურთულესი ავტომატური მექანიზმები.



image




1770-იანი წლების ბოლოს შვეიცარიელმა მესაათემ დააპროექტა და შექმნა იმ დროისათვის გასაოცარი ნივთი, რომელიც თამამად შეიძლება ჩავთვალოთ თანამედროვე კომპიუტერის წინაპრად. კერძოდ, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ჟაკ დრომ შექმნა პროგრამირებული რობოტი მწერალი-ბიჭუნასი, რომელსაც შეეძლო ბატის კალმით დაეწერა ორმოცამდე წინადადება.

მესაათემ თავის ქმნილებას "კალიგრაფი" დაარქვა.



image
აი ასე იმართებოდა პიერ -ჟაკ-დროს "კალიგრაფი".



მოწყობილობა გარეგნულად საკმაოდ უბრალო და ჩვეულებრივი ჩანდა: ფეხშიშველი ბუთხუზა ბიჭუნა ბატის კალმით ხელში იჯდა პატარა ხის მაგიდასთან. ერთი შეხედვით ის უბრალო სათამაშო გეგონებოდათ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... სინამდვილეში ამ მარტივი სათამაშოს შიგნით ინჟინრული ნიჭის საოცარი გამოვლინება იყო მოთავსებული – 6000 უმცირესი რთული მექანიზმი ერთდროულად მოდიოდა მოქმედებაში, რომ ხელსაწყო ამუშავებულიყო და ბიჭუნას ქაღალდზე სიტყვები და წინადადებები დაეწერა.



image



ასე გამოიყურებოდა რთული მექანიზმი, რომელსაც პატარა ყმაწვილის ლამაზი ტანსაცმელი ფარავდა.



image



"კალიგრაფს" მხოლოდ ასოების და სიტყვების გამოყვანა როდი შეეძლო - ის წერის პროცესში თავს ხრიდა სამელნისაკენ და მასში აწებდა ბატის ფრთის კალამს, ხოლო ამოღების დროს ფრთხილად ფერთხავდა მას, რომ კალამს ზედმეტი მელანი არ ამოჰყოლოდა და ქაღალდი ლაქებით არ დაესვარა. ამასთანავე ბიჭუნას თვალებიც მოძრაობდა და წერის დროს ტექსტს თვალს აქეთ-იქეთ აყოლებდა.



image



მკვლევარები თვლიან, რომ მწერალი ბიჭუნა, სახელად "კალიგრაფი"– პირველი პროტოტიპია კომპიუტერისა, რადგან ეს იყო პირველი დაპროგრამებული საწერი მანქანა. დღეს ეს უნიკალური მექანიზმი ჟენევის მუზეუმში ინახება.





"კალიგრაფის" შემდეგ ჟაკ დრომ თავის ვაჟთან ერთად კიდევ ორი მსგავსი თოჯინა შექმნა: ''მხატვარი'' და ''მუსიკოსი''. ''მხატვარი'' თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა მწერალი ბიჭისაგან: წითელი ხავერდის კამზოლსა და მაქმანებიან ჟაბოში გამოწყობილი მხატვარი ბიჭუნაც ხის მაგიდასთან იჯდა, თუმცა ის ასოებს კი არ წერდა ქაღალდზე, არამედ ფანქრით ხატავდა პატარა ძაღლს.



image



"მუსიკოსი გოგონა" გაცილებით რთული მექანიზმით აღჭურვილი თოჯინა გახლდათ. მის შექმნაზე სამი მესაათე მუშაობდა - მამა-შვილი დროები და ფრედერიკ ლეშო. მუსიკოსი გოგონას ფიგურა მწერალ და მხატვარ ბიჭუნებზე გაცილებით დიდი იყო-დაახლოებით რვა წლის გოგონას ზომისა. ის გამოწყობილი იყო კორსაჟიან კრინოლინში, რომელიც მორთული იყო ბაბთებით. 2500 დეტალისგან შედგენილი მუსიკოსი გოგონას ფიგურა იჯდა პატარა კლავესინთან და მას შეეძლო შეესრულებინა 5 მუსიკალური ნაწარმოები.



image



''მუსიკოსის'' მიერ დაკრული მელოდია ნამდვილი იყო: ის არ იყო ჩაწერილი და არ იკვრებოდა მუსიკალური ზარდახშიდან. თოჯინა მართლაც ეხებოდა თავისი თითებით მინიატურული კლავესინის კლავიშებს, რომელიც სპეციალურად ამ მექანიზმისთვის იყო დამზადებული.

თქვენ წარმოიდგინეთ, თოჯინა სუნთქავდა კიდეც (დაკვრის დროს ჩანდა, თუ როგორ აუდ-ჩაუდიოდა მას მკერდი) და ასრულებდა სხვადასხვა მოძრაობებს. მისი თვალები კი კლავესინზე დადებულ ნოტებს მიჰყვებოდნენ. ''მუსიკოსის'' მიერ შესრულებული მელოდიები დაწერილი იყო პიერ ჟაკ დროს შვილის- ანრი ლუი ჟაკ დროს მიერ.

გადმოცემის მიხედვით, თოჯინების პრეზენტაცია 1774 წელს შედგა პარიზში, მეფის სასახლეში. ამბობდნენ, რომ ტახტზე ახლად ასულ ლუდოვიკო XVI-ზე ცოცხალმა თოჯინებმა სენსაციური, შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება მოახდინა.



image



საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ჟენევის მუზეუმის მკვიდრი ცოცხალი თოჯინები დღესაც ისევე გამართულად მუშაობენ, როგორც ორნახევარი საუკუნის წინ.


2
120
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
120
  
2019, 10 ივნისი, 18:34
საოცარი სტატია ძაან მომეწონა
2019, 10 ივნისი, 13:11
საოცრებაა, ძალიან მომეწონა სტატია....
0 1 2