x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნევროზის სახეები და პათოგენეზი

image
ნევროზი ემოციური პრობლემების შეგრძნებაა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სახის ფსიქოემოციური, სომატური და ქცევითი სიმპტომებით.
ნებისმიერი ემოციური აგზნება დაკავშირებულია ჰიპოთალამუსთან.ჰიპოთალამუსი ერთის მხრივ, არის უმაღლესი ვეგეტატიური ცენტრი, მეორე მხრივ კი დამოუკიდებლად და ჰიპოფიზის საშუალებით მართავს ენდოკრინულ ჯირკვლებს.ემოციური ცენტრების ჭარბი აგზნებისას(ემოციური ცენტრი), შეიძლება ჩამოყალიბდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების მყარი დარღვევა, რომელიც კლინიკურად ვლინდება ნევროზის სახით, როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ფორმით, ან როგორც დაავადების წინა მდგომარეობა, რომელიც წინ უძღვის სხვადასხვა სომატურ ან/და ფსიქიკურ დაავადებას.მისი მიზეზია პიროვნების ფსიქოგენური ტრავმირება ნეგატიური განმეორებითი და/ან ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესის პროცესში.ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტს პიროვნების ცნობიერ თუ ქვეცნობიერ მისწრაფებებს და საზოგადოების მიერ მათი დაკმაყოფილების სურვილის ან შესაძლებლობებს შორის.ნევროზი ''ცივილიზაციის დაავადებაა''.მის ფართო გავრცელებას უკავშირებენ მზარდ ურბანიზებას, ინფორმაციულ გადატვირთვას, ადამიანზე არახელსაყრელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო ფაქტორების, მრავალრიცხოვანი ფსიქო-ტრავმული სიტუაციის მოქმედებას.
ნევროზი ხასიათდება უმაღლესი ნერვული მოქმედების მოშლით, ვეგეტატური ფუნქციების ნეიროგენული დარღვევებით, ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითებით პათოგენური აგენტებისადმი.ნევროზის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს უმაღლესი ნერვული მოქმედების ტიპი.დადგენილია უმაღლესი ნერვული მოქმედების ტიპების და მათთან ნევროზის აღმოცენების ალბათობის და თავისებურების კავშირი.ნევროზული დარღვევები განსაკუთრებით იოლად უვითარდება პავლოვის მიხედვით სუსტი ტიპის (ჰიპოკრატეს მიხედვით-მელანქოლიკის) უმაღლესი ნერვული მოქმედების მქონე ინდივიდებს.ამ ტიპს ახასიათებს აგზნების პროცესის სწრაფი გამოფიტვა, შინაგანი შეკავების სისუსტე, ზემოქმედებაზე რეაქციის პასიურობა, რაც განსაზღვრავს ნევროზის განვითარებას ძირითადად ქერქული აგზნების პროცესების ჩაშლის გამო, მას თან სდევს შეკავება და პასიური თავდაცვითი რეაქციების ფორმირება.
ძლიერი გაუწონასწორებელი ტიპი აგზნების პროცესის სიჭარბით (ჰიპოკრატეს მიხედვით-ქოლერიკი) სუსტი ქერქული შეკავებით, გამღიზიანებელზე აქტიური რეაქციით ხასიათდება.ეს განაპირობებს ემოციური დატვირთვისას მათში აგზნებითი ტიპის ნევროზს.
ძლიერი გაწონასწორებული ინერტული ტიპი(ჰიპოკრატეს მიხედვით ფლეგმატური)-ნევროზს ახასიათებს ნევროზის ნერვული პროცესების პათოლოგიური ძვრადობა.
ძლიერი გაწონასწორებული მოძრავი ტიპი(ჰიპოკრატეს მიხედვით სანგვინიკი), მაღალი რეზისტენტობის გამო, ყველაზე გამძლეა ნევროზის გამომწვევ ზემოქმედებათა მიმართ.ამ ტიპის ინდივიდებში ნევროზი გამოიწვევა ძლიერი გამღიზიანებლის მრავალჯერადი მოქმედებით, ინსტინქტების ''შეჯახებით''.
ნევროზის განვითარების პირობები ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოგენური ხასიათისაა.ბიოლოგიური ფაქტორებიდან აღსანიშნავია გარკვეული მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, კონსტიტუციური თავისებურებები, ასაკი(ნევროზი უფრო ხშირია პუბერტატულ და კლიმაქტერულ პერიოდებში), გადატანილი და მიმდინარე დაავადებები.სოციალურ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია პროფესიული მოღვაწეობის თავისებურებები (მაგალითად, ინფორმაციული გადატვირთვა), არასასურველი ოჯახური და ყოფაცხოვრებითი პირობები, სექსუალური აღზრდის თავისებურებები.
ნევროზის ხელშემწყობი (გამომწვევი) ფსიქოგენური ფაქტორებია პიროვნული თავისებურებები, გადატანილი ფსიქიკური ტრავმები, ფსიქოტრავმული სიტუაციები.ნერვულ სისტემაზე მოქმედი პათოგენური ფაქტორების უმრავლესობა, აზიანებს დამმუხრუჭებელ პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურების ფუნქციას.შიმშილი, ინტოქსიკაცია, ინფექცია, ჰიპოქსია“თავის ტვინის ტრავმები, ენდოკრინული მოშლილობები და სხვ. ხელს უწყობენ ნევროზის განვითარებას.ტრადიციულად გამოყოფენ ნევროზის ყველაზე გავრცელებულ სამ ფორმას: აკვიატებული მდგომარეობები, ისტერია, ნევრასთენია.
აკვიატებული მდგომარეობების ნევროზის მიზეზებია დისოციაცია (''კონფლიქტი'') პიროვნების სურვილს, მისწრაფებას და მისი რეალიზების შეუძლებლობა მორალური თუ სხვა მოსაზრებების გამო.ამ დროს თავის ტვინის ქერქში აღმოცენდება აგზნების შეგუბებითი კერა.ყალიბდება შიში რამის (მაგალითად, სიტუაციის) ან ვინმეს მიმართ.ასეთი ტიპის ნევროზი ყალიბდება პირობითრეფლექსურად, შემდგომ კი ფობიის აღმოცენება სხვა პირობებშიც ხდება.აკვიატებული იდეების ნევროზს მიეკუთვნება აგოროფობია-სახლს გარეთ ყოფნის შიში, ღია სივრცის შიში.ნევროზის ამავე ფორმის სახეა სოციალური ფობიები-უხერხულ ან დამცირებულ მდგომარეობაში მოხვედრის განმეორებითი აბსურდული შიში: საზოგადოებაში გამოსვლის, ლექციის კითხვის დროს, გამოცდაზე.არაიშვიათად ეს შიში მართლა იწვევს წარუმატებლობას და აძლიერებს ფობიას.უბრალო ფობიები-მუდმივი არამოტივირებული შიშები და/ან მისწრაფება იმ სიტუაციისთვის თავიდან აცილებისა, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ შიშის რეალიზება (მაგალითად: კლაუსტროფობია, აგორაფობია, კანცეროფობია).
აკვიატებული მდგომარეობის ნევროზს მიეკუთვნება აბეზარი იდეები, აზრები, რომლებიც უნებლიედ და განმეორებებად აღმოცენდებიან.ადამიანი ეწინააღმდეგება მათ, ესმის რა მათი აბსურდულობა და უაზრობა.ამას თან სდევს ამ ფიქრების ასრულების შიში.
ისტერიული ნევროზი-ხასიათდება პაციენტების მიერ დაავადების იმიტაციით, მაგრამ არა სიმულაციით.ვლინდება ჭარბი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისადმი, დაავადების არსებობის რწმენით მისი არარსებობის დროს.ისტერიას, ავადმყოფის მხრივ, ახასიათებს ზედმიწევნით მრავალფეროვანი და ცვალებადი ჩივილები, არაადეკვატური ქცევა, აფექტურობა, არამყარი გუნებგანწყობა, გულმავიწყობა.ისტერიულ ემოციურ-აფექტურ დარღვევებს თან სდევს განცდათა თეატრალობა და გათამაშება, მათი მორგება გარკვეულ სიტუაციაზე.ავადმყოფი იმუქრება თვითმკვლელობით (''სუიციდური შანტაჟი'') და არაიშვიათად ცდილობს მის რეალიზებას.
ისტერიული ნევროზის დროს ხშირია ვეგეტატიური დარღვევები (ჰიპო- და ჰიპერთერმია, ოფლიანობა, დისპეფსია), მოძრაობითი მოშლილობანი(კრუნჩხვები გონების დაკარგვის და დაზიანების გარეშე), წარმავალი დამბლები, პარეზები, აფონია, სენსორული ცვლილებები(ტრანზიტორული სიბრმავე, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, პარესთეზიები).არაიშვიათია სექსუალური გადახრები(ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია).
ნევრასთენია ნევროზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.ის ხასიათდება დისოციაციით საკუთარი თავისადმი მოთხოვნილების (ჩვეულებრივ, გადაჭარბებულის) და მათი რეალიზების შეუძლებლობას შორის.ეს იწვევს ქერქული აგზნების პროცესის გადაძაბვას და ჩაშლას და ვლინდება მრავალფეროვანი ვეგეტატიური, ფსიქიკური და სომატური სიმპტომებით. ვეგეტატიური გადახრები შეიძლება გამოვლინდეს გულის არითმიით, არტერიული ჰიპერ- და ჰიპოტენზიით, დისპეფსიით, ოფლიანობით.დამახასიათებელია ნერვული სისტემის აგზნებადობის მომატება, იოლი გადაღლა და გამოფიტვა.ავადმყოფი თავშეუკავებელი და მოუთმენელია, ზოგჯერ დარღვეული აქვს ყურადღება, უჭირს მისი კონცენტრირება, არის მოდუნებული, ხშირად-დეპრესიული, დარღვეული აქვს ძილი, არაიშვიათია სექსუალური დარღვევები ლიბიდოს დაქვეითების და იმპოტენციის ფორმით.
მკურნალობა წარმოებს 2 ძირითადი მიმართულებით:
1.ფსიქოთერაპიული - უპირატესობა ენიჭება ე.წ კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, რომელიც არწმუნებს პაციენტს, რომ მის ფსიქოლოგიური პრობლემას იწვევს არასწორი აზროვნება, მოვლენების არასწორი შეფასება და ეხმარება მას გარემოს აღქმისა და აზროვნების დისფუნქციური სტერეოტიპებისგან განთავისუფლებასა და სწორი გამოსავალის მოძებნაში.
2.მედიკამენტური-ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები, ნეიროლეპტიკები და სხვა.ისინი ეხმარება ავადმყოფებს მათთვის არასასურველი სიმპტომების დაძლევაში იმისათვის, რომ თავი იგრძნონ შედარებით კარგად, იმუშაონ და ა.შ. მაგრამ ამასთანავე, ამ წამლების მიღება რეკომენდებულია შეზღუდული ოდენობით, რადგან ისინი არ კურნავენ ძირითად მიზეზს და აქვთ უამრავი არასასურველი გვერდითი მოვლენები.

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0