x
image
ეკა ლაცკა
მამა ანდრია ყურაშვილი, 27 წლის ბერი, რომელიც აფხაზეთში მოკლეს
image


ყურაშვილების რვაშვილიანი ოჯახიდან ოთხი საეკლესიო მოღვაწე გამოვიდა...

1992 წლის 3 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე პაატა ყურაშვილი ბერად აღიკვეცა... და ეწოდა მას ბერი ანდრია, საპატივსაცემოდ ანდრია პირველწოდებულისა...

იმავე წლის აგვისტოში ის მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.


...

image

ასკეტური ცხოვრებას შეუდგა 26 წლის ბერი... ფსალმუნებს ყოველდღე სრულად კითხულობდა, დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა...

თითქმის არაფერს ჭამდა, საწოლის ნაცვლად ფიცრებზე ეძინა.

არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, მიწას ამუშავებდა, პურსა და სეფისკვერს თვითონ აცხობდა.

დიდი თოვლი მოვიდა ზამთარში ... სხალთაში ჩარჩენილმა 5 თვე მონასტრეში მარტომ ისე გაატარა ერთხელაც არ დაუჩივლია...


მალე მეუფე დანიელმა ახალგაზრდა მამა სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კამანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა.


image

მის დანიშვნამდე ეკლესიაში მღვდელმსახურება არ ტარდებოდა... მამა ანდრიას აქ ჩამოსვლა მაშინვე უფლის მიერ მოვლენილად მიიღო დიდმა თუ პატარამ...

აფხაზეთში კი ამ დროს ძმათაშორის ომი მიდიოდა... "ვიღაცის" პოლიტიკას შეწირული ქართველები და აფხაზები ერთმენთს არ ინდობდნენ...

სასოწარკვეთილება და შიში იპყრობდა ყველას...

მამა ანდრიას მოკრძალებული ღიმილი, უწყინარი საუბარი და სიმშვიდე იყო მრევლის ნუგეში...

თავმდაბალი და მორიდებული, მოკრძალებული და თავაზიანი, მომთმენი და დიდსულოვანი...

იშვიათად ბრაზდებოდა...

ადამიანურ სისუსტეს საოცარი სულგრძელობითა და სიყვარულით მიუტევებდა ხოლმე და ადამიანებსაც ომის მძვინვარებაში სულ მასთან უნდოდათ ყოფნა...

რაც გააჩნდა, უსაზღვროდ გასცემდა... როცა გაჭირვებულს ეხმარებოდა, პატარა ბავშვივით ხარობდა.

არაერთი ხეიბარი გადაარჩინა და ტაძარში შეიფარა.

სვანებით დასახლებულ კამანში მაღლობზე მდებარე წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი ერთადერთი ეკლესია იყო, მაშინ აფხაზეთში ქართულად რომ ატარებდა წირვა-ლოცვას.

image

1993 წლის 5 ივლისს კამანი ჩაიკეტა.

აფხაზებმა სოფელი ალყაში მოაქციეს.

მამა ანდრია გრძნობდა, სიკვდილი ახლოს იყო... მაგრამ თავს სასოწარკვეთის ნებას როგორ მისცემდა .... მას ხომ მრევლი უყურებდა... მერე რა თუ სროლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს მოისმოდა.

უცებ ყვირილის ხმა შემოესმა, კამანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ.

მამა ანდრია არ შეშინდა... ტყვიების წვიმაში გაეშურა მოხუცებისაკენ.

image

ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა.

დილის ხუთის ნახევარზე ტაძარს ალყა შემოარტყეს.

მოძღვარი ტაძრიდან გაიყვანეს... იარაღის გამომზიურებით ცდილობდნენ მოძალადეები პირველი ეტაპისთვის სულიერად გაენადგურებინათ, მერე კი მოეკლათ ახალგაზრდა, ქართველი ბერი...

  • "ეს მიწა ქართველებისაა თუ აფხაზების?!

  • ზეცას აღაპყრო თვალები მამა ანდრიამ... თავადაც არ იცოდა, როგორ პოულობდა ძალას შეენარჩუნებინა ასეთი სიმშვიდე... გარკვევით, სათნოებით წარმოთქვა:
  • " მიწა ღვთისაა! ..."
ამის თქმა იყო და კისერში ესროლეს.

იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა...

ზეცას მიშტერებული დარჩა უკანასკნელი მზერა...

ეკლესიაში გამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მოძღვარი მოკლეს.

ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი, 27 წლის მამა ანდრიას - სხეული მიწაზე იდო...

სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.

image

ივლისის თაკარა მზემ მალე მიაგნო მამა ანდრიას სხეულს...

სიცხე აჭერდა მთელი ძალით...

ის კი ისევ ისე იწვა, როგორც ცოცხალი...

აფხაზებიც კი გულგრილად ვერ უვლიდნენ გვერდს ... თვალზე ცრემლს არ მალავდა ზოგიერთი მათგანი... მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა აფხაზმა ამბავი მოიტანა, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო....

27 წლის მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს.

საფლავზე ხის ჯვარი აღიმართა...

მისი თვალებივით ზეცას მიპყრობილი, უბრალო ხის ჯვარი... ქართველი ბერის გმირობისა და დიდებულების გამომსახველი, ერთადერთი ქრისტიანული ნიშანი...




0
3093
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3093
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0