x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
კბილების მომატებული ცვეთა

image
კბილების ცვეთა ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს მთელი ცხოვრების მანძლიზე.ცვეთის ხარისხი და სისწრაფე განისაზღვრება საკვებით და ღეჭვითი აპარატის გამოყენების ინტენსივობით.განასხვავებენ ფიზიოლოგიურ(ნორმალურ) და პათოლოგიურ (ინტენსიურ) ცვეთას.
ფიზიოლოგიური ცვეთა წარმოადგენს ღეჭვის ფიზიოლოგიური ფუნქციის შედეგს.მინანქრის ბუნებრივი ცვეთა ხორციელდება ორ-ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში.ჰორიზონტალურ სიბრტყეში ცვეთა აღინიშნება საჭრელების საჭრელ კიდეზე, ეშვების, პრემოლარებისა და მოლარების ბორცვზე.ამის გამო კბილების გვირგვინების სიმაღლის შემცირება უნდა განვიხილოთ, როგორც ორგანიზმის შემგუებლობითი რეაქცია.ამის მიზეზი ისაა, რომ ასაკთან ერთად იცვლება პაროდონტისა და საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის სისხლძარღვოვანი სისტემა და სხვა ქსოვილები.თუმცა, ამ ორგანოების ფუნქციური შესაძლებლობის დაქვეითება კომპენსირდება კბილის გარეთა ბერკეტის სიდიდის შემცირებით და ოკლუზიური ზედაპირის ბრტყელი ფორმით.
ვერტიკალურ ცვეთაში იგულისხმება კბილის საკონტაქტო ზედაპირების ცვეთა, რის შედეგადაც კბილთაშორისი საკონტაქტო პუნქტები დროთა განმავლობაში გარდაიქმნება საკონტაქტო მოედნებად.კბილთაშორისი კონტაქტების გაქრობა არ ხდება კბილების მეზიალური გადახრის დროს.ამ დროს კბილთა რკალი უწყვეტი რჩება, მაგრამ მისი სიგრძე მოკლდება.
ნორმის ფარგლებში, 40 წლის ასაკისთვის მინანქარი მცირედ არის მოცვეთილი, ხოლო 50-60 წლისთვის ბორცვების ცვეთა უკვე კარგად არის გამოხატული. ზოგიერთ ადამიანში ბუნებრივი ფუნქციური ცვეთა შენელებულია ან არ ხდება.ეს შეიძლება აიხსნას რბილი საკვების გამოყენებით, ღრმა თანკბილვით, რაც ართულებს ქვედა ყბის გვერდით მოძრაობებს, საღეჭი კუნთების სისუსტით.თუმცა გვხვდება პაციენტები, რომლებშიც აღინიშნება ნორმალური თანკბილვა და საკვებსაც მრავალფეროვანს იყენებენ, ხოლო ცვეთა იმდენად სუსტად არის გამოხატული, რომ 40 წლის ასაკში მოლარებისა და პრემოლარების ბორცვები თითქმის უცვლელია.ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ასეთი მოვლენა დაკავშირებულია პაროდონტის თანდაყოლილი ან შეძენილი ფუნქციური უკმარისობით გამოწვეულ კბილების მოძრაობასთან.ხშირად ამ პაციენტებს აქვთ პაროდონტიტი.
კბილების მომატებული ცვეთა ხასიათდება სწრაფი მიმდინარეობითა და მინანქრისა და დენტინის მნიშვნელოვანი დაკარგვით.მომატებული ცვეთა არღვევს კბილების ანატომიურ ფორმას:ქრება ბორცვები, საჭრელების საჭრელი კიდეები, გვირგვინის სიმაღლე ამ დროს მცირდება.სწორი თანკბილვის დროს ცვეთას განიცდის ყველა კბილის საჭრელი კიდეები და საღეჭი ზედაპირები, ღრმა თანკბილვის დროს-ქვედა კბილების ტუჩისკენა და ზედა კბილების სასისკენა ზედაპირები.
გ.გარკუშა გამოყოფს ცვეთის სამ ხარისხს.პირველი ხარისხის დროს იცვითება ბორცვები და საჭრელი კიდეები, მეორეს დროს-გვირგვინი საკონტაქტო მოედნებამდე, მესამეს დროს-გვირგვინი ღრძილამდე.ამ დროს ცვეთას განიცდის არა მარტო მინანქარი და დენტინი, არამედ მეორადი დენტინიც.
მომატებული ცვეთის დროს კლინიკური სურათია ასეთია:დათვალიერების დროს მოჩანს გაშიშვლებული დენტინი ბორცვებისა და კბილის საჭრელი კიდეების უბანში.მინანქრის ბასრი კიდეების წარმოქმნა იწვევს ფიალის მსგავსი დეფექტის წარმოქმნას.“ფიალის'' მინანქრის კიდეები იმტვრევა და შიშვლდება დენტინი.პაციენტები უჩივიან : ტკივილს ტემპერატურული გამღიზიანებლებისგან, ტკბილი და რბილი საკვებისგანაც კი, ლოყების ლორწოვანი გარსისა და ენის დაზიანებებს მინანქრის ბასრი კიდეებით, ლოყების და ტუჩების კვნეტას, პირის კუთხის ნახეთქის წარმოქმნას.
კბილების მომატებული ცვეთა პოლიეტიოლოგიურია.პათოლოგიური პროცესის მიზეზებია: 1.კბილების მაგარი ქსოვილების ფუნქციური უკმარისობა, რაც განპირობებულია მათი მორფოლოგიური არასრულფასოვნებით: ა)მემკვიდრეობითი (სტენტონ-კაპდეპონის სინდრომი), ბ)თანდაყოლილი(ამელო- და დენტინოგენეზის დარღვევები დედისა და ბავშვის დაავადებების დროს), გ) შეძენილი(ნეიროდისტროფიული პროცესების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ენდოკრინული აპარატის ფუნქციების დარღვევის, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ეტიოლოგიის დარღვევის შედეგი).
2.კბილების ფუნქციური გადატვირთვა: ა)კბილების ნაწილობრივი დაკარგვის დროს(კბილ-ანტაგონისტების წყვილების რაოდენობის შემცირება, შერეული ფუნქცია და სხვა), ბ)პარაფუნქციის დროს (ბრუქსიზმი, საკვების გარეშე ღეჭვა და სხვა), გ) საღეჭი კუნთების ცენტრალური წარმოშობის ჰიპერტონიის დროს და პროფესიასთან დაკავშირებული(ვიბრაცია, ფიზიკური დატვირთვა), დ) კბილების ქრონიკული ტრავმის დროს (მავნე ჩვევები).
3.პროფესიული მავნეობა (მჟავა-ტუტოვანი ნეკროზები, დამტვერიანება), მარილმჟავას მიღება აქილიის დროს.
მომატებული ცვეთა მოიცავს კბილების სხვადასხვა ზედაპირს, ამის გამო, გამოყოფენ მომატებული ცვეთის სამ ფორმას: ვერტიკალურს, ჰორიზონტალურსა და შერეულს.
ვერტიკალური ფორმის დროს მომატებული ცვეთა წინა კბილების ნორმალური გადაფარვის მქონე პაციენტებში აღმოჩნდება ზედა წინა კბილების სასისკენა ზედაპირზე და თანამოსახელე ქვედა კბილების ტუჩისმხრივ ზედაპირზე.საპირისპირო გადაფრვის დროს-ზედა წინა კბილებზე ტუჩისკენა ზედაპირზე, ქვედა თანამოსახელეზე-ენისკენა ზედაპირზე. ჰორიზონტალურ ფორმას ახასიათებს მაგარი ქსოვილების შემცირება ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რის შედეგადაც საღეჭ ან საჭრელ ზედაპირზე წარმოიქმნება ცვეთის ჰორიზონტალური ფასეტები. შერეული ფორმის დროს მომატებული ცვეთა შეიძლება განვითარდეს, როგორც ვერტიკალურ, ასევე, ჰორიზონტალურ სიბრტყეში.
მომატებულ ცვეთას შესაძლოა ჰქონდეს შემოფარგლული და გავრცობილი ხასიათი.შემოფარგლული, კეროვანი ანუ ლოკალიზებული მომატებული ცვეთა მოიცავს მხოლოდ ცალკეულ კბილებს ან კბილთა ჯგუფებს და არ ვრცელდება მთელ კბილთა მწკრივზე.იგი ხშირად აღინიშნება წინა კბილებზე, მაგრამ პროცესი შეიძლება გავრცელდეს პრემოლარებსა და მოლარებზეც.გენერალიზებული ფორმის დროს მომატებული ცვეთა აღინიშნება მთელ კბილთა რკალზე.
მომატებული ცვეთის მკურნალობა დამოკიდებულია პათოლოგიური ცვეთის ხარისხზე და მიზეზებზე.აუცილებელია პროცესის სტაბილიზაცია და კბილების ქსოვილების შემდგომი განლევის თავიდან აცილება.ზოგჯერ ამისთვის იყენებენ პროთეზირებას ჩანართებისა და ლითონის გვირგვინების გამოყენებით.
თუ პათოლოგიური ცვეთის მიზეზი მდგომარეობს არასწორ დაბჟენაში ან პროთეზირებაში, აუცილებელია კბილების ოკლუზიური ზედაპირების ნორმალური ფორმის აღდგენა, ხოლო კბილთა მწკრივების დეფექტების დროს-ადეკვატური პროთეზირება.სახის ქვედა ნაწილის სიმაღლის მნიშვნელოვანი შემცირებისა და პათოლოგიური თანკბილვის დროს აუცილებელია ორთოპედიული კონსტრუქციების გამოყენება.
ფსიქოგენური ფაქტორების დომინირების დროს ნიშნავენ სედაციურ მკურნალობას და სახსრის სალტის ტარებას ღამის საათებში და მეცადინეობის დროს, როდესაც აუცილებელია ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია, რაც იწვევს ნერვულ დაძაბულობას (მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობის დროს).სახსრის სალტის ტარება ხელს უშლის კბილების ცვეთას და ნორმალურ მდგომარეობაში მოყავს ქვედა ყბის სასახსრე თავის მდებარეობა სასახსრე ფოსოში.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება: დეფექტების პრეპარირება და დაბჟენა ( თუ კბილის ქსოვილების აღსადგენად არ არის შერჩეული სხვა მეთოდი), კბილების ბასრი კიდეების გასწორება, რემინერალიზაციური მკურნალობის ჩატარება ან მგრძნობელობის მოხსნა სხვა საშუალებებით, რადგან კბილების ქსოვილების ასეთი პათოლოგია სხვა შემთხვევათა 99%-ში მიმდინარეობს გამოხატული ჰიპერესთეზიით.
აღნიშნული პათოლოგიის დროს კბილების სავალდებულო პრეპარირების აუცილებლობა გამოწვეულია დენტინის ობლიტერაციითა და ჰიპერმინერალიზაციით, რაც ხელს უშლის ბჟენის ნორმალურ ადჰეზიას კბილის ქსოვილებთან.

0
326
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0