x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ გავამდიდროთ თემა ლექსიკურად? - ფრაზეოლოგიზმები და მათი გამოყენება
ზოგადად, ნებისმიერი სახის ესესა თუ თემაში დიდი მნიშვნელობა ექცევა ლექსიკის ნაწილს. იმას, თუ როგორი სიტყვებითაა გაწყობილი თემა, გაქვს თუ არა გამოყენებული თანამედროვე ტერმინოლოგია, სინონიმები, ანტონიმები, ფრაზელოგიზმები და ა.შ.


ლექსიკის ნაწილი არგუმენტირებულ ესეში 3 ქულით ფასდება და ყურადღებას ამ სტატიაში მასზე გავამახვილებთ.


ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც მყარ გამოთქმასაც უწოდებენ, სხვადასხვა სფეროდან შემოსული და მეტყველებაში შეუცვლელი სახით დამკვიდრებული გამონათქვამია. ეს არის ხატოვანი გამოთქმა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება. იგი ძირითადად სიტყვებს ან შესიტყვებებს წარმოადგენს, რომელთა აზრის გასაგებად იმ ისტორიული, ლიტერატურული, ფილოსოფიური, რელიგიური თუ მითოლოგიური საკითხის(ამბის, ფაქტის, შემთხვევის, მოვლენის) ცოდნაა საჭირო, საიდანაც ესა თუ ის გამოთქმა წარმოიშვა. ყველა ფრაზეოლოგიზმს თავის წარსული და წარმოშობის ისტორია აქვს.



image



მაგალითად, უმრავლესობა ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურ მეტყველებაში ''აბრაამის ბატკანს'', რომელიც ფრაზეოლოგიზმია და უდანაშაულოს, უბრალოსა და სრულიად უბიწოს ნიშნავს.



ეს ფრაზეოლოგიზმი ბიბლიიდან დამკვიდრდა. მისი წარმოშობის ისტორია ასეთია: ძველი აღთქმის თანახმად, იუდეველი აბრაამი(პატრიარქი) ღმერთმა გამოარჩია და უთხრა:“წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“



აბრაამი უსიტყვოდ დაემორჩილა უფლის ბრძანებას და ქანაანის გზას დაადგა. წარმართული წარსულის მთლიანად უარყოფის შემდგომ, აბრამი იქცა „აბრაამად“, რაც ნიშნავს „უამრავი ხალხის მამას“, „მამას მრავლისა“. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ღმერთმა აბრაამს, წმენისა და ერთგულების გამოსაცდელად, მრავალი განსაცდელი მოუვლინა. ერთხელაც უბრძანა, თავისი საყვარელი ძე მსხვერპლად შეეწირა და დაეწვა. ისააკი აბრაამის ერთადერთი იმედი იყო, ძალიან უყვარდა იგი, თუმცა მზად იყო ღვთის ეს ბრძანება შეესრულებინა. მაგრამ, უფალმა ანგელოზი მოუვლინა და უთხრა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ღვთისმოშიში ყოფილხარ – ერთადერთი შვილი გაიმეტე ჩემთვის.“ ამ დროს დაინახა აბრაამმა ბუჩქებში ვერძი. მან ღმერთს ისააკის ნაცვლად ვერძი შესწირა და შინისკენ გამოემართა. ასე იქცა ვერძი ადამიანის სანაცვლოდ „აღსავლენ მსხვერპლად“, აბრაამი კი ქრისტიანულ მწერლობაში, ღვთისადმი უსიტყვო მორჩილების გამო, „რწმენის მამად“ იწოდება.

image

-

წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან ფრაზეოლოგიზმებსა და მათი გამოყენების მაგალითებს, რომლებიც შეგიძლიათ თემაში მაღალი ქულის მისაღებად გამოიყენოთ.

-

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ოქროს აბების ჩაყლაპვინება

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ქრთამის მიცემა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - იმ სასამართლოში, სადაც ოქროს აბების ჩაყლაპვინება ჩვეულებრივი მოვლენაა, ვერასოდეს აღდგება მართლმსაჯულება.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ათასი თოკიდან გამომძვრალი

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - მეტად გამოცდილი

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - საქართველო თავისი არსებობის მანძილზე ათასი თოკიდან გამომძვრალა, ვფიქრობ, არც ახლა გაუჭირდება პრობლემასთან გამკლავება.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - საღათას ძილით დაძინება

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უზრუნველობა, არაფერზე დარდი

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მაშინ, როცა დამპყრობელი საზღვრებს ჩვენკენ წევს, ჩვენს მთავრობას საღათას ძილით სძინავს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - თვალების ამოღამება

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ლოდინით დაღლა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ვფიქრობ, საზოგადოების ასეთი რეაქცია სახელმწიფოს მმართველებმა გამოიწვიეს. მათ თვალები ამოუღამდათ დაპირებების შესრულების ლოდინში.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ქრისტეს პერანგი გახდა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - სადავო საქმე გახდა, დავის საგანი

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ეს საკითხი საზოგადოებაში ქრისტეს პერანგი გახდა, ზოგი ამ აზრს ემხრობა, ზოგი კი, სასტიკად ეწინააღმდეგება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ასკილის ყვავილობა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ჭირნახულის შემოლევის დრო, გაჭირვებისგან თავის დაღწევა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მწამს, რომ საქართველოშიც დადგება ასკილის აყვავების დრო.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - წყალს ცრის, წყალს ნაყავს

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ამაოდ გარჯა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მთავრობას წყლის გაცრის ნაცვლად, ურჩევნია ქვეყნის სასიკეთო საქმე აკეთოს.

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ფანატიკოსთან საუბარი წყლის ნაყვაა, მეტი არაფერი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - წყლის შედგომა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ლარის გაუფასურებით ქვეყნის ეკონომიკას წყალი შეუდგა.

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ -

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ხელების დაბანა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - პასუხისმგებლობის არიდება

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - რატომ ვიბანთ ხელებს, როცა ქუჩაში ძალადობას ვხედავთ, ნაცვლად შესაბამისი ზომების მიღებისა?!

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ეს თქვენი საქმეა, მე ხელები დამიბანია

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ავგურის ღიმილი

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ორაზროვანი სახით მინიშნება საკუთარ უპირატესობაზე და გამიზნულად, იმგვარი სიტყვებით საუბარი, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ რამდენიმე კაცმა თუ იცის.

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - განსწავლულს, ბრიყვ მეფესთან საუბრისას, ავგურის ღიმილი არ მოსცილებია სახიდან.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - დაუკრეფავში გადასვლა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა -უხამსი სიტყვა-პასუხი, აკრძალული რამის გაკეთება

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ნება გაქვს საკუთარი აზრი გამოთქვა, მაგრამ, გთხოვ, დაუკრეფავში ნუ გადახვალ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ერთ ტაფაში წვა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ერთნაირ მდგომარეობაში ყოფნა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მიუხედავად იმისა, რომ პროვინციელთა უმრავლესობა გაუნათლებელია, არასწორი იქნება მათი ერთ ტაფაში წვა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - არც ღვინოა, არც წყალი

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - მოკლებულია ყოველგვარ ღირსებას

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ადამიანისგან, რომელიც არც ღვინოა და არც წყალი, საზოგადოება კარგს არაფერს არ უნდა ელოდოს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - მოკალული სიტყვა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - მომხიბვლელი, ლამაზი საუბარი

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ პოლიტიკოს მოკალული სიტყვით საუბარი უნდა შეეძლოს

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - თავში ბზე უყრია

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უჭკოა, სულელია

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალგაზრდების უმრავლესობას თავში ბზე უყრია, არსებობენ მოაზროვნე მოზარდებიც.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - სხვის წისქვილზე წყლის დასხმა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - სხვისი დახმარება, ხელის გამართვა ვინმესთვის

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - სახელმწიფო საზღვრების დაცვაზე არ ფიქრობს, ჯარს ვერ იყენებს, ეკონომიკურად უძლურდება, ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებს, ეს კი მტრის წისქვილზე წყალს ასხამს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - დაუყვედრებელი ლუკმა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - პატიოსანი შრომით შეძენა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლებებლია დაუყვედრებელი ლუკმის მიღება, ადამიანები მაინც ქურდობითა და ყაჩაღობით ცხოვრებას არჩევენ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - დრო მოჭამა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ცხოვრება დაასრულა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ვფიქრობ, არსებულმა განათლების სისტემამ თავისი დრო უკვე მოჭამა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - პირში წყლის ჩაყენება/ჩაგუბება

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - გაჩუმება

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - არასწორად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ საზოგადოების წევრთა უმრავლესობა დანაშაულსა და უსამართობაზე პირში წყლის ჩაგუბებას არჩევს, სიმართლის ღიად და საჯაროდ თქმას.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - საქმის ცერად წასვლა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - საქმის წაგება

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - თურქ-სელჩუკებს დიდგორის ბრძოლაში საქმე ცერად წაუვიდათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ბროლა კაკალია

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უმწიკვლო, უდანაშაულო

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ვფიქრობ, საზოგადოება მას არასწორად მოექცა, ის ხომ ბროლა კაკალია!

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - მხრის მოქცევა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - გზის აბნევა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მხარი გვექცევა და გვიჭირს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - არტახში მიბია ხელი

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ძალიან მიჭირს

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მართალია, ახლა არტახში უბია ხელი, მაგრამ აუცილებლად წამოდგება ფეხზე.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ბუზების თვლა ჭერში

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უსაქმოდ ყოფნა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - საქართველოს მეფეებიდან რამდენიმე ჭერში ბუზების თვლის გარდა არაფერს აკეთებდა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - ვარსკვლავების კრეფა

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ოცნება, შეუძლებლის ნდომა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ჩემი აზრით, ადამიანმა რეალური მიზნები უნდა დაისახოს და ვარსკვლავების კრეფას შეეშვას.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ფრაზეოლოგიზმი - აირია მონასტერი

➡️ განმარტება/მნიშვნელობა - წესი დაირღვა

✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მმართველმა არ უნდა დაუშვას თავის საგამგებლოში მონასტრის არევა, თორემ ყველაფერი თავზე დაემხობა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️


გამოცდების თემაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური სტატიები:



✔️


როგორ შევარჩიოთ არგუმენტები ესესთვის? - რჩევები, რეკომენდაციები და მზა არგუმენტები


✔️


როგორ დავარედაქტიროთ ტექსტი მარტივად ქართული ენის გამოცდაზე - რჩევები, მითითებები, მაგალითები


✔️


ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - მოემზადე გამოცდისთვის უკეთ!(ნაწილი I)


✔️


ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - II ნაწილი


✔️

------------------------------------------------------

ავტორი: ©️ნუგზარ გოგბერაშვილი




0
3545
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
3545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0