x
image
ქეთი გაბინაშვილი
ლაჩრები ხართ! პატარა, მშიშარა მოღალატეები!
ქეთი გაბინაშვილი

ჯერ ნათია იყო, სარდაფში ჩამოიხრჩო თავი, მერე გიორგი, პაპის დარგულ კაკლის ხეზე გამონასკვა ყულფი, მერის სამი შვილი დარჩა, უმცროსმა იპოვა, ამ დრომდე მკურნალობას გადის, ვიღაც მშობლებს გაუბრაზდა, სხვას ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეგობრები მოენატრა, აგერ 15 წლის ბავშვმა შეყვარებულის საფლავზე დაასრულა სიცოცხლე....

მიზეზი ყველას საქციელს მოვუძებნეთ: უყვარდა, შიოდა, ჩაგრავდნენ, ღალატობდნენ....ზოგმა სკოლა დავადანაშაულეთ, სხვებმა ოჯახში, ვიღაცამ მეზობლები, საზოგადოება...

არადა მიზეზი არ არსებობს - თქვენ არ ხართ გმირები პატარა, ფრთებდამტვრეულო ანგელოზებო. თქვენ ლაჩრები ხართ! მშიშარა ბავშვები. არაფერი აქვს თქვენს საქციელს საერთო სიყვარულთან, რომანტიკული ელფერი არ დასდევს თქვენს სიკვდილს. თქვენ დანებებული ჯარისკაცები ხართ, იარაღდაყრილნი, ბრძოლის ველიდან გაქცეულნი.


წასვლას რა უნდა - სულ ერთი წამია, ერთი გონარეული, გაუაზრებელი წამი. სანამ ქვაფენილებს მიანდობდით გაზაფხულივით ახლადაყვავებულ სხეულებს და უკანასკნელ ვარსკვლავსაც ჩაახშობდით თქვენს მზერაში, რომელსაც სულ სხვა, გაცილებით ფერადი და ვრცელი სამყაროს ხილვა შეეძლო, იქნება სინანულიც ვერ მოასწარით, ან იქნება გსურდათ შეჩერება და უკვე გვიანი იყო.

ვინ იცის, თავი სრულიად მარტო გეგონათ, მაგრამ მარტო არ იყავით, რამდენი ადამიანიც დადის სამყაროში, იმდენი ტკივილია. სანამ თავს ყულფში გაუყრიდით, გარეთ რომ გაგეხედათ, იქნება დაგენახათ თითოეულ სარკმელში როგორ დაბორიალობდა უსიზმრო ღამე, აივნებიდან როგორ იჭყიტებოდნენ დარდები, წვიმად როგორ მოდიოდა ადამიანების დაუღვრელი ცრემლი... ეს მიწა ჯახირისა და ბრძოლის ადგილია, ის ყვავილები კი იქ რომ შენიშნავდით, ნაჭრილობევიდან ამოხეთქილი სისხლია მხოლოდ. ეს მიწა ბედნიერებისთვის არაა შექმნილი, ეს ადგილია, სადაც იბრძვი, იბრძვი საკუთარ თავთან და ვალდებული ხარ, გადარჩე. სიცოცხლო ომია, გაუთავებელი - და თქვენ ნაადრევად დაყარეთ ფარ-ხმალი.

არა, გაქცევა, ბრძოლის ველისთვის ზურგის შექცევა, გმირობა არაა, ღალატია, ლაჩრობაა თქვენი საქციელი!

პ.ს. გამოდით ახლა, ვითომ უფლებების დამცველებო და უთხარით ამ პატარა, მშიშარა ბავშვებს, მათ ოჯახებს, დედებს უთხარით, რომ სკოლაში მოძღვრის ადგილი არაა და რელიგია უფლებებს ზღუდავს. უთხარით, დაარწმუნეთ, რომ ეს ბავშვები მაინც გამოაღებდნენ სარკმელს, გამონასკვავდნენ ყულფს, შედგებოდნენ ხიდზე, ვინმეს სწორად რომ აეხსნა თვითმკვლელობის ცოდვის მთელი სიმწვავე...

ქეთი გაბინაშვილი

4
1595
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
1595
  
2019, 9 ივნისი, 11:10
თვითმკვლელობა - უმძიმესი ცოდვაა, როცა ღმერთის მიერ ბოძებულ საჩუქარზე უარს ამბობ! თვითმკვლელობა -იმავე სიბნელეში და ტანჯვაში ჩარჩენაა, რასაც ვითომდა გაექეცი, ეს რომ სცოდნოდათ ჩვენს ბავშვებს - ასე იოლად აღარ გაიმეტებდნენ თავს! და ვის უნდა ესწავლებინა ეს ყოველივე,თუ არა ქრისტიანულ ეკლესიას და მის ღირსეულ წარმომადგენელს? ამიტომაა უღმერთო საზოგადოება ყოველთვის განწირული, რაც უნდა თანამედროვე, ცივილური და ე.წ. სვეტსკური იყოს!
2019, 7 ივნისი, 15:44
კი, ნამდვილად ასე ვფიქრობ, რელიგია არის საუკეთესო გამოსავალი. ბავშვემა, რომელმაც იცის, რა ელოდებოდა თვითმკვლელობის შემდეგ, ამ გზას აღარ მიმართავს, ეცოდინება, რომ ეს არაა გამოსავალი. არ განვიკითხა, უბრალოდ ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას, სხვა ბავშვებმა არ უნდა იფიქრონ, რომ თვითმკვლელობა გმირობაა, რომ სიყვარულისათვის თავის მოკვლა, რომანტიკულია. არა, ეს არაა ლამაზი სიკვდილი, მისაბაძი გადაწყვეტილება არაა, შიშია, როცა არსებული პრობლემების გეშინია და მირბიხარ! !!!!
2019, 7 ივნისი, 10:15
თუ თქვენ ფიქრობთ რომ "სკოლაში მოძღვრის ყოფნა და რელიგია" გადაარჩენდა ამ ბავშვებს, მაშინ არც ასე უნდა მოიხსენიებდეთ და განიკითხავდეთ - "ლაჩრები ხართ! პატარა, მშიშარა მოღალატეები!" - არც ესაა რელიგიურად მართებული და კიდევ ერთხელ ანარცხებთ ქვაფენილზე მათ ამგვარი სასტიკი შეფასებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
0 1 4