x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(,) სწორად? - II ნაწილი
ჩვენ უკვე განვიხილეთ მძიმის დასმის რამდენიმე შემთხვევა. მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ წინა მასალა და შემდეგ განვაგრძოთ მძიმის დასმის სხვა შემთხვევების განხილვა.

-

↘️პირველი გაკვეთილი მძიმის სწორად დასმის შესახებ, იხილეთ მოცემულ ბმულზე ↙️

როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - პირველი გაკვეთილი



image

წინაგაკვეთილის მიხედვით, მძიმეს ვწერთ:


➡️ მიმართვასთან - ✔️მაგალითი ✔️ გაბრიელ, შენ მართალი ხარ!

➡️ ჩართულ სიტყვებთან - ✔️მაგალითი ✔️ ჩემი აზრით, აბსოლუტურად მართალი ხარ!

➡️ შორისდებულთან - ✔️მაგალითი ✔️ ოი, შენი ჭირიმე. ჰა, რა თქვი?

➡️ დანართთან - ✔️მაგალითი ✔️ მე, როგორც პატრიოტს, ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს.

➡️ განკერძოებულ განსაზღვრებასთან - ✔️მაგალითი ✔️ მე, შეშინებული, სახლისკენ გავქუსლე.

➡️ განკერძოებული ადგილის გარემოებასთან - ✔️მაგალითი ✔️ აქ, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების სიმრავლეა.

➡️ განკერძოებული დროის გარემოებასთან - ✔️მაგალითი ✔️ მეორე დღეს, დილით ადრე, სალაშქროდ წავედით.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


განვაგრძოთ...


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


1. მძიმე დაისმის შერწყმულ წინადადებაში ერთგვარ წევრებს შორის, თუ მათ არ აერთებს ''და'' ან ''თუ'' კავშირი.

➡️მაგალითად - მინდვრად გაშლილიყო წითელი, ყვითელი, თეთრი და ცისფერი ყვავილები.

✔️დაიმახსოვრეთ! შერწყმულია წინადადება, რომელშიც არის რამდენიმე ერთგვარი წევრი(ერთგვარი წევრები ეწოდება მხოლოდ იმ სიტყვებს, რომლებიც ერთსა და იმავე მეტყველების ნაწილს წარმოადგენს და ყველა მათგანი ერთ საერთო წევრს უკავშირდება).

➡️მაგალითად - ბავშვი გაკვირვებული უგდებდა ყურს სტუმრების ხმაურს, შეძახილებს, სიმღერას და სადღეგრძელოებს.

ამ წინადადებაში ''ხმაური'', ''შეძახილები'', ''სიმღერა'', და ''სადღეგრძელოები'' ერთგვარ წევრებს წარმოადგენს, რადგან ყველა მათგანი ერთი სახის მეტყველების ნაწილია, კერძოდ, არსებითი სახელის.

➡️ მაშასადამე, თუ კი შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრები ამოიცანით, თითოეული მათგანის შემდეგ მძიმე უნდა დაწეროთ(თუ კავშირი არ მოსდევს).

✔️გაითვალისწინეთ✔️ მხოლოდ ერთგვარ წევრებთან წერთ მძიმეს. თქვათ, მოცემულია ასეთი წინადადება: ''გიორგიმ დავალება გუშინ სახლში სწრაფად შეასრულა'' ამ წინადადებაში მძიმის დაწერა დაუშვებელია, რადგან ერთგვარი წევრები არ გვხვდება(თითოეული მათგანი გარემოებაა, თუმცა არ არის ერთნაირი ტიპის გარემოება. გუშინ - დროის გარემოებაა, სახლში - ადგილის გარემოება, სწრაფად - ვითარების გარემოება)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მძიმე დაისმის შერწყმულ წინადადებაში, შემდეგი კავშირების გამოყენებისას.

➡️ მაჯგუფებელ კავშირებთან - ✔️მაგალითი ✔️

ა)არა მარტო აქაურები, არამედ ჩამოსულებიც კი გაოცებული იყვნენ მთების სილამაზით.

ბ)კიდეც მოილხინეს, კიდეც იხალისეს.

➡️ მაცალკევებელ კავშირებთან - ✔️მაგალითი ✔️

ა)ან წადი, ან დარჩი.

ბ)ხან წვიმდა, ხან თოვდა.

გ)თუნდ წახვიდე, თუნდ დარჩე, ჩემთვის სულერთია


➡️მაპირისპირებელ კავშირებთან - ✔️მაგალითი ✔️

ა) აღარ წავალ, ოღონდ დავიძინებ.

ბ) ფანჯარა დახურა, მაგრამ მაშინვე გააღო.


➡️მძიმე ''ხოლოსთან'' და ''კისთან'' შემდეგნაირად იწერება - ✔️მაგალითი ✔️

ა) გული მკერდში მაქვს ტალადა, ხოლო გონება კვესადა.

ბ) გიორგი შესანიშნავად ცურავს, მისი ძმა კი უკეთესად.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. მძიმე დაისმის რთულ წინადადებაში შემადგენელ წინადადებათა საზღვარზე. რთული წინადადება ორი სახისაა: თანწყობილი და ქვეწყობილი

✔️დაიმახსოვრეთ! რთული თანწყობილი წინადადება ორი ან მეტი მარტივი ან შერწყმული წინადადებისგან შედგება.

➡️მაგალითად - გოგონა გაჩუმდა, ბიჭი ახმაურდა, ქალი კი ისევ აგრძელებდა საუბარს.

''გოგონა გაჩუმდა'', ''ბიჭი ახმაურდა'' და '' ქალი კი ისევ აგრძელებდა საუბარს'' მარტივი წინადადებებია. სწორედ ამიტომ, მათ ყოველ საზღვარზე მძიმე დაიწერა.

➡️ შენიშვნა ➡️ მძიმე რთულ თანწყობილ წინადადებაში მაშინაც იწერება, თუ წინადადებაში კავშირი არ არის.

➡️მაგალითად - ზამთარი მიიწურა, დღემ იმატა.

გაზაფხულია, მინდორი ბალახით შეიმოსა


➡️ მძიმე იწერება ''ხან'', ''მაგრამ'' და ''ხოლო'' კავშირების წინ.

➡️მაგალითად - ღამდებოდა, მაგრამ ქალი სახლში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობდა.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️დაიმახსოვრეთ! რთული ქვეწყობილი წინადადება ორი, მთავარი და დამოკიდებული, წინადადებისგან შედგება. დამოკიდებულ წინადადებას დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარს კი - აქვს. დამოკიდებული წინადადება შეგიძლიათ კავშირით იცნოთ.

➡️მაგალითად - გადავწყვიტე, რომ სახლში წავსულიყავი

აქ, ''გადავწყვიტე'' მთავარი წინადადებაა, ხოლო '' რომ სახლში წავსულიყავი'' - დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მძიმე მათ საზღვარზე დაიწერა.

✔️დაიმახსოვრეთ! რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, თუ დამოკიდებული წინადადება იწყებს ან ამთავრებს წინადადებას ერთი მძიმე იწერება(მთავარი და დამოკიდებული წინადადების საზღვარზე), ხოლო თუ შუაშია - ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა.

➡️მაგალითად - გოგონა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობდა, ლექტორს გაჰყვა ცოლად.

აქ მთავარი წინადადებაა: ''გოგონა ლექტორს გაჰყვა ცოლად'', დამოკიდებული კი – ''რომელიც უნივერსიტეტში სწავლობდა''. შესაბამისად, დამოკიდებული წინადადების წინ და შემდეგ მძიმე დაიწერა.

➡️ შენიშვნა ➡️ მძიმე რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მაშინაც იწერება, თუ წინადადებაში კავშირი არ არის.

➡️მაგალითად - აქ ისეთი სიჩუმე სუფევდა, ბუზის ბზუილის ხმაც კი არ ისმოდა.

➡️ შენიშვნა ➡️ ''დასთან'' მძიმე არ იწერება.

➡️მაგალითად - გიორგი, ზვიადი, თემო და სანდრო კარგი მეგობრები არიან.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. მძიმის ხმარება ციტატასთან

✔️დაიმახსოვრეთ! თუ ციტატა ავტორის სიტყვებს უერთდება, როგორც წინადადების ნაწილი, მძიმე ჩვეულებრივ დაისმის.

➡️მაგალითად - დიდად საგულისხმოა ილიას ნათქვამი, რომ ''მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა''.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


მძიმის დასმის პრინციპებისა და კანონზომიერების განხილვა დავასრულეთ, თუმცა დაელოდეთ შემდეგ გაკვეთილებს, რომლებშიც ბევრ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის, დანარჩენ სასვენ ნიშნებზე(ზოგადად პუნქტუაციაზე), სტილისტურ ხარვეზებზე, წინადადების ტიპების გარჩევის ხერხებზე, ლექსიკურ ნაწილზე და ა.შ.


✔️

გისურვებთ წარმატებებს!





ასევე საინტერესო სტატიაა >>> როგორ დავარედაქტიროთ ტექსტი მარტივად ქართული ენის გამოცდაზე - რჩევები, მითითებები, მაგალითები.



------------------------------------------------------

ავტორი: ©️ნუგზარ გოგბერაშვილი






2
3084
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
3084
  
2019, 9 ივნისი, 21:19
ხან კავშირის წინ მძიმე მაშინ იწერება,როდესაც მეორდება,ასე რომ,არასწორია განმარტება: ხან კავშირის წინ მძიმე იწერება
2019, 9 ივნისი, 16:54
გასგებადაა გადმოცემული თითოეული საკითხი. მოხარული ვიქნები თუ გაგრძელდება.
0 1 2