x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
„დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო...“- სხვადასხვა დროის ათი საუკეთესო ლექსი დედაზე

"არ არსებობს ბავშვის აღზრდაზე დიდი ხელოვნება, ფერმწერი და მოქანდაკე ქმნიან უსიცოცხლო ფიგურას, ბრძენი აღმზრდელი კი ღმრთის ცოცხალ ხატს, რომლის დანახვითაც ხარობენ ღმერთი და ადამიანი" - წმინდა იოანე ოქროპირი.

-

ღირებულებები დროთა მიხედვით იცვლება. უწინ ამბობდნენ: "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა", დღეს კი უმეტესობას ''დედის დღის'' დღესასწაულზე თუღა ახსენდება იმ სიყვარულისთვისა და ამაგისთვის მადლობის თქმა და მიალერსება, რომელსაც დედები მთელს ცხოვრებას სწირავდნენ.

image

-

სწორედ ''დედის'' ცნებას გვინდა მივუძღვნათ ეს სტატია. შეუცვლელი არსების, რომელიც ქვეყნად ყველაზე დიდ კვალსა და ნაყოფს ტოვებს აღზრდილი შვილის სახით.

✔️

წარმოგიდგენთ ყველა დროის ათ საუკეთესო ლექსს დედაზე


✔️

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ - სიცოცხლის ბურჯო მაგარო,

.. ეს გული შენი გულით ხალისობს,

...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",

.. რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

ამ მშორდებოდი წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ -- ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს!

იოსებ ნონეშვილი

– _____________________________________________

✔️

წერილი დედას

✔️

დავტოვე სოფელი,

მყუდრო სამყოფელი,

ქვიტკირის მარნები

და კატის კნუტები-სიმინდის ყანა!

ჰა! კინტოს პროფილი,

საეჭვო ტარნები,

და დავიკუნტები

ქალაქის ქუჩებში მე- სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!

მზის განიავება, კალო და კევრი

და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,

როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,

ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!

მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,

იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,

როცა გაიხარა, რომ მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,

სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი

და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,

ვით თვალის უპე - როცა არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე

შენ წმინდა ხახული!

წადი ფეხშიშველი,

ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,

ღმერთო! აპატიე-

მე თუ ვერ მიშველი,

დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,

მისთვის, რომ ჩემს გულში

დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.

პაოლო იაშვილი

– ___________________________________________

✔️

შემოდგომაზე გაგვახსენდება

✔️

ვუახლოვდები ბუხრიან ოდას,

ყორეზე ყივის შავი მამალი,

მე ნალიასთან ვიყნოსე ცოტა

ფიჩხების კვამლი, როგორც წამალი.

კვლავ მომეხვია მოხუცი დედა,

კვლავ მომიტანა ღაზლის წინდები,

მე კი დარცხვენილ თვალებით ვხედავ, -

კაბა აცვია შარშანწინდელი.

შვილებმა ვიცით მშობლების ქება,

როცა ხელთაა სავსე თასები,

მაგრამ ხანდახან არც გაგვეგება

ნამდვილი ფასი ამ დაფასების.

ხელცარიელი შევაღებთ კარებს,

გარეთ გავათრევთ მძიმე კალათებს,

დედას ვუტოვებთ მოწყენილ თვალებს,

ჩვენს თავთან თეთრად ღამეგანათევს.

წავალთ, გაგვართობს შეხვედრა სულ სხვა,

ვითომდა ლუკმა ცით გვეძლეოდეს...

და ძმაბიჭებთან სუფრაზე უხვად

დავაწყობთ ახალ სადღეგრძელოებს.

ის კი - მშობელი, სოფელს რომ უვლის

და ჩვენი ნახვის ნატვრით ბერდება,

შემოდგომაზე ყურძნების წურვის

დროს ხელმეორედ გაგვახსენდება.

ფრიდონ ხალვაში

– ___________________________________________

✔️

დედა მარიამი

✔️

რამდენი სიმშვიდე დააკლდათ ნერვებს,

თითქოს საბოლოოდ დავნებდი იღბალს,

პოეტის პალატა, პალატა მერვე, -

აუხსნეს ვიღაცას კარების მიღმა.

ბაღში უჩინარი სევდა დარიალებს,

სხეულს იდუმალი მოწყენა თენთავს,

მოდის სანახავად დედა მარიამი,

ჩემი სანთელივით სპეტაკი დედა.

თურმე შეიპირა თაფლზე მთის სოფლელი

და ასე ჰგონია დღეს უფრო მხნედაა,

დედაჩემი არაა მარიამ ღვთისმშობელი,

მაგრამ დედაჩემი პოეტის დედაა.

გულში უჩინარმა სევდამ გამიარა,

ქარის სიჯიუტით მომელტვის ჩრდილი,

ღმერთო, დაიფარე დედა მარიამი,

უცოცხლე ცოტა ხანს პოეტი შვილი.

არჩილ ფირცხალავა

– _____________________________________________

✔️

დედა

✔️

ბიბინა მოლი და ეზო წყნარი,

კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი,

მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი...

მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი.

ელვარე თმები, ვით მწიფე წაბლი

და ჩუმი, როგორც ფიქრი და სევდა,

მკრთალი თითები_სანთლები თაფლის_

მე ასე მახსოვს მშობელი დედა.

მის ღაწვზე ობლად მბრწყინავი ცრემლი

თუ რას ნიშნავდა,

ვერ ვგრძნობდი იმ დროს...

არ მაგონდება თვალების ფერი,

მე მახსოვს მისი თვალების სითბო.

ეზოში სახლი, დუმილი მკაცრი,

ფანჯრებს ჩამოხსნეს ფარდები თეთრი...

მეფერებოდა ქალი თუ კაცი, _

მე ასე მახსოვს სიკვდილი დედის.

შემდეგ დედულეთს წავედი სოფლად,

თველებს დროებით შეაშრა ცრემლი

და სოფლის ალალ ბიჭებთან ყოფნამ

გადამავიწყა ობლობა ჩემი.

როცა დავბრუნდი წვივდანაკაწრი

და ჩემს ეზოში მინდოდა ლხენა_

ფინიას ნაცვლად დამხვდა ნაგაზი,

რომელმაც ავად დამიწყო ღრენა.

სახლში ყველაფერს შევავლე თვალი,

ყველა დამიხვდა იქ, დედის გარდა...

სარკმელთან იდგა უცნობი ქალი

და ზედ ჰკიდებდა თოვლისფერ ფარდას.

თუმცა თვალებში არ ჰქონდა ზიზღი,

მაგრამ ვერ შევძელ მე დაძვრა ენის...

ბებომ თქვა :იყავ დამჯერე მისი;

მამამ თქვა: დედა არისო შენი.

დედას სათუთი თითები ჰქონდა

და იყო ჩუმი, ვით ჩიტი ღამით...

მე მისი უბის სითბო მახსოვდა

და ვერ ვიწამე სიტყვები მამის...

ეს იყო მხოლოდ გუშინწინ თითქოს

და თავი ახლაც ბავშვი მგონია...

მას შემდეგ ვეძებ დაკარგულ სითბოს

და იგი ვერსად ვერ მიპოვნია...

ზურაბ კუხიანიძე

– ____________________________________________

✔️

დედა

✔️

გატირება მიყვარდა და წატირება არ მიყვარდა,

ისე გავეტირებოდი უსათუოდ წამიყვანდა,

ქუჩა იყო სამაისო და დღე იყო დიდებული,

შევდიოდით მონასტერში ხელიხელჩაკიდებული,

ბოლოს როცა დაუღამდა და დაუდგა ღამის ხანა,

ერთხელ კიდევ გავეტირე, მაგრამ აღარ წამიყვანა.

ვახტანგ ჯავახაძე

– ___________________________________________

✔️

ამ ზამთარს ჩემთან იქნება დედა

და მე,

როგორც მზეს,

თვალნათლივ ვხედავ -

ჩემთან ივლიან ჩემი და-ძმები.

ამ ზამთარს ჩემთან იქნება დედა

და ეს ზამთარი იქნება თბილი,

ვივაზირებთ და ვიმუსაიფებთ

საღამოობით დედა და შვილი.

ამ ზამთარს ჩემთან იქნება დედა,

ჩემი და-ძმების შუქით გამთბარი,

და მე, როგორც მზეს, თვალნათლივ ვხედავ,

მიახლოვდება ტკბილი ზამთარი.

დავით თედორაძე

– _________________________________________

✔️

ჩემო დედი,

დაბერდი და,

ლექსებს ირჩევ სევდიანს.

შენი ძვლები წამდაუწუმ

სატირალზე სხდებიან.

შენი ფიქრნი სად არ წავლენ

სად არ გადასწვდებიან.

აღმართსა და აღმართს შორის

ბილიკს გაიტკეპნიან.

დედი, იის ძირში ცხოვრობ,

სახლი გიდგას ფერებით.

სახლს კარიც აქვს,

მაგრამ, ვაი,

მე ვერ შემოვეტევი.

რაა, დედი,

ამ ბოლო დროს,

სულ საფლავზე გხედავენ!

ბებოჩემი, პაპაჩემი,

შენს თავს შემომედავნენ.

და თუ მაინც წაგიყვანეს,

თუ გაუწყრათ გამჩენი,

კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,

როგორც ხეზე დარჩენილს.

ჩამოვყვები კიბეს, დედი,

სისხლიანი ფეხებით.

დედი, როგორ გავიხარებთ,

როგორ გადავეხვევით.

ბესიკ ხარანაული

– ___________________________________________

✔️

ყავადანი

✔️

შენ რომ გიყვარდა ყავადანი,

დედის ნახსოვარი ყავადანი,

მეზობლის გოგოს გავატანე, დედა!

ხომ გახსოვს გოგო ალვისტანა...

იქვე დავმარხეთ, -ალვებთანა...

მე დარდი ვეღარ ავიტანე,

დარდმა თავისი გაიტანა, დედა!

აღარც ალვატანი,

აღარც ყავადანი,

შენი ვაჟი კი ავად არი,

ძალზე ავად არი, დედა!

თვალი ჭრილობაა ჩვენი სულის, დე...და...

ცრემლი სისხლი არი ჩვენი სულის, დე...და...

თვალი - შენისლული,

სული - შეისრული,

პირობა ვეღარ შეგისრულე,

წუთისოფელი შევიძულე

და...გვედრით მშობლებს გარდასულებს,

რახან დამიწყეთ - დამასრულეთ,

ჩემი ტკივილიც გაასრულეთ, დედა!

კაცი ტალახით ნაშენია, დედა!

ცხოვრება დარდთა გამჩენია, დედა!

მიწაც ხომ ჩვენი სარჩენია,

მაქ წამოსულა რაც ჩვენია,

აქ არაფერი დამრჩენია,

სულ არაფერი, დედა!

სიკვდილი მწარე წამალია, დედა!

არ მორჩა, ვინაც არ დალია, დედა!

უმჯობესია, რაც მალია,

ყველაზე ნაღდი სამალია -

ტკივილებისგან,

კივილებისგან,

სიკვდილებისგან... დედა!

ვახტანგ ღლონტი

– ___________________________________________

✔️

შალის წინდები

✔️

შენ დარე გქვია.

დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.

მე - შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!

მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,

მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.

მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,

სულ სხვანაირად... სხვანაირად თბილოდა მაშინ

ჩვენს სახლში... მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ

იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.

არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს

სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,

მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,

როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე

და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება).

ვიყავით ორნი ოთახში და ციოდა გარეთ,

მე მივდიოდი, შენ ჩაიცვი შალის წინდები...

მთხოვე, რომ კარგად მომეხურა ოთახის კარი.

მე ვიცინოდი და ვიდექი მხრებში გაშლილი,

შენ მიყურებდი, მერე თქვი, რომ ცხოვრება მძიმე,

ძალიან მძიმე სახადია, გვითრევს მაშინვე,

როგორც კი გულში გავიტარებთ პატარა იმედს;

რომ ყველაფერი კარგად არის, ასეც იქნება.

დედი, მე ახლა ამ ყველაფერს უბრალოდ ვყვები,

რადგან, რაც უფრო ვიზრდებოდი, ძალას ვიკრებდი,

მით უფრო მეტად დამტვრეული დამქონდა ყბები.

და ახლა ვხვდები, რომ შორი გზით (მშვიდად) მიგყავდი,

რომ, თურმე, მართლა პატარა ვარ, შენ - უფრო, დედი,

და შეგვეყარა ეს ცხოვრება, ვერ მოვიხადეთ

და ასე, წელში მოხრილები დავდივართ დღემდე.

ახლა ფანჯრიდან თვალს გაყოლებ, ნელი ნაბიჯით

როგორ მიდიხარ სამსახურში, უთენიაა,

და ალბათ დღესაც გაგექცევი (შენ ვერ დამიჭერ),

იცი - გიყურებ და ამზადებ ფრთხილად ნიადაგს -

ნელა მიდიხარ, მოზომილად, იცი - გიყურებ,

წელში მოხრილი საცოდავად მიდიხარ, დედი,

მე ვტრიალდები და ის კარი, შენ რომ მიხურე,

მინდა ჩამოვხნა, დავამტვრიო, გამოგყვე გვერდით.

და მივდიოდეთ, მივდიოდეთ, როგორც დიდები...

(დეკემბერია, დგას სიცივე და ძალას იკრებს.)

დედი, ჩავიცვი შენი თბილი შალის წინდები

და მოსახვევში დაგაწიე გამთბარი ფიქრი.

✔️

ნიკა ჩერქეზიშვილი

----------------------------------------------------

სტატიის ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი


0
731
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0