x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
კარზე კაკუნია
image




კარზე კაკუნია.


ფრთხილად იწევა სახელური და ჩაკეტილი კარების მიღმა ვგრძნობ აფორიაქებულ სხეულს. შიში მიპყრობს. ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას, როცა გარეთ კოკისპირული წვიმა ანგრევს ირგვლივ ყოველივეს და საკუთარი ხმაურით ცდილობს თითოეული ჩვენგანის მოგონების არევას?!..

გავისუსე. კაკუნი ისევ გაისმა. მძიმე კარის მიღმა ჩახლეჩილი ხმა ვიცანი.



- ნინა, მე ვარ..


ისიც მგრძნობდა, ჩარაზული კარის გამოღმა სულშეხუთული რომ ვიდექი. იცოდა, არ მეძინა. იცოდა, კარსაც გავუღებდი. დიდხანს არც მიყოყმანია. ჩაბნელებულ ოთახში შუქი ავანთე და კარებს მივაშურე.


ო, როგორ გაიწელა ჩვენ შორის სიჩუმის ერთი წუთი. როგორ ჩაიცალა დროსა და სივრცეში ჩენი თვალებიდან გადმოღვრილი ემოციები.. როგორ აგვიტოკდა გულები და როგორ დაგვიარა ცივმა ჟრუანტელმა ორივეს..


- ნინა.. - კიდევ უფრო ჩახლეჩვოდა ხმა აღელვებისგან. ვდუმდი. კარებს გამოვეცალე და ნება დავრთე შემოსულიყო. დასველებულ ლაბადას და შლიაპას თვალი შევავლე. მანქანით მოსულა-მეთქი, გავიფიქრე და მზერა ავარიდე. სიჩუმეში გაბნეული უხერხულობის წინაშე უიარაღონი აღმოვჩნდით. ვგრძნობდი, რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ რა? რატომ მოხვედი-მეთქი? ეს რა კითხვაა? ეს ხომ ისედაც ცხადზე ცხადია? როცა ადამიანი წარსულიდან უკან ბრუნდება, არც არასდროს მიუტოვებიხარ. არასდროს გამქრალხარ მისი ფიქრებიდან. მხოლოდ სიშორემ შეძლო, დავიწყების გაცრეცილი სუდარა გადაეფარებინა ჯერ კიდევ ცოცხალი გრძნობებისთვის. გამოღვიძებულ განცდებს ეს სუდარები ვერ აკავებენ. ვერ შველიან. ვერ განაგებენ. ამიტომაც მოვიდა. დროებით. თუმცა მოვიდა. მაშ, რა ვუთხრა ახლა? ჩქარა წავიდეს? გარეთ წვიმაა. ვერ გავაგდებ. ვერ გავიმეტებ ამ სიცივესთვის. იქნებ, ვკითხო, რითი მოვიდა? რა სისულელეა! საუბრის ასე დაწყება არ მინდა. ისე გააუფრულებს ამ ძვირფას წამებს, სიცოცხლის ნაპერწკალიც აღარ შერჩებათ. მაშ, რა ვუთხრა? ჯანდაბა. ღმერთო. ნინა! რამე მოიფიქრე! - ასე ვკიცხავდი საკუთარ თავს. ასე ვეომებოდი საკუთარ ფიქრებს და სიჩუმით გამოვხატავდით ჭიდილს განცდებთან..


- ნინა.. - სიჩუმე დაარღვია მოულოდნელად. სხეულზე დამიარა მისმა ხმაურმა. ძარღვებში ვიგრძენი მოძრავი სისხლი. რამდენი დრო გასულიყო მას შემდეგ, რაც ჩემგან წავიდა.. ახლა კი აქ, ჩემს ბინაში, წვიმიდან მოსული, დაძაბული და მაინც მშვიდი გამომეტყველებით, იჯდა და ცდილობდა რაღაც ეთქვა ჩემთვის..


- ნინა.. ვიცი.. ვიცი, არ გიკვირს, აქ რომ მხედავ. - ძლივს მიაწყო სიტყვები ერთმანეთს და ისევ დადუმდა. ვგრძნობდი მის მზერას. მზერას, რომელიც შემოხედვას ითხოვდა, ჩემს თვალებს იხვეწებოდა. მე კი ფანჯრისკენ მიბრუნებული, ხალათმოხვეული, წვიმის ხმას აყოლილი, უკვე ვხვდებოდი, რითაც დასრულდებოდა ყოველივე.


- დიდი დრო გავიდა, ვიცი.. - ლუღლუღებდა ჩახლეჩილი ხმით და ცდილობდა შესაფერისი სიტყვები მოეძებნა. მაგრამ შესაფერისი სიტყვები არ არსებობდნენ და ეს ორივემ კარგად ვიცოდით. ის იტანჯებოდა და მე ეს მომწონდა. მომწონდა, რომ ვტანჯავდი. შემეძლო, ყველაფერი მომეგვარებინა, მთელი უხერხულობა გამექრო, მთელი ემოციებისთვის ბიძგი მიმეცა და ვულკანივით ამოეხეთქა ნებისმიერ განცდას, როგორც მეგობართან ამოვხეთქვთ ხოლმე, როცა ყელში წაგვიჭერს ცხოვრება და სუნთქვას ვნატრობთ. შემეძლო, ყველანაირი ჩარჩო მომეშორებინა იმ საღამოს, ყველანაირი გზა გამეხსნა მისთვის, მაგრამ ვერ შევძელი. ულმობლად ვიდექი ფანჯარასთან და ზურგს უკან ვგრძნობდი მის საცოდავ სახეს. მის მზერას, გადარჩენას რომ მეხვეწებოდნენ. ჯანდაბას ყველაფერი. რატომ შემოვუშვი?! - გავუჯავრდი ჩემ თავს და იმ წუთებში კიდევ უფრო მეტი სიამაყით განვიმსჭვალე. მას მე ვჭირდებოდი. ყველაფერი ჰქონდა, ყველა ჰყავდა გვერდით და მაინც მე ვჭირდებოდი. უეცრად, ელდანაცემივით შემოვბრუნდი, მის ხელებს მივაშტერდი, ეჭვიანი თვალებით დავეძებდი რაღაც ნიშანს, რაიმე დამადასტურებელს, რომ მართლაც ჰყავდა ვიღაც. ვიღაც, ვინც უვლიდა, ვინც ზრუნავდა მასზე. ხელები უშნოდ შეარხია. უნდოდა სადმე დაემალა. უხერხულობამ კიდევ უფრო მეტად დაძაბა. გაწყვეტილი აზრი სივრცეში გაუჩინარდა.


- ცოლი მოგიყვანია, ვხედავ - მხოლოდ ეს აღმომხდა და ენაზე ვიკბინე.


წამომცდა. საკუთარ ტკივილს თავად გავუღე კარი. საკუთარ ტკივილს თავად ვეთამაშებოდი ახლა და მიუხედავად იმისა, რომ მომწონდა მისი ტანჯვა, მაინც მახრჩობდა საკუთარი უსუსურობა. საკუთარი სისუსტე. საკუთარი უმწეობა. ის წავიდოდა. მე კი ისევ ცარიელი დავრჩებოდი ამ ოთხ კედელში. და ჩემი თავი შემზიზღდა. წამიერად საკუთარ თავს ვერ ვაპატიე გადადგმული ნაბიჯი. რა სულელი ვიყავი. რა სულელი და მიამიტი..


- ნინა.. - კიდევ უფრო მეტად დაიბნა და ფეხზე წამოდგა.


მიდის? ვგრძნობ, როგორ მეკვეთება ფეხები. ვგრძნობ როგორ მიმდის გული. ჰაერი. ჰაერი მჭირდება. ჰაერი. შინაგანი ხმა მთხოვს გაჭირვებით. აფორიაქებული და აცახცახებული შევყურებ მის აჩეჩილ თმებს, გაპარსულ სახეს, დიდ თვალებს და სქელ ტუჩებს.


- მიდიხარ? - სასოწარკვეთილი ვკითხულობ და მეორედ ვკბენ ჩემთავს ენაზე. წამომცდა.
წამომცდა.


ჯანდაბა. სასწრაფოდ უნდა წავიდეს. უნდა გავუშვა. უნდა გავაგდო. როგორმე უნდა შევძლო, მეორედ გავუყენო ამ გზას, ამჯერად სამუდამოდ. - ფიქრები ჭიანჭველებივით მესევიან და სიტყვები უგერგილოდ იხლართებიან ერთმანეთში..


- არა, ნინა.. არ მივდივარ, შენ თუ არ გამაგდებ..



გავაგდებ? მე? მე როგორ შევძლო ეს?.. წავიდეს! თვითონ წავიდეს! არა. მე ვერ გავაგდებ.. დაწყევლოს ღმერთმა! ეს რა ქაოსია. დარჩეს. უნდა დარჩეს. ჩემთან უნდა იყოს. მე მას ვჭირდები. ის მე მჭირდება. მაშ, რა არის ახლა პრობლემა?..



- დარჩი. - ვუთხარი და მისი ბეჭდი გამახსენდა... ყველაზე საზარელი ფიქრები მიტივტივებდა თავში. ვხვდებოდი, თამაშში ავყევი. საკუთარ თავს ვერ ვაჯობე. ვერ შევძელი მისი გაშვება. განცდებმა ისევ აჯობეს ნამსჯელ-ნაფიქრ გადაწყვეტილებებს.. ის უნდა წასულიყო, მაგრამ არ შეგვწევდა ძალა ამ ნაბიჯისთვის. ჩვენ ვიზიდავდით ერთმანეთს. დროდადრო. დაუცხრომლად. მაგრამ არა - საკმარისად. ჩვენ ვავსებდით ერთმანეთს. ვავსებდით და ყოველგვარი ამაოებისგან თავის დასახნელად გვჭირდებოდა ერთმანეთი. დროთა განმავლობაში ფიქრებით დავეძებდით ერთმანეთის არსებებს და ქუჩაში, კაფესა თუ სამსახურში ველოდით თითოეულის გამოჩენას. ახლა კი იდგა ჩემს წინაშე, სრულიად მშვიდი და გაწონასწორებული. მზად იყო გაეხურა კარი, თუკი ვეტყოდი წადი-მეთქი, მაგრამ ერთხელ შემოსულ ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში კარებს ვერ მივუხურავთ, ვერ დავტოვებთ წვიმაში მარტო, ვერ ვეტყვით, რომ წავიდეს, რადგან როცა ადამიანები ჩვენთან ბრუნდებიან, მთელი იმედებიც თან მოჰყვებათ და განცდა იმის, რომ აღარ მიგატოვებენ..


ვიდექი მის წინაშე, სრულიად გაუცხოებული და ვგრძნობდი რამხელა შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ არ შემეძლო გაჩერება. არ შემეძლო სწორი ნაბიჯის გადადგმა. იქნებ, არც მინდოდა სწორად მოქცევა? იქნებ, ეს უკანასკნელი იმედი იყო, რითაც საკუთარ თავს რაღაცას დავუმტკიცებდი?..


ალბათ, ცოლი ელოდა სახლში. იქნებ ბავშვებიც ჰყავდა?.. იქნებ, განქორწინებასაც აპირებენ? იქნებ, როგორ სჭირდებოდა ახლა ჩემგან სითბო..


- დარჩი. - გავიმეორე მე და სიმსუბუქე ვიგრძენი. ვიცოდი, იმ ღამეს არსად წავიდოდა. ჩაი დავლიეთ. წლების წინ განცდილი ემოციები სიცილსიცილით გავიხსენეთ. თვალებით ვეფერებოდით ერთმანეთს. შორიდან. დუმილით. მერე ღვინოც შევთავაზე. დაძაბულობა გაქრა. სიმშვიდემ აავსო მთელი სახლი. ბედნიერება მიმზერდა თითოეული კუთხიდან. საყვარელი სიმღერები გავიხსენეთ, ფირფიტები ავამღერეთ, ერთმანეთის თმებს ვეფერებოდით. კისერს. სახეს. ხელებს. თვალები გასცემდნენ მხოლოდ ჩვენს სურვილებს. გახშირებული სუნთქვა კიდევ უფრო გვიწვევდა ერთმანეთისკენ. მერე ყველაფერი გაქრა. ტუჩები ტუჩებს შეეხო, ხელებმა თავიანთი გზები უხმოდ გაკვალეს. ტანსაცმლის ღილებს ერთიანად დაეწაფნენ და სიშიშვლილს მორევში ჩაიღვარნენ...


დილით მისმა სურნელმა გამაღვიძა. ცარიელ საწოლში გაღვიძებულს წუხანდელი განცდები სიზმარი მეგონა. მხოლოდ ოთახში დარჩენილმა მისმა სუნმა და ბარათმა შემახსენა ყოველივე..



"მაპატიე.." - ნაჩქარევად მიწერილი ბგერები მიმზერდნენ ფურცლის კუთხიდან.. არეული ნაწერი კიდევ უფრო მახინჯი ჩანდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.


დამტოვა.


არაფრისმთქმელ სიტყვებთან ერთად ჩაიღვარა ცარიელ ფურცლებში და წავიდა. იცოდა, რომ ყველაფერს გავუგებდი.

თავი ბალიშში ჩავრგე და უხმოდ ავქვითინდი..



თეკლე გაბელია.
2018 წელი.

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0