x
image
ზოგადი განათლება
როგორ დავარედაქტიროთ ტექსტი მარტივად ქართული ენის გამოცდაზე - რჩევები, მითითებები, მაგალითები

დღეს ვისაუბრებთ ქართული ენის გამოცდის პირველი დავალების, ტექსტის რედაქტირების, შესახებ. ქართული ენის გამოცდაზე ტექსტის რედაქტირების მაქსიმალური ქულა არის 16, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტებისთვის მოცემულ ტექსტში სულ 16 სხვადასხვა ტიპის შეცდომაა დაშვებული.

-

image

რჩევა #1 - ტექსტის რედაქტირებისას წაიკითხეთ მხოლოდ პირველი წინადადება და ეცადეთ იპოვოთ შეცდომა მასში. თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ მიერ აღმოჩენილი შეცდომა ნამდვილად გრამატიკული დარღვევის რომელიმე ტიპს მიეკუთვნება, მაშინვე გადაწერეთ პირველი წინადადება გასწორებული სახით პასუხების ფურცელზე. თუ კი აღმოჩენილი შეცდომის ''ვალიდურობაში'' დარწმუნებული არ ხართ, მონიშნეთ იგი მხოლოდ შავ ფურცელზე და ტექსტის დასრულების შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება ჩათვალოთ თუ არა იგი შეცდომად(16-ზე მეტის ან ნაკლების აღმოჩენის შემთხვევაში დაფიქრდით, რომელია აშკარა შეცდომა და მხოლოდ ისინი მიიჩნიეთ მცდარ ვარიანტებად).

image

თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია თითოეული შეცდომა გააზრებულად გაასწოროთ. შეცდომების გააზრებულად გასწორებისთვის კი, გრამატიკული განათლებაა საჭირო.

რჩევა #2 ნუ მიიჩნევთ შეცდომად ყველა იმ სიტყვას, რომელიც თქვენს ყურს ცუდად ''მოხვდება''. მარტივად რომ ვთქვათ, ჟღერადობის მიხედვით ნუ განარჩევთ რომელია სწორი და რომელი - შეცდომა. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება სწორი ვარიანტები აღმოჩნდნენ.

image


მაგალითად, თუ წინადადებაში მოცემულია შემდეგი სიტყვები: ''მინახავხარ'', ''პლუსი'', ''სწამს'', ''ვავადმყოფობ'', ''ხელმეწიფება'', ''შეფუთნილი'', ''აბურძგნული'' და ა.შ. მათში რაიმეს შეცვლის შემთხვევაში ქულა დაგაკლდებათ, რადგან უკლებლივ ყველა მათგანი გრამატიკულად სწორი ფორმაა!

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

⬇️ახლა კი, უშუალოდ შეცდომების გასწორებაზე გადავიდეთ და გზადაგზა შეცდომის აღმოჩენის მარტივ ხერხებსაც გაგაცნობთ⤵️

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''ჰალიკარნასი, დღევანდელი ბოდრუმი მცირე აზიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო''.

ამ წინადადებაში მძიმე(, ) გვაკლია, რადგან ''დღევანდელი ბოდრუმი'' წარმოადგენს დანართს(წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შემცველ სიტყვას დანართი ეწოდება). მაშასადამე - თუ კი სახელს მოსდევს დამაკონკრეტებელი სიტყვა, მაშინ დამაკონკრეტებელი სიტყვის წინ და შემდეგ მძიმეები იწერება. (მაგ. დავითი, გვარად ბაგრატიონი, საქართველოს მეფე იყო)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''მავსოლე გარდაიცვალა ძველ წელღაღრიცხვით მე-IV საუკუნის 50-ან წლებში''

✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმაა - ''ძველი წელთაღრიცხვა'' და მისი შემოკლება(ძვ.წ. აღ.) არ შეიძლება. ბრუნვაში ჩასმის შემდეგ იქნება >>> ''ძველი წელთაღრიცხვით''

✔️დაიმახსოვრეთ! რომაული რიცხვითი სახელები( I, II, III, IV...) რიგობითი რიცხვითი სახელებია და მე...ე-ს დაწერა არ შეიძლება. ე.ი. IV გულისხმობს არა''ოთხს'', არამედ ''მეოთხეს'', სწორედ ამიტომ იქნება ''IV საუკუნის''.

⏺ შენიშვნა ⏺ თუ კი თავად რიგობითის აღმნიშვნელი სიტყვა მოითხოვს ბრუნვას, არ ხართ ამაში შეზღუდული. სწორია - ''დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა'' და არა ''დავით IV საგარეო პოლიტიკა''.

✔️დაიმახსოვრეთ! სწორია: 50-იან, 60-იან, 20-იან და ა.შ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''ჯვაროსნები კედლებისაგან მარმარილოს ფილებს გლიჯავდნენ ქანდაკებებს ამსხვრევდნენ''

✔️დაიმახსოვრეთ! თუ სიტყვა პასუხობს კითხვებს: რისგან? ვისგან? ამ სიტყვას დაერთვის ''გან''. მაგალითად, ხისგან, თიხისგან, ელენესგან...

⏺ შენიშვნა ⏺ თუ სიტყვა პასუხობს კითხვებს: საიდან? რა დროიდან? ამ სიტყვას დაერთვის თანდებული ''დან''. მაგალითად, სახლიდან, ხუთი საათიდან...

მაშასადამე, რადგან მოცემულ წინადადებაში სიტყვა''კედლები'' შეესაბამება კითხვას ''საიდან'', თანდებულად გამოყენებული უნდა იყოს ''დან'' - ''კედლებიდან''.

✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: ზელს, დღვებს, გლეჯს, ბზეკს, ზნექს, კბეჩს, კვნეტს, კრეფს, კრეჭს, კვეთს, კვეცს, ტეხს, ჩეჩს, ჭექს, ხეთქს, იხვეჭს, იჩეჩს, ყეფს, წერს, ხვეწს... რადგან ამ ზმნების საწყისებია: ზელა, გლეჯა, ჩეჩა, ტეხა, კბეჩა... გამონაკლისია: რეცხვა-რეცხავს, კერვა-კერავს, ხაზვა-ხაზავს

⏺ შენიშვნა ⏺ არასწორი ფორმებია: ზელვა, გლეჯვა-გლეჯავს, კბიჩავს, კრიფავს, კრიჭავს...

✔️დაიმახსოვრეთ! თუ კი პირველი ზმნის შემდეგ წინადადებაში სხვა ზმნა მოდის, რომელიც ასევე პირველ ქვემდებარეს( ამ შემთხვევაში ''ჯვაროსნებს'') მიემართება, მათ საზღვარზე მძიმე იწერება(ჯვაროსნები...ფილებს გლეჯდნენ, ქანდაკებებს ამსხვრევდნენ''.

მაშასადამე, ეს წინადადება ასე გასწორდება >>> ''ჯვაროსნები კედლებიდან მარმარილოს ფილებს გლეჯდნენ, ქანდაკებებს ამსხვრევდნენ''

⏺ შენიშვნა ⏺ თუ კი ზმნას დაესმის კითხვა ''რას შვრებოდნენ'', მაშინ მას ექნება ''ნენ'' ბოლოსართი. ე.ი. სწორია: ამსხვრევდნენ, ჭამდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ... და არა ამსხვრევდენ, ჭამდენ, ცეკვავდენ, მღეროდენ...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დაარსა''.

✔️დაიმახსოვრეთ! დანართი არ არის ''ქალაქი ალექსანდრია'', დანართი იქნებოდა ის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ''ქალაქ ალექსანდრიას'' შემდეგ შეიძლება მოსდევდეს. რადგან არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მოსდევს, მძიმე არ იწერება.

სწორია: ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დაარსა.

საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო.

მძიმე არ იწერება შემდეგ წინადადებაშიც: ''ანასტასია თუმანიშვილი დაიბადა 1842 წლის 25 აგვისტოს თბილისში''.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''კონფერენციაზე მოიწვიეს ის, რომელსაც მრავალი სასიკეთო საქმე ჰქონდა გაკეთებული ამ კომპანიისთვის''

✔️დაიმახსოვრეთ! სწორი შესაბამისობა საკავშირებელ და მაკავშირებელ სიტყვებს შორის ასეთია:

⏹ ის - ვინც, ვისაც, რაც, რასაც

⏹ მას - ვინც

⏹ ისეთი - როგორიც

⏹ ისე - როგორც

⏹ მაშინ - როდესაც

⏹ იქ - სადაც

⏹ ის(+გოგონა/ბიჭი/ძაღლი ან ნებისმიერი არსებითი) - რომელიც

მოცემულ წინადადებაში არასწორია მაკავშირებელი სიტყვა"რომელსაც'', რადგან მისი გამოყენება შეგვიძლია იმ შემთხვევაში თუ საკავშირებელი სიტყვას მოსდევს არსებითი სახელი(მაგ. ის ბიჭი, რომელსაც წიგნი ვათხოვე...). თუ საკავშირებელი სიტვაა ''ის'', ამავდროულად, არ მოსდევს არც ერთი სახელი და პირდაპირ მაკავშირებელი ებმის, მაკავშირებლად გამოიყენება(ზემოთ მოცემული შესაბამისობის მიხედვით) ''ვისაც''.

⏹მაშასადამე, სწორი ვარიანტია: ''კონფერენციაზე მოიწვიეს ის, ვისაც მრავალი სასიკეთო საქმე ჰქონდა გაკეთებული ამ კომპანიისთვის''.

ამავე წესისამებრ სწორი წინადადებებია:

1️⃣ მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა(და არა მოხდა ის, რომელსაც არავინ მოელოდა).

2️⃣ არასოდეს ვათხოვებ წიგნს მას, ვინც მისი მოვლა არ იცის.

3️⃣ გუშინ ისეთი ამბავი გადამხდა თავს, როგორიც მხოლოდ ფილმებშია ნაჩვენები( და არა, ისეთი ამბავი გადამხდა თავს, რომელიც/როგორც/რაც მხოლოდ ფილმებშია ნაჩვენები).

4️⃣ გახსოვს ის შემთხვევა, რომელიც ერთად გადაგვხვდა თავს პარიზში?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''კვირეები უნდა ველოდოთ გამოცდის შედეგებს''.

✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: კვირები, წლები, დღეები, თვეები და არა კვირეები, წლეები, თვები.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: ამბის, ამბით, ამბად, ამბები... არასწორია ამბავის, ამბავით, ამბავად....

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გრამატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი. ასევე კომენტარებში დაწერეთ, თუ რომელი გრამატიკული თემის/საკითხის განხილვას ისურვებდით შემდეგ გაკვეთილზე.

✔️

გისურვებთ წარმატებებს!

გაგრძელება იქნება!

------------------------------------------------------

ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი

7
7550
6-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
7550
  
2020, 13 ივნისი, 13:38
კიდევ გადავამოწმეთ და აბურძგნული გახლავთ სწორი ფორმა
2019, 9 ივნისი, 21:09
16-ქულიან რედაქტირებაში 14 შეცდომა უნდა იყოს,რადგან 2 ქულა მექანიკურ შეცდომაზეა გათვალისწინებული. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები,მექანიკური შეცდომები-9 ქულა-ასე წერია შეფასების კრიტერიუმებში,ასე რომ,თუ ბავშვები 16 შეცდომის ძებნას დაიწყებენ,დაიბნევიან.
2019, 9 ივნისი, 20:50
აბურძგნული არ არის სწორი,ორთოგრაფიულ ლექსიკონში წერია აბურძგნილი
2019, 3 ივნისი, 13:02
''სწორია: ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დაარსა.'' - უნდა ეწეროს დააარსა.
2019, 3 ივნისი, 11:35
გადასარევი სტატიაა და კიდევ ველოდები!
2019, 2 ივნისი, 16:09
არ არის ტესტები. განსახილველ მაგალითებად გამოყენებულია სხვადასხვა დროს ქართული ენის გამოცდაზე მოსული წინადადებები.
2019, 2 ივნისი, 11:23
საინტერესო ტესტებია და სად შეიძლება რომ შევიძინოთ?
0 1 7