x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კონსტანტინე გამსახურდიას 50 გენიალური გამონათქვამი სიბრძნეზე, ომსა და სიყვარულზე
წარმოგიდგენთ ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის(1944) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას, საუკეთესო სიტყვებს/ფრაზებს, რომლებიც უხვადაა გაფანტული თავის ნაწარომებებში.


image



⦁ ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში.



⦁ ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.




⦁ არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.



⦁ არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს.



⦁ არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები.



⦁ არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.




⦁ იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.



⦁ მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.



⦁ მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.



⦁ სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს.



⦁ ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია.



⦁ ვინც კრიტიკას ვერ ითმენს, მას უთუოდ ცუდად აქვს თავისი შემოქმედების ბუჰხალტერიაში საქმე.



⦁ ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს... ცუდი მკითხველი.



⦁ ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს- მასავით მოკლე და დასვრილია.



⦁ ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.




⦁ უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე- მე მუდამ განსაკუთრებულ გულისყურს ვაპყრობდი ადამიანის გარეგნობას.




⦁ სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს.



⦁ ჩვენი უბედურება ეგაა- სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს.



⦁ ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.



⦁ მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს.



⦁ თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.



⦁ ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა.



⦁ ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.



⦁ ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.



⦁ როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე - ბოლოთი.



⦁ სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა.



⦁ საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.



⦁ ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.



⦁ ხელოვნებაა თვით უკვდავება.



⦁ მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.



⦁ ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.



⦁ ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.



⦁ ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.



⦁ როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან.



⦁ არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.



⦁ ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.



⦁ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.



⦁ ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.



⦁ როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.



⦁ ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.




⦁ ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.



⦁ ჩვენ ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე.



⦁ სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).



⦁ ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.



⦁ ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.



⦁ ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.



⦁ ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.



⦁ თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.



⦁ როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.



0
1479
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0