x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფეხმძიმობა ლეკვებზე, კნავილის ეპიდემია და მასობრივი ისტერიის სხვა შემთხვევები
image

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბრბო ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც გრძნობები, ემოციები და სურვილები გააჩნია. საკმარისია, ადამიანი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდეს, რომ მყისიერად ექცევა გარშემომყოფთა განწყობის ზეგავლენის ქვეშ.

ეს ამბები გამოგონილი არ გეგონოთ: ცეკვა და სიცილი, კნავილი და კიდევ სხვა მოვლენები თითქოს ჰაერით გადაეცემოდა და სიგიჟემ ეპიდემიასავით იფეთქა.


1. ცეკვის ჭირი


imageეს შემთხვევა 1518 წელს მოხდა. ერთი ქალი სტრასბურგის ქუჩაში გამოვიდა და რამდენიმე დღე შეუჩერებლად ცეკვავდა. 1 კვირაში მას კიდევ 34 ადამიანი შეუერთდა, თვის ბოლოს კი მათი რიცხვი ოთხასს აღწევდა. არსებობს მოწმის ჩვენება, რომლის თანახმადაც, ცეკვის შედეგად, ერთ დღეში 15 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ სხვები მაინც არ გაჩერებულან.

ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან შეაშფოთა ამ ფაქტმა, ბოლოს თავისებურ გამოსავალს მიაგნეს და ქალაქში ორი საცეკვაო დარბაზი და სცენა ააშენეს, მაგრამ ამან სიტუაცია ოდნავადაც ვერ გამოასწორა. მაშინ, გადაწყვიტეს პირიქით ემოქმედათ და ყველა საცეკვაო და გასართობი ადგილი აკრძალეს, თუმცა, სასურველი შედეგი არც ამას მოჰყოლია.

რამდენიმე კვირის შემდეგ ცეკვის ეპიდემია შეწყდა, ადამიანებს თავის კონტროლის უნარი დაუბრუნდათ.


2.კატა-მონაზვნები

image1844 წელს გამოცემულ წიგნში, სხვა შემთხვევებთან ერთად, ერთი საინტერესო ამბავია აღწერილი:საფრანგეთის ერთ–ერთ მონასტერში ერთმა მონაზონმა მოულოდნელად კნავილი დაიწყო. მალე მას სხვა მონაზვნებიც შეუერთდნენ. ამ “ეპიდემიამ" სხვა ქვეყნებშიც იფეთქა: მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაშიც.ადამიანები კრუტუნებდნენ, კნაოდნენ და იკბინებოდნენ კიდეც.

ბოლოს, ხმაურით შეწუხებულმა მცხოვრებლებმა დასახმარებლად ხელისუფლებას მიმართეს. ეპიდემია მაშინ შეწყდა, როცა ჯარისკაცები გამათრახებას დაჰპირდნენ მონაზვნებს, თუ ეს უკანასკნელნი კნავილს არ შეწყვეტდნენ.


3.სიცილის ეპიდემია

imageეს შემთხვევა 1960 წელს დაფიქსირდა ტანგანიკაში. სკოლა-ინტერნატში სამმა მოსწავლემ სიცილი დაიწყო და გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ, მათი სიცილი კი იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მათ სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ამ ეპიდემიამ თითქმის 16 დღეს გასტანა. ამ პერიოდში სკოლა დახურეს, მაგრამ სიცილის ეპიდემიას ამანაც ვერ უშველა და ის მეზობელი სოფლების ბავშვებშიც გავრცელდა.


4.შხამიანი ლედი

imageკალიფორნიელმა გლორია რამირესმა შხამიანი ლედის ზედმეტსახელი მას შემდეგ მიიღო, როცა მისი გადარჩენის მცდელობის დროს მთელმა სამედიცინო პერსონალმა გონება დაკარგა. გლორია საავადმყოფოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ბოლო სტადიის დიაგნოზით შეიყვანეს. ექიმებმა, რომლებიც მას სინჯავდნენ, თავი ისე შეუძლოდ იგრძნეს, რომ 5 მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ერთ მათგანი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული 2 კვირით. უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანის სისხლის ანალიზი ნორმაში იყო და გადახრას არ აჩვენებდა.

გლორიას გასინჯვის თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ქალის სხეული ზეთოვან ბზინვარებას გამოსცემდა და ნივრის სუნი ჰქონდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ეს სუნი მას პირიდან ამოსდიოდა, მაგრამ როცა ექთანმა ანალიზისთვის სისხლი აიღო, გაირკვა, რომ ეს სუნი სისხლს ჰქონდა, ამასთან, სისხლში რაღაცებიც დაცურავდნენ. ექთანმა სისხლის ნიმუში კოლეგას უჩვენა და მაშინვე გონება დაკარგა. ექიმებმა მისი გულის წასვლა სისხლის დანახვას დაუკავშირეს, მაგრამ მალე, ერთი მეორის მიყოლებით, ყველამ გონება დაკარგა.

ითვლება, რომ ეს შემთხვევა მასობრივი ისტერიის მაგალითია, მაგრამ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გლორიამ თავად მიიღო აკრძალული პრეპარატები, რამაც მისი სისხლი ტოქსიკური გახადა. ამ შემთხვევაზე დღესაც ბევრს ფიქრობენ და კამათობენ მეცნიერები.


5.პოკემონების შოკი

imageსერიალ “პოკემონების" პირველ სეზონში არის აკრძალული სერია, რომელიც იაპონიის გარდა არსად უჩვენებიათ. საქმე ისაა, რომ 38-ე ეპიზოდმა გულისრევა, მხედველობის გაუარესება, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა და ეპილეფსიური მოვლენები გამოიწვია 12 ათას იაპონელ ბავშვში. ზოგიერთ ბავშვს ეს სიმპტომები მაშინაც აღენიშნებოდათ, როცა ამ მულტფილმიდან კადრს შემთხვევით მოჰკრავდნენ ხოლმე თვალს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს სიმპტომები აფეთქების სცენების ზედმეტმა სიკაშკაშემ გამოიწვია, ზოგიერთის მოსაზრებით კი ეს მხოლოდ მასობრივი ისტერიაა.


6.ტკბილი წყალი

image2006 წელს საოცარი მოვლენა მოხდა: 18 აგვისტოს 8 საათზე, მუმბაის მცხოვრებლებში ხმა გავრცელდა, რომ მდინარე მაჰიმმა გემო შეიცვალა და ტკბილი გახდა. ადამიანებმა ეს ღვთიურ ნიშნად მიიღეს, ათასობით ადამიანი მდინარეს მიწყდა, ბოთლებს და სხვადასხვა ჭურჭელს წყლით ავსებდნენ და სვამდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება სასოწარკვეთილი ემუდარებოდა ხალხს, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ეს ქმედება, რადგან წყალი შესაძლოა ტოქსინებით ყოფილიყო დაბინძურებული. წყლის სმის მასობრივი ისტერია 19 აგვისტომდე გაგრძელდა. შემდეგ წყალმა ისევ მლაშე გემო დაიბრუნა და ხალხიც დაიშალა.


7.ლეკვზე ფეხმძიმობა

imageლეკვზე ფეხმძიმობის სინდრომი ინდოეთშია გავრცელებული და დროდადრო იფეთქებს ხოლმე ეს “დაავადება", როცა ადამიანებს სჯერათ, რომ ძაღლის კბენის შემდეგ მუცელში ლეკვები ეზრდებათ. ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანები იყეფებიან, ირწმუნებიან, რომ შიგნით ლეკვები ეზრდებათ და თითქოს მათი წკმუტუნიც კი ესმით. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანებით ხელს ითბობენ ადგილობრივი მისნები, რომლებიც მათ განკურნებას ჰპირდებიან და სხვადასხვა სახის “მკურნალობას" უტარებენ. ადგილობრივი ექიმები ცდილობენ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ და მსგავსი “მკურნალობების" სავალალო შედეგების შესახებ აფრთხილებენ, მაგრამ ზოგჯერ მასობრივი ისტერია ჯანსაღ აზრზე ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე.


8.საშინელი კლოუნები

image2016 წელს უამრავი ამერიკელი და კანადელი დაუკავშირდა პოლიციას. ადამიანები ერთსა და იმავეს აცხადებდნენ, თითქოს ბოროტი კლოუნების სამოსში გამოწყობილ ადამიანებს ხედავდნენ სხვადასხვა ადგილებში. უმეტეს შემთხვევაში ბოროტმოქმედებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ კლოუნისსამოსიანი ადამიანების დაკავებები მაინც გრძელდებოდა. მალე ეს მოვლენა ევროპაში, ისრაელში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სინგაპურსა და სამხრეთ ამერიკაშიც აღინიშნა. ისტერიამ ისეთი სახე მიიღო, რომ მაღაზიებში კლოუნების სამოსი და ნიღბები აღარ იყიდებოდა. კლოუნებად მომუშავე ადამიანებს კი ინსტრუქცია მისცეს, რომ სახლში წასვლამდე აუცილებლად მოეხსნათ პარიკი და გრიმი.


ხშირად ისე ვექცევით უცხო გავლენის ქვეშ, რომ ამას ვერ ვამჩნევთ. გარშემომყოფებზე ადვილად ახდენს ზემოქმედებას ის ადამიანი, რომელიც ავტორიტეტია და თუ შეუძლია რაიმე სულელური თეორია ვინმეს დააჯეროს, მაშინ არც ბრბოს დარწმუნება გაუჭირდება. შედეგად, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია მივიღოთ.

დასკვნა: უნდა მივიღოთ წყარო სხვადასხვა საშუალებებიდან, გავაანალიზოთ თითოეულის სანდოობა და არ დავეყრდნოთ ერთეულ შემთხვევებს. ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში ჩართეთ ლოგიკური აზროვნება.


0
162
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0