x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453223
აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე მონასტერში ზარის მაგივრად გადაჭრილ ბალონს რეკავენ

გაბრიელი

ჩვენი რესპონდენტი ახალგაზრდა მორჩილი გაბრიელ იბერი ცეცხლაძეა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის მონასტერში ცხოვრობს, ქმნის ხელნაკეთ ნივთებს და ამბობს, რომ ეს მონასტრის ერთადერთი შემოსავალია.... გული სტკივა, რადგან ზარის მაგივრად გაზის გადაჭრილ ბალონს რეკავენ
• რატომ გადაწყვიტე ეკლესიაში წასვლა?
- ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, იმდენად ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. ყველა ადამიანში ჩადებულია კოდი, რომელიც მის ამქვეყნად მოვლენის როლს და დანიშნულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, შინაგანად მიილტვი იქით, სადაც უნდა შეასრულო შენი ‘’ამქვეყნიური დავალება’’.
• რამდენი წლის იყავი, როდესაც ეკლესიაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღე?

- გონებით და ფიზიკურად ყოველთვის ტაძარში ვიყავი, მაგრამ მონასტერს ჩემი ცხოვრება 15 წლის ასაკში დავუკავშირე .

• რა არის საჭირო იმისათვის, რომ უფალს დაუახლოვდე?

- ადამიანი რომ უფალს დაუახლოვდეს, სიყვარული, უბრალოება და სიკეთეა საჭირო. მოკლედ რომ ვთქვა, უნდა მიჰბაძო ქრისტეს და იპოვი ღმერთს. ქრისტეს ცხოვრება არაფერია, თუ არა უბრალოება ( რაზედაც მისი დაბადების ადგილი პირდაპირ მოწმობს), სიყვარული, თავგანწირვა მოყვასისთვის, გაჭირვებულზე ზრუნვა. ბევრჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის - ‘’ ვართ კი ჩვენ ქრისტიანები’’? რასაც ვხედავ ხშირ შემთხვევაში, ქრისტე სხვა გზით მიდის, ჩვენ სხვა გზით. მარხვაში დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობთ სხვადასხვა სურსათის შემადგენლობებში ქექვას და კითხვას, დავადგინოთ, რომელი ტორტი და ტკბილეულია ‘’სამარხვო’’, რომ არ მოვიკლოთ სიამოვნება. ნაცვლად იმისა, დავდიოდეთ ღარიბებთან და ვეხმარებოდეთ. ბევრს უთქვამს, ვერ გავაკეთებ სიკეთეს, ფული არ მაქვსო. სიკეთესთვის მხოლოდ ფული არაა საჭირო. იცი ინგლისური, რუსული, ფრანგული? იცი ხატვა? იცი სიმღერა? იცი მებაღეობა? იცი ფორტეპიანოზე დაკვრა? მაშინ უანგაროდ ასწავლე იმათ, ვისაც სწყურია სწავლა და საშუალება არ აქვს. გავა წლები და ამით ირჩენენ თავს - ეს შენი სიკეთის ნაყოფი იქნება.

გაბრიელი

• ამჟამად რომელ მონასტერში ცხოვრობ?

- ამჟამად გარდაბნის რაიონის სოფ. ვახტანგისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მონასტერში ვცხოვრობ. ესეც გამოწვევაა ცხოვრებაში, რაც მაძლიერებს, მაგრამ ადამიანურად რთულია ხოლმე, რადგან აზერბაიჯანის საზღვართან ვართ, ირგვლის სულ აზერბაიჯანული დასახლებაა. ისინი არაფერს გვიშავებენ, მაგრამ მაინც ჩვენი ქართველები გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ მონასტერს თუკი ვინმემ რამე დაუშავა, ყველა ქართველი იყო. მაინც, ‘’სხვის კარგს, ჩვენი ცუდი გვირჩევნია’’.

• როგორც ვიცი, ხელნაკეთ ნივთებს ქმნი. რამდენჯერ გქონდა გამოფენა და რა იყო წარმოდგენილი?

- გამოფენებს ვაწყობ, სადაც მონასტრის წინამძღვრის და ჩემი ნამუშევრებია წარმოდგენილი - უმაღლესი ხარისხის მერინოსისგან (თექა) შექმნილი სურათები, რომელის შექმნაც ძალიან რთული და შრომატევადია, ბუნებრივი ქვებისგან შექმნილი სამკაული, დეკორატიული ნივთები, მოხატული ავეჯი, მოხატული წიგნაკები, სადღესასწაულო სუფრის გასაწყობი აქსესუარები, მოხატული ქოთნები და აშ. ახლა კიდევ ბევრ სიახლეს ვაპირებ, არასდროს ვკმაყოფილდები იმით, რასაც ვქმნი, მინდა კიდევ ბევრი და მრავალფეროვანი პროდუქცია შევქმნათ. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ეს ჩვენი ერთადერთი შემოსავალია! ზოგჯერ თუ ჩვენი ახლობლები საჩუქრის სახით შემოგვწირავენ თანხას ეს არის, რასაც მონასტრის გამწვანებისთვის ვიყენებთ. მაპატიეთ, მაგრამ ქვეყნის სირცხვილად მიმაჩნია, რომ საზღვარზე მყოფ მონასტერს ზარი არ აქვს და გადაჭრილი ‘’გაზის ბალონს’’ ვრეკავთ. ეს, სულ ცოტა, ქვეყნის სირცხვილია. აღარ მოვყვები სხვა პრობლემებს...

• ამჟამად რამდენი წლის ხარ?

- ამჟამად 19 წლის ვარ, მაგრამ ასაკთან შედარებით დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში, ბევრი ტკივილი და დაბრკოლება, რამაც გამზარდა. უნდა შეგეძლოს ყველაფრის სასიკეთოდ გამოყენება, მათ შორის ტკივილისაც.

• მთელ ცხოვრებას ეკლესიას მიუძღვნი? თუ გაქვს სხვა გეგმები?

- ჩემი ცხოვრებაც და ყველაფერი უფალს და სამშობლოს შევწირე, ამ განცდით ვიძინებ და ვიღვიძებ. უფლის მსახურება მარტო ლოცვაში არ გამოიხატება. მინდა ‘’ბედნიერების დესპანი ’’ გავხდე და ადამიანებს მოვუტანო ბედნიერება, განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს. ძალიან მთრგუნავს ბავშვის და მოხუცის სევდიანი თვალები. ცხოვრებაში ბევრი რამ მაკლდა (მატერიალური), რაც მახარებს ერთი რამის გამო - ფასი ვიცი ყველაფრის ქონის და არქონის. ამიტომ, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო, რომ, რაც მე მაკლდა, არ დააკლდეს სხვას. სამომავლოდ უზარმაზარი გეგმა მაქვს, რომელსაც საიდუმლოდ ვიტოვებ. ერთ-ერთი მიზანი კი სახელოსნო-საწარმოს გახსნაა, რომელშიც მხოლოდ მოხუცებს დავასაქმებ.ასევე, ისეთ მოხუცთა საცხოვრებელს გავაკეთებ, სიბერეს ინატრებს ყველა, იქ მოსახვედრად. მე ოცნება არ მაქვს, არასდროს მითხოვია ღმერთისთვის კონკრეტული საგანი ან რაღაც მატერიალური მოეცა, ეს ჩემს გულში მაქვს უბრალოდ და ღმერთი მისრულებს, ისევ იმიტომ, რომ მეც მოვიხმარო და სხვაც გავაბედნიერო. ზოგჯერ მეშინია კიდეც, რომ განა რითი დავიმსახურე ეს წყალობა ღვთისგან.

გაბრიელი

• ადამიანი, რომელიც გამორჩეულად გიყვარს?

- ჩემთვის პირველ ადგილზე ღმერთია, შემდეგ სულიერი მოძღვარი და ოჯახი. სიმართლე რომ გითხრათ, ყველა მიყვარს, არ ვაჭარბებ, ეს მართლა ასეა. ამის მიზეზი მარტივია, ჩემი დაკვირვებით ამოვხსენი ერთი საიდუმლო, რომლის თანახმადაც- ყველა ადამიანი კეთილია (გულის სიღრმეში). ხოლო - შური, ბოღმა, ერთმანეთის გაუტანლობა და ყოველგვარი ბოროტება ნიღაბია . როგორც ოკეანეში განძი ფსკერზეა, ნაგავი კი ზემოდან ტივტივებს, ასევეა ადამიანიც - გულის სიღრმეში ყველას გვაქვს ეს განძი - სიყვარული, ესაა სწორედ ღმერთი, რომელიც ყველაშია (ღმერთი ხომ სიყვარულია).

• საყვარელი ფრაზა გაქვს?
- ჩემი საყვარელი ფრაზაა - ‘’ არ დანებდე’’. ამას ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს, ადამიანი თუ დანებდი მორჩა, მოსიარულე გვამი გახდები. ჩემს ლექსიკონში არ არის ფრაზა ‘’არ შემიძლია’’. რაც მოვინდომე, ყველაფერი შევძელი, რაზედაც ყველა არგუმენტირებულ დასკვნებს მიკეთებდა, რომ ტყუილად ვკარგავდი დროს. არ ვნებდებოდი და ვაღწევდი მიზანს. ასე ვიყავი გუშინ, ასე ვარ დღეს და ასე ვიქნები ხვალ.

• დაოჯახებაზე გიფიქრია?
- რაზეც ვფიქრობ, იმას ვაკეთებ და იმითი ვცხოვრობ, შესაბამისად, დაოჯახებაზე არ მიფიქრია. რომც მეფიქრა, ვერ შევძლებდი. მე ძალიან რთული ადამიანი ვარ, ჩემი სამყარო მაქვს, ამის გამო ხშირად არ ესმით ჩემი. ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. მაგ: სხვა მზეს შეხედავს და მარტო მზეს ხედავს, მე, მზესაც ვხედავ და სხვა სიღრმეებსაც... ჯილდოს იმსახურებენ ჩემი გარემოცვის წევრები ჩემი გაძლებისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, არც მინდა მარტივი და პრიმიტიული ვიყო(შიგანაგად).

ავტორი: გურამ არუთინაშვილი

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0