x
მეტი
  • 05.12.2019
  • სტატია:97146
  • ვიდეო:343994
  • სურათი:459125
მერაბ კოსტავას წერილი დედას
image
ჩემო დედა!
ამ ბარათს გწერ იმ შემთხვევისათვის, გამგზავრებამდე თუ ვერ გიხილე.იმდღევანდელ მცირე უხეშობას მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ.ხომ იცი, მხოლოდ უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებს ვექცევით თავისუფლად, როგორც საკუთარ თავს ხშირად კიცხვით და უმიზეზო საყვედურებითაც.

ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უახლოესთაგან პატიებაც ბუნებრივად მიგვაჩნია.ნუ დამემდურები და გულს ნუ იტკენ.ყველაზე მეტად შენ და შენი ჯანმრთელობა მადარდებთ.დანარჩენები უფრო მყარად მეგულებიან.განსაკუთრებით უნდა მოუარო თავს და დამხვდე მრთელი და უვნებელი.ჩემზე ნუ იდარდებ.ყველაზე ნაკლებ გასაჭირში მე ვიმყოფები.ჩემთვის ციხე გართობაა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

წელიწადის ეტლი ორჯელ შემობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ჩვენ ხანგრძლივი ხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩემი გასახლების ადგილზე.ნუ გეშინია, დრო სადოღე ბედაურივით გაირბენს თავის სარბიელს.ვეცდები მჭიდროდ ავეკრა უნაგირს მისას და მტკიცედ ვიპყრა ხელთ მისი სადავეები, რათა არ მიმუხთლოს და ფლოქვებქვეშ არ მომიყოლოს მის მარულაში ჩაბმული, იმედის კარიბჭეთა მაძიებელი.

კარს ნუ გაუღებ ამაო დარდებს.ერიდე მაგ ვერაგსა და არამკითხე სტუმარს, ვინძლო გული ჟანგივით არ ამოგჭამოს.დაე, უმეტესად სიხარული დამკვიდრდებოდეს შენში.ანკი ბედის სამდურავი რა გჭირს.იცოდე, შენი გაზრდილი არასოდეს შეგარცხვენს.თავად ასე მსურს.ხოლო განგებამ თავად უწყის.შეხვედრამდე აზრსა და გონებაში ჩემთან ივლი.ზოგიერთი განშორება უფრო აახლოებს ადამიანებს.ჭეშმარიტად დიდადა ვარ შენგან დავალებული. ამჟამად უფრო თვალნათლივ ვხედავ, პატიმარყოფილი მამისადმი შენახულმა ნამუსმა, შენმიერმა აღზრდამ და ჩემდამი მზრუნველობამ სიკეთის რა ძვირფასი ნერგი აღმოაცენეს ჩემში.ხოლო, ბოლო ჟამს შენი განბედაობით თითქმის აღმოჩენად, ჭეშმარიტად ახალ ადამიანად წარმომიჩინდი.ვის შეუძლია იამაყოს საკუთარი დედით თუ არა მე!



თავის გამხნევება გმართებს.იცოდე, დადარდიანებულ სახეს შენსას, რანაირადაც ბოლოს გიხილე, ვერა და ვერ ვიტან. როცა ამნაირს გიყურებ, გუნება მემღვრევა და სულში ბალღამი მეღვენთება.დიდხანს, დიდხანს ვეღარ ვუბრუნდები კალაპოტს.გთხოვ, ეს დარდი ჩამომაშორო.იცოდე, ცოცხალს რომ ვერ მოგისწრო, არ ვიცი რას მოვიმოქმედებ.მაშინ ვინღა დავადანაშაულო? ეს ამბავი ჩემს თავსა და სხვასაც ხომ სასტიკად უნდა მოვკითხო.?

თავს კი კარგად ვიცნობ.მხოლოდ განუზომელი მოთმინებით თუ ვფარავ და ვავიწროვებ უსაზღვრო რისხვისა და შურისგების შესაძლებლობას.ამგვარმა სტიქიამ რომ სადავე გამომგლიჯოს და თავი წამართვას, მაშინ ვეღარაფერი დამაკავებს და საკუთარ თავს და ალბათ სხვებსაც უბედურებას ავუტეხავ. სხვა რომ არა იყოს რა, სწორედ ამიტომ გმართებს შენი თავი უვნებლად დამახვედრო. ქვეყანაზე მხოლოდ მარტოოდენ დედა და მამაა ერთადერთი.დანარჩენების რიცხვი მხოლობითს სცილდება

. აბა შენ იცი, როგორ გამკვრივდები რწმენაში და სასო არ წარიკვეთო. უფალს განსაკუთრებით უყვარს ქვრივი და ობოლი და მფარველობას თავისას აროდეს დაიშურებს მათთვის.აბა მხნედ და მაგრად იყავი.ეს ტიალი დროს მამალი მგლისგან დამფრთხალი კურდღელივით გადირბენს თავის მინდორს, ოღონდ ჩვენ ნუ შევუშინდებით მის სიურპრიზებს.მთავარი ესაა ჩვენი მომავალი გზათშესაყარისკენ რომ მიგვაქანებს იგი შეუჩერებლივ. მაშ ასე:გკოცნი, გკოცნი მრავალს.
შენი მერაბი.

0
263
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0