x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
''სიკვდილის ტრიუმფი''- ერთი ნახატის საიდუმლო, რომელიც ხუთი საუკუნეა აფორიაქებს ადამიანების გონებას

არსებობენ სურათები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ტოვებენ ადამიანის მეხსიერებაზე ღრმა კვალს - ამისთვის საკმარისია მათი მხოლოდ ერთხელ ნახვა. ნანახით მიღებული შთაბეჭდილება იჭრება ადამიანის ცნობიერებაში და აფორიაქებს მის სულსა და გონებას. ერთ-ერთ ასეთ ნაწარმოებს წარმოადგენს ბრიუგელის ფერწერული ტილო ''სიკვდილის ტრიუმფი", რომელშიც წაშლილია საზღვარი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის, ნაჩვენებია სიკვდილის ყოვლისშემძლე ძალა და ადამიანის უსუსურობა მის წინაშე.


ჰოლანდიური გვიანდელი რენესანსის ეპოქის მხტვარი პიტერ ბრიუგელი ხელოვნების ისტორიაში შევიდა, როგორც შესანიშნავი ოსტატი, რომელმაც შეძლო თავის შემოქმედებაში გაეერთიანებინა აღორძინების ეპოქის სტილი და ტრადიციული ჰოლანდიური ხელოვნება, რის წყალობითაც შექმნა განუმეორებელი, ინდივიდუალური სტილის განსაცვიფრებელი ნახატები. ერთ-ერთი მათგანია "სიკვდილის ტრიუმფი", რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ.



image


რა უძღოდა წინ "სიკვდილის ტრიუმფის შექმნას?


ბრიუგელი თავად გახდა მოწმე იმისა, თუ როოგრ დაუნდობლად ექცეოდა ადამიანებს ინკვიზიცია XVI საუკუნის ჰოლანდიაში. ესპანელების ჯარების შეიარაღებული რაზმები ფანატიკოსი კათალიკოსის ალბათ მეთაურობით ცეცხლითა და მახვილით დათარეშობდნენ თავიანთ ჩრდილოურ კოლონიაში და ცდილობდნენ ჩაეხშოთ სახალხო აჯანყება. ამ ხერხით ესპანეთს სურდა იქ ჩასახული პროტესტანტობის განადგურება. იმ პროვინციებში, სადაც ესპანელები გაივლიდნენ, გადამწვარი სოფლები, გვამების გროვა და ნაწამებ-ნატანჯი ადამიანები რჩებოდნენ.

ესპანეთის მეფე ფილიპე II -მ, რომელიც გულმხურვალე კათოლიკე გახლდათ, განაცხადა: " მე ვამჯობინებ ასი ათასი სიცოცხლე შევწირო მსხვერპლად, ვიდრე ერეტიკოსების დევნა შევწყვიტო". ქვეყანა საშინელ ტერორში, შიშსა და უიმედობაში იყო ჩაძირული. სწორედ ამ უიმედო და ტრაგიკული მოვლენების ფონზე შექმნა 1562 წელს პიტერ ბრეიგელმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული, შემზარავი, დამთრგუნველი და ამავე დროს განსაცვიფრებელი ქმნილება "სიკვდილის ტრიუმფი". აგერ უკვე ხუთ საუკუნეზე მეტია ეს სურათი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე და აიძულებს ადამიანებს დაფიქრდნენ სიკვდილის გარდაუვალობაზე.


''სიკვდილის ტრიუმფი"


თავის ფერწერულ ტილოზე ბრიუგელმა წარმოგვიდგინა სიკვდილის ხოტბა-დიდება ანუ პანეგირიკი. ადამიანი, რომელიც პირველად ხედავს ამ ტილოს, გასაოცარ ფსიქოლოგიურ დარტყმას იღებს. მის თვალწინ იშლება სისხლიანი და საბედისწერო არენა: უამრავი ჩონჩხი და თავის ქალა, უკვე გარდაცვლილი და ჯერ კიდევ სიკვდილის აგონიაში მყოფი ადამიანები, ყელგამოჭრილი და მუცელგამოფატრული ან საწამებლად განწირული მამაკაცები, ქალები და ბავშვები-ერთი შეხედვით ბრიუგელის ნახატი ბოროტებისა და სისასტიკის განსახიერებაა, თუმცა თუ ადამიანის ხელით შექმნილ ამ გასაოცარ ქმნილებას სანტიმეტრობით, ყურადღებით და თანმიმდევრულად დავათვალიერებთ, მხოლოდ მაშინ ჩავწვდებით მის არსს და გავიგებთ, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდა ავტორს და რისი თქმა უნდოდა თანამედროვეებისა თუ მომავალი თაობებისათვის.



image



მნახველის თვალწინ იშლება შემზარავი ლანდშაფტის უზარმაზარი პანორამული ხედი, რომელიც გადამწვარ, ხრიოკ უდაბნოს გვაგონებს, სადაც უნაყოფო მიწაზე მცენარეების და ხეების ნაცვლად სახრჩობელები და საწამებელი ძელებია აღმართული. ჰორიზონტზე მრუმე ფერის ზღვა ჩანს, რომელიც სავსეა ჩასაძირად განწირული ხომალდებით. ჰორიზონტის მაღალმა ხაზმა მხატვარს საშუალება მისცა კალმის ერთი მოსმით ეჩვენებინა შემზრავი სურათი იმისა, თუ რა ხდება ქვემოთ - დედამიწაზე.



image



გადახრუკული უდაბნო სავსეა სახრჩობელებით, საწამებელი ბორბლებითა და ძელებით. მათ აქტიურად იყენებენ სიკვდილის ჯარისკაცები თავიანთი მსხვერპლის გასანადგურებლად.



image



ძალიან დიდ სიმბოლურ და კომპოზიციურ დატვირთვას ატარებს თავად სიკვდილი, რომელიც თავის გარშემო აერთიანებს ყველა მოქმედებას, რაც სურათზე ხდება: როგორც ხვდებით, სიკვდილი წარმოდგენილია ძვლებამოყრილ ცხენზე შემომჯდარი ჩონჩხის სახით, რომელსაც ხელში ცელი უჭირავს და უმოწყალოდ კაფავს თავის მსხვერპლს. აპოკალიფსის მხედარი ზეიმობს, რადგან ხედავს მისი ჯარების ტრიუმფს და იმას, თუ როგორ წარმატებით მიმდინარეობს ''სიკვდილის ცეკვა''.



image


უთვალავი ჩონჩხი, რომელთაც ფარებად კუბოს სახურავები აქვთ აფარებული, ქმნიან კედელს ბრბოსთვის, რომელსაც სიკვდილი სათაგურის მსგავს უზარმაზარ კუბოში მიერეკება. ცხადია, რომ აქ ცოცხალი ვერავინ გადარჩება, ვერცერთი ადამიანი თავს ვერ დააღწევს სიკვდილის კლანჭებს - იქნება ის მეფე თუ კარდინალი, უბრალო გლეხი თუ ცბიერი ვაჭარი, ბანქოს შულერი თუ რაინდი, ქალი თუ ბავშვი...



image


სურათის გმირებს სიკვდილი სუყველგან ეწევა: მასობრივ სასაკლაოზე და პირისპირ შეხვედრისას, სამუშაოზე ან ტრაპეზის დროს და სასიყვარულო პაემანზეც კი. მას ვერსად დაემალები, მისგან ხსნა არსაითაა. ის ყველგანაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიკვდილი ელოდება ნებისმიერ ადამიანს მისი წოდებისა და მდგომარეობის მიუხედავად.


მარცხენა კუთხეში ბრეიგელმა ტილოზე დახატა მიწაზე დაწოლილი მანტიიანი მეფე. მონარქი უკვე აგონიაშია და მისი წუთები დათვლილია, სიკვდილმა მას უკვე ჩახედა თვალებში და ახლა მას მხოლოიდ ოქრო-ვერცხლი აინტერესებს, რომელიც მეფესთან ახლოს ყრია კასრებში. სიკვდილმა ხომ ზუსტად იცის, რის ფასადაა ის მოპოვებული.



image



ტილოზე ჩანს რამდენიმე გაბედული ადამიანი, რომლებიც ცდილობენ შეებრძოლონ სიკვდილს, თუმცა მათი მცდელობა ამაოა-ყველა მათგანი განწირულია. ტილოს მარჯვენა კუთხეში თითქოსდა ჯერ კიდევ ჩქეფს სიცოცხლე: გაშლილია მაგიდა, რომელიც მოქეიფეებითაა გარშემორტყმული, აქვე შეამჩნევთ შეყვარებულ წყვილს, რომლებიც მუსიკის ჰანგებში არიან ჩაფლულნი და საერთოდ ვერ ამჩნევენ მოხითხითე სიკვდილს, რომელიც მათ უკვე თავს დასდგომია. მასხარა მაგიდის ქვეშ შეძრომით ცდილობს გადარჩენას, გაბედული რაინდი კი ხმლით ხელში ცდილობს წინ აღუდგეს სიკვდილის ჯარისკაცების შემოტევას, თუმცა ბოლო მაინც ერთია.



image


შემზარავ სანახაობას კიდევ უფრო ამძაფრებს ორთვალა, რომელიც თავის ქალებითაა სავსე. ორთვალას საშინლად გამხდარი, ძვლებგამოჩრილი ცხენი ეზიდება, რომლის ზურგზეც ჩონჩხი მოკალათებულა.



image



ტილოზე მნახველის ყურადღებას იპყრობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნახატის მარცხენა კუთხეში ჩანს თეთრ ტოგებში ჩაცმული მიცვალებულების გუნდი, რომლებიც სასამართლოს განასახიერებენ. ისინი მაღალ ტრიბუნაზე დგანან, რომელზეც ჯვარია გამოსახული, ხელში საყვირები უჭირავთ და აშკარად რაღაცას ამცნობენ ხალხს. ისტორიის მცოდნეები ამ ფრაგმენტში ინკვიზიციის წმინდა ტრიბუნალს ხედავენ. მიუხედავად ამ გაბედული დეტალისა, ესპანელმა ცენზორებმა ვერ შეძლეს მხატვრის დადანაშაულება: ტილოზე ასახული მოტივი ნებადართული იყო ქრისტიანულ სამყაროში და ამავე დროს საკმაოდ გავრცელებულიც. საბედნიეროდ, ბრეიგელმა არაერთხელ მოახერხა აქტუალური აზრობრივი დატვირთვის მქონე გულახდილი ნამუშევრების შექმნა, რომლებიც დამალული იყო ტრადიციულ სიუჟეტებში.



image


დეტალების კიდევ უფრო ახლოდან დათვალიერებისას კიდევ ერთ გასაოცარ ფაქტს აღმოაჩენთ: ერთი შეხედვით ჩანს, რომ სურათზე გამოსახული ასობით თავის ქალა და ჩონჩხი აბსოლუტურად ერთნაირია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: ტილოს ავტორმა მოახერხა ისე დაეხატა ეს ჩონჩხები, რომ მათში ჩანს სხვადასხვა მიმიკა: ზოგი მათგანი ეშმაკურად იცინის, ზოგის თვალებში მრისხანება მოჩანს, სხვებიდან კიდევ მუქარა და დაცინვა. ეს დეტალები მხატვარმა შთამბეჭდავად გადმოსცა და სწორედ ეს მეტყველებს მის გასაოცარ ოსტატობასა და ნიჭზე.


აი ასე, მეტამორფოზების და გარდასახვის წყალობით გამოხატა დიდმა ოსტატმა პროტესტი იმ საშინელების მიმართ, რაც მის სამშობლოში ხდებოდა. პიტერ ბრიუგელის ტილო "სიკვდილის ტრიუმფი" ცხადად მეტყველებს, თუ რა კოშმარს ატრიალებდა ინკვიზიცია თავისი ზეობის წლებში.



4
183
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
22 მაისი, 23:33
ტილო თავისთავად, სტატიაა გასაგებად და გაშლილად დაწერილი.
22 მაისი, 23:03
გენიალური და მომნუსხველი ტილოა..სიამოვნებით ვნახავდი რეალში :)
21 მაისი, 15:29
"გენიალნო"....
0 1 4