x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წამებიდან პრაქტიკულობამდე: რა იმალებოდა საუკუნეების განმავლობაში ქალბატონთა ქვედაბოლოების ქვეშ

image

დღესდღეობით თეთრეული, ქალის გარდერობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, სულ რაღაც 150 წლის წინ, ბიუსჰალტერის განსაზღვრებაც კი არ არსებობდა. გაინტერესებთ ქალბატონებს კაბების ქვეშ რისი ტარება უწევდათ, რათა მოდის ტენდენციებთან შესაბამისობაში ყოფილიყვნენ?

image


ძველ საბერძნეთში ქალბატონები საკუთარი მკერდისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ფორმების მისაცემად სპეციალურ თასმებს იყენებდნენ, რომელთაც - "სტროფიონები" ეწოდებოდათ. იმისთვის, რომ მათი ქალური "ღირსება" კიდევ უფრო აწეული და მომხიბვლელი გამოჩენილიყო, ისინი ლენტებს მკერდის ქვეშ იკრავდნენ, ზემოდან კი ქიტონს (ძველ საბერძნეთში: მიტკლის ან სელის გრძელი პერანგი, იცვამდნენ მონები, გლეხები და ახალგაზრდა ქალები) ირგებდნენ. რომაელებმა ყველა დროის ეს მოთხოვნადი ელემენტი კიდევ უფრო გაათანამედროვეს, წვრილი თასმა უფრო ფართო არშიით ჩაანაცვლეს და ზონარიც დაუმატეს. ასე გაჩნდა მსოფლიოში პირველი კორსეტი.

image

შუა საუკუნეებში ქალის სამოსის განუყოფელ ატრიბუტს კორსეტი წარმოადგენდა, რომელიც ძირითადად რკინისგან ან ხისგან მზადდებოდა. პირვანდელი ეს "უდრეკი სარტყელი" ერთი შეხედვით, უფრო ჯავშანს მოგაგონებდათ, ვიდრე ქალბატონთა სამოსელის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ მას მხოლოდ მაღალი ფენის ქალბატონები ატარებდნენ. კორსეტის მიერ გამოწვეული დისკომფორტი - მის შედეგებთან შედარებით ყველაზე უმნიშვნელო რამ იყო. ზოგიერთი მოდას აყოლილი ქალბატონი წელს 25 სმ - მდე ივიწროვებდა, რაც თავისთავად შინაგანი ორგანოების დეფორმაციასა და ჯანრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას იწვევდა. ჟანგბადის ნაკლებობასთან დაკავშირებული, ხშირი გულის წასვლები კი, იმ წლების არც თუ იშვიათ სანახაობას წარმოადგენდა.

image


ქალბატონები კორსეტის ტარებაზე უარს არც ფეხმძიმობის დროს ამბობდენ. თუმცა, სწორედ ეს ავადსახსენებელი დეტალი იყო მიზეზი, იმისა, რომ ნაყოფი ხშირად თანდაყოლილი დეფორმაციით იბადებოდა, ასევე, ხშირი იყო მშობიარობის დროს ქალების გარდაცვალების შემთხვევებიც.


image


XVII საუკუნიდან კორსეტის შექმნა უფრო ნაზი მასალისგან დაიწყეს. მეტალისა და ხის ფაქტურა, ვეშაპის ულვაშის რბილმა, რქოვანმა ფირფიტამ შეცვალა, თუმცა ქალბატონები საკუთარი "სილამაზისთვის" "გულის წასვლებს" კვლავაც აქტიურად განაგრძობდნენ, მიუხედავად ამისა, ითვლებოდა რომ ახალი სახის კორსეტმა მათი ყოფა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.


imageimage


1640 - წლიდან, ევროპის გარკვეულ ქვეყნებში სამოსის ისეთი ტიპი ჩნდება, როგორც - პანტალონებია. მათი ძირითადი ფუნქცია ქალბატონების სხეულის გათბობა იყო. ამ ერთგვარი "მოკლე შარვლის" გამოყენება მთელს ევროპაში უკვე XIX საუკუნიდან იწყება. დროთა განმავლობაში პანტალონებმა, ქვედა საცვლის ფუნქცია შეითავსა. ქალების სამოსის ეს განუყოფელი ატრიბუტი ძირითადად თეთრი ფერის, მაქმანებით გაწყობილი ნაზი ფაქტურის იყო. ფერადი ქვედა საცვლის ტარება იკრძალებოდა, ვინაიდან მას მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ირჩევდნენ.


image


იმისთვის, რომ ქალბატონები მოდის ყველა ტენდენციას მორგებოდნენ, არაერთ მსხვერპლზე მიდიოდნენ. კაბის ჩაცმამდე, ისინი ჯერ წინდებს, პანტალონებს, პერანგს, კორსეტს, ქვედაბოლოსა და ბლუზას იცვამდნენ. ამის შემდეგ კი სხეულის უკანა ნაწილისთვის უფრო მეტი მიმზიდველობის მისანიჭებლად - ტურნიურს (ერთგვარი ბალიში, რომელსაც ქალები კაბის ქვეშ, უკან იდებდნენ, რათა სხეულისთვის ლამაზი სილუეტი მიენიჭებინათ) ირგებდნენ.


imageimage

კორსეტმა საკუთარი პოზიცია მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში დათმო. ქალები, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის აქტიურად იბრძოდნენ, "დრეკად სარტყელს", რომელიც "თავის ტკივილის" გარდა სხვას არაფერს იწვევდა, მარტივად "შეელივნენ". 1903 წელს ექიმმა - ქალბატონმა გოშ სარომ პარიზის სამედიცინო აკადემიაში პირველი ბიუსჰალტერი შექმნა. მან კორსეტი უბრალოდ შუაზე გაჭრა: ზედა ნაწილს - მკერდი "ეჭირა", ხოლო ქვედას - თეძო, მუცელი კი თავისუფლად რჩებოდა.


image


1922 წელს რუსეთის იმპერიიდან ემიგრირებულმა იდა როზენტალმა ქვედა საცვლის პირვანდელი მოდელი კიდევ უფრო სრულყოფილად აქცია. ბიუსჰალტერი, რომელიც უკვე ორ "ფიალას" წარმოადგენდა, ნაჭრით ერთიანდებოდა. მან თავის მეუღლესთან ერთად ქალის საცვლების მწარმოებელი კომპანია - "Maidenform" დააფუძნა, რომელიც ქალბატონებს თეთრეულის დიდ არჩევანს სთავაზობდა.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 1950 - იან წლებში მოდაში გასაბერი ბიუსჰალტერებიც იყო, რომელთა "ფიალებიც" სპეციალური მილის საშუალებით ჰაერით იტუმბებოდა და ქალებს მათი ტარება სწორედ ამ სახით უწევდათ.. თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, მათ ფეხი ვერ მოიკიდეს და წარმოებიდან მალევე გაქრნენ.


image


მსოფლიოში ნამდვილ რევოლუციად კი "Wonderbra" - ს ბიუსჰალტერი იქცა, რომელიც მკერდს არა მარტო ზემოთ წევდა, არამედ ვიზუალურად მას მოცულობაშიც ადიდებდა. გამოგონება 1929 წელს კანადაში დააპატენტეს, თუმცა ევროპაში ის მხოლოდ 60 - იან წლებში მოხვდა. სწორედ, იმ პერიოდში გამოიგონეს, ე.წ. "Push-up", რომელიც მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიციებს აგერ უკვე 50 წელზე მეტია არ თმობს. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ XX საუკუნეში, ბიუსჰალტერის გაუმჯობესების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. აი მაგალითად, 1949 წელს ჩარლზ ლანგსმა ისეთი "ფიალები" გამოიგონა, რომლებიც პირდაპირ სხეულზე მაგრდებოდა, რათა მზის აბაზანების შემდეგ, ზონარების უხერხული კვალი ქალბატონებისთვის თავიდან აერიდებინა.



0
621
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
621