x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყველა ეპოქა თავისებურად საინტერესო, საამაყო და ტრაგიკულია...
სოსო მიქელაძე

ჩვენი რესპოდენტი მომღერალი და მუსიკოსი სოსო მიქელაძეა, აღსანიშნავია სი რომ მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა, გულრწფელი და ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, 17 წლის იყო როდესაც მუსიკალურ სკოლაში გიტარის პედაგოგად მიიღეს


ვის მიეძღვნა სიმღერამე და შენ“ რომლითაც ფართო საზოგადოებამ გაგიცნო?

იმ შორეული 2012 წლის მაისის დასაწყისში, როდესაც სიმღერა „მე და შენ“ დავწერე (დავწერე ერთბაშად, მიყოლებით, 2 დღეში) - არავისადმი მიძღვნა არ ყოფილა. უბრალოდ არსებობდა გარკვეული გარემოებები, ერთმანეთს მრავალი ფაქტორი დაემატა, რამაც დააჩქარა უდიდესი ემოციური მუხტის დაგროვება და შემდეგ ერთ სიმღერაში გამოსახვა. განშორება საყვარელ ადამიანებთან, უძვირფასესი ახლობლის დაკარგვა, იმ ეტაპზე მომხადარი სხვადასხვა ცხოვრებისეული წარუმატებლობა, ქვეყანაში შექმნილი მძაფრი სულიერი-კრიზისი - ამ ყველაფერმა ჰპოვა ასახვა სიმღერაში „მე და შენ“.


თანაც სიმღერის შექმნას წინ უძღვოდა ჩემი საერთო მუსიკალური და კონკრეტული ექსპერიმენტები ფოლკ-მოდერნის მიმართულებით. მაგალითად, 2011 წელს 9 სოლო-კონცერტი ჩავატარე კახეთში ქავერების ვერსიებით („ბითლები“, „ქუინი“, „ბი-ჯიზ“-ი, ელვის პრესლი და სხვათა რეპერტუარიდან). ამასთან ერთად წლების განმავლობაში მქონდა მცდელობები ქართული ფოლკის ელემენტებით შემექმნა ახალი სიმღერების სერია. „მე და შენ“ - სწორედ რომ ყველაზე წარმატებული გამოდგა მათ შორის (მერე იყო „მარიამი“, „ჩემი ხალხი“, „გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს“, „წლები და გზები“). სიმღერაში „მე და შენ“ მე ფართოდ გამოვიყენე ჩემი მიგნებები და დაკვირვებები ლექსთწერის, რითმიკის, მახვილების, მელოდიური სვლების კუთხით.

ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყოდი, რომ ამ სიმღერაზე მრავალი თვალსაზრისით შემიძლია სრულფასოვანი ლექციის წაკითხვა - როგორ უნდა შეიქმნას ქართულ ეროვნულ მუსიკალურ საწყისებზე სუპერ-ჰიტი, როგორ უნდა მოხდეს მისი დამუშავება, სახალხო სამსჯავროზე გატანა, პრომოუშენი, მარკეტინგი. მოკლედ, სასწავლო კურსი სახელწოდებით „ჰიტი ა-დან ჰ-მდე“

სოსო მიქელაძე

როგორ ფიქრობ პროფესიონალურად შესრულებული სიმღერა მოთხოვნადია?

დამაფიქრა თქვენმა კითხვამ... ალბათ, გულისხმობთ ცოცხალ შესრულებას ან მაღალი დონის სასიმღერო ნაწარმოებს ქართულ ესტრადაზე.

რასაკვირველია, მაღალხარისხიან შესრულებას ჰყავს თავისი მომხარებელი, თუმცა პუბლიკა თანდათან მეტად და მეტად ეჯაჭვება უცხოენოვან მუსიკას, და რაც მთავარია, მუსიკის მოხმარებას ვირტუალური სივრციდან (youtube, სოც. ქსელები, მუსიკალური საიტები).

ეხლავე გეტყვით უცებ რაც მომდის თავში - ძირითად მიზეზები თუ რატომ იღებს პუბლიკა დაბალპროფესიონალურ მუსიკას სულ უფრო ფართედ და კრიტიკის გარეშე.

  • განათლების დონის და საერთო სულიერების დაქვეითება;
  • ვირტუალური რევოლუცია. დღეს 1 წუთში (და შესაბამისად - 24 საათში) ნებისმიერ მსმენელს შეუძლია მრავალ და მრავალჯერ უფრო მეტი მრავალჟანრობრივი მუსიკის მოსმენა და გადარჩევა, ვიდრე 40 წლის წინ იყო შესაძლებელი. ანუ მსმენელი ხდება თავის არჩევანში უფრო გაფანტული, არა-ლოიალური, ზედაპირული, და აქამდე არსებული მოთხოვნა პროფესიონალურ, დახვეწილ პროდუქტზე სულ უფრო და უფრო მცირდება. ამას დაუმატეთ არსებული სოციალ-ეკონომიკური ვითარების გამო შექმნილი დაკვეთა სულ სხვა ტიპის გრძნობებსა და ემოციებზე (ვიდრე ეს იყო 30-40 წლის წინ), რაც იწვევს იმას, რომ ხარისხზე მეტად პრიორიტეტული ხდება გართობა, გათიშვა, გახალისება, რეალობიდან გაქცევა!
  • სიმღერიდან/შემსრულებლის ნამღერიდან პოზიტიური და მაღალი კატეგორიის ემოციების დაკარგვა. აგერ უკვე 15 წელზე მეტია კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ყველაზე უნიჭო მომღერლის მდარე ნამღერიც კი რაღაც დონემდე მიიყვანოს და შედარებით მოსმენადი გახადოს. ამასთანავე ჩაწერის ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ხმის ზე-ზუსტმა გასწორებამ ლამის გააქრო-გამოხშირა თრთოლვის, სიხარულის და ბედნიერების ემოციები შემსრულებლების ნამღერში. მსმენელი ამას შედარებით ნაკლებად ხვდება, მაგრამ ქვეცნობიერად გრძნობს რომ ხარისხი (სილამაზე, სინათლე, სიმსუბუქე, სილაღე და სხვა) რაოდენობაში უნდა ეძებოს...
  • შემსრულებლების პიროვნული მასშტაბის დეგრადაცია. თვითონ თანამედროვე მუსიკალური შემსრულებლების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს არ და ვეღარ (!) ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რაზეც მღერის - ამაღლებული სიყვარული, თავგანწირული საქციელი, ცხოვრებისეული და სამოქალაქო გმირობები, სამყაროს და ადამიანის ურთიერთმიმართება და სხვა. დღევანდელი მომღერალი მცირე ასაკიდან უკვე განსაზღვრულად არის „მომღერალი“ (ანუ გარკვეულ სოციალურ კოლბაშია) და ნაკლებად ეხება სხვა ცხოვრებისეულ სფეროებს. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე მომღერლის ცხოვრებისეული გამოცდილება და ხედვები შედარებით შეზღუდულია (შევადაროთ, მაგალითად, XX საუკუნის 30-80-იანი წლების შემსრულებლებს, როდესაც მრავალი უცხოელი და ქართველი მომღერალი მუსიკასთან ერთად უამრავ სხვა საზოგადოებრივ სფეროში იყო ჩართული, ფიზიკურად შრომობდა კარიერის დასაწყისშიც კი, ცხოვრობდა ყველაზე უბრალო ადამიანივით, ბევრს მოგზაურობდა, სტუმრობდა „ცხელ წერტილებს“, ეძებდა ცოდნას წმინდა ადგილებში, მეგობრობდა დიდ თანამედროვეებთან, ხელოვანებთან, პოლიტიკოსებთან, მეცნიერებთან და ა. შ.). ამით იმის თქმა მსურს, რომ თანამედროვე საესტრადო მუსიკოსების კარგა დიდი ნაწილი სულ უფრო და უფრო ხელოვნური ხდება!
  • ხელოვნური და არა-ნატურალური, არა-უნიკალური ხდება ემოცია, ნააზრევი, სათქმელი, გამოხატვის ფორმები. დღეს ძალიან ბევრი რამ მუსიკაში და მის ირგვლივ გათვლილია, დამუშავებული, დადგმული, გააზრებული, დაპროგრამებული, ციფრული და სუროგატულია!

    ფაქტიურად მუსიკაში უკვე ყველაფერია, სიხალასის გარდა!..

    დიახ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შეიცვალა მუსიკა, რომელსაც ჩვენ ვუსმენთ ყოველდღიურად, შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური რეალიები, აღქმა, ფასეულობები, თანამედროვე მოქალაქეც კი სრულიად სხვაა, ვიდრე 50 წლისწინანდელი მოქალაქე იყო!

    სოსო მიქელაძე

    რა მოსწონთ შენს სიმღერებში?

    მოდი ჯერ გეტყვით რა მსმენია გულშემატკივრებისაგან ჩემს შესახებ. და მერე ჩემს აზრს წარმოგიდგენთ...

    გულშემატკივარი აღნიშნავს, რომ ჩემს სიმღერებში მოსწონს გულწრფელობა, ძლიერი ემოციური გახსნილობა, ხმის ტემბრი, გულშიჩამწვდომი ტექსტი, რომელიც მრავალჯერ აბრუნებს მსმენელს სიმღერასთან, მოსწონს დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები, შედარებები, იდეა, თემა...

    ახლა რაც შეეხება ჩემს აზრს.

    (დავიწყო თავის ქება).

    ვფიქრობ, მსმენელს ჩემს სიმღერებში მოსწონს ჩემი პიროვნება, რომელიც იმავდროულად ვლინდება ჩემს ყველანაირ შემოქმედებაში; ეს იქნება სიმღერა, პროზა, პოეზია და თუნდაც ქოუჩინგი (ვფიქრობ, ჩემი კონსულტაციები და ტრენინგებიც შემოქმედების ცალკე ნაწილია).

    ჩემთვის მსმენელი არის ბავშვი, რომელიც დედამ, საყვარელმა პაპამ ან ბებიამ ჩაიხუტა გულში და ძილის წინ, ან სახალისო ვითარებაში უკითხავს ძალიან-ძალიან საინტერესო ზღაპარს ან წიგნს, უკითხავს საოცრად გულშიჩამწვდომად და ტკბილად. და ამ უფროს ადამიანს სურს, რომ ბავშვი მის მოსმენაში იყოს სრულფასოვნად ბედნიერი, ხოლო ეს მონათხრობი, ეს ხმა პატარას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვეს.

    მოკლედ რომ ვთქვა, მსმენელს მოსწონს ჩემი სიფაქიზე მის მიმართ, მოსწონს ზრუნვა, მოსწონს ის მოგზაურობა, რომელშიც ერთად მივდივართ და ყველაფერს ერთად განვიცდით...

    ხშირად, მე თვითონ ვდგები „ბავშვი-მსმენელის“ პოზიციაში და მისი ყურით ვუსმენ ჩემს სიმღერებს, ვამოწმებ მათ ფასეულობას და ემოციურ ძალას.

    ქალაქი, სადაც დაიბადე და გაიზარდე - რამდენად ღირებულია შენთვის? არ გიფიქრია თბილისში გადასვლა? რატომ თელავი?

    ძალიან მიყვარს თელავი, დიდი მეფეების, არჩილისა და ერეკლეს, სატახტო ქალაქი. მიყვარს ჩემი თელავის ქალაქური სიმშვიდე, ტოლერანტობა, გაგება, სიღრმე, ცნობიერება, გახსნილობა, სტუმარ-მასპინძლობა, თანადგომა, აქ მცხოვრები ხალხის ნიჭიერება, საქალაქო არქიტექტურა, ლანდშაფტი, კავკასიონის საოცარი ხედები (სულ ვამბობ, რომ კავკასიონის დილის ცქერა - ჩემთვის თვით-იდენტიფიკაცის პროცედურაა).

    თბილისში ყოფნა აუცილებელია ჩემი კარიერული წინსვლისათვის, ეს მესმის და ვაცნობიერებ... და ეს შედის კიდეც ჩემს გეგმებაში... მაგრამ როდესაც თბილისში დავიწყებ ცხოვრებას, ვფიქრობ, სხვა ადამიანი გავხდები - გაცილებით უფრო მობილიზებული, შედეგზე ორიენტირებული, მიზანმიმართული, პრაგმატული, ცოტა უფრო ხისტი, რომელიც ყველაფერს შედარებით ადვილად აღწევს, საქმეების სიმრავლეს ვერ აუდის და წარმატებების მასშტაბიც შთამბეჭდავი აქვს...

    იცით, თელავი მაძლევს საშუალებას, რაღაც კუთხით უფრო ახლოს ვიყო ბუნებასთან, უბრალოებასთან, საკუთარ თავთან, წინაპრებთან, ფიქრებთან, წარსულთან, წარსულთან დამაკავშირებელ ჩვენს გლეხ-კაცთან, რომლისთვისაც დიდ-ქალაქურ რიტმს და დაუნდობელ წესებს არ წაურთვია ცაში ყურების და მიწის მოსმენის სიამოვნების აღქმის უნარი.

    მოკლედ, თელავი ჩემთვის პოეზიაა, თბილისი კი - ამ პოეზიის გასაჯაროება და დაგვირგვინება.

    სოსო მიქელაძე

    საინტერესოა რას საქმიანობდი, სანამ ფართო აუდიტორია გაგიცნობდა?

    ერთმანეთისაგან განსხვავებული საქმიანოებები და სამსახურები ცხოვრებაში ნამდვილად არ მაკლდა, მართლაც მრავალი რამ მიკეთებია...

    17 წლის ვიყავი, რომ მუსიკალურ სკოლაში კლასიკური გიტარის მასწავლებლად მიმიღეს 22 წლის ასაკში კერძო სასურსათო ჯიხურს ვამუშავებდი და ვამარაგებდი „ვაგზლიდან“ პროდუქტებით (არ დამავიწყდება ის პერიოდი, როდესაც დილით ადრე ვდგებოდი და ავტობუსით ჩამომქონდა საქონელი). მერე ვმუშაობდი სამგზავრო ტრანსპორტის კონტროლის სამსახურში, სატრანსპორტო კომპანიის გარაჟის უფროსად, სავაჭრო პალატაში ბიზნეს-კონსულტანტად, კოორდინატორად სხვადასხვა პროექტებში, თელავის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად. მთლიანობაში კი ბოლოს თავი ფსიქოლოგიური განვითარების პროექტებში ვიპოვე. 2006 წლიდან ათეულობით ერთი თუ მრავალდღიანი ტრენინგი მაქვს ჩატარებული მრავალ თემაზე - პიროვნული განვითარება, კომუნიკაცია, ლიდერობა, მარკეტინგი, პიარი, მენეჯემენტი, სტრატეგიული დაგეგმვა, არჩევნები და სხვა. ათასობით ადამიანს აქვს გავლილი ჩემი ტრენინგები; სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მეწარმეები, პრობაციონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და ა. შ.

    რამდენად ტრადიციული ხარ?

    ასაკთან ერთად სულ უფრო მეტად კონსერვატიული ვხდები. ალბათ, ეს ინსტინქტური რეაქციაა ქართული საზოგადოების ძირითადი ისტორიული მონაპოვრის განადგურების მიზანმიმართულ პროგრამაზე. დღეს მრავალი რამ ჩემში პროტესტს იწვევს - უფროსებისადმი პატივისცემის მოშლა, ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელოვანი დასუსტება, ეროვნული ფასეულობების თანდათანობითი ნიველირება, ღირსეული და ძლიერი მამაკაცების მიზანმიმართული ამოხშირვა, დემოკრატიის სახელით საქართველოს მიმართ ეთნიკური ექსპანსია, არატრადიციული ურთიერთობებისაგან ლამის ჭეშმარიტების შექმნა და მრავალი რამ, რაც არა უბრალოდ მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ, არამედ გვართმევს ყურადღების დიდ ნაწილს, რეალობას და შემდეგ კი - მომავალს. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყველა ეპოქა თავისებურად საინტერესო, საამაყო და იმავდროულად ტრაგიკულია... თუმცა დღევანდელი დროება, ჩემი აზრით, ყველას აჭარბებს თავისი ტრაგიზმით. ბოლო 30 წელიწადში არასოდეს მინახავს ქართველი ერი ასე დაცემული, ნებაწართმეული, ეგოისტური ცნობიერებით შეპყრობილი, თითქოს და დოვლათში და კეთილდღეობაში მცხოვრები და ამასთანავე ასეთი უსუსური და უხერხემლო!და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ჩვენი რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამოვრჩებით - რესურსებით, დიასპორებით, საერთაშორისო ლობისტური ძალებით, იდეოლოგიური მუხტით, შეკრულობით, პოლიტიკური შემართებით, იმედით, პროგრამებით და ეროვნული თვით-შეგნებით...

    ფაქტიურად, ტრადიციებიდან სადღაც გაურკვევლობაში მივდივართ და სანაცვლოდ ხელთ გვრჩება დემოკრატიის ეფემერული ზღაპარი, რომლისაც რეალობაში არავის სჯერა, განსაცდელის პირობებში კი ამ ზღაპრის ასრულება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

    ჩვენ დავთმეთ ერთი იდეოლოგია და დავრჩით იდეოლოგიის გარეშე ღრმა სულიერ-ზნეობრივ კრიზისსა და განხიბვლაში...

    სოსო მიქელაძე

    ქართულ შოუები ბოლო დროს მხოლოდ სკანდალებზე მუშაობენ, როგორ ფიქრობ?რატომ არ იწვევენ ნიჭიერ მომღერლებს, რომელთაც საკუთარი სიმღერის სატელევიზიო პრემიერა გადაცემაში უჭირს?

    წამყვანი ქართული ტელევიზიები დიდი ხანია „ზომბო-ყუთის“ პრინციპებზე გადავიდნენ. ინტენსიურად მიმდინარეობს ხალხის ჯერ კიდევ დაუზომბებელი და დაუვირისებელი ცნობიერების ნაწილის დამუშავება მძაფრად-უარყოფითი მესიჯებით და თემატიკით. ტვ დიდი ხანია გასცდა გართობის, ხალისის და პოზიტივის ფორმატს და გადავიდა ნეგატივის მიზანმიმართულ ტირაჟირებაზე.

    თანამედროვე ქართული ტვ-შოუ საკუთარ მაყურებელს ძირითადად ზიზღის, ბოღმის, ამაზრზენობის, მიუღებლობის, წმიდათაწმიდაზე თავდასხმის, გაკიცხვის, შიშის და სიძულვილის ემოციების მიზანმიმართული გაღვივევებით იჭერს და იმორჩილებს. ამ ტვ-ეებმა უკვე კარგა ხანია დაკარგეს მცირე ასაკის აუდიტორია. შესაბამისად, ისინი ფოკუსირებულები არიან სწორედ იმ პუბლიკაზე, რომელიც 25-30 წლის ასაკს გასცდა და, სამწუხაროდ, ნაწვნევი აქვს ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი მრავალი იმედგაცრუება, ტრავმა, ტკივილი, ტრადიციული ნეპოტიზმი და სოციალური უპერსპექტივობა.

    რაც შეეხება ნიჭიერი მომღერლების არ-მიწვევას, აქაც რამდენიმე ფაქტორია... მაგალითად, ზოგიერთი კარგი მომღერალი სხვადასხვა მიზეზის გამო (არ უღირს ფინანსურად, ვერ ხედავს რეალურ პერსპექტივას კონცერტების არარსებობის გამო და ა. შ.), აღარ სცდება რესტორნის ჩარჩოებს, არ ეძებს და არ იწერს რაიმე გამორჩეულ, მსმენელისათვის მიმზიდველ სიმღერას/მასალას პროფესიულ სტუდიაში, აღარ იბრძვის ამ სიმღერის მასშტაბური პრეზენტაციისათვის.

    ასეთ რამესაც ვარ დაკვირვებული...

    ცნობილია, რომ საქართველოში არც თუ ისე ცოტაა ნიჭიერი შემსრულებელი და მუსიკოსი. ყველას ვიღაც „ჰყავს“, უმრავლესობას გააჩნია პირადი კავშირები მედიის სამყაროში. პრესტიჟული ტვ-შოუების საეთერო დრო კი ამასობაში - საკმაოდ მცირე და შეზღუდულია. ეს იწვევს იმას, რომ კულისებს მიღმა მიმდინარეობს უამრავი ძალის, ინტერესის, მოთხოვნის და შემოქმედებითი განვითარების პროგრამების დიდი ჯახი. ამას დაუმატეთ ტვ-ეების თანდათანობითი შესუსტება და გავლენის დაკარგვა მაყურებელზე. შესაბამისად, ტვ-ს ინტერესი და ამოცანა მუსიკალური შემსრულებლის მოწვევისას, აღარ არის ამ მუსიკოსის პოპულარიზაცია, ან მსმენელის გახარება. ტელევიზიისათვის ყველაზე პრიორიტეტული ძირითადად გადაცემის რეიტინგის ზრდა და მაყურებლის ტვ-კაუჭზე მყარად წამოცმა ხდება, რაც ყველაზე ეფექტურად სწორედ სკანდალით და ნეგატივის ტრანსლირებით ხორციელდება. ტვ-შოუ უმეტეს შემთხვევაში იწვევს ისეთ მომღერალს, რომელიც ყველაზე მეტად გააღვივებს რეიტინგისმომტან, თუნდაც მძაფრ და ამაზრზენ ემოციებს.

    რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი და რატომ?

    ვიცხოვრებდი აშშ-ში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე თუნდაც იმის გამო, რომ ამ საბუთებით შემდეგ უკვე თითქმის ყველგან შეგიძლია განუსაზღვრელი ვადით ცხოვრება და გადაადგილება, ანუ გადალახული გაქვს დღევანდელი ე. წ. განვითარებადი ქვეყნის მოქალაქის სინდრომი, თავისებური „სახელმწიფო საპასპორტო მონობა“. ამას დაუმატეთ, აშშ-ს მოქალაქის შედარებით მაღალი დაცულობა და პიროვნული რეალიზების გაცილებით მაღალი შესაძლებლობები.

    ქართველ მსმენელს როგორ შეაფასებ?

    ჯერ კრიტერიუმი უნდა მითხრათ - რითაც შევაფასო!

    ერთი ვიცი, რომ ჩვენს მსმენელს საოცრად ენატრება პოზიტივი - სითბო, სიკეთე, სილამაზე, იმედი, ზრუნვა... ახალგაზრდებს ენატრებათ შემსრულებელი, რომელიც საკუთარი შემოქმედებით მისცემს მათ მოტივაციას, ძალას, მიმართულებას, სიმართლის განცდას, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს...

    დანარჩენში კი ქართველი მსმენელი, ზუსტად ისეთია, როგორც ჩვენი ისტორია და საზოგადოება - ტკივილიანი, ერთგული, თავგანწირული, კეთილშობილი, კეთილი, ხან ღალატიანი, ხან ბოღმიანი, ხან უყურადღებო, ხან უსულგულო, თუმცა მთლიანობაში მაინც ძალზედ ადამიანური...

    სოსო მიქელაძე

    როგორ ფიქრობ პოპულარული ადამიანი საზოგადოების მიმართ უყურადღებო ხდება? რატომ?

    თუ ცნობად ადამიანს პოპულარობა შრომით და მრავალი ექსპერიმენტით აქვს მიღწეული, რა თქმა უნდა, ასეთი პიროვნება წესისამებრ გაუფრთხილდება მათ, ვის მხრებზეც დგას მისი პოპულარობა. ის კი, ვისი ცნობადობაც შექმნილია მედია-საშუალებების და კონკრეტული ჯგუფების მიერ - ხშირად უფრო მეტად ხდება დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე. დიახ, რაღაც ეტაპზე ასეთი ადამიანი შეიძლება „ხალხის აზრი მკიდია“-ს როლს თამაშობდეს, მაგრამ ბოლო ჯამში ესეც იგივე მძაფრი დამოკიდებულებაა იმ საზოგადოებრივ აზრზე.

    რა არის საჭირო იმისათვის, რომ მომღერალმა საქართველოში თავისი ადგილი დაიმკვიდროს?

    როგორც ჩანს თქვენ იმ შემსრულებლებზე არ მეკითხებით, რომლებსაც გამოაცხობს ხოლმე, მაგალითად, რომელიმე მედია-შოუ, ვარსკვლავად მონათლავს, შემდეგ ეს მომღერალი 2 წელიწადში ერთხელ თითო სიმღერას გამოუშვებს და დანარჩენი დრო სადღაც იქნება გამქრალი, ან სხვადასახვა ტვ-გადაცემებს მოივლის და გააკეთებს ისტორიული მნიშვნელობის განცხადებებს, ან მისცემს საუკუნის ინტერვიუებს...

    თუ ვამბობთ ისეთ მომღერლად ყოფნაზე, რომელსაც აქტიურად და წლების განმავლობაში სტაბილურად უსმენენ მოსახლეობის დიდი თუ მცირე ჯგუფები - ეს უკვე სერიოზული შრომაა.

    საჭიროა:

    • შემოქმედების მუსიკალურ-თვისობრივი პოზიციონირება;
    • სასიმღერო თემატიკის შემოხაზვა;
    • რეპერტუარის შექმნა და გავრცობა;
    • თემატური ტონალობის გამოკვეთა (პოზიტიური, ნეგატიური, პროტესტული, ეროვნული, სამოქალაქო, მაამებლური, გამოსათაყვანებელი და ა. შ.);
    • ვოკალის თავისებურებების და ძლიერი მხარეების გამოკვეთა და მათზე აქცენტირება;
    • საკუთარი შემოქმედების საზოგადოებამდე მიტანის პრაქტიკული ცოდნა (მარკეტინგი).
    თუ შემსრულებელს თავად არ გააჩნია ყველა ეს უნარ-ჩვევა, მაშინ აუცილებელი ხდება პროფესიონალების გუნდის მხარდაჭერა, რომელიც იმუშავებს ამ გამოწვევებზე.თანაც ეს მხოლოდ ტექნიკური მხარეებია.

    ამის იქით საჭიროა აქტიური მედია-ცხოვრების წარმართვა: რეგულარული ვიზიტები ცენტრალური არხების შოუებში, პოპულარულ პროექტებში მონაწილეობა, სტუმრობა ცნობად ადამიანებთან, გამოჩენა მაღალრეიტინგულ „ტუსოვკებში“, სკანდალები, საკონცერტო გამოსვლები და სხვა.

    ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შემსრულებელს იცნობდნენ, უყვარდეთ და აღიარებდნენ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოჩამთვლილი პირდაპირ საფუძვლად უდევს ფინანსების მოზიდვას, მაგრამ ამ პრობლემას ბოლომდე ვერ წყვეტს. მომღერლისათვის ესოდენ აუცილებელი ფინანსური მხარის უზრუნველყოფას კიდევ უამრავი სხვა რამეც სჭირდება.

    სამომავლოდ რას გეგმავ?

    შემოდგომიდან ვუბრუნდები ფსიქოლოგიურ ქოუჩინგს, პირადი კონსულტაციების და ტრენინგების პროექტებს.

    რასაკვირველია, პარალელურად განვაგრძობ ახალი სიმღერების გამოშვებას.

    სურვილი მაქვს ვითანამშრომლო უცხოელ მუსიკოსებთანაც და საზღვარგარეთ ვიმოგზაურო.

    ავტორი:გურამი არუთინაშვილი

    0
    50
    1-ს მოსწონს
    ავტორი:გურამი არუთინაშვილი
    გურამი არუთინაშვილი
    50
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0