x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სიახლე ქართულ ფეხბურთში

სიახლე

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!

მე გახლავთ იმედა შერიფაძე ქალაქ ბათუმიდან. დღეს ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის სიახლეებზე.

ძვირფასო მკითხველებო მინდა დავიწყო ფრიად სამწუხარო ინფორმაციით, რომელიც ს. კ. ქუთაისის ტორპედოში არსებობს.

ტორპედოს დაშლა იწყება - გუნდს პირველი ფეხბურთელი ტოვებს



"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ "ტორპედო" შემდეგ მატჩამდე დაიშალოს.

მიზეზი კი ყველასთვის ცნობილია - ქუთაისელებს უკვე მესამე თვეა ხელფასები არ ჩარიცხვიათ და ამ პრობლემის მოგვარებას არაფერი მოასწავლის.

საინტერესოა, სად წავლენ ის ტოპ ფეხბურთელები, რომლებიც "ტორპედოს" დაშლის შემთხვევაში დატოვებენ.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ თუ "ტორპედო" დაიშლება, ამ გუნდის მცველი მამუკა კობახიძე კარიერას "დინამო ბათუმში" გააგრძელებს.

ცნობისთვის, კობახიძეს გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ისედაც ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, კობახიძის გარდა, "დინამო ბათუმში" "ტორპედოს" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავა.


"საბურთალო" მზადაა, მძიმე ვითარებაში მყოფ "ტორპედოს" დახმარების ხელი გაუწოდოს!


როგორც იცით, ქუთასის "ტორპედო" ფინანსური პრობლემების გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და "საბურთალომ" მისი დახმარების საშური სურვილი გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჩემპიონმა განცხადება გაავრცელა.


"გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქუთაისის "ტორპედოს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უპირველესად, გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემასა და თანადგომას კლუბისა და მისი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე. "ტორპედოს" მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამ ისტორიას სათანადო გაგრძელება სჭირდება.


კლუბის ბოლოდროინდელმა წარმატებამ ფეხბურთის ქომაგებს ჩაუსახა იმედი და რაც მთავარია, საგრძნობლად გაზარდა კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში.


ს.კ. "საბურთალო" ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამართლიანი თამაშის წესებს. ასევე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას კლუბებს შორის. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნაცვლად "ტორპედოს" შესუსტებისა, ყველა კლუბმა უნდა ვიზრუნოთ ძლიერი "ტორპედოს" შესანარჩუნებლად, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინსვლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში კლუბს მოუწევს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ევროპულ სარბიელზე.


"საბურთალო" მზაობას გამოთქვამს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და კლუბებთან ერთად იმსჯელოს და გამონახოს საშუალება "ტორპედოს" დასახმარებლად", - ნათქვამია განცხადებაში.


იმედია, გუნდს შევინარჩუნებთ და ამ ქალაქისთვის თამაშს ისევ გავაგრძელებ

ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშეებს 3 თვეა ხელფასი არ აუღიათ. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმერულ კლუბს ფეხბურთელები ტოვებენ.


15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დაადასტურა, რომ კლუბში რეორგანიზაცია გარდაუვალია.


ქუთაისელთა კაპიტანმა და მეკარემ, როინ კვასხვაძემ Mega TV-სთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ "ტორპედო" არსებული შემადგენლობის შენარჩუნებას მოახერხებს.


"რთულია, როდესაც ასეთი პრობლემების წინაშე დგება გუნდი, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ ჯერ ბოლომდე არაფერია გადაწყვეტილი.


მიდის საუბრები და იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება. ამიტომ აღვნიშნე კიდეც, რომ ჩვენ ერთი გუნდი და ოჯახი ვართ. ამიტომ არ არსებობს, რომ თუ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ამ პრობლემას ერთი კაცი მაინც გამოაკლდეს.


ყოველთვის ხდება ხოლმე, რომ ყველანი ერთ აზრზე მივდივართ, ერთმანეთს ვუსმენთ, ვაანალიზებთ, რა პრობლემაა, მაგრამ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს მხოლოდ ჩვენი სახელი არაა, ეს ქუთაისის სახელია, გულშემატკივარიც ჩვენ გვერდით დგას და მათ მხრებზე გადადის ყველაფერი.


აუცილებლად გავაგრძელებთ სეზონის წინ დასახული მიზნებისთვის ბრძოლას - ეს არის ჩემპიონობა, თასის მოგება და ყველა ქართული კლუბის საოცნებო მიზანი - ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრა.


იმედია, გუნდს შევინარჩუნებთ და ამ ქალაქისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, თამაშს ისევ გავაგრძელებ", - განაცხადა როინ კვასხვაძემ.


"ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება" - ზაალ ჩაჩავა კლუბში რეორგანიზაციას ადასტურებს

ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი რომ არის, ამას უკვე აღარავინ მალავს. ეს კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ და მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმაც დაადასტურეს.


ქუთაისელთა Facebook-გვერდი კლუბის პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს:


"პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ "ტორპედო" ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს.


რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ, ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის რეორგანიზაცია.


ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, "ტორპედოს" ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს.


წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია.


პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.



მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ, შევინარჩუნო “ტორპედოს” ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი.



"ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.


დაბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემ მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ." განაცხად კლუბის პრეზიდენტმა კლუბის Facebook გვერდზე.


"ტორპედო" ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 23 ქულით მესამე პოზიციაზეა და 20 მაისს "რუსთავს" უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა უცნობია, ამ დროისთვის ფეხბურთელების რა ნაწილი იქნება დარჩენილი ქუთაისურ კლუბში.


თბილისის "დინამოს" მეკარის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და საოპერაციოა


15 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "ლოკომოტივთან" მატჩის (1:3) 24-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო თბილისის "დინამოს" მეკარემ, სტეფან სიკაჩმა. მას ფეხი გადაუბრუნდა, წაიქცა და მეტოქემ ცარიელ კარში გოლი გაიტანა.


"დინამოს" საიტი იუწყება, რომ სიკაჩმა წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა და ახლო მომავალში ოპერაციას გაიკეთებს.


ამ სეზონში 30 წლის სიკაჩმა საქართველოს ჩემპიონატის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


ის "დინამოში" 2018 წელს ფოთის "კოლხეთიდან" გადავიდა.


გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" ლიდერ "მალმიოს" დაუზავდა

გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" შვედეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში ლიდერ "მალმიოსთან" ფრედ, 0:0 ითამაშა და 6-მატჩიან წაუგებელ სერიას აგრძელებს.


ქართველმა ფეხბურთელმა სრული მატჩი ჩაატარა და 83-ე წუთზე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.



9 ტურის შემდეგ "გეტებორგი" 17 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.


მიმდინარე სეზონში ხარაიშვილის ანგარიშზე 3 გატანილი გოლია.


თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინა.

ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.


თემურ ქეცბაიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ აღნიშნულ კლუბში დაასრულა, 2004-09 წლებში კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა.


სწორედ მის სახელს უკავშირდება კვიპროსული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატება - 2008-09 წლების სეზონში "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.


ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, კლუბმა ორჯერ მოიპოვა კვიპროსის ჩემპიონობა, თასსა და სუპერთასს კი თითო-თითოჯერ დაეუფლა.


თემურ ქეცბაიას ბოლო კლუბი რუსული "ორენბურგი" იყო, რომელიც 2017 წელს დატოვა.


ის 2009-14 წლებში ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო


პატივისცემით იმედა შერიფაძე

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:იმედა შერიფაძე
იმედა შერიფაძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0