x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ხულოს სამხატვრო გალერეის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება - "ხალხმა უკეთ იცის სიმართლე" - ანზორ ბოლქვაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს პარლამენტის წევრს ანზორ ბოლქვაძეს შორის მწვავე დაპირისპირება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 12 მაისს, მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრისას ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე ანზორ ბოლქვაძეზე ასეთი რამ განაცხადა: "ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, არაფერი სასაცილო ხულოში არ არის თავისთავად, საერთაშორისო მასშტაბით ხალხი ჰყავთ, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან? იმ შუაშია, რომ ბოლქვაძის ცოლს უნდა დასაქმება", სააკაშვილის ინფორმაციით ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს ანზორ ბოლქვაძეს საკუთარი მეუღლე ხულოს სამხატვრო გალერეის სსიპ-ის თანამშრომლად ჰყავს გაფორმებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებას პარლამენტის მოქმედი წევრი საკუთარი სოციალური გვერდის საშუალებით გამოეხმაურა:


"2002 წელს, როდესაც მე ვეწეოდი სამეწარმეო საქმიანობას, აჭარის ა.რ. კულტურის მინისტრი იყო ბატონი თეიმურაზ კომახიძე, ჩემი უფროსი მეგობარი, ინდუსტრიულ ტექნიკუმში ჩემი სწავლების პერიოდში ის აღნიშნული ტექნიკუმის დირექტორი გახლდათ.ბატონი თეიმურაზისა და ჩემი ერთობლივი გადაწყვეტილებით შევიძინეთ კომუნისტების დროინდელი, უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი რესტორნის ფართი 500 კვ.მ. პირადად ჩემი და თეიმურაზ კომახიძის მიერ გაღებული სახსრებით მოხდა მისი რესტავრაცია და გაიხსნა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული .“ხულოს სამხატვრო გალერეა“, რომლის დირექტორად დაინიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დამსახურებული მხატვარი სიმონ ართმელაძე. სამხატვრო გალერეის გახსნისთანავე იქვე განთავსდა სამხატვრო სკოლა, სადაც პირველად სამი მოსწავლე სწავლობდა, დღეისათვის კი 70 მოსწავლე ეუფლება მხატვრობის საწყისებს. ამ სკოლის აღზრდილები დღეისათვის ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან. ხულოს გალერეაში, ერთ სივრცეშია წარმოდგენილი აჭარისწყლის ხეობის სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა მიმდინარეობა, იქ, მისულ დამთვალიერებელს ექმნება სრულფასოვანი შთაბეჭდილება თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე.


გალერეის შენობა მუსაობს სრული დატვირთვით, ეწყობა გამოფენები, იმართება ღონისძიებები, მიდის უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი. იწერება შთაბეჭდილებები... ეს სივრცე წარმოაჩენს ჩვენი ხალხის შემოქმედებასა და ყოფით კულტურას. დასაქმებულია 4 თუ 5 თანამშრომელი, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ჩემი მეუღლე რომელიც ხელფასის სახით ღებულობს მინიმალურ ანაზღაურებას -260 ლარს.


ხულოს სამხატვრო გალერეის გარდა იმ პერიოდში ბატონი თეიმურაზ კომახიძისა და პირადად ჩემი ინიციატივით და მონაწილეობით რესტავრაცია ჩაუტარდა სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სასახლეს, რომელიც გადაკეთდა სახლ-მუზეუმად, ნიგაზეულში - სელიმის მუზეუს და თხილვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. კეთილმოეწყო და ექსპონატებით გამდიდრდა ხულოს ეთნოგრაფიული მუზეუმი. ნიგაზეულში კეთილმოეწყო სელიმ ხიმშიაშვილის სასაფლაო, ბაკოში, სერიყანაში თავკვეთის ადგილზე გაკეთდა მემორიალი, გავიყვანეთ ხიხანის ციხეზე ასასვლელი 1350 მ. სიგრძის ბილიკი რომელიც, დღესაც მოქმედებს და ციხეზე ერთადერთი ასასვლელია. სწორედ იმ დროს აშენდა ხიხაძირის კულტურის სახლის შენობა. ჩამოთვლილი ძეგლები დღეს ტურისტების ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ყველაფერში ჩვენთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ჩემი ხალხი, შრომისმოყვარე და ალალ-მართალი ხულოელი მოსახლეობა, რომელთა შრომითა და ოფლით არის მოპოვებული ეს ყოველივე, ამიტომაც მათ უკეთ იციან სიმართლე და არიან სიტუაციის ყველაზე კარგი შემფასებლები" - წერს საკუთარ გვერდზე ანზორ ბოლქვაძე.



0
170
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
170