x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
“გვიყვარხარ თამარ !!! მხოლოდ, ნება მოგვეცი, დედაეკლესია და სამშობლო ...

image


თამარ ჭოხონელიძის განცხადებების გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. რამდენიმე დღის წინ, პირდაპირი ეთერის საშუალებით, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომღერლის განცხადებას ახლა უკვე, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი ეხმაურება და სოციალური ქსელის მეშვეობით თამარ ჭოხონელიძეს მიმართავს.


"ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს, ეს ყველა ჩვენგანის ვალია და მადლობა უფალს, თუ შეგვაძლებინებს. უფალს მადლობა თქო, რადგან მის გარეშე ჩვენს სამშობლოს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ…


ადამიანის ცხოვრებაში მუდამ დგება გადამწყვეტი წამი, როდესაც თავდადება და ერთგულება ყველაზე მეტად სჭირდება. მარტყოფისა და მარაბდის ომების გმირი იყო ზურაბ არაგვის ერისთავი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, იმდენად შეუპოვარი და კარგი მეომარი, დაჭრილმაც კი არ მიატოვა ბრძოლის ველი, სიკვდილის წრეში იტრიალა თავგანწირვით და ერთგულად ემსახურა მამულს, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში, ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის დროს და მის შემდგომაც, ლამის თავი მოჰკვეთა ქვეყანას, განუდგა, უღალატა და იმ განდგომამ ბევრი სისხლი ადინა ჩვენს სამშობლოს. ქართველმა ერმა კი არ აპატია ეს ჩავარდნა…


პატრიარქის სიყვარული სწორედ მისი კურთხევის აღსრულებაშია ბოლო ამოსუნთქვამდე და არა მისი პოზიციის აწონ–დაწონვაში, აქ არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლო, რამეთუ ერს, რომელსაც უფალმა მოჰმადლა ასეთი სულიერი მოძღვართმოძღვარი, ვალდებულია დაუფასოს ზეციერს მადლი და ბოლომდე უერთგულოს…


17 მაისს ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, ჩვენ ამ გზით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს მოძალადე, გარყვნილი ხალხისგან, რომლებიც ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე უზნეობას ამკვიდრებენ და სიბილწეს თესავენ. ასეთ დროს, ყველა ერთად უნდა იდგეს – მომღერალიც და მეეზოვეც, პრეზიდენტიც და მიწის მუშაც, მღვდელიც და მრევლიც – სხვანაირად გადაგვთელავენ…


ღმერთმა დაგვიფაროს, ზიზღის ენით გელაპარაკებოდეთ, პირიქით, გვიყვარხარ თამარ !!!
მხოლოდ, ნება მოგვეცი, დედაეკლესია და სამშობლო უფრო მეტად გვიყვარდეს !!!
იმღერებ თუ არ იმღერებ, მაგით არაფერი აღარ იცვლება…
შენ გული გატკინა ხალხის რეაქციამ და გულწრფელად მებრალები, რადგან საამისოდ არ მემეტები…
იქნებ იმაზეც იფიქრო, რომ ქართველ ერსაც ეტკინა, როცა შეიტყო, რომ თამრიკო ჭოხონელიძე ვერ იქნებოდა მის გვერდით იმ ბრძოლაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე აკეთებს ერი…


დადექი, სადაც აქამდე იდექი ერთგულად, სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ ერთი ნაბიჯია, ქართველი ერი კი უსაშველოდ მიმტევებელი და მოსიყვარულე…
ერთ წამში შეუძლია ყველაფრის პატიება, თუ სამშობლოსთვის თავს გაიმეტებს ქართველი…

გულწრფელი სიყვარულით – ზვიად სეხნიაშვილი".



0
193
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
193