x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90136
  • ვიდეო:340051
  • სურათი:452464
დედოფლისწყაროში კირქვის კარიერში ძვ.წ IV-III საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს

image


დედოფლისწყაროს კირქვის კარიერში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება. საწარმოო სამუშაოს მიმდინარეობისას, ქვიშის მოპოვების დროს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ დედოფლისწყაროს საწარმოს თანამშრომლებმა უძველეს სამარხებს მიაკვლიეს. ადგილის შესწავლამდე კომპანიამ სამუშაო პროცესი შეაჩერა.


დედოფლისწყაროში, კირქვის საბადოზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგი, აკადემიკოსი, ისტორიის დოქტორი მერაბ ძნელაძე უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.


როგორც არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ამბობს, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნის ფარნავაზის ეპოქის სამარხებთან, რომელთა შესწავლა ჯერ არ დაწყებულა.


image„ველოდებით ნებართვებს და როგორც კი პროცედურული სამუშაოები დასრულდება, თბილისიდან ჯგუფი ჩამოვა და შევუდგებით მუშაობას. უკვე შევხვდით დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგმთა დაცვის ცენტრის დირექტორს, ილია მარტყოფლიშვილს, რომელსაც წერილობითი თანხმობა ვთხოვეთ, სამომავლოდ აღმოჩენილი ნივთების დაცვის საქმეში. შევთანხმდით, რომ ჩვენს მიერ აღმოჩენილი ნივთები დედოფლისწყაროში დარჩება და მუზეუმში იქნება დაცული. ასევე შევხვდით დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს, “ - აღნიშნავს არქეოლოგი მერაბ ძნელაძე.


„ბატონმა მერაბმა ფონდები, საგამოფენო სივრცე და ჩვენი ექსპონატები დაათვალიერა და აღფრთოვანებული დარჩა. მისი შეფასებით, დედოფლისწყაროში ძალიან ღირებული უძველესი ნივთებია დაცული. ძალიან მოეწონა საბრძოლო მუზარადი, საბეჭდი მანქანები, რომლებიც 5-6 სხვადასხვა სახეობის გვაქვს და ამდენი არცერთ მუზეუმში არ არის დაცული. სხვადასხვა რეკომენდაციები მოგვცა და როგორც კი კირქვის საბადოზე გათხრებს დაიწყებენ, ჩვენი ერთი თანამშრომელი აუცილებლად დაესწრება პროცესს, “ - ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი ლალი გურასპაული.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ „ჰაიდელბერგეცემნტი“ იღებს ვალდებულებას, არქეოლოგიური გათხრების დაფინანსება საკუთარ თავზე აიღოს.


„არქეოლოგიური გათხრების დაწყებას ხელს არაფერი უშლის, რადგან ძირითადი პრობლემა, გათხრების დაფინანსება „ჰაიდელბერგცემენტმა“ უკვე საკუთარ თავზე აიღო. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ ჯგუფთან და ხელს შევუწყობთ, რომ ახლადაღმოჩენილი სამაროვნების გათხრები დროულად და ეფექტურად წარიმართოს. მნიშვნელოვანია ამ ზონის შესწავლა და თავის მხრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს და შემდგომში დაიცვას სამარხების გახსნის შედეგად ამოსული ნივთები. ბატონი კიაზო ფიცხელაურის გარდა, ყველა არქეოლოგი აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს მუნიციპალიტეტთან და მათ მიერ აღმოჩენილი ნივთები უკლებლივ ადგილზე რჩება და ჩვენ ვპატრონობთ, “ - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი.


არქეოლოგთა ჯგუფი ადგილის შესწავლას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს.

0
693
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
693
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0