x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90163
  • ვიდეო:340071
  • სურათი:452466
ნუთუ პავლე მოციქულზე აღმატებული ქრისტიანები ვართ? - გია მურღულია

image

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:


წილხვდომილობა რაიმე წინასწარ უპირატესობას ნიშნავს? გამოხატავს ეს რამენაირად იმას, რომ ღვთისმშობელი ჩვენ მეტად დაგვიცავს, ვიდრე სხვას? ნუთუ პრობლემურ ვითარებაში ქართველები მშვიდობითა და უსაფრთხოებით უფრო მეტად უზრუნველყოფილნი იქნებიან, ვიდრე ისინი, რომელთაც წილხვდომილობის მადლი არ ეღირსათ? თუ ამის გვწამს, როგორი ქრისტიანები ვყოფილვართ მაშინ? - განა პავლე მოციქული არ ამბობს იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ იესო ქრისტეში?

ქრისტიანობა არ სცნობს აპრიორი რაიმე სახის განსხვავებულობას ქრისტიანთა შორის - ასეთი იერარქია და "მე შენზე წინასწარ მეტი ვარ" არ არსებობს. ნუთუ პავლე მოციქულზე აღმატებული ქრისტიანები ვართ?

ამგვარი დამოკიდებულება და რწმენა ჭეშმარიტების სიყვარულს გამორიცხავს და სულს მატერიას უთანაბრებს, რაც ანტილოგიკური და ანტირელიგიურია. ნამდვილ ქრისტიანებს არ სჭირდებათ ღმერთის კეთილგანწყობის მუდმივი დასტური (როგორც გაუქარწყლებელი მოცემულობა, რომელიც ნათურის სიცხადით ანთია), "არანამდვილი ქრისტიანები" კი ღვთის წინაშე არც არსებობენ. ქრისტიანობა, ცოდნაზე უწინარეს, რწმენაა. სადაც რწმენას მხოლოდ ცოდნის დასტური ანაცვლებს იქ რელიგია აღარ არსებობს.

როდესაც პარლამენტი საკუთარ თავზე იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დეკლარირებული კომპეტენციის მიღმა მოქმედებს და ჭეშმარიტების მღაღადებლის ფუნქციას ითავსებს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინც ხმა მისცა წილხვდომილობის აღნიშვნას, თუნდაც მიზერული წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე. არც ერთ სხვა შემთხვევაში მსგავსი ცოდნა აქამდე არც ერთ მათგანს არ გამოუმჟღავნებია. ძალიან უცნაურია, რომ პარლამენტი დადასტურებულად აცხადებს იმას, რაც მხოლოდ სულიერი აღქმისა და განცდის სფეროს შეიძლება წარმოადგენდეს.

შეიძლება ვინმემ ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლოს, რომ არსებობს ბიბლიის სიმართლე, ეკლესიის გადმოცემები და ტრადიცია და რომ ჩვენ ასევე ვდღესასწაულობთ შობას, აღდგომას, ბზობას, ფერისცვალებას ან ამაღლებას (რაც, ასევე სულიერ სფეროს მიეკუთვნება და სახელმწიფოს კი დღესასწაულებად აქვს გამოცხადებული), მაგრამ აქ მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია - ყველა დასახელებული დღესასწაული ბიბლიურ ფაქტს აღნიშნავს (რომლებიც ერთნაირად მნიშვნელობს ყველასთვის) და არაფრით ადასტურებს რომელიმე ერთი ერის განჩინებულ გამორჩეულობასა და წინასწარ უპირატესობას სხვათა მიმართ.

მე თავს ქრისტიანად მივიჩნევ და ჩემთვის ეს რელიგია წმინდა და ძვირფასია, მაგრამ არა მგონია, ქართველები იმას უნდა ვდღესასწაულობდეთ, რომ სხვათაგან გამორჩეულნი და მათზე უკეთესნი ვართ. კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის და ვინც ჯერ კიდევ არ იცის, გვარიანი ჩამორჩენილია.

ჩვენს რელიგიურობასა და რწმენას დამატებითი არგუმენტები არ სჭირდება.

ეს მითუმეტეს ზედმეტია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

რას ვეტყვით ქართველები ერთმანეთს ამ დღეს?

ნუთუ ამას:

გილოცავთ, რომ სხვებს ვჯობივართ!

ქრისტიანს უნდა სწამდეს, რომ ღვთისმშობელი განურჩევლად ყველას მფარველია - თანაბრად და სამუდამოდ.image

1
341
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
341
  
0 1 1