x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ჩემო საბრალო მეგობარო, გაკვეთილი რომ მხოლოდენ გეგმა გგონია… (მასწავლებლის ბლოგი)
დაწყებითი კლასის მასწავლებელი ქეთი ბახტაძე

ჩემი სკოლაში ფეხის შედგმის დღიდან ვიცოდი, რა შესანიშნავი ბავშვების მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი.



image


თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შესანიშნავი ეს ის სიტყვა არაა… და რომ ახლოსაც არ დგას იმ სიტყვებთან ჩემს ბაშვებზე ფიქრისას და საუბრისას რომ იბადებიან…





არ ვიცი, რა ქვია ამის აღმწერ სიტყვას, სამყაროში ყველაფერს რომ უანგარო, უპირობო სიყვარულის პრიზმიდან უწყებ ყურებას…'



სერიოზულად ვფიქრობ, თუ რომელიმე ქაღალდის კაცი მასწავლებლის პორტფოლიოს მომთხოვს, წარვუდგინო ორი ასეული ნახატი, რომელზეც ავად თუ კარგად მე ვარ გამოსახული. თუ თვალს გადაავლებთ უძველესიდან უახლესისკენ, შეამჩნევთ, როგორ იმატებს ჩემი თმის სიგრძე, იცვლება ჩაცმის სტილი, როდის გავხდი გრიპის ვირუსის მსხვერპლი (ამ სერიის ნახატებზე დემეტრემ პირბადით გამომსახა)…



ასევე პატივცემულ თეორეტიკოსს, რომელსაც გაკვეთილი მხოლოდენ გეგმა ჰგონია, ვაჩვენებ სესილის სახოტბო ოდებს, რომლებიც მაღალი გემოვნებით და რიტმის სრული დაცვითაა შესრულებული.



წავაკითხებ ანასტასიას “ვითომ მოთხრობის გაგრძელებებს”, სადაც აუცილებლად მიხვდებით სად მთავრდება ავტორი, რომელიც მესამე კლასელებისთვის წერს, და სად იწყება რვა წლის გოგონა, რომელიც ზოგადად ადამიანებისთვის წერს…



მოვუყვები, როგორ ვღელავ, როცა ნინო ბალეტს ცეკვავს, სესილი კი ტანვარჯიშის ახალ ილეთს გვაჩვენებს;

გამოვტყდები, რომ აჩრდილივით ვაკვირდები, რა ჟინით წერენ ნია და თეკლა თავიანთ ბავშვურ საიდუმლოებებს ფერად წიგნაკებში;



მინდა ნახოს, რა ბედნიერი იყო მარიამი სამსახიობო წრეზე რომ მიიღეს და ჩემთან ერთად იცინოს ეკუნას შეყრილ კოპებზე, დიდი ქალივით რომ იწყებს ქოთქოთს, ან ცალი თვალით ჩავაჭყიტებ ნიკუშას სახატავ რვეულში – სამყაროში, რომლის გასაგებადაც ჩვენ ზედმეტად დიდები ვართ.



ნეტა ფურცლებში შეიძლებოდეს იმის დანახვა, ბობოქარ და ხმაურიან ნუცის, როგორ წამიერად ევსება უცხო, მწვანე თვალები ცრემლებით, თან სულ პაწუა რამის გამო… ან ლუკა რა ოსტატურად განმარტავს ჩემს წინადადებებს საბავშვო ენაზე;



რამდენ რამეს ისწავლიდა ზღვის ურჩხულებზე და გადაშენებულ ცხოველებზე, რეზისთვის რომ მოესმინა და როგორ გაქრებოდა მთელი დღის დაძაბულობა, უბრალოდ დემეტრეს რომ იცნობდეს ან დილით კლასის ფანჯარაში, ანანოს მინაზე მიბჯენილი პაჭუა ცხვირი დაინახოს.



ამის აღსაწერად უძლურია ლიტერატურა და კინემატოგრაფია და შენც, ჩემო საბრალო მეგობარო, გაკვეთილი რომ მხოლოდენ გეგმა გგონია…



ერთადერთი გეგმა, რომელიც ამართლებს, არის მოუსმინო ბავშვებს, სანამ ყველაფერს პირდაპირ ამბობენ, რაც აწუხებთ; გიყვარდეს ისე, როგორც მათ უყვარხარ, კეთილი ინებო და დაინტერესდე ყველაფრით, რაც მათ აინტერესებთ;




და ჰოო… არასდროს დაუთმო “დროშა გადატანობანაში”, რადგან შენზე მაგრები და სწრაფები არიან.




0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0