x
image
ზოგადი განათლება
ჯანსუღ ჩარკვიანი ნოდარ დუმბაძის შესახებ - მათ თავს გადახდენილი საინტერესო და კომიკური ისტორიები

ადამიანს, რომელიც ადრეულ ასაკში გადაიტანა გაჭირვება, მამის დაპატიმრება, დედის გადასახლება, შემდეგ კი შვილის სიკვდილი, სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს იუმორის გრძნობა, თუმცა დაკვირვებული თვალი გურული ენაკვიმატობის მიღმა დიდ ადამიანურ სევდას შეამჩნევდა.

-

ჯანსუღ ჩარკვიანი ნოდარ დუმბაძის შესახებ

image

* * *



ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ყოველდღე, ყველგან, თქვენ წარმოიდგინეთ, შეხვედრებსაც, ხშირად, ორთავეს ერთად გვიწყობდნენ, წვეულებაზეც ერთად გვეპატიჟებოდნენ. ერთ სუფრაზე ერთად გვადღეგრძელეს და უცებ ნოდარმა გადმომილაპარაკა: ამგენს ჩვენ ლომონოსოვი და ლავუაზიე ვგონივართო.

* * *


ნოდარ დუმბაძე მაშინ ''ნიანგის'' რედაქტორი იყო, საკუთარი მანქანა ჰყავდა და საჭესთანაც თავად იჯდა. მანქანაში ვისხედით ნოდარი, მე და ზაურ ბოლქვაძე. ერთმა ინსპექტორმა გაგვაჩერა, ნოდარი არ გადმოსულა მანქანიდან, არადა, ინსპექტორი ნოდართან არ მოვიდა, ასე ვიდექით კარგა ხანს, მერე ნოდარმა გასძახა, ძამა, ან შენ მოდი და ფული წაიღე ან მე მოვალ და ფული მომეციო.

* * *


ვიღაცამ სცადა ნოდარის გაკრიტიკება, სცადა, ვერ კი შეასრულა. ნოდარმა მაინც მოიწყინა, მოიწყინა და მე გამანდო, ჯანსუღა, ძამა, რა უნდა იმ კაცს ჩემგან, ხომ არ იციო. ჩვენში დარჩეს და, ნოდარი ბოლო წლებში, როცა ავადმყოფობა მოეძალა, ყველაფერს განიცდიდა და ყველაფერზე ეჭვს გამოთქვამდა. მე შევატყვე, რომ ძალიან ნაწყენი იყო და უმალ ვუპასუხე: ნოდარა, ახლა შენ შენით თუ მეიჭამ ფეხებს, თვარა ვერავინ ვერ მოგჭამს-მეთქი. ჰო, რა გაუხარდა.

image

* * *



ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს _ არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის “ჟიგულში” ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად _ ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა _ 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა:

– ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

– ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!

ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი.

* * *



ნოდარ დუმბაძე “ნიანგის” რედაქტორი როცა იყო, დასაბეჭდად მოიტანია ნაცნობს რაღაც მისთვის. ნოდარს წაუკითხავს და უხუმრია: წაი, ახლა ძამა და ჯანმრთელობის ცნობა მეიტანე და მერე დაგიბეჭდავო. ამ კაცსაც არ შეუტეხავს, წასულა და მართლა მოუტანია ჯანმრთელობის ცნობა, მაგრამ ნოდარი არ დაბნეულა: ახლა წაი და მაგ ცნობის მომცემის ჯამრთელობის ცნობაც მეიტანე და ნაღდად დაგიბეჭდავო..

* * *


ტარდება თათბირი “დონ კიხოტის” ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო.

-აი, ჩვენ კი გავთავხედდით – დასძინა მან – “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება…მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან -დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო’ტული, ავთანდილს – ალენ დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს -ენტონი ქუინი…

-რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! – ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ

-როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე – ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?

-------------------------------------------------------

ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი



0
1555
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0