x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
"ჩემი მწერლობა ადრე ჩაინთქმება სიმშილის მორევში"- ეგნატე ნინოშვილის უკიდურესი გაჭირვების შესახებ

image

XIX საუკუნის ქართველ შემოქმედს, ეგნატე ნინოშვილს (ნამდვილი გვარი ინგოროყვა) სამწერლობო მოღვაწეობა ფინანსურად უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში უხდებოდა. ლიტერატურულ არქივში შენახული ნინოშვილის წერილები თედო სახოკიასადმი, ეგნატეს ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.


1992 წელს ნინოშვილი ქართველ მწერალს, თედო სახოკიას, ზესტაფონიდან ემოციურ, ვრცელ წერილს უგზავნის (ზესტაფონში მუშაობდა იმჟამად). გავეცნოთ რამდენიმე ფრაგმენტს:


"რომ მწერთ, კიდევ დაწერე რამე, თუნდაც "დათიკელაო", უნდა გითხრათ, რომ ახლა მშიერი კუჭის შესახებ ზრუნვა უფრო მაწუხებს, მინამ წერაზედ ფიქრი. მშიერი ძაღლივით დავწანწალებ იქით-აქეთ ლუკმა პურის საშოვნელად, დღეს ხვალიობით მოველი სიმშილი ამომართმევს სულს მეთქი და აბა, იფიქრეთ, ამ მდგომარეობაში კაცს რაღა გემწერლება! მიდექი და მშიერი მუცლის ამარა ჯღაბნე კაცმა "სიმონები"!. ნუ გეშინია, ლუკმა პურსაც არ წამოგიტეხს არავინ ამისთან(ა) მწერლობისათვის! ".


ამავე წერილში ნინოშვილი საყვედურსა და დიდ სამდურავს გამოთქვამს გაზეთ "ივერიის" რედაქციისადმი. როგორც ვიტყობთ, გაზეთში მწერლის მასალები აქტიურად იბეჭდებოდა, ავტორს კი გასამრჯელოს არ უხდიდნენ.


"ძალიან უკაცურად დამხვდა "ივერიის" რედაქცია. აგერ ცხრა თუ ათი თვის განმავლობაში ბარე ოცდაერთი ფელეტონი მიაწოდა საზოგადოებას ჩემი დაწერილი და მე კი ერთი გროშითაც არ გავხსენებივარ. არა, თუ ღმერთი გწამს, თუკი არ ვარგოდა ის 21 ფელეტონი, როგორ წააკითხა იმდენა ხალხს! და თუ რამე ღირდა, რატომ არაფერი მომცეს?!...რას მერჩოდნენ, რომ ერთი გროში არ გაიმეტეს ჩემთვის?! თუ კი ვიღაც ვიღაცებს პაწია კორესპონდენციებისთვის სოფლებში უგზავნიან ფულს, მე რაღა ვიყავი!.. ვაპირებ დ. ღამბაშიძეს გავურიგდე და "მწყემსში" დავიწყო წერა, თუკი ცოტა გროში მომცა, თუ არა და არა, სულ ვანებებ ჯღაბნას. რაც შეეხება ჩემს მწერლობას, მგონია, ადრე ჩაინთქმება სიმშილის მორევში..."


ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. თუმცა მწერალმა ასე მცირე დროსა და გაჭირვების ფონზე საკმაოდ ბევრი ნაწარმოების შექმნა შეძლო, რაც ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა.


1
54
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
54
  
2019, 4 მაისი, 0:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1