x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რის გარეშე არ წერდა არასდროს აკაკი წერეთელი ლექსს- მგოსნის უცნაური ჩვევა

image

ქართველ პოეტს, მწერალს, პუბლიცისტ აკაკი წერეთელს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონია- ლექსებს თურმე "ჩურჩულით თუ სიმღერით წერდა". 1990 წელს გამოცემულ გაზეთ "დილას" 1-ელ ნომერში დაბეჭდილია გივი გეგეჭკორის სტატია, რომელშიც აკაკის ამ ჩვეულების შესახებ უცნაურ შემთხვევებს ვეცნობით:


"აკაკის ერთი მეგობარი არისტო ქუთათელაძე ერთხელ ქუთაისში, სასტუმროში, აკაკისთან ღამეს ათევს და ჩურჩული გამოაღვიძებს. ხედავს, აკაკი ოთახში დადის და ჩურჩულებს. მორჩება და არისტოს გადმოსძახებს: "არისტო, არისტო, ადექი მალე და დაწერეო!" აკაკი უკარნახებს და არისტო ქაღალდზე გულისფანცქალით გადაიტანს ლექსს-"აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა..."


ნუცა ბაგრატიონი წერეთლისა იგონებს:


"ერთხელ თურმე აკაკი ღამით ნათესავის ოჯახში დარჩა. მეორე დღეს, შუადღეს, აკაკი წამოწოლილი იყო, კარი დახურული ჰქონდა და ღიღინებდა. მე ძალიან გამიკვირდა, რადგან არასდროს მისი სიმღერა არ გამიგონია. მერე ვკითხე, რა ამბავი იყო, რომ მღეროდი-მეთქი. მითხრა: ჩემს დღეში არც ერთი ლექსი არ დამიწერია, სანამ არ ვიმღერებო. ჯერ ვიმღერებ და მერე დავწერ, ამისთანა ჩვეულება მაქვს".


არსებობს წერეთლის ერთი ნათესავის ნაამბობი:


"ერთ დილას მე და ჩემი ბიძაშვილი ტყეში სანადიროდ მივდიოდით. აკაკის სახლს რომ მივუახლოვდით, მამიდა ანა გამოგვეგება, "ბიჭებო, ღმერთი არ გაგიწყრეთ თოფი არ ისროლოთ, ბიძია ლექსს წერსო". "მამიდა, ოღონდ დაგვანახე ბიძია რომ წერს, დღეს კი არა, მთელ კვირას აღარ ვინადირებთო", - ვუთხარით. მამიდამ შეგვიყვანა თავის ოთახში. ბიძიას ოთახის კარი გამოღებული ჰქონდა, ოთახში თმააბურძგნული, აღელვებული დადიოდა და ღიღინებდა. ჩაიღიღინებდა, შემდეგ ჩამოჯდებოდა, ცოტას დაწერდა და წაიკითხავდა, შემდეგ ისევ სიარულსა და სიმღერას მოჰყვებოდა. ისევ ჩამოჯდებოდა და დაწერდა".


გრიგოლ რობაქიძის მოგონებიდან:


"სასტუმროში ჩემს გვერდით მომესმა ერთხელ აკაკის სიმღერის მსგავსი საუბარი. ამ საუბარში ნამდვილ სიტყვას ვერ გაარჩევდი: ეს იყო თითქოს ღიღინი, უსიტყვო სიმღერა. შემდეგ შევიტყვე, რომ აკაკის შემოქმედების წამი ასე იწყებოდა..."
წამი და რა წამი, „მწერლობა ხომ მისთვის "უძლიერესი და უპირველესი იარაღი იყო, რომელიც სიმართლით ილესებოდა და სამშობლოს საკეთილდღეოდ იხმარებოდა".

0
1083
4-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
1083
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0