x
image
მაია 24
ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ყველაზე ზუსტი დახასიათება
image


გაგაცნობთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებიც ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან: ტყუპები, სასწორი და მერწყული.


ტყუპები


როდესაც გეკითხებიან "ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?", მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის რომ შენ ტყუპები ხარ, ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე ტყუპების თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.



image


თქვენ დაბადებით ჟურნალისტური უნარებით დაჯილდოებული ადამიანი ბრძანდებით, ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უსაშველო მოთხოვნილებით. შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის ინფორმაციის აღქმა და მისი გამარტივებული სახით, ყველასთვის გასაგებ ენაზე გაცემა. ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში ჭორიკანა იქნებით, მაღალ ოქტავაში კი ამ უნარების სასარგებლო საქმისთვის გამოყენებას მოახერხებთ. გიყვართ ლაპარაკი. გაინტერესებთ ყველა და ყველაფერი. ცნობისმოყვარეობის წყალობით "თქვენი ცხვირი ხშირად შეიმჩნევა ხოლმე სხვის საქმეებში".


ძალიან მოქნილი და ცვალებადი ადამიანი ხართ. ადვილად ეგუებით ახალ სიტუაციებს, ადამიანებს და სწორედ ამ ადვილად შეგუებადობის წყალობით უამრავი კონტაქტი, ნაცნობი და მეგობარი გყავთ. გიჟდებით ინტელექტუალურ საუბრებზე, ენამახვილი და ჭკვიანი, ხშირად ეშმაკის ადვოკატის როლშიც კი ევლინებით გარშემომყოფებს. თქვენს ტვინს მუდმივად სჭირდება "მასაჟი" და მენტალური სტიმულაციების გარეშე ძალიან იწყენთ.


ინფორმაციას ჰაერში იჭერთ. შეგიძლიათ რეცენზია დაწეროთ წიგნზე, რომელიც არ წაგიკითხავთ, უბრალოდ ჭკვიანი ადამიანის მოსაზრება მოგისმენიათ მის შესახებ და ეს უკვე კმარა. მოუსვენარი ხართ, ქაოტური, ხმაურიანი. შეგიძლიათ ერთდროულად ისმინოთ, ილაპარაკოთ და პარალელურ რეჟიმში მანუალური საქმეც აკეთოთ.


გიყვართ ფლირტი. შეიძლება ითქვას, რომ იმაზე მეტად გაინტერესებთ კომუნიკაცია, ვიდრე თავად ადამიანი. ფლირტაობთ, ლაპარაკობთ, სხვადასხვა საკითხებს განიხილავთ ყველასთან… საკუთარ თავთანაც კი.


გამუდმებით ჰკარგავთ ნივთებს (ხანდახან ადამიანებსაც), სულ რაღაცას ეძებთ, სულ რაღაც საქმე გაქვთ, სულ სადღაც გაქვთ დასარეკი, სულ რაღაც გავიწყდებათ და ვერსად გრძნობთ თავს კომფორტულად, რადგან ყველაფერი ერთად გინდათ - მთაც, ზღვაც, ტყეც, მზეც, თოვლიც, სახლშიც და გარეთაც, მარტოდაც და ხალხშიც.


ვერ იტანთ რუტინას, ერთფეროვნებას. ყველაფერი მალე გბეზრდებათ, ადვილად გწყინდებათ. სულ რაღაც ახლის სწავლა, გაგება და გაკეთება გინდათ, ახალი ადამიანების გაცნობა.


შეგიძლიათ მოერგოთ ნებისმიერი ტიპის ადამიანს, მოძებნოთ საერთო ენა და სასაუბრო თემა. იმდენად კარგად ახერხებთ ადაპტაციას, რომ ხშირად სხვა ადამიანების ხასიათები და აზრებიც კი შეიძლება გადმოგედოთ. მარტივად ექცევით სხვების ზეგავლენის ქვეშ. იმდენად ნიჭიერი ხართ მიმბაძველობაში და თანაც იუმორის გრძნობით სავსე, პაროდისტობის პოტენციალიც დევს თქვენში. მსახიობის მონაცემები გაქვთ.


ძალიან ადვილად შედიხართ კონტაქტში. ცოტა ფამილარულიც კი შეიძლება იყოთ. ამან შესაძლოა სიახლოვის ილუზია შეუქმნას ვინმეს, მაგრამ ეს ზედაპირული დასკვნა იქნება. რეალურად თქვენთვის ემოციური და საერთოდ, ნებისმიერი სახის დამოკიდებულებები იმდენად უცხოა, სულში არავის ახედებთ. უამრავი მეგობარი გყავთ, თუმცა ინტიმური სიახლოვე იშვიათად რომ რომელიმე მათგანთან იგრძნოთ. ყველასი ხართ და არავისი ამავდროულად.


რთული გასარკვევია ისიც, თუ რას გრძნობთ ერთ კონკრეტულ მომენტში. იმიტომ კი არა, რომ მალავთ, ან გამომხატველობა გაკლიათ, პირიქით, ზედმეტადაც შეიძლება გამოხატავდეთ. უბრალოდ საკუთარ შინაგან განცდებში გარკვევა თავადაც გიჭირთ, რადგან ამას იშვიათად უღრმავდებით, ამისთვის ფიზიკურად, კი არადა, მენტალურად ვერ იცლით.


image


გიჭირთ ენაზე კბილის დაჭერა, ამიტომ თქვენთვის საიდუმლოების მობარება, თქვენი ნდობა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კეთილი ხართ და ტკივილის მიყენება არავისთვის გსურთ, რაღაც-რაღაცეები შეიძლება თავიდან ამოგვარდეთ და წამოგცდეთ.


თქვენი მშვენიერი ტვინი სიცოცხლის მანძილზე უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის გამტარი ხდება. ბევრი რამე იცით, მაგრამ რადგან ინტერესების სფეროები ბევრი გაქვთ და თანაც ყურადღების კონცენტრირებას ერთ რამეზე დიდხანს ვერ ახერხებთ, ერთი სპეციალობისთვის თავის მიძღვნა გიჭირთ და ერთ სფეროში პროფესიონალიზმის ნაცვლად ყველაფერში ერკვევით, ოღონდ ზედაპირულ დონეზე.


თქვენი სუსტი წერტილი ნერვებია, დასვენებას ვერ ახერხებთ, არადა კარგი ძილი და სუფთა ჰაერი სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენთვის. დაკავდით ფიზიკური აქტივობით. საღამოს შეგიძლიათ მსუბუქი დამამშვიდებლები (ჩაი, ბალახეული) მიიღოთ. ისეირნეთ ხოლმე, ითამაშეთ ტენისი, ჩოგბურთი… იოგა ფოკუსირებასა და აზრების თავმოყრაში დაგეხმარებათ.


თუკი კონცენტრირებას ისწავლით, იმუშავებთ თვითდისციპლინაზე და ენისა და აზრების გაკონტროლებას შეეცდებით, ახლობლებისთვისაც ისე სასიამოვნო და საინტერესო იქნება თქვენთან ურთიერთობა, როგორც ერთჯერადი ნაცნობებისთვის.


image


სასწორი


ტიპურ სასწორებს სოციალური და ინტელექტუალური ხალხის იმიჯი აქვთ. კარგად აღზრდილი, თავაზიანი, კარგი მანერების მქონე ადამიანების. მათთან ურთიერთობა ადვილია, რადგან თავად არიან მოწადინებულნი ჰარმონიულ ურთიერთობებს და ენერგიის უდიდეს ნაწილს კონფლიქტების თავიდან არიდებაში ხარჯავენ. ძალიან დახვეწილი და ფაქიზი, მშვენიერების ტრფიალისკენ მიდრეკილი ბუნება გაქვთ, მუდამ ყველაფრის დარბილებას, გაწონასწორებას ცდილობთ.


თეორიულად, თქვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ, პრაქტიკულად კი - უამრავი პრობლემა შეიძლება შეიქმნათ გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს ვერასოდეს მოერგებით, ვერასოდეს მოეწონებით ყველას ერთნაირად. ყველა სიტუაციიდან სუფთად გამოძრომის მცდელობით, არასაიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ მხოლოდ. მართალია, თქვენი მოტივაცია ჰარმონია და სამართლიანობაა, მაგრამ ხანდახან შემოვლითი გზების ძიების და კომპრომისებზე წასვლის ნაცვლად პირდაპირობაა საჭირო.. კამათი გიყვართ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვების აზრს ჩათვლით უფრო მნიშვნელოვნად. მშვიდობა ნებისმიერ ფასად! აი, თქვენი დევიზი… თითქოს ძალიან უწყინარია, მაგრამ შედეგი ძალიან ცუდი შეიძლება მოიტანოს.


გარშემომყოფები ამას მიმართულების არქონასა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაში გითვლიან. ის, რომ ვინმეს დადანაშაულებას ერიდებით, შეიძლება აღიქვან, როგორც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა. "მეე? არა, უბრალოდ არ მინდა რომ ვიჩხუბოთ!" აი, თქვენი პოზიცია კონფრონტაციის დროს. "მეორეს მხრივ", "მაგრამ", "თუ გავითვალისწინებთ, რომ…", "მედალს ორი მხარე აქვს" და ა.შ. აი, თქვენი სამეტყველო ფრაზები. მუდმივი კომპრომისი, დათმობა… მაშინაც კი, როცა იბრძვით.


სხვა მეომარმა ნიშნებმა დიპლომატიურობა სისუსტედ შეიძლება ჩაგითვალონ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მოსაზრება იქნება მხოლოდ. თქვენ გარეშე ხომ სამყარო სამართლიანი არ იქნებოდა.


კარგად იცნობთ სოციუმს, ერკვევით კანონებში, იცით რა არის მიღებული, რა მიუღებელი. იცით სად რა ჩაიცვათ, როგორ მოიქცეთ, ვისთან როგორ ილაპარაკოთ… მოგწონთ შედარებებით საუბარი და ფიქრი - ეს კერძი კარგია, მაგრამ გუშინ უკეთესი იყო. მშვენიერი ვარცხნილობა გაქვს, მაგრამ ერთი თვის წინ რომ გქონდა, ის უფრო გიხდებოდა. გინდათ საუკეთესოს მიაგნოთ, გაარკვიოთ, რა არის სწორი და რა - არასწორი…



image


ნება სუსტი გაქვთ, ადვილად ექცევით სხვების აზრის, ზეგავლენის ქვეშ, ითვალისწინებთ საზოგადოების შეხედულებებს, ტენდენციებს. ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში, გაკლიათ თავდაჯერება.


გამუდმებით პარტნიორების ძიებაში ხართ, სხვების გარეშე თავს ბედნიერად ვერასოდეს გრძნობთ. რომანტიკული ხართ და ესთეტი. მოგწონთ ინტელექტუალური ადამიანები და დახვეწილი ურთიერთობები. გაინტერესებთ ფილოსოფია. ყოველთვის ფაქტებით ლაპარაკობთ და რაციონალურად ცხოვრებას ცდილობთ. ადვილად იღებთ ტრავმებს. პატარა რამეები გწყინთ. სულ მცირე უტაქტობა და უხეშობა გიფუჭებთ ხასიათს. როცა წონასწორობას კარგავთ, შეცდომას შეცდომაზე უშვებთ, თუმცა ამის აღიარება არ გიჭირთ.


ვერ იტანთ ვულგარულობას, უკულტურობას, თავხედობას. კომუნიკაბელური, თუმცა ცოტა დისტანციური ბრძანდებით. პრობლემებს სულ სხვადასხვა ჭრილში განიხილავთ. უამრავი წინააღმდეგობით ხართ სავსე - პროვოკატორისა და სიტუაციის განმმუხტველის როლში ერთდროულად შეგიძლიათ ყოფნა.


იდეალისტობისა და გადაჭარბებული მოლოდინების გამო, შესაძლოა ბევრჯერ გაგიცრუვდეთ იმედი, რადგან ცხოვრება გამუდმებით უამრავი არჩევანის წინაშე გვაყენებს. თუკი არ მიეჩვევით აწმყოთი ცხოვრებას, გადაწყვეტილებების დროულად მიღებას და მერე მიღებული გადაწყვეტილების გამო დარდზე უარის თქმას, მთელ ცხოვრებას მერყეობასა და მოუსვენრობაში გაატარებთ.


image


მერწყული


დოსტოევსკის სტავროგინი გახსოვთ? ტიპური მერწყულია - ექსტრავაგანტული, მეამბოხე და მოთამაშე, გიჟი და ჭკვიანი ერთდროულად, სერიოზული და თან მასხარა, თითქოს უმნიშვნელო და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი, ლიდერი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია და მაინც არ ჩანს… კაცი, რომელსაც ვერ გაიგებ კეთილია თუ ბოროტი, ადამიანი უამრავი იდეით და საერთო ჯამში მაინც უიდეო… ქაოსური და გენიალურად შეშლილი… მისი გაგება ხალხს ძალიან უჭირს.


რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდში ასე მკვეთრად არ ვლინდება ეს ყველაფერი, თუმცა რაც ყველა მერწყულს აერთიანებს არის ის, რომ ვერ იტანენ გათელილი ბილიკებით სიარულს.


ძალიან პროგრესული და განვითარებული ადამიანი ხართ და ძველი, დრომოჭმული, მოყირჭებული აზრებისა და იდეოლოგიის ატანა არ შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, ძალიან ჯიუტიც ხართ. მთელი თქვენი პარადოქსიც ესაა - ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ძალიან ღია ხართ სიახლეებისთვის და მაინც საშინლად გიჭირთ აზრის შეცვლა, კომპრომისს არ სცნობთ. ძალიან არაპროგნოზირებადი ხართ და მაინც სტაბილური… მოკლედ, ურანი, თქვენი მმართველი, ნორმიდან ყოველგვარ გადახრას მართავს და თქვენც სტანდარტებში რომ არ ჯდებით, სულაც არ არის გასაკვირი. უამრავი წინააღმდეგობით ხართ სავსე.


მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ გიჭირთ და სოციალური ადამიანიც შეიძლება გეწოდოთ, ცოტა ცივი და დისტანციურიც შეიძლება იყოთ. გიჟდებით მეგობრებზე, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ და მაინც გულთან ახლოს არავის უშვებთ, სულში ბოლომდე არავის ჩაახედებთ. აქტიური ხართ, ჩართული და მაინც რაღაცნაირად გამოთიშული და იზოლირებული.


მერწყულის უმთავრესი მიზანი პერსონალური თუ სოციალური დოგმებისგან და შეზღუდვებისგან გათავისუფლებაა. გსურთ, რომ ჰგავდეთ არავის! რომ მხოლოდ თქვენი თავი იყოთ და სულ არაორდინალური ქცევებით, ცხოვრების წესითა, თუ მოსაზრებებით გამოირჩევით. თქვენ ყოველთვის იმის საწინააღმდეგო მხარეს დგახართ, სადაც მასა დგას და რა პოზიციაში იქნებით მთლიანად მასაზეა დამოკიდებული. იდეალისტობისკენ ხართ მიდრეკილი. ყველაფრის შესახებ საკუთარი თეორიები გაქვთ, თუმცა ეს თეორიები ხვალ შესაძლოა სრულიად თავდაყირა დადგეს. დღეს რასაც ამტკიცებთ ასე არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებები შეიძლება გამოთქვათ და თანაც მაშინაც დიდი დამაჯერებლობით. აღიარებთ, რომ ბევრჯერ შემცდარხართ, მაგრამ ვერაფრით წარმოგიდგენიათ, რომ ახლაც შეიძლება ცდებოდეთ. საოცარი იდეები გაქვთ, მაგრამ თანმიმდევრულობა შეიძლება გაკლდეთ მათ განსახორციელებლად. "არასოდეს თქვა არასოდეს" თქვენი ცხოვრების კრედოა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხშირად იყენებდეთ ამ სიტყვას.


image


თქვენ უკიდურესად რაციონალური ადამიანი ხართ, ირაციონალური ქმედებებით…. ობიექტური და თან მიკერძოებული. ლოგიკურად აზროვნებთ და არალოგიკურად იქცევით… თვითკონტროლს არ ჰკარგავთ და თან დაუდევრობაც გახასიათებთ… ყველაფერს არ ამბობთ, რასაც ფიქრობთ, მაგრამ შეგიძლიათ იმდენად გულწრფელიც კი იყოთ, რომ პუბლიკა შოკში ჩააგდოთ. ექსცენტრიკულობაც გახასიათებთ. ეპატაჟურობა და განგებ ყურადღების მიქცევის მცდელობა თქვენი სტილი არ არის (თუმცა დაზიანებული მზის შემთხვევაში გვხვდებიან ისეთი მერწყულებიც, ყურადღების მიქცევის მიზნით, განზრახ რომ სჩადიან სისულელეებს), მაგრამ ბუნებრივად ახერხებთ ამას თქვენი არაორდინალური ხასიათის წყალობით.


ანარქისტი ხართ, ბუნებით რევოლუციონერი - "იყავი შენი თავი!", "არ აჰყვე ბრბოს!" და ამ ყველაფერთან ერთად - "ძმობა, ერთობა, თანასწორობა!" - აი, თქვენი მოწოდებები. ხართ უსაშველოდ ტოლერანტული, ნებისმიერი ინდივიდის მიღება და დაფასება შეგიძლიათ, ყველაფრის გაგება და შეწყნარება, თუმცა ეს მხოლოდ თეორიულ დონეზე. პრაქტიკულ ცხოვრებაში შესაძლოა სულ სხვა სიტუაცია იყოს.


თქვენი ინტერესების სფერო ძალიან ფართოა. ერთნაირად გაინტერესებთ კვანტური ფიზიკა თუ ასტროლოგია. მოგწონთ სხვადასხვა იდეების განხილვა საინტერესო ადამიანებთან ერთად. აფასებთ ინტელექტუალებს. კრეატიული ხართ. "ფოკუსნიკი", გამომგონებელი, "ბლეფზე" თამაშობთ, თუ მოგება გიჭირავთ ხელში ვერავინ ხვდება… ემოციებს მხოლოდ მაშინ იმჩნევთ, როდესაც გაწყობთ… არაფერი გიკვირთ, ვერანაირი სიგიჟით ვერ გაგაკვირვებენ და უცებ ბავშვივით შეიძლება აღტაცდეთ რაღაც ძალიან პრიმიტიული რამით….


თქვენი უმთავრესი შიში - თავისუფლების დაკარგვაა. ჩარჩოებში მოქცევა გკლავთ, ამიტომ სხვა ადამიანებსაც აძლევთ უფლებას ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. თქვენ მეფეს და პაიკს ერთნაირად ექცევით, თანასწორად აღიქვამთ ყველას. ძალიან ჰუმანური ხართ, მთელი კაცობრიობა გიყვართ… ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ თქვენთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, მაგრამ აქაც პარადოქსს წააწყდება - შეიძლება იდეა დააყენოთ ადამიანზე მაღლა.


თუკი ეცდებით, ცოტა მაინც მოახერხოთ თქვენი თავის და ცხოვრების სისტემატიზაცია, ისწავლოთ დისციპლინა, გახდეთ თანმიმდევრული და ურანთან ერთად თქვენი მეორე მმართველი სატურნიც ამუშაოთ, ცეცხლის მოტანასაც მოახერხებთ კაცობრიობისთვის და თანაც ისე, რომ მერე ღმერთების რისხვასაც გადაურჩეთ.


image


სტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
9303
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
9303
  
2019, 4 მაისი, 0:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1