x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ეგვიპტის ლაბირინთი უძველესი ცივილიზაციის საიდუმლოს ინახავს
image


ეგვიპტეში იდუმალებით მოცული პირამიდების არსებობის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ძეგლია ლაბირინთის სახით, ბევრისთვის ცნობილი არ არის.

ლაბირინთი კაიროს სამხრეთით, ქარუნის ტბასთან მდებარეობს. ის, თავის დროზე, მაღალი კედლით შემოფარგლულ შენობას წარმოადგენდა, რომელშიც 1500 მიწის ზედა და ამდენივე მიწისქვეშა ოთახი იყო. მისი აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა, ამასაც აქვს თავისი მიზეზი, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ. ძველი წყაროების მიხედვით, შენობა ეგვიპტის ნომ-ოლქებად დაშლის (ძვ. წ. აღრ. 2150—2040 წლებში) პერიოდის ბოლოს ან ამენემჰეტ III (მეფობდა ძვ. წ. აღრ. 1849-1801 წწ) მმართველობის დროს უნდა აშენებულიყო.

ლაბირინთის საერთო ფართობი 70 ათას კვ. მ-ს შეადგენდა. იქ შესულებს ეკრძალებოდათ მიწისქვეშა ნაწილში ჩასვლა, სადაც ფარაონების და იმ დროს ეგვიპტეში წმნიდანებად შერაცხული, ნიანგენის სამარხები მდებარეობდა. ლაბირინთის შესასვლელის თავზე კი შემდეგი სიტყვები იყო ამოტვიფრული:

«სიგიჟე ან სიკვდილი — აი რას პოულობს აქ სუსტი ან მანკიერი ადამიანი, მხოლოდ ძლიერს და კეთილშობილს შეუძლია აქ სიცოცხლის და უკვდავების პოვნა».


image


გადმოცემის თანახმად, უამრავი ქარაფშუტა შესულა ლაბირინთის კარში და უკან აღარ გამოსულა. ეს – უფსკრული იყო, რომელიც უკან, მხოლოდ სულით ძლიერებს აბრუნებდა. დერეფნების და ოთახების რთული სისტემა ისე იყო გადახლართული, რომ ადამიანი, გამცილებლის გარეშე, ვერასდროს იპოვიდა გზას ან უკან გამოსასვლელს. ლაბირინთში სრული წყვდიადი სუფევდა, ხოლო როდესაც რომელიმე კარს აღებდნენ, საშინელი ხმა ისმოდა, რომელიც ქუხილს ან ათასობით ლომის ღრენას ჰგავდა.

რელიგიური ზეიმების წინ, ლაბირინთში მისტერიებს აწყობდნენ და დიდ ნიანგს რიტუალურ მსხვერპლს სწირავდნენ, რომელთა შორის ადამიანებიც იყვნენ. ასე გამოხატავდნენ ძველ ეგვიპტეში სებეკისადმი (ღმერთი, რომელსაც, მათ წარმოდგენებში, ადამიანის სხეული და ნიანგის თავი ჰქონდა) პატივისცემას. ძველ მანუსკრიპტებში არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაბირინთში მართლაც ბინადრობდნენ ნიანგები, რომელთა სიგრძე, დაახლოებით 30 მ. შეადგენდა.


image


ეგვიპტური ლაბირინთი წარმოუდგენლად დიდი ნაგებობა იყო. ძველი ბერძნები აღფრთოვანებულები იყვნენ მისით და თვლიდნენ, რომ ეგვიპტეში, პირამიდების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი ის იყო. მათვე დაარქვეს ნაგებობას სახელი (ძვ. ბერძ. λαβύρινθος) და სწორედ ის გახდა შემდგომში, კ. კრეტაზე აგებული ლეგენდარული ლაბირინთის მოდელი. ამჟამად, ლაბირინთი თითქმის მთლიანად არის დანგრეული, მხოლოდ რამდენიმე სვეტია გადარჩენილი.

ყველაზე ადრეული წყარო, რომელშიც ლაბირინთია ნახსენები და რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ჰეროდოტეს (ძვ. წ. აღრ. 484–425 წწ.) «ისტორიაა», რომლის მიხედვით, ლაბირინთი ეგვიპტეში 12 მეფის მმართველობის დროს აშენდა, ანუ მაშინ, როდესაც ეგვიპტე 12 ადმინისტრაციულ ერთეულად იყო დაყოფილი და მას 12 ნომარქი (ქალაქის მმართველები) მართავდა.

ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი ძვ. წ. აღრ. 60–57 წლებში ეგვიპტეში ცხოვრობდა და როგორც თავის «ისტორიულ ბიბლიოთეკაში» წერდა, იმ დროს, ეგვიპტური ლაბირინთი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო.


image


დიოდორეს თავად არ ჰქონდა ნანახი ეს ნაგებობა. მან მხოლოდ არსებული ინფორმაცია მოაგროვა და კამერალურად დაამუშავა. ლაბირინთი მისეულ აღწერაში, შენობა 12 მმართველის საერთო ძეგლად მოიაზრებოდა:

«2 წლის მანძილზე არ ჰყავდა ეგვიპტეს მმართველი და ქვეყანაში კრიმინალმა იმატა – ხშირი იყო ამბოხება, ძარცვა, მკვლელობა... მაშინ 12 ყველაზე მთავარმა ბელადმა წმინდა კავშირი შექმნა. ისინი ქ. მემფისში სათათბიროდ შეიკრიბნენ, შეთანხმება დადეს, ერთმანეთს მეგობრობა შეჰფიცეს, ქვეყანა 12 ნომად (პროვინცია) დაყვეს და თავი თანასწორ მმართველებად გამოაცხადეს.

ისინი ქვეყანას შეთანხმებისამებრ მართავდნენ, ყოველგვარი მტრობის და შუღლის გარეშე. ხოლო, 15 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, გადაწყვიტეს საერთო აკლდამა აეშენებინათ, რომ გარდაცვალების შემდეგაც ერთად ყოფილიყვნენ და მომავალში შთამომავლებს ყველასთვის ერთნაირად მიეგოთ პატივი.

და ია, შეარჩიეს მათ ადგილი ქარუმის ტბასთან და მათი ბრძანებით, კვადრატის ფორმის ქვის აკლდამა აშენდა, რომლის სიგრძე, ყოველი მხრიდან, 1 სტადია (172, 5 მ.) იყო. თან ყველა კედელი ორნამენტით იყო მოხატულ-მოჩუქურთმებული.



image


გარეთა ღობის შიგნით, დარბაზი იყო, ერთიანი ქვის სახურავით, რომელიც ყოველი მხრიდან, 40-40 სვეტს ეყრდნობოდა. სვეტები და შიდა კედლები ასევე, ფერწერის ბრწყინვალე ნიმუშებით იყო გაფორმებული. აკლდამაში ოთახების და პატარა სათავსოების გარდა, იყო ტაძარიც, რომელშიც სხვადასხვა სახის რელიგიური რიტუალები იმართებოდა».

დიოდორესგან განსხვავებით, ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი (ძვ. წ. აღრ. 64 — ახ. წ. აღრ. 24 წწ.) ძვ. წ. აღრ. 25 წელს ეგვიპტეში იმყოფებოდა და მან აფრიკაში მოგზაურობას თავისი «გეოგრაფიის» (17 წიგნი) ერთი წიგნი მიუძღვანა. რა თქმა უნდა, მასში ლაბირინთიცაა ნახსენები, რომლიც მან პირად შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით აღწერა:

«ეს არის ნაგებობა, რომლის შედარება მხოლოდ პირამიდებთან შეიძლება — ლაბირინთი არის სასახლე, რომელიც უამრავი პატარა სასახლისგან შესდგება, ხოლო წრეზე ერთმანეთზე მიწებებული სვეტები არტყავს.

დარბაზებში შესასვლელების წინ უამრავი მიხვეულ-მოხვეული დერეფანია, რომელშიც სპეციალური გამცილებლის გარეშე, უცხო ადამიანი ვერც შესასვლელს იპოვის და ვერც გამოსასვლელს. ყველაზე მეტად გასაკვირი ის არის, რომ ამხელა ნაგებობის სახურავი, ყოველგვარი დამატებითი მასალის და სამაგრების გარეშე, ერთი უზარმაზარი ქვისგან არის გაკეთებული.

შენობის ბოლოს, რომელსაც 1 სტადიაზე მეტი სივრცე უკავია, აკლდამა მდებარეობს — ოთხკუთხა პირამიდა, რომლის ყველა გვერდი თანაბარი და პირამიდის სიმაღლის ტოლია.

ამბობენ, რომ პირამიდასთან მდებარე შენობაში ამდენი ოთახი და დარბაზი იმისთვის არის, რომ დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს, ქვეყნის ყველა კუთხიდან, აქ უამრავი ნომარქი და ქურუმი ჩამოდიოდა, თან ყველა თავისი ამალით. ხოლო ლაბირინთში, თითოეული მათგანისთვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი».


image

imageძველი წყაროების მიხედვით, რთულია დასკვნის გაკეთება, იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა დანიშნულება ჰქონდა ლაბირინთს. თუმცა, ძველი ეგვიპტის ტრადიციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფარაონების პერიოდში, ქვით მხოლოდ სალოცავებს აშენებდნენ, ხოლო ყველა სხვა შენობა, მათ შორის სასახლეებიც თიხის აგურით შენდებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ლაბირინთი ვერც მეფეთა განსასვენებელი და ვერც ადმინისტრაციული ცენტრი იქნებოდა, რომელიც დროდადრო სასტუმროს ფუნქციასაც ითავსებდა.

მეორეს მხრივ, რადგან ლაბირინთთან მდებარე პირამიდა ამენემჰეტ III სამარხი იყო, გამოდის რომ ლაბირინთს, ღმერთებისთვის მიძღვნილი ტაძრის ფუნქცია ჰქონდა (ფარაონთა განსასვენებელი რომ ყოფილიყო, ამენემჰეტ III-თვის ცალკე პირამიდის აშენება საჭირო აღარ იქნებოდა).


image


2008 წელს ბელგიელი და ეგვიპტელი არქეოლოგების ჯგუფმა, იმ იმედით, რომ ძველი ცივილიზაციის საიდუმლოს ამოხსნიდნენ, მიწისქვეშეთში ჩამარხული ლაბირინთის შესწავლა დაიწყეს. ექსპედიციამ, რომელიც ისეთი სამეცნიერო ხელსაწყოებით იყო აღჭურვილი, რომლითაც შეიძლებოდა ქვიშით დაფარული მიწისწვეშა ნაგებობების დათვალიერება, ამენემჰეტ III პირამიდის სიახლოვეს, მიწის ქვეშ ტაძრის არსებობა დაადასტურა. ეჭვგარეშეა, რომ ექსპედიციამ, ეგვიპტის ისტორიაში, ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა გააკეთა. თუმცა, თუ გგონიათ, რომ აღმოჩენა მართლაც იყო და თქვენ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, არასწორი დასკვნა გააკეთეთ.

ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა საზოგადოებას დაუმალეს და ვერავინ მიხვდა რატომ მოხდა ასე. ბელგია-ეგვიპტური ექსპედიციის მუშაობის შედეგები, სამეცნიერო ჟურნალ – NRIAG-ში პუბლიკაციები, მკვლევართა დასკვნები, საჯარო ლექცია გენტის უნივერსიტეტში (Universiteit Gent, ბელგია), – ყველაფერი, რაც ექსპედიციის დაწყებამდე იყო შეთანხმებული, «გაიყინა», რადგან ეგვიპტის სიძველეთა უზენაესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზაჰი ჰავასმა, ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწესებული სანქციების გამო, აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის გახმაურება აკრძალა. 2011 წელს ჰავასმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ლაბირინთის «საქმე» ადგილიდან არ დაძრულა... არა და, შესაძლებელია, რომ იქ არსებულმა ინფორმაციამ პასუხი გასცეს ძველი ეგვიპტის ცივილიზაციასთან დაკავშირებულ უამრა კითხვას და ნათელი მოჰფინოს დედამიწაზე კაცობრიობის და სხვა ცივილიზაციების წარმოქმნის და არსებობის ისტორიას.

imageimageimageimageimageimageimage







1
1509
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1509
  
2019, 4 მაისი, 0:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1