x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ილია ჭავჭავაძე და 1860-იანი წლების რუსი რევოლუციონერები

ილია ჭავჭავაძე

1801 წლიდან საქართველო დამოუკიდებლობას კარგავს და რუსეთის იმპერიას უერთდება. პირველი ნახევარი საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებლობის დაკარგვის მტკივნეულად აღქმის საილუსტრაციოდ გვაქვს მცირე მასშტაბის წინააღმდეგობები (შედარებით დიდი 1832 წლის აჯანყებით), რომელიც ალბათ უფრო იმის დადასტურებას წარმოადგენდა, რომ ქართველ ხალხს თავმოყვარეობა ჯერაც შერჩენილი ჰქონდა და დამოუკიდებლობის დაკარგვას მთლად უიარაღოდ არ შეეგებებოდა. ასეთი გარემოება მეტწილად გამოწვეული იყო იმ „სიკეთეებით“, რაც შეიძლებოდა რუსეთისგან საქართველოს მიეღო. ქართული ელიტის დიდი ნაწილი, პრინციპში სულაც არ იყო წინააღმდეგი რუსეთის გავლით ევროპულ კულტურას ზიარებოდა. უკვე XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან, ქართულ ასპარეზზე ჩნდებიან თერგდალეულები. თერგდალეულების ბრძოლის მთავარ იარაღად ცოდნა და კალამი იქცა. საზოგადო მოღვაწეთა დასმა დაიწყო დაუღალავი შრომა საზოგადოების განვითარებისთვის. თერგდალეულთა უმრავლესობამ განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. ეს ადგილი კი იმ პერიოდის რევოლუციური მუხტის მთავარი ცენტრი იყო. თერგდალეულებს ამ პერიოდში ურთიერთობა ჰქონდათ რუს რევოლუციონერ-დემოკრატებთანაც, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა რევოლუციონერთა ლიდერ ჩერნიშევსკისთან.

თერგდალეულთა მოღვაწეობის შეფასებისას, საბჭოთა ისტორიოგრაფია სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას იჩენდა. ადრეულ ეტაპზე თერგდალეულები მოინათლნენ „რეაქციულ“, თავადაზნაურულ-ლიბერალურ, ბურჟუაზიულ ძალად და ეს გასაკვირი არცაა მარქსიზმის იდეოლოგიური პოსტულატებიდან გამომდინარე. მოგვიანებით, უკვე 1930-იანი წლებიდან, საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, სისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდა თერგდალეულების მექანიკური დაკავშირება რუს რევოლუციონერ-დემოკრატებთან და მათ თანამოაზრედ გამოცხადება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მსგავსად 60-იანი წლების რუსი რევოლუციონერებისა, საბჭოთა ისტორიოგრაფია ისეთ სურათს ხატავდა, თითქოს თერგდალეულებისთვის სოციალური ეროვნულზე წინ ყოფილიყო. საბჭოური სისტემა, გარდა იმისა, რომ მსგავსი დამოკიდებულებით უხეშად აყალბებდა ისტორიას და გარკვეულწილად ცდილობდა თერგდალეულების მოღვაწეობაში დაეკნინებინა მათი ეროვნული საფუძველი, ამასთანავე ერთგვარ პრე-საბჭოურ საძირკველს ქმნიდა. სისტემა ქმნიდა ილუზიას, რომ თერგდალეულთა მოღვაწეობა, რომელიც რამენაირად მაინც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული რუსულ რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეალებთან, მთელ დასს რევოლუციურ ბუნებას უპირობოდ სძენდა. ასეთი გააზრებით, საბჭოთა ქართველის თვალში, საბჭოთა კავშირი შეიძლება მონათლულიყო იმ ბრძოლის ბუნებრივ გაგრძელებად, რომელსაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში თერგდალეულები აწარმოებდნენ. ეს კი სისტემას გარკვეულწილად ლეგიტიმაციას სძენდა. ქართული ეროვნული მოძრაობის ღვაწლის ასეთი ინტერპრეტაცია, წარმოადგენდა ერთადერთ საშუალებას, რომ მათზე დაწერილ კვლევას, რაიმე ღირებული საფუძველი ჰქონოდა სისტემისთვის. სხვა შემთხვევაში, თერგდალეულები წარმოჩინდებოდნენ საბჭოთა სისტემისთვის შეუფერებელ ძალად და მათი მნიშვნელობა უბრალოდ უსარგებლოსთან ერთად, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამჩენიც გახდებოდა, როგორც ვნახეთ არც ასეთი დამოკიდებულება ყოფილა უცხო საბჭოთა ისტორიოგრაფიისთვის.

პრინციპში, სიმართლე რომ ითქვას, საბჭოთა ისტორიოგრაფიის მცდელობა, გაეყალბებინა ისტორია, მთლად ჰაერიდან მოტანილი არ იყო. საბჭოთა ისტორიოგრაფია, კარგად იყენებდა იმ გარემოებას, რომ პეტერბურგში სწავლისას, თერგდალეულებს მართლაც ჰქონდათ მჭიდრო კავშირები რუს, უკრაინელ და სხვა ეროვნების მებრძოლ სტუდენტებთან. იმის მტკიცებისთვის, რომ ქართველი სტუდენტები რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების მკვეთრ გავლენას განიცდიდნენ, საბჭოთა ისტორიოგრაფია მოხერხებულად იყენებდა ნიკო ნიკოლაძისა და ჩერნიშევსკის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას. მაგალითად კონსტანტინე მეძველია, დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ გარდა ნიკოლაძისა, სხვა ქართველებიც, ჩერნიშევსკის რევოლუციური იდეების აქტიურ ზეგავლენას განიცდიდნენ.

მოცემულობა ის იყო, რომ ეს ურთიერთობა საბჭოთა ისტორიოგრაფიას სათავისოდ უნდა გამოეყენებინა და იყენებდა კიდეც. მეგობრული ძაფები, რომელიც პეტერბურგში გაიბა, საბჭოთა ისტორიოგრაფიამ იმის უპირობო გარანტად ჩათვალა, რომ თერგდალეულები სიცოცხლის ბოლომდე, რუს რევოლუციონერთა, თუნდაც ჩერნიშევსკის იდეათა გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულები. გარკვეული წრე ალბათ მართლაც განიცდიდა ამ გავლენას, თუნდაც მხოლოდ პეტერბურგში ყოფნის ჟამს, მაგრამ ესეც არ შეიძლება ჩათვლილიყო იმ გარემოებად, რომ თერგდალეულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩერნიშევსკის მიმდევრად ქცეულიყო, როგორც ამას ამტკიცებდა საბჭოური ისტორიოგრაფია. რა თქმა უნდა რევოლუციური იდეებით აღტკინებულ ჩერნიშევსკის გარკვეული ზეგავლენა მართლაც ჰქონდა ქართველ ახალგაზრდებზე, გარკვეულ საკითხებში მართლაც იყვნენ თანამოაზრეები, თუმცა ეს იყო უფრო დროებითი, ვიდრე სამუდამო, განსაკუთრებით ეს ითქმის „პირველი დასის“ წარმომადგენლებზე, უფრო განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძეზე.

იმაში დასარმწუნებლად, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფია უმართებულოდ, მექანიკურად აკავშირებდა თერგდალეულთა მთელ წარმომადგენლობას სამოციანი წლების რუს რევოლუციონერებთან, საკმარისია, თუნდაც ილია ჭავჭავაძის იდეურ-პოლიტიკური მრწამსის ანალიზი. ობიექტურობის დადგენა საბჭოური ცენზურის პირობებში შეუძლებელი იყო, რადგან ამ პერიოდში ობიექტური ისტორია მთელი სისტემის წინააღმდეგობაში მოდიოდა, შესაბამისად საკითხის ობიექტურ ჭვრეტას თითქმის მთელი საუკუნე ვეტო ედო, იქამდე ვიდრე საქართველომ დამოუკიდებლობა არ მოიპოვა. აქ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ საბჭოთა კავშირის პირობებში არა მხოლოდ ისტორიის ფალსიფიცირებასთან გვქონდა საქმე, არამედ რიგი ქართული საკითხების (მაგალითად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ამბები) წინააღმდეგ მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბრძოლა, ერთადერთი მიზნით, მოხერხებულიყო იმდენი, რომ ისტორიის კონკრეტული მონაკვეთები დამახინჯებული სახით შერჩენილიყო ანდაც საერთოდ წაშლილიყო მეხსიერებიდან.

პოსტსაბჭოთა პერიოდში უკვე ვხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებულ საპირირსპირო არგუმენტირებულ მოსაზრებებსაც (რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით საკითხს ობიექტურად განიხილავს). ეს გასაკვირი არცაა, რადგან ცენზურის არ არსებობის პირობებში ისტორიას მიეცა შესაძლებლობა დაუმახინჯებელი სახით ეარსება, მისმა ობიექტურმა განაზრებამ კი დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეულ პერიოდამდე რიგ საკითხებში ქართველი ახალგაზრდობა, ჩერნიშევსკის იდეებს იზიარებდა. მაგრამ შემდგომ პერიოდში თანამოაზრეთა პოზიციები გაიყო. საუბარია მაგალითად იმაზე, რომ ილიაც ჩერნიშევსკის მსგავსად თვლიდა, რომ გლეხთა მიწის გარეშე განთავისუფლება დიდი უსამართლობა იყო, მაგრამ განსხვავებით ჩერნიშევსკისგან ეს მაინც არსებითი მნიშვნელობის პროგრესად ესახებოდა.

ნიკოლოზ ჩერნიშევსკი

ჩერნიშევსკი და მისი თანამოაზრეები გლეხურ რევოლუციას ემხრობოდნენ, როგორც ქვეყნის განვითარების ახალი ათვლის წერტილს. ისინი საზოგადო სათემო საკუთრებაზე გადასვლას მოითხოვდნენ. თერგდალეულები ამჟღავნებდნენ საპირისპირო პოზიციებს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ილია არანაირი გლეხური რევოლუციის მომხრე არ ყოფილა, პირიქით, ასეთი რევოლუცია მას საქართველოსთვის დამღუპველად მიაჩნდა და ამ გაგებით ის უახლოვდებოდა ფორმულას, რომ ნებისმიერი სოციალური რევოლუცია უარსაყოფია, რადგან იგი უფრო მეტს ანგრევს, ვიდრე აშენებს. რაც შეეხება საკუთრების ნაწილს, ილიას და ზოგადად თერგდალეულთა პოზიცია აქაც სხვაგვარია, მათ მიაჩნიათ, რომ სოციალური სამართლიანობის პირობებში კერძო საკუთრების უფლება საყოველთაოა. საერთოდ, ილიას მიაჩნდა, რომ ქართველი მუშა ბუნებრივად იყო დაკავშირებული მიწასთან და მიწათმოქმედი ისე არანაირ ქონებას არ ეტანებოდა, როგორც მიწას, ილია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოში ყველა გლეხს, ნაყმევს, თუ ხიზანს საკუთარი მიწა ჰქონოდა.

რუსი რევოლუციონერ-დემოკრატები, საკუთარი მოღვაწეობის ქვაკუთხედად გლეხობას განიხილავდნენ, ამგვარად ისინი „ნაროდნიკები“ იყვნენ. ამ საკითხშიც ზედმეტად თითიდან გამოწოვილი იყო საბჭოთა ისტორიოგრაფიის დამოკიდებულება, ამავე ჭრილში განეხილა თერგდალეულთა მოღვაწეობა. ნაროდნიკული მოძრაობა ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან ძალად ფორმირდა, თუმცა მისი დაკავშირება თერგდალეულებთან და შესაბამისად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ლოგიკური არაა, ვინაიდან რუსი ნაროდნიკები ჯერ ერთი, რომ ეროვნული ნიჰილიზმით გამოირჩეოდნენ, მერე მეორეც მათთვის უპირველესი საკითხი სოციალური იყო, განსხვავებით თერგდალეულებისგან, სადაც სოციალური ეროვნულზე წინ არ დგას. თერგდალეულთათვის ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თერგდალეულებს პეტერბურგში ყოფნისას ურთიერთობა მართლაც ჰქონდათ რუს-რევოლუციონერ დემოკრატებთან. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ მოხერხებულად გამოიყენა ეს და ამ ურთიერთობაზე დააშენა ის ტყუილი, რომლის ძალითაც თერგდალეულები და რუსი რევოლუციონერ-დემოკრატები, ერთი საქმის განმახორციელებელ და ერთი აზრის გამტარებელ ადამიანებად წარმოაჩინა. რეალურად კი, უნდა ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძე პრაგმატული ადამიანი იყო და ქართველი ხალხის ეროვნულ ბრძოლას, რა თქმა უნდა რუსეთის სოციალ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან გარკვეულ კავშირშიც განიხილავდა, თუმცა ეს კავშირი სიტუაციური და საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო იყო და არა იდეური სიახლოვით განპირობებული.

საბჭოთა მმართველობის 70-წლიან პერიოდში ამ ტყუილით იყო განპირობებული თერგდალეულთა როლი საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, სხვაგვარად ისინი შეიძლება საერთოდ დავიწყებას მისცემოდნენ. პოსტ-საბჭოთა რეალობამ და ცენზურის გაქრობამ ხელი შეუწყო განსხვავებული მიდგომებისა და მეტი ობიექტურობის საჭიროებას. ახლად დამოუკიდებლობა მიღებული ქვეყნისთვის ისტორიის მეტ-ნაკლებად ობიექტურ გაცოცხლებასა და სწორ ანალიზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


ლიტერატურა

  • გურული, ვ. საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია (შესწავლის მდგომარეობა. პერიოდიზაცია). გამომცელობა „უნივერსალი“, თბილისი 2011. გვ. 11.
  • თევზაძე, გ. ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება: შესაძლებლობა და სინამდვილე ი. ჭავჭავაძის ისტორიის ფილოსოფიაში. გამომცემლობა „Carpe Diem“, თბილისი 2010.
  • კაჭარავა, ი. ნ. გ. ჩერნიშევსკი და ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების ძირითადი ეტაპები. გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი 1979.
  • მალაზონია, დ. ილია ჭავჭავაძის იდეურ-პოლიტიკური მრწამსი, საისტორიო ალმანახში „კლიო“ N5. 1999, გვ. 122-134
  • მეძველია, კ. თერგდალეულები და რუსეთის სამოციანი წლების რევოლუციონერი მოღვაწეები (I ტომი). გამომცემლობა „ცოდნა“, თბილისი 1959.

0
319
შეფასება არ არის
ავტორი:ოთარ დავითაშვილი
ოთარ დავითაშვილი
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0