x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით. სივრცეში სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, პარალელურად კვება და გართობა იქნება შესაძლებელი.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ შეირჩა არხილოსკალოს ერთერთი მკვიდრის მიერ მომზადებული საპროექტო გეგმა, რომელიც კომისიამ მოიწონა. იდეა 32 გამარჯვებულს შორის მოხვდა, დაფინანსება გამოეყო და განხორციელდა. საგრანტო კონკურსი სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე საბჭოს სხდომაზე ინდივიდუალური ხმის მიცემის პრინციპით დამტკიცდა 32 საგრანტო პროექტი შემდეგ სფეროებში: ტურიზმის განვითარებაზე – 7 გრანტი; სოფლის მეურნეობის– 5; სოციალური და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაზე – 6 გრანტი; დივერიფიცირებული ბიზნესის განვითარებაზე – 13, ხოლო კულტურული სფეროს განვითარებაზე – 1 გრანტი.


როგორც პროექტის ავტორმა და არხილოსკალოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა წიკლაურმა განაცხადა, მისი სურვილი იყო, რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილ ზონაში ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი შეექმნა, სადაც სხვადასხვა აქტივობებთან ერთად კვება და გართობაც იქნება გათვალისწინებული. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, პროექტის მიხედვით, კვება არ იგეგმებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ ობიექტმა ფუნქციონირება და საკუთარი თავის შენახვა შეძლოს, აუცილებელი გახდა სამზარეულოც დაემატებინათ. უკვე დასრულდა სამზარეულოს მონტაჟიც და ცხელი და ცივი სასმელების გარდა სტუმრებს საკვებითაც გაუმასპინძლდებიან.



„აპრილის პირველი რიცხვებიდან დავიწყეთ ფუნქციონირება. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ზონა მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს, დიდი მანძილითაა დაშორებული მუნიციპალიტეტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასაზღვრო ზოლია. მიგრაციის გამო ახალგაზრდობის ნაკლებობაა. ადგილზე არანაირი გასართობი, ან თავშესაქცევი სივრცე არ არსებობდა, სადაც სტუმას შეიყვან, ან თვითონ დაჯდები, მუსიკას მოუსმენ, ან ყავასა, თუ ჩაის მიირთმევ. ამიტომ დიდი სურვილი გვქონდა, რომ ასეთი ობიექტის გახსნა მოგვეხერხებინა. ბოლო წლებში ევროკავშირის პროექტები რომ გამოცხადდა, შევიტანე განაცხადი, შევადგინე პროექტი და საბედნიეროდ გავიმარჯვე. მივიღე დაფინანსება და შევუდექით მშენებლობას. ვინაიდან სათანადო შენობა არ არსებობდა, ახალი შენობა ავაშენეთ, სოფლის ცენტრში, სპორტული მოედნისა და იუსტიციის სახლის გვერდით... ვფიქრობ, კარგი გამოგვივიდა. შესანიშნავი დიზაინი და საოცარი გარემო შეიქმნა. ზოგადად, ჩემი მიდგომაა, რომ ნისიად არ გაიცეს და ზოგადად, ახალგაზრდობა მიეჩვიოს, რომ კაფეში ვალით არ უნდა დაჯდეს. თუ ვატყობთ, რომ კლიენტს ფული არ აქვს, ხშირად ვეუბნებით, რომ რადგან ამ ობიექტზე პირველად ხათ, ეს ჩვენგან საჩუქრად მიიღეთო, “ - აღნიშნავს მარინა წიკლაური.


არხილოსკალო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთერთი საზღვრისპირა სოფელია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს და აქ ამგვარი აქტივობების ცენტრი გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს.


image


ორიოდ წლის წინ ამავე სოფლის ცენტრში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ახალგაზრდული ცენტრის გვერდით, სულ რაღაც 100 მეტრში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. შენობა მრავალფუნქციურია და იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების გარდა ადგილობრივ მოსახლეობას საბანკო, მობილურ და სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს. ამას გარდა, ცენტრის საკონფერენციო დარბაზით უფასოდ სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ადგილობრივი და მეზობელი სოფლების მაცხოვრებელთათვის სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარები აქ ხშირად ტარდება, რომელსაც ძირითადად უფროსკლასელები და აქტიური ახალგაზრდები ესწრებიან. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მანამდე ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა არ ჰქონიათ და სამწუხაროდ, ამ სოფლებში ამ კუთხით არც არასამთავრობო სექტორს გამოუჩენია აქტიურობა. ბოლო ხანს, ტრენინგებს შედეგიც მოჰყვა. ბოლო რამდენიმე კვირაა შეძენილი უნარჩვევების შემდეგ ბევრ ადგილობრივ ახალგაზრდას კონკრეტული აქტივობის იდეა გაუჩნდა და ბევრი მათგანი მათ განხორციელებას უკვე შეუდგა.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0