x
"მე მომიტაცეს"

image

მე მომიტაცეს. ქართული ნაგაზი ვარ, ბორა. მთაში ძაღლებს მკაცრი ცხოვრება აქვთ, მაგრამ მე გამიმართლა დაბადებიდან - ბავშვივით მანებივრებდნენ, შვილებში არ მარჩევდნენ და უჩემოდ ვერ ძლებდნენ.
დიდ ოჯახში ვცხოვრობდი - ჩემი სახლი ერქვა აქაურობას და იმ მიდამოებში ყველა მცნობდა.
იმ ღამით ყველას ეძინა, როცა თენგო მოადგა ჭიშკარს - არც დამიყეფია, ჩვენიანი იყო, მივედი და კალთაში ჩავუდე თავი. მარჯვენა ხელზე ნაჭერი ჰქონდა გადახვეული და უცნაური სუნი ასდიოდა ამ ჩვარს - ცხვირზე მისვამდა მარჯვენას და მეორეთი ყურებს მისრესდა. გულისრევა და თავბრუსხვევა ვიგრძენი. მაღლა ავიხედე და მთვარე სულ ოდნავ, ბუნდოვნად ჩანდა...
გამოფხიზლებულმა პირველად უცხო სუნი ვიგრძენი - თავი ავწიე, რომ ჰაერი კარგად შემეყნოსა და... ჯაჭვმა არ გამიშვა. გამიკვირდა - არასდროს დავუბივარ არავის! თვალებში ნელ-ნელა მიბრუნდებოდა ხედვა - ქვითკირის ღობე მოჩანდა მხოლოდ და მოშორებიდან უცხო ხმები ისმოდა. დავიყეფე. სამნი გამოჩნდნენ, კაცები; შორიახლოს დადგნენ და მიყურებდნენ. მივხვდი, კარგი არ ხდებოდა ჩემს თავს - გადავწყვიტე, ღირსეულად შევხვედროდი განსაცდელს. ავიქოჩრე და ლაშები ავად დავაღე - ყრუდ ვიღრინებოდი და ვაფრთხილებდი, არ მომკარებოდნენ.
ერთი თვის მერე მიხვდნენ, არავის ვიგუებდი პატრონად და ხელიც ჩაიქნიეს. საღამოობით ცხვრის ბღავილი და ძაღლების ყეფა მესმოდა. შიგადაშიგ ძვლებს გადმომოიყრიდნენ და ჭუჭყიან ჯამში სალაფავს ჩამისხამდნენ. სუფთა წყალი მენატრებოდა და ჩემების ხელით მოწვდილი ხორცის ნაჭერი!
სად კვდები, ბორა! - სინანული გამკრავდა გულში და ჩემებზე ვდარდობდი. რა ეშველებოდათ აბა უჩემოდ! ხშირ-ხშირად გავიწევდი ხოლმე, იქნებ გამეგლიჯა ეს დაწყევლილი ჯაჭვი!
გავხდი. ჭუჭყიანი და გაბოროტებული ვიყავი. ახლოს რომ მომკარებოდნენ, არ დავინდობდი არც ერთს! თუმცა არა, გოგო ჰყავდათ ერთი - ცხვირაპრეხილი და ვარდისფერ ლოყებიანი; ზოგჯერ მოდიოდა და ჩაცუცქული მიყურებდა - ჩაცუცქულივე მოჩოჩავდა ჩემკენ, სანამ არ დავიღრენდი. ქადები მოჰქონდა ჩემთვის - დადებდა ძირს და მერე გრძელი ჯოხით მოაცურებდა ჩემკენ. ლილე ერქვა. მას ვერაფერს დავუშავებდი, თუმცა არ ვენდობოდი მაინც.
სამი წელი დაბმული ვიყავი - ბეწვი გამცვივდა და კბილები დამიბლაგვდა. ზამთარში ძვლებში ატანდა სიცივე, მაკანკალებდა და სიზმარში ჩემს სახლს და ლოგინს ვხედავდი - თინას გამოწვდილ ხელზე დაყრილ ნიგვზის ლებნებს...
ლილე გაიზარდა. ისე აღარ ეშინოდა ჩემი. მეც შევეჩვიე - მოდიოდა და თავისი პატარა ხელებით ცდილობდა ჯაჭვი დაეგრძელებინა როგორმე. ჩუმად მოიპარებოდა ჩემთან და ხელისგულებზე დაყრილ შაქრის ნატეხებს მაწვდიდა.
...
მესამე შემოდგომა ილეოდა. ზამთრის მოლოდინი დაბინდულ გონებას მიშფოთებდა და ძვლებში მამტვრევდა. ვგრძნობდი, ამ ზამთარს ვეღარ გადავიტანდი - 5 წლის ნაგაზი ბებერს ვგავდი ამდენი დარდით. თავისუფლებაზე ფიქრი კი მაინც არ მომშორებია.
იმ საღამოს ლილე მოვიდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ჩემთვის. ჩემს სადგომს ათჯერ მაინც შემოუარა, საყელური მრავალჯერ მომისინჯა გადახეხილ კისერზე - თავის წვრილ თითებს აყოლებდა რკინის რგოლებს და უცნაურად მიყურებდა. რა ვიცოდი, რომ ეს ტყვეობის ბოლო ღამე იყო!
...
ჯერ ისევ ბნელოდა და მზის არც ერთი სხივი არ ჩანდა, როცა ლილე ფეხაკრეფით მომიახლოვდა. ორიოდე წუთი იწვალა ჩემს საყელურზე და ბოლოს რკინის საყელური პირდაპირ მის მუხლებზე დაეცა!..
ფრთხილად დადო მიწაზე, ჩამეხუტა ასე ჭუჭყიანს და გაწამებულს - სახლში წადი, პირდაპირ იარე სულ, - ჩამჩურჩულა და სახლის უკანა მხრიდან დიდ შარაგზაზე დამაყენა...
...
უკანასკნელი ძალებით მივქროდი დაღმართზე - შინ, შინ, შინ! ვიღლებოდი, ვწვებოდი ორიოდე წუთით და ისევ გავრბოდი! გავრბოდი, გავრბოდი...
საღამოს ის ქედი გამოჩნდა, რომლის მერეც ჩემი სოფელი იწყებოდა...
იმ ღამით ჩემს სახლში ვიყავი - წინ ჯამით ხორცი მედგა და თინა გადაგლეჯილ კიდურებზე მალამოს მადებდა. ყურებზე მეცემოდა მისი ცხელი ცრემლები და ვგრძნობდი რა ბედნიერი ვიყავი!
ჩემი სახლი, ჩემი ეზო და ჩემები - ყველა შემდეგი დღე სიხარულით სავსე!
ბორა დაბრუნდა! - დუდუნებდნენ მთები.
ბორა დაბრუნდა! - ფრთხიალებდნენ ჩიტები.
ბორა დაბრუნდა! - მიღიმოდა სახლი...

P.S. ბორას სახლიდან ორმოციოდე მეტრში დაუმთავრებელი სახლი იდგა ერთი. შაოსანი ქალი გამოჩნდებოდა ხოლმე, ნელა ჩაივლიდა ბორას სახლთან, ჭიშკართან შეჩერდებოდა და ცრემლებს გადაყლაპავდა - აკი შენმა ცოდვამ უწია ამ ჩემ უბედურ შვილსაო, ჩაილაპარაკებდა და გასცდებოდა მესერს...
თალხ კაბაზე პატარა მრგვალი გულსაბნევი ჰქონდა მიმაგრებული - თუ გახსნიდი, თენგოს ფოტო იყო შიგნით, ისეთივე, როგორიც მისი საფლავის ქვაზე...

2
131
შეფასება არ არის
ავტორი:vako123
vako123
131
  
2021, 10 აპრილი, 11:55
ჯობია მიუთითოთ თორემ მიისაკუთრეს უკვე და თავისად ასაღებენ :)))
2021, 10 აპრილი, 11:55
ავტორი ვინ არის ?
0 1 2