x
image
ეკა ლაცკა
"იუდას ამბორი"- ხელოვნებად ასახული გაცემის ტკივილი
"...და შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელს უწოდებდნენ, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო" ...
/ მათეს სახარება 26, 14./

განსაკუთრებით მძიმეა ქრისტიანულ სამყაროში დღე, როდესაც 12 მოციქულთაგან ერთმა ... იუდა ისკარიოტელმა — 30 ვერცხლის ფასად გასცა უფალი, იესო ქრისტე.

სწორედ ამ დღიდან იუდას სახელი იქცა მოღალატის, გამცემის სინონიმად.

ეს სახარებისეული ფაქტი, გახდა მუზა მრავალი შემოქმედისთვის.


შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ხელოვნებაში ( და არა მარტო), ხშირად წარმოსახავდნენ უფლის ღალატის თემატიკას.

"იუდას ამბორი" - როდესაც იუდა ისკარიოტელი კოცნის იესო ქრისტეს და ამით მიანიშნებს "აჰა კაცი იგი"- ასახულია, არაერთ მხატვრულ შედევრზე.

აი, რამდენიმე მათგანი :

1. ცნობილი იტალიელი მხატვარი მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო
– "იუდას ამბორი" / 1602 წ./

image

ერთერთი შედევრი, შედევრთა შორის. ღრმა და მისტიური... თუ ნახატს კარგად დააკვირდებით აქ სხვა საოცარ ნიუანსთან ერთად აღმოაჩენთ უცნაურ ფიგურას — მამაკაცს, რომელსაც ხელში ფანარი უჭირავს და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

ეს თავად კარავაჯოა.

რამდენი რამ შეიძლება ვიფიქროთ მხატვრის ჩანაფიქრზე. რა არის ეს? რას მიგვანიშნებს კარავაჯო? იქნებ ეს გაფრთხილებაა, მარადიული კითხვაა საკუთარ თავთან: სად ვართ იმ დროს, როცა ჰყიდიან ქრისტეს? არადა მას ხომ ჯერ კიდევ ჰყიდიან...

2. ასევე საინტერესოა ჯოტო დი ბონდეს - იუდას კოცნა - (1304- 1306), პადუა, იტალია. შესრულებულია 14 საუკუნის დასაწყისში.

image

ნახატზე წარმოსახული ქაოსი... და ქაოსთა შორის უაღრესად საინტერესო - იესოს მზერა...

ტიმოთი სკოტმა, ამ მზერას უწოდა პატიების და სინანულის გამომსახველი.

3. შთამბეჭდავი და ემოციურია ლუკა ჯორდანოს (იტალიელი ფერმწერი 1632-1705) ნახატი ზემოთხსენებული თემატიკით, რომელზეც აზრის გამოტანა მკითხველისთვის მიმინდია.

image

4. არანაკლებ საინტერესოა ქარათველი მხატვრის მერაბ აბრამაშვილის /1957-2006/ ნახატიც - "იუდას ამბორი", შესრულებული ტემპერას საღებავებით ფირფიცარზე.

image

...

გაცემის ემოცია მუდამ ღრმა და სულის შემძვრელია ყველა დროში და ყველა ადამიანისთვის და სამწუხაროდ აუსახველ ტკივილად რჩება ის, მათთვის ვისაც არ დაჰყვა ნიჭი, ტკივილის ფურცელზე ნახატად ან სიტყვებად გადმოტანისა...

...

ამ თემას კი ნიკო გომელაურის ყველასათვის საყვარელი ლექსით დავასრულებ :

image
***

როგორი იყო? აბა რა ვიცი ...
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი ...
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა ...
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის, არადა ჰყიდის ...
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა!
- დღესაც აქ არის, არ გაიგუდა . . .

ნიკო გომელაური

1
997
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
997
  
2019, 11 მაისი, 3:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1