x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90237
  • ვიდეო:340127
  • სურათი:452526
ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება

image
მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე "ბოსია" და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან "ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?", მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის, რომ შენ ვერძი ხარ, ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე ვერძის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.


ზოდიაქოს 12 ნიშანი, სტიქიების მიხედვით, 4 ნაწილადაა დაყოფილი - ჰაერის, ცეცხლის, წყლის და მიწის ნიშნებად. ამჯერად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი განვიხილოთ:



ვერძი


მაშ ასე, თქვენ ვერძი ხართ - აქტიური, იმპულსური, ოპტიმისტი და ექსტრავერტი ადამიანი.

ვერძები ზოდიაქოს წრეში პირველები არიან და ეს მათ ხასიათშიც კარგად ჩანს. რასაც უნდა აკეთებდნენ, პირველები იწყებენ, პირველები ამთავრებენ და, ულევი სასიცოცხლო ენერგიის წყალობით, ნებისმიერი მიზნის მიღწევას ახერხებენ, თუკი გზაში არ გადაიფიქრეს.


გაქვთ ლიდერობის პოტენციალი, რადგან სხვების აყოლიებას ახერხებთ, ინიციატივა და ძლიერი ნებელობა გაგაჩნიათ, თან რაც გინდათ, იმის გატანას ყოველთვის ახერხებთ. არც თავდაჯერება გაკლიათ, თუ ზედმეტი არ გაქვთ. ყოველთვის იცით, რა გსურთ და მიზნისკენ ყველაზე მოკლე მარშუტს ირჩევთ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ხანდახან ენერგიას სრულიად უაზროდ ფლანგავთ. იწვით, სანამ არ ჩაქრებით და ხშირად მძიმე ავადმყოფობებიც კი ფეხზე გადაგაქვთ იქამდე, ვიდრე არ წაიქცევით. ნუ აწვებით გაზს, როცა "წითელი გინთებთ", სჯობს "საწვავი ჩაისხათ" და მშვიდად განაგრძოთ გზა. ასე უფრო დიდხანს ივლით.


image


თქვენი ძლიერი მხარე ნოვატორობაა, პიონერი ხართ. უამრავი ახალი წამოწყების ავტორი შეიძლება იყოთ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანისთვის ნერვები არ გყოფნით (თუ რუკაში ამის მხარდაჭერა არ არსებობს) და ამიტომ გუნდი უნდა შეგხვდეთ კარგი, რომ თქვენი დაწყებული, სხვებმა დაამთავრონ, თორემ იქნებით ასე უამრავი დაწყებული და დაუმთავრებელი პროექტით.


პირდაპირი, ალალი და უბრალო ადამიანი ხართ და ზუსტად ამას ელოდებით სხვებისგანაც, რის გამოც თქვენი მოტყუება ადვილია. ამბობენ, რომ რთული ხართ, მაგრამ ცდებიან. რთული ის არის, ვისაც ვერ გაიგებ გონებაში რა უდევს. თქვენ ის ხართ, რაც ხართ. არ თამაშობთ, არ მანიპულატორობთ, არ ხართ ყალბი. ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და იქცევით ისე, როგორც გინდათ. თქვენ გასაგები ადამიანი ხართ, თანაც ძალიან მარტივად გასაგები, უბრალოდ მართალი ხალხი ბევრს არ უყვარს, თანაც არც თქვენ გაწყენდათ ცოტა მეტი ტაქტი.


დაბალი განვითარების დონეზე ამ მდებარეობამ უხეში, ეგოისტი და აგრესიული ადამიანის ტიპაჟი შეიძლება მოგვცეს, ფეთქებადის და უგნურებამდე წინდაუხედავის, რომელიც იმპულსებმა იმდენად შეიძლება დააბრმავოს, ყველა გადათელოს, ვინც გზაზე გადაეღობება. სამაგიეროდ, განვითარების მაღალ საფეხურზე, თუკი თქვენი ნაკლოვანებების დამუშავებას მოახერხებთ (რაც ვერძის შემთხვევაში ურთულესია), მოახერხებთ გათავისუფლდეთ თქვენივე სურვილების მონობისგან და ძალიან დიდი სულიერი ევოლუცია განიცადოთ. ამ შემთხვევაში გენიალური პიროვნება დადგებით - ძლიერი და ამავდროულად ბავშვურად სუფთა.


უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგიის მარაგს ფლობთ. სულ მოქმედებაში ხართ, ერთ ადგილზე ვერ ისვენებთ. ფიზიკური აქტივობა თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.


პრობლემები და დაბრკოლებები თქვენთვის უბრალოდ გამოწვევაა. რძეში ჩავარდნილი ორი ბაყაყის ისტორია გახსოვთ? ის, რომელიც ბოლომდე ფართხალებს, რძეს დღვებს და ამოდის ვერძის ტიპაჟია. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ბოლომდე იბრძვით, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. იმედს არასდროს კარგავთ და ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეგიძლიათ. პრობლემები თქვენთვის გამოწვევაა და ამიტომ ახერხებთ წამოდგეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც წაიქცევით.


თავს არ იწამებთ გეგმებით, არ უღრმავდებით საკუთარ ემოციებს, ხართ მოუთმენელი და იმპულსებს აყოლილი ძალიან სპონტანურად მოქმედებთ.


საშინლად გულწრფელი ხართ, საოცრად ალალი და ექსპრესიული. ან ენთუზიაზმით ივსებით, ან სრულიად გულგრილი რჩებით. არ გეშინიათ კონფლიქტების. უკიდურესი სუბიექტურობის გამო უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ცდებოდეთ, სულ მზად ხართ ხმალი იშიშვლოთ, "სამართლიანობა აღადგინოთ" და "ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ".


თქვენ ბავშვური სულის ადამიანი ხართ - გულწრფელი და პატიოსანი, რომლისთვისაც ორპირობა და ღალატი უცხოა, თუ რა თქმა უნდა, რუკის დანარჩენ ნაწილზეც მშვიდობაა. ბედნიერი ხართ მაშინ, როდესაც რაღაც ხდება და თქვენ მოვლენების ეპიცენტრში ბრძანდებით. კარგი იქნება, თუ მოთმინებას ისწავლით, შენიშვნის მიღებას, სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინებას და ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეს.


image



ლომი



ლომები რაღაცით გამორჩეული, საკუთარი ღირსების გრძნობით სავსე, დიდსულოვანი ადამიანები არიან. ცისფერსისხლიანობა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ მეფური მანერები ჰქონდეთ. არისტოკრატული ბუნება მათ შემთხვევაში დაბადებით თანდაყოლილია. უჩვეულო თავდაჯერებულობის წყალობით ხშირად ამპარტავანი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე პიროვნებების შთაბეჭდილებასაც ტოვებენ, მაგრამ ეს ზედაპირული დასკვნაა და მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს:


თქვენ შესაძლოა მართლაც გრძნობდეთ თავს ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან კეთილშობილური სურვილის წიაღში იღებს სათავეს - გინდათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. ლიდერობის პოტენციალს გრძნობთ და ეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ, თითქოს ღვთისგან ბოძებული ნიჭის ფუჭად დაკარგვა არ გსურთ. თანაც თუკი მზე დაზიანებული არ არის, სხვების გზიდან ჩამოცილების ხარჯზე, მუჯლუგუნებით და ფეხის დადებით კი არ შეეცდებით წინსვლას და პოპულარობის მოპოვებას, ღირსეული და ამაყი ნაბიჯებით ივლით არჩეულ გზაზე.


ლომების უმთავრესი მოტივაცია ადამიანების აღიარების და სიყვარულის დამსახურებაა, სანაცვლოდ კი თავადაც წრფელ გრძნობებს, დაფასებას და სიხარულის მინიჭებაზე ზრუნვას ჰპირდებიან ყველას.


თქვენი სუსტი წერტილი - პატივმოყვარეობაა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ, პროჟექტორების შუქი, სცენა… თაყვანისმცემლებისგან იღებთ სასიცოცხლო ენერგიას. შექებაზე მძაფრად რეაგირებთ, კომპლიმენტები გაბრმავებთ და ილუზიებს გიქმნით. თქვენი მოტყუება ძალიან ადვილია. არ არის საჭირო ყველა პირმოთნე ადამიანის ლაქუცზე "ძირს გაწოლა" და "კრუტუნი". თუკი მოახერხებთ და აპლოდისმენტების მოსმენის სურვილზე მაღლა დადგებით, ცირკის ლომად ვერავინ გაქცევთ. სხვების შეფასებაზე რაც უფრო ნაკლებად იქნებით დამოკიდებული, მით უფრო მეტს მიაღწევთ.


ზოგადად, დაზიანებული მზე ლომში - ყოყლოჩინა, კუდაბზიკა, შურიან და მანერულ ადამიანებს შობს, რომლებიც ყველას ზემოდან უყურებენ და მხოლოდ საკუთარი თავით არიან მოცულნი, ჰარმონიულ გამოვლინებაში კი - ამაყ, ღირსეულ და თავდაჯერებულ ტიპაჟებს, რომლებიც სხვებსაც ეხმარებიან ნიჭის რეალიზაციაში.


image


ბუნებრივი ქარიზმატულობის და ძლიერი ენერგეტიკის მიუხედავად, ხშირად ზარმაცი და ფუქსავატი ადამიანების იმიჯიც გაქვთ ხოლმე, თუმცა ვინც თქვენ ასეთად მოგიაზრებთ, მათ მხოლოდ მზეზე ნება-ნება გაშოტილი მეფური იერის მქონე ლომები უნახავთ და არ ჰქონიათ ნადირობის პროცესის ყურებით ტკბობის პატივი. თქვენ გიყვართ ფუფუნების საგნები, მდიდრული წვეულებები, ძვირფასი ტანსაცმელი, ნივთები… და ძალიან კარგად იცით, ეს ყველაფერი ციდან ყოველთვის არ ცვივა (თუმცა თქვენთან ხანდახან ცვივა კიდეც). თუკი საჭირო გახდა, შრომა ნამდვილად არ გეთაკილებათ და არც ვინმეზე ნაკლები შეგიძლიათ. უბრალოდ წუწუნი თქვენი სტილი არ არის, "აქამდე არასოდეს დაეცემით". არც შავი დღისთვის გადანახვა გჩვევიათ. "ცხოველთა მეფე" მაშინ "შრომობს", როდესაც შია, მერე კი განცხრომას მიეცემა ხოლმე.


უსაშველოდ კეთილი ხართ და კაცთმოყვარე. გულუხვობა თქვენი ბუნებრივი თვისებაა და არა შეძენილი, ნასწავლი და მიზანშეწონილი ქმედება. ბევრი ფიქრობს რომ თქვენი "სიკეთე" შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობაა, თუმცა თქვენი დადანაშაულება ბოროტ ზრახვებში დიდი უნამუსობა იქნება და ეგებ ძვირადაც დაუჯდეს მთქმელსაც. კეთილმოსურნე, ბედნიერი და მხიარული ლომები, ამ დროს საშიშები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბუნებისთვის მიმტევებლობა სულაც არ არის უცხო და წაქცეულსაც არასოდეს ურტყამთ, საშინლად იმპულსური ხართ. გსურთ, რომ კარგ ადამიანად მიგიჩნევდნენ და როდესაც ასე არ ხდება, თქვენს მრისხანებას არ აქვს საზღვარი.


ბუნებით ექსტრავერტი ადამიანი ბრძანდებით, უფრო მეტად ტრადიციების მოყვარული და ძალიან ერთგული. ადამიანების, ადგილების და სიტუაციების ამოჩემება გჩვევიათ. იშვიათად ნებდებით და იშვიათად ანებებთ ხოლმე რამეს თავს. სიჯიუტისა და ოპტიმიზმის წყალობით ადამიანებზე იშვიათად ამბობთ უარს, სანამ ხაზს გადაუსვამდეთ, ბოლომდე ცდილობთ მასში კარგი მხარეების დანახვას. როცა რამე ფუჭდება, ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებთ, თითქოს ყოველთვის ყველაფერი მხოლოდ თქვენზე იყოს დამოკიდებული. სამყაროს იდეალისტურად უყურებთ. გგონიათ ყველა თქვენნაირად დიდსულოვანი და ღირსეული ადამიანია და ამიტომ ხშირად ცდებით შეფასებისას.




ყველაფერს შემოქმედებითად უდგებით. კრეატიული ხართ, იუმორის გრძნობით სავსე, იცით როგორ გაართოთ პუბლიკა, როგორ აგრძნობინოთ ადამიანებს თავი კარგად და ამიტომ საზოგადოებასაც უყვარხართ, პოპულარული ხართ, თუნდაც იმ წრეში, რომლებიც გიცნობენ. სამყარო თქვენ გარშემო ბრუნავს. თქვენ ცენტრი ხართ. ეს მზის ძალიან კარგი მდებარეობაა, რადგან მზე ლომის მმართველია და თავის ბუნებას ამ ნიშანში ყველაზე კარგად ავლენს.



მშვილდოსანი



დაუღალავი, მხიარული მეგობრული, მზით მშვილდოსანი ინდივიდები ძალიან აქტიური ადამიანები არიან, სულ დაკავებული და სულ რაღაცით გართული. კენტავრი ადამიანის და ცხოველის სინთეზია და ამ ნიშანშიც ძალიან საინტერესოდ არის შერწყმული სულიერება და ცხოველური ინსტიქტები.


თქვენ ჭეშმარიტად ფილოსოფოსი ხართ. გიჟდებით ბრტყელ-ბრტყელ საუბარზე. სხვადასხვა თეორიების გაცვლა-გამოცვლაზე. სხვებისთვის რჩევების მიცემაზე, ჭკუის დარიგებაზე. ითხოვთ პატივისცემას. გინდათ, რომ სამაგალითო იყოთ. სხვების გზაზე დაყენება ხშირად გაქვთ განზრახული, თუმცა შეცდომებსაც ადვილად პატიობთ მათ… საკუთარ თავსაც. თქვენთან ურთიერთობა მარტივია. მხიარული, ხუმარა, იუმორით სავსე, ნებისმიერი სქესის, რასის, ეროვნების თუ ტიპის ადამიანთან ახერხებთ მეგობრობას. გიყვართ თავისუფლება და ატანა არ შეგიძლიათ შეზღუდვებისა და რუტინის.


ქარიზმატული ხართ, მომხიბლავი (თუნდაც ლამაზი არ იყოთ), გულუხვი და ხელგაშლილი. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, სხვები ვერაფერს შეგატყობენ. უბედური ადამიანის პოზაში ყოფნა თქვენი სტილი არ არის. თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია და ამის გამო თქვენთან ყოფნა სასიამოვნოა. ხალხი ბევრ რამეს გპატიობთ და უყვარხართ.


უამრავი იდეა გაქვთ, აზროვნების ფართო დიაპაზონი. გულღია, გონებაგახსნილი, თუმცა ცოტა გაფანტული და ქაოტური ადამიანი ბრძანდებით. კარგად აღიქვამთ მთლიანობას, განზოგადებას ახერხებთ უმაღლეს დონეზე, მაგრამ დეტალები გეპარებათ. ზოგადის დეტალებამდე ჩაშლას შესაძლოა ვერაფრით ახერხებდეთ. მიზანში არტყამთ, მაგრამ ესეც რაღაც ინტუიციურად, ინსტიქტების დონეზე. თანმიმდევრობა გაკლიათ და ხშირად საკუთარ თავთან მოდიხართ წინააღმდეგობაში, რასაც თავად ვერაფრით ამჩნევთ და არაფრით აღიარებთ. ზოგადად, კაცმა რომ გკითხოთ, როდის დაუშვით შეცდომა ამ ბოლო დროს, ვერაფრით გაიხსენებთ, რადგან საკუთარი შეცდომების აღქმა და დამახსოვრება გიჭირთ.


image


გაინტერესებთ რელიგია, სხვადასხვა კულტურები, სწავლებები (თუკი მზე დაზიანებულია, შეიძლება ფანატიკოსი და თქვენი სიმართლის სხვებისთვის თავს მოხვევით შეპყრობილი ტიპაჟიც ბრძანდებოდეთ) უსაშველოდ ცნობისმოყვარე ხართ. გამუდმებით სწავლობთ, გამუდმებით სიახლეებს დაეძებთ. ყველაში და ყველაფერში შეგიძლიათ დაინახოთ კარგი და საინტერესო. კითხვაც გიყვართ, თუმცა ოთხ კედელში გამომწყვდეულს წიგნებიდან სწავლას ცხოვრებასთან, ხალხთან უშუალო კონტაქტით სამყაროს შემეცნებას ამჯობინებთ. ამიტომ ბევრი თქვენგანი მოგზაურია, ან მოგზაურობის იდეით შეპყრობილი მაინც. მაწანწალა - რომელიც სულ სადღაც წასვლაზე ოცნებობს. გაქვთ შესანიშნავი ნიჭი - დატკბეთ სიცოცხლით, ისარგებლოთ მისი ყოველი წუთით. გიყვართ "ჭამა-სმა დიდად შესარგი"… არ უფრთხილდებით ჯანმრთელობას, მაგრამ მაინც ჯანმრთელი ხართ (თუმცა ეს უფრო რუკაზეა დამოკიდებული, იგულისხმება, რომ სასიცოცხლო ენერგია გაქვთ დიდი).


თქვენი სუსტი მხარე ის არის, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ხართ, ზედმეტად ენდობით ადამიანებს და მაშინაც იღბლის იმედად ხართ, როცა არ უნდა იყოთ. ეს ერთი მხრივ კარგია, გამუდმებით არ ადანაშაულებთ საკუთარ თავს წარუმატებლობაში და თანაც იუპიტერის წყალობით მართლაც ხშირად გიმართლებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან გათამამებაც არ ღირს… სატურნს არ სძინავს. სიფხიზლე არც თქვენ გაწყენდათ.


კიდევ ერთი პრობლემა ზედმეტი გულახდილობაა. ყველაზე მეტად ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ერთობით. გულწრფელობას უტაქტობაში ხშირად გითვლიან. არადა უბრალოდ სიმართლე თქვით, რა უნამუსობაა, არა? მოდით, ვაღიაროთ, რომ სიმართლის თქმასაც სჭირდება ფორმა. ეცადეთ, უფრო მეტად დიპლომატიური იყოთ, ცოტა დაუბლაგვეთ მახვილი პირი თქვენს ისრებს, თორემ ძალიან მწარეა, თანაც შიგ გულში ახვედრებთ.



სტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
2483
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0