x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ქრიზმა, ხომალდი, ვერძი, იხთისი და სხვა ნაკლებად ცნობილი ქრისტიანული სიმბოლოები
როგორ გგონიათ, ქრისტიანული სიმბოლო მხოლოდ ჯვარია? - სულაც არა. ჯვრის გარდა უამრავი მართლმადიდებლური სიმბოლო არსებობს. ზოგი მათგანი ქრისტიანული რელიგიის ჩანასახში დაიბადა და დღეს უკვე დავიწყებასაა მიცემული. სიმბოლო ხომ ძირითადი ენა, რომელსაც ქრისტიანობაში ვიყენებთ. იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც ამჟამად ხდება და რომლებიც იქნება მომავალში... სიმბოლოებით მოქმედებს პოეზია, პროზა, მხატვრობა, მუსიკა... და ასეა თეოლოგიაშიც. სიმბოლო უმთავრესია მთელ ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწყმის თან ევქარისტიულ რეალობას... სიმბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა, რომელიც უფლის მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე, სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი თუნდაც შენ ხარ ვენახი-ს გალობისას, სიმბოლოს იმოსავს მღვდელმსახური, თუნდაც მეწამული მოსასხამისას, რომელსაც პირველად შევეხებით, სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში: სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურაც, გუმბათიც, ჯვარი, ნავი... სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ის არაა მხოლოდ რაიმე ნიშანი, მხოლოდ რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსენებლად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი, ესაა ჯვარი, ესაა თევზი, ესაა ხატი...



image


ქრიზმა, ღუზა, ვარსკვლავი, ხომალდი, იხთისი, ჯვარი..... ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქრისტიანული სიმბოლოებისა, რომლებზეც დღეს გვექნება საუბარი.




რვაბოლიანი ჯვარი


image

რვაბოლიან ჯვარს მეორენაირად მართლმადიდებლურ ჯვარს ან ლაზარეს ჯვარს უწოდებენ. ჯვრის ყველაზე პატარა ხარიხა აღნიშნავს ტიტლოს, სადაც წერია: " იესო ნაზარეთელი, იუდეის მეფე". ჯვრის ზედა ბოლო გზაა ზეციური სამეფოსკენ, რომელიც ჩვენ ქრისტემ გვიჩვენა.



ხომალდი

image

ხომალდი წარმოადგენს უძველეს ქრისტიანულ სიმბოლოს, რომელშიც იგულისხმება ეკლესია და ცალ-ცალკე აღებული თითოეული მორწმუნე. ნახევარმთვარიანი ჯვრები, რომელთა ნახვა ბევრ ტაძარშია შესაძლებელი, აღნიშნავს ზუსტად ასეთ ხომალდს, სადაც ჯვარი იალქანს წარმოადგენს.



გოლგოთის ჯვარი


image

გოლგოთის ჯვარი ლათინური ჯვარია, რომელიც სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე დგას. ჯვრისკენ აღმავალი სამი საფეხური გოლგოთის მთას განასახიერებს და რწმენის, სასოებისა და სიყვარულის სიმბოლური გამოხატულებაა. „ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული - ეს სამი“ (1კორ 13:13).

ძველად ამ ჯვარს ფართო გამოყენება ჰქონდა, ამჟამად კი მას მხოლოს ანალავაზე (მღვდლის შესამოსელი) ამოქარგულს თუ შეხვდებით.



ვაზის ჯვარი

image

ვაზი ზოგადად ქრისტეს ევანგელურ სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო ახალ აღთქმაში ვაზი სამოთხის სიმბოლოდ მოიაზრება. ვაზის ჯვარს განსსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი მართლმადიდებლებისათვის, რადგან წმინდა ნინო სწორედ ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა საქართველოში. გადმოცემის მიხედვით, მარიამ ღვთისმშობელმა წმინდა ნინო საქართველოში სამოციქულოდ წარმოგზავნა და თან მას ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისაგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში წმინდა მისიით მიმავალი ქალწული.
თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც ვაზის ხის რტოთაგან შეკრულ ჯვარს თვითონ წმიდა ნინოს მიაწერს - წმინდანს იგი თავისი თმებით მცხეთაში მოსვლის შემდეგ, მაყვლოვანში დამკვიდრებისას შეუკრავს. შემდგომში ეს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. 541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული.
ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გატანილი ქალაქიდან ქალაქში და ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ გადატან-გადმოტანის დროს ჯვრის გარდი-გარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია. წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.


image

იხთისი

image

იხთისი უძველესი მონოგრამაა. გადმოცემის მიხედვით იესო მეთევზე იყო (სხვა წყაროებით - დურგალი). მისი ყმაწვილობის წლებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მიბარებული ჰყავდათ მეთევზეებთან ხელობის შესასწავლად. მოგვიანებით თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ის თავის თავს ადამიანების დამჭერს უწოდებს და ამბობს: "და ვუთხარი მათ - გამომყევით მე და თქვენ გაგხდით ადამიანების მჭერავად". იმის ანალოგიურად, როგორც იესო სიჭაბუკეში იჭერდა თევზებს, ასევე იჭერს სიკვდილის შემდეგ ადამიანების სულებს. იხთისი (ძველი ბერძნულიდან-თევზი) - უძველესი მონოგრამაა, რომელიც შედგენილია პირველი ასოებისაგან წინადადებისა: ''იესო ქრისტე ძე ღვთისა მხსნელი". იხთისი წარმოადგენდა პირველი ქრისტიანების ამოსაცნობ საიდუმლო ნიშანს.



მტრედი


image


მტრედი ითვლება ქრისტიანული სამების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის- სულიწმინდის სიმბოლოდ. ის აგრეთვე არის მშვიდობის, სამართლიანობისა და სიწმინდის სიმბოლო. მტრედმა, რომელმაც ნოეს ზეთისხილის ტოტი მიუტანა, ამ სახით აცნო მას მსოფლიო წარღვის დასასრული.



ღუზა

image



ღუზა ჯვრის დაფარული გამოსახულებაა. ის აგრეთვე წარმოადგენს მომავალი აღდგომის იმედის სიმბოლოს, ამიტომ ღუზის გამოსახულება ხშირად გვხვდება პირველი ქრისტიანების საფლავების ქვებზე.



ქრიზმა


image



ქრიზმა ქრისტეს სახელობის მონოგრამაა. მასში დაშიფრულია ორი სიტყვა: იესო და მესია (Х და Р). ხშირად გვხვდება აგრეთვე ალფა და ომეგა (α და ω), როგორც საწყისი და დასასარული ანუ ღმერთი. გამოცხადება 21-6 : "მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. მწყურვალს დავარწყულებ ცოცხალი წყლით, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს და მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი შვილი".



ეკლის გვირგვინი


image


ეკლის გვირგვინი ქრისტეს ტანჯვის სიმბოლოა, რომელიც ყველაზე ხშირად ჯვარცმებზეა გამოსახული.



IHS


image

IHS- ქრისტეს სახელობის კიდევ ერთი პოპულარული მონოგრამაა. ეს სამი ასო ბერძნულად იესო ქრისტეს სახელს აღნიშნავს.



სამკუთხედი


image



სამკუთხედი წმინდა სამების სიმბოლოა. მისი სამი გვერდი აღნიშნავს წმინდა სამების შემადგენელ ნაწილებს - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. სამკუთხედის ყველა გვერდი ტოლია და ისინი ქმნიან ერთ მთლიანს. იუდაიზმსა და ქრიასტიანობაში სამკუთხედი ღმერთის ნიშანია. სამების ადრეული ქრისტიანული სიმბოლური გამოსახულება იშვიათობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტოლგვერდა სამკუთხედი წმიდა სამების პირველი სიმბოლოა. სამების დოქტრინის პირველწყარო იესო ქრისტეს ნათლისღების ისტორიაა, სადაც მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ერთსახოვნადაა წარმოდგენილი. „როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკ 3:21-22). ქრისტიანული სამსახოვანი ღმერთი ზოგჯერ გამოხატულია სამკუთხედში ჩახატული თვალის (ყველაფრის მხედველი თვალი) ან სამკუთხა შარავანდედის სახით. ამ უკანასკნელით შეიძლება შემკობილი იყოს მხოლოდ მამა ღმერთი ან სულიწმიდა.



ისრები

image



ისრები ან სხივები, რომლებიც გულს გმირავენ, წმინდა ავგუტინეს "აღსარებაში" გამოთქმული ალუზიაა. გულის გამსჭვალავი სამი ისარი კი სიმონის წინასწარმეტყველების სიმბოლოა.



თავის ქალა


image



თავის ქალა ანუ ადამის თავი ერთნაირად წარმოადგენს როგორც სიკვდილის, ასევე სიცოცხლის სიმბოლოს. წმინდა წერილის მიხედვით, ადამის ფერფლი დამარხულია გოლგოთაზე, ანუ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს. მხსნელის სისხლმა გადარეცხა ადამის თავის ქალა, ამით სიმბოლურად განბანა კაცობრიობა ცოდვებისაგან და მისცა მას გადარჩენის შანსი.



არწივი


image



არწივი არის ამაღლების სიმბოლო. ის იმ სულის სიმბოლოა, რომელიც ღმერთს ეძებს. არწივი ხშირად სიმბოლიზდება ახალ ცხოვრებასთან, სამართლიანობასთან, რწმენასა და სიმამაცესთან.



სერაფიმები


image


სერაფიმები ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი ანგელოზებია. მათ აქვთ 6 ფრთა და ატარებენ ცეცხლოვან ხმლებს.



საკურთხეველი
image
საკურთხეველი ჩვენს დროში შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნივთიერი სიმბოლოა. საკურთხეველი (ლათ. alta ara - მაღალი სამსხვერპლო) ესაა საკულტო ნაგებობა, რომელიც ნებისმიერი ტაძრის (ეკლესია, მეჩეთი, წარმართული ბომონი და სხვა) წინა ნაწილშია მოთავსებული. ის ყველა რელიგიაში სამსხვერპლოს სიმბოლოს წარმოადგენს. თავდაპირველად მიწის ან ბელტის საკურთხეველს იყენებდნენ. მოგვიანებით, როდესაც დაიწყეს ტაძრების მშენებლობა, საკურთხეველს ქვისგან ან მეტალისგან ამზადებდნენ. იგი ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში იდგა ღვთაების გამოსახულების პირდაპირ.
სრულიად განსხვავებულია ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველი. თავდაპირველად საკურთხეველი წარმოადგენდა მაგიდას, რომელზედაც სიყვარულის სერობა იმართებოდა. მეორე საუკუნის ბოლომდე საკურთხეველი რჩებოდა ეკლესიაში დადგმულ მაგიდად, რომელზედაც ნაწილდებოდა ზიარება და სრულდებოდა სხვადასხვა საეკლესიო მსახურება.
მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკურთხეველი ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს შემაღლებულ ადგილას. იგი წარმოადგენს მაღალ სამსხვერპლოს და ტაძრის ცენტრალური ნაწილისგან გამოყოფილია კედლით, რომელსაც კანკელი ეწოდება. კანკელში მოთავსებულია ხატები. მას სამი კარი აქვს: ორი მცირე (ჩრდილოეთისა და სამხრეთის) და ერთი შუაში, რომელსაც სამეუფო ანუ აღსავლის კარი ეწოდება. აღსავლის კარში ჩამოკიდებულია კრეტსაბმელი, რომლის გახსნა და დახურვა ხდება მხოლოდ მღვდელმსახურის მიერ ღვთისმსახურების დროს და გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

ხუთქიმიანი ვარსკვლავი
image
ხუთქიმიანი ვარსკვლავი ბეთლემის ვარსკვლავია და იესო ქრისტეს შობას გამოხატავს. „როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ (მათ 2:1-2). ზოგჯერ სიმბოლო იესო ქრისტეს ხუთ ჭრილობასაც განასახიერებს.

ძველი ჩინელი ფილოსოფოსების წარმოდგენით, ხუთქიმიანი ვარსკვლავი (პენტაგრამა, პენტაკლი) სამყაროს ხუთი ძირითადი ელემენტის ურთიერთმოქმედების მაჩვენებელია. ცეცხლი, მიწა, რკინა, წყალი და ხე ერთმანეთზე მოქმედებენ (როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად).



ვერძი
ქრისტიანობაში ვერძი ქრისტეს („მწყემსი კეთილი“) სამწყსოს - მოციქულებისა და მორწმუნეების სიმბოლოს წარმოადგენს. ხელოვნებაში ხშირად ფიგურირებს აბრაამის მიერ ვერძის მსხვერპლად შეწირვის სიუჟეტი.
image
ფოტოზე: კარავაჯო, ''აბრაამის მსხვერპლშეწირვა''


ვერძი ცხვრის ფარის წინამძღოლია და აქედან გამომდინარე ზოგჯერ ქრისტეს სიმბოლოდ იხმარება. ისევე, როგორც ვერძი ამარცხებს ბრძოლაში მგელს, ქრისტეც გამარჯვებული გამოდის სატანასთან ბრძოლაში. ბუჩქნარში რქებით გახლართული ვერძი, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა აბრაამს სამსხვერპლოდ გამზადებული ისააკის სანაცვლოდ, ასოცირდება ეკლის გვირგვინით შემკულ იესოსთან, რომელმაც თავი გასწირა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. იკონოგრაფიაში ქრისტეს ზოგჯერ სამსხვერპლო ვერძის სახით გამოსახავენ.

ძველ აღთქმაში ვერძი სამსხვერპლოდ გამზადებულ ადამიანს ცვლის: „და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავის ძის ნაცვლად“ (დაბ 22:13). რაბინი ბენ დოზა გვამცნობს: „იმის გამო, რომ ვერძს ათი მყესი აქვს, დავითის ქნარს ათი სიმი ჰქონდა“.


მწყემსი კეთილი
image
მწყემსი კეთილი იესოს სიმბოლური გამოსახულებაა. მისი წყარო- წმინდა ევანგელეა, სადაც ქრისტე თავის თავს მწყემსს უწოდებს. ქრისტეს ხშირად გამოსახავენ ანტიკური მწყემსის სახით, რომელსაც მხრებზე პატარა თიკანი ჰყავს შემოსმული. ამ სიმბოლომ მყარად მოიკიდა ფეხი ქრისტიანობაში. მორწმუნეებს-მრევლს ხშირად უწოდებენ სამწყსოს, ხოლო მღვდელს-მწყემსს.
პ.ს. ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ დამდეგ აღდგომის დღესასწაულს. ქრისტე აღდგა!
0
716
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
716
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0