x
მოკვდი ერო? – ვალერი კვარაცხელიას მიმართვა
ვალერი კვარაცხელია სოციოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება ერს:

მოკვდი, ერო?

ორმოც წელიწადზე მეტი გავიდა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსთან დაკავშირებული ამბებიდან და, ქართველებო, დღემდე ვერ გაიგეთ რა ხდებოდა მაშინ?

დღემდე გაჰკივიან, რომ საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენა უნდა გამოეცხადებინათო.
ს ი ც რ უ ე ა !
ს ი ს უ ლ ე ლ ე ა !
ს ი ბ ი ნ ძ უ რ ე ა !
საბჭოთა კავშირის კონსტიტუციასა და მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციებში ენის სახელმწიფო სტატუსის ცნება საერთოდ არ არსებობდა. თვითონ რუსეთის კონსტიტუციაში არ ეწერა რუსული ენის სტატუსი და საქართველოს კონსტიტუციაში როგორ უნდა ჩაეწერათ? მუხლი ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ მხოლოდ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში არსებობდა, ვინაიდან 1921 წლის კონსტიტუცია მენშევიკურ მთავრობას გადმოწერილი ჰქონდა შვეიცარიის კონსტიტუციიდან, სადაც ასეთი ჩანაწერი დღემდე არსებობს. 1936 წლის სტალინურ (სხვათა შორის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე პროგრესულ და სამართლიან) კონსტიტუციას როდესაც იღებდნენ, ქართველებმა სტალინს სთხოვეს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დარჩენილიყო მუხლი ენის სტატუსთან დაკავშირებით და მან ამაზე, გამონაკლისის სახით, თანხმობა განაცხადა.
ასე დარჩა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი საქართველოს კონსტიტუციაში 1978 წლამდე.


1978 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების ახალი კონსტიტუციები იწერებოდა, საქართველოს კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღების საკითხი კვლავ დადგა. იმიტომ კი არა, რომ ქართულ ენას ებრძოდნენ, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა კონსტიტუციებში, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლესი სახელმწიფოების კონსტიტუციებში (როგორც უკვე ვთქვი) ამგვარი მუხლი არ არსებობდა. სტანდარტი კი ერთნაირი უნდა ყოფილიყო. (მსოფლიოში სულ რამდენიმე კონსტიტუციაშია სახელმწიფო ენის სტატუსი განსაზღვრული და, ისიც იმ შემთხვევებში, როდესაც, ერთდროულად, რამდენიმე ენაა აღიარებული სახელმწიფო ენად. მაგ. შვეიცარიაში, კანადაში.).

შევარდნაძემ ბრეჟნევს სთხოვა, რომ რაკი იქამდე არსებობდა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი, გადასულიყო იგი ახალ კონსტიტუციაშიც, რადგან ქართველი ხალხისთვის ძნელი გასაგები და მტკივნეული იქნებოდა ამ მუხლის ამოღება. ბრეჟნევი (ისევე, როგორც სტალინი) დათანხმდა ამას და საკითხი ამით ამოიწურებოდა, მაგრამ შევარდნაძემ ამაზე პოლიტიკური და პატრიოტული ქულების ჩაწერა განიზრახა და მოაწყო პროვოცირება იმ მოვლენებისა, რომელიც ამას მოჰყვა. ასე მიიტაცა მან ქართული ენის დამცველი გმირის მანტია.

ქართულ ენას შევარდნაძე და მის პროვოკაციას წამოგებული ახალგაზრდები კი არ იცავდნენ, საბჭოთა ინტერნაციონალიზმი იცავდა და იცავდა საფუძვლიანად. იცავდა არამარტო დეკლარირებულად, არამედ მისი განვითარებისთვის რეალური პირობების შექმნით, უნივერსიტეტების, სასწავლო და საკვლევი ინსტიტუტების განვითარებით, ქართულ ენაზე არნახული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებით, ქართული მწერლობისთვის ხელის შეწყობით, ქართული კინოს, ქარტული თეატრის უმაღლეს დონეზე აყვანით.

მაგალითად, სომხეთის კონსტიტუციაში არ არსებობდა მუხლი სომხური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. როგორ ფიქრობთ, ამის გამო სომხეთში სომხური ენა ნაკლებად იყო დაცული? (სხვათა შორის, სომხეთში 1978 წლის კოსტიტუცია ჩვენზე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს და იქ არ იყო შეტანილი მუხლი ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, მაგრამ საქართველოში ეს მოვლენები რომ განვითარდა, იქაც ერთი ამბავი ატყდა და რამდენიმე დღის წინ მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით ენის სახელმწიფო სტატუსი დააფიქსირეს. რა თქმა უნდა, მოსკოვის თანხმობით.).

საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში ქართული ენის კულტი იყო შექმნილი. ეთერში გასული ენობრივი უმნიშვნელო ხარვეზიც კი განსაკუთრებული მსჯელობის საგანი ხდებოდა. ქართველი ჟურნალისტები წერდნენ და მეტყველებდნენ დახვეწილი ქართულით.

ირაკლი აბაშიძემ საბჭოთა პერიოდში შეჰქმნა შედევრი - "ო, ენავ ჩემო", რომელიც თითქოს ჰიმნია, საგალობელი და სალოცავია ქართული ენისა და, რომელსაც თვით შოთაც კი მოაწერდა ალბათ ხელს.

ვითომ დამოუკიდებლობის მოპოვების, სინამდვილეში კი საქართველოში ამერიკელების გაბატონების შემდეგ, ქართული ენა გაირყვნა, წაიბილწა და გათახსირდა. ქართული მწერლობა, კინო და თეატრი განადგურდა. ქართული მეცნიერებისა და განათლების კერები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ქართული პასპორტიდან ეროვნება და მამის სახელი წაგიშალეს და ამ საქართველოდან ასე უტიფრად რომ გაჰკივით, საბჭოთა საქართველოში ენას გვართმევდნენო, ან სინდისი არ გაწუხებთ, ან ღმერთის არ გეშინიათ, ან სირცხვილი არ გაგაჩნიათ, რაღაცამ ხომ უნდა შეგაჩეროთ?!

საბჭოთა საქართველოში ჩვენთვის არც ენა წაურთმევიათ, არც ეროვნება, არც იდენტობა, არც ჭკუა, არც გონება, არც ზნეობა, არც სულიერება, არც ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკა, არც ტოლერანტობა... ახლა მიმოიხედეთ ირგვლივ და პატიოსნად თქვით: ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებათაგან თუნდაც ნასახი შეგვრჩა?

აბა რას მისტირით? მაშინ რაც არ წაურთმევიათ, იმას გლოვობთ და, აგერ ახლა რომ გაგძარცვეს, გაგატიტვლეს და, როგორც დაკლულ საქონელს, გულ-ღვიძლი ამოგაცალეს, ამას ვერ ხედავთ?

მართლა რას დაემსგავსე, ქართველო ადამიანო და, მთლიანად, ქართველო ერო?!

ყოველგვარი განათლებისა და სინდისისგან აბსოლუტურად გაძარცვულმა ნაყარ-ნუყარმა ჟურნალისტებმა და ვაი პოლიტიკოსებმა, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ, როგორც ბუზები განავალს, ისე რომ ესევიან უცხოეთიდან შემოსულ თუ ადგილზე არსებულ ფულს და გაუთავებლად ირევიან სხვა და სხვა თავყრილობებზე - ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან და აქვთ ერთი გნიასი და ალიაქოთი, როგორ უნდა გატყუონ ამდენი ხნის განმავლობაში?

ათ-ათ ლარად რომ დაგატარებენ ამ საკონცერტო დარბაზებში და ერთი და იგივე უტიფარი სახეები გუშინ რასაც გეუბნებოდნენ, დღეს იმის საწინააღმდეგოს რომ გიმტკიცებენ, იმათ არ რცხვენიათ, გასაგებია, მაგრამ შენ რატომ არ იწვი სირცხვილით, ეს მაინტერესებს?
ამ თახსირებს როგორ აბითურებინებ თავს, ეს ვერ გამიგია!

- ენას გვართმევდნენ, გვარუსებდნენ! - გაიძახით თქვენც უკვე გარდასულ დროზე და აგერ, აწმყოში, ფიზიკურად რომ გაგანადგურეს და გაგაქრეს, ამას ვერ ხედავთ?
ჯერ აფხაზეთიდან გამოგრეკეს ნახირივით, მერე ცხინვალის რეგიონიდან, ახლა საქართველოდან გერეკებიან, რომ დედა-ბუდიანად აგყარონ, რათა თავისუფლად დაეპატრონონ ქართულ მიწა-წყალს, ქართულ მთა-ბარს, ქართულ ცასა და ქართული ზღვას, ამას ვერ ამჩნევთ?

ამას დაძინება არ ჰქვია, ამას გარდაცვალება ჰქვია. გეკითხები:
- მოკვდი, ერო? აღარ არსებობ? მორჩა, დამთავრდა ყველაფერი?

1
317
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
317
  
ჰმ,... აქ ვერ ვკადრებ ამ საიტს, თორემ როგორი კომენტარის ღირსია ეს ნაბუშარი, ალბათ ყველა ვხვდებით, ხომ? და ამისთანებზე ამბობენ, ზვიადმა სუკის აგენტები უწოდა და როგორ შეიძლებოდაო?
0 1 1