x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
ბულინგი სკოლაში, მასწავლებლის როლი ბულინგის პრობლემის გადაჭრაში





image










შესავალი

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. აქედან გამომდინარე უკვე ნათელია, როგორი უნდა იყოს სკოლა, რა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს სკოლაში იმისათვის, რომ მან შეძლოს თავისი უმთავრესი დანიშნულების - მოსწავლეების მაღალი მიღწევების უზრუნველყოფა.



წარმატებულ სკოლებში არსებობს უსაფრთხო, დისციპლინირებული, პოზიტიური, ჯანსაღი, წამახალისებელი და ინტელექტუალურად მასტიმულირებელი გარემო. მოსწავლეები და მასწავლებლები თავს გრძნობენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხოდ და სრულფასოვნად არიან ჩართული სწავლისა და სწავლების პროცესში. როგორც ქალბატონი ლია გიგაური აღნიშნავს, “ზოგადი განათლების სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზანი თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის სკოლაში უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და მზრუნველი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფაა.


სწავლის, აღზრდის, ღირებულებების ჩამოყალიბების და ჰარმონიული განვითარების მიზნების მიღწევის აუცილებელი წინაპირობა პოზიტიური გარემოა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს საშუალებას მისცემს, კონცენტრირდეს განათლებასა და აკადემიურ წარმატებაზე, სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, იყოს მოტივირებული და აქტიური. რამდენადაც სკოლაში შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები, ღირებულებები ზრდა სრულასაკში დიდწილად განსაზღვრავს მოქალაქეების ქცევას სხვადასხვა სოციუმში, განათლების სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის განათლებული, სოლიდარული, უსაფრთხოსაზოგადოების განვითარების პროცესში.“ (ჟურნალი-“სკოლის მართვა“ N-3. გვ.4)


ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა დას სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. მათ შორის ერთ-ერთია სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცააგადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება, სხვისი უფლებების პატივისცემა, რაც გამორიცხავს დისკრიმინაციას-ცალკეული პირებისა ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვას. დისკრიმინაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით “არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას“, რომელსაც უწოდებენ ბულინგს.




ნებისმიერი პედაგოგის მიზანია შეიტანოს თავისი წვლილი ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესში. ამ მიზნის განხორციელება წარმოუდგენელია თუ თანატოლთა შორის არ არსებობს მაღალი თანამშრომლობითი კულტურა, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა. მაგრამ, სამწუხაროდ დღეს გვხვდება სკოლებში ძალადობის სხვადასხვა ფორმები თანატოლთა შორის, რომელსაც “ბულინგს“ უწოდებენ.

“ბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.’’ (როლანდი)




  • რა არის ბულინგი?
  • ტერმინი “ბულინგი“ ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა, ან სხვა ჯგუფის მიერ. ბულინგის სამი ტიპი არსებობს: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური.

    სიტყვიერი და ფიზიკური ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია: დამამცირებელი ზედმეტი სახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვები დაწერა“ მუქარა, ხელის კვრა, ცილისწამება. და ა. შ.


    ქართულში ბულინგის შესატყვისია: შარიანობა, ჩხუბისთავობა, ყოჩობა. და ა.შ. სიტყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით, შესაძლებელია ტერმინი ინგლისური სიტყვა “bull”-იდან მოდიოდეს, რაც ქართულად ხარს ნიშნავს. “ყოჩობა“, “ყოჩი“ ცხვრის ფარის წინამძღოლს ნიშნავს. მართლაც, ხშირად აგრესორი მოზარდი ცდილობს უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, წინამძღოლის ფუნქცია აიღოს. ბავშვი -მოძალადე-ბულერი იმპულსურია ადვილად აღგზნებადია, მიაჩნია რომ სხვებზე უნდა ბატონობდეს, აქვს ამის უფლება. ხშირად გააჩნია ფიზიკური უპირატესობა, თვლის რომ იმსახურებს ლიდერობას და არ შეუძლია კომპრომისებზე წასვლა.მას შეიძლება გააჩნდეს კიდეც ლიდერის საუკეთესო თვისებები, მაგრამ ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს ამ თვისებებს:- ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, და-ძმას, თანატოლებს, აქვს მოჭარბებული ენერგია დამბრძანებლობისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მსხვერპლს და მსხვერპლის მიმართ არ გაუჩნდეს თანაგრძნობა.როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურეს მოძალადე გარკვეულ ეტაპზე უჩნდება შისი, რომ თვითონ გახდება “მსხვერპლი“. საბოლოოდ, ბავშვი მოძალადე-ბულერი და მსხვერპლიც ორივე მსხვერპლია.



    მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თანატოლებისაგან. იგი შეუმჩნეველი, პატარა ან სუსტია. მას შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად გამორჩეული თვისებები: მაგალითად იყოს სხვებზე ბევრად მაღალი, ან დაბალი, მსუქანი ან გამხდარი, წყნარი, შეიძლება ატარებდეს სათვალეს, ან ჰქონდეს ჟღალი თმა ან უბრალოდ, კარგად სწავლობდეს. ასეთ ბავშვს აქვს დაბალი თვითშეფასება. ის მორცხვი, ჩაკეტილი, ზედმეტად მგრძნობიარეა, მიდრეკილია დეპრესიისაკენ, თუმცა ზუსტად ვერავინ იტყვის როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ გახდეს ბულინგის მსხვერპლი. პრინციპში გარკვეულ პირობებში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი., მაგრამ ძირითადად “რისკის ჯგუფში“ ხვდებიან ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევბის, სხვა ეროვნების ბავშვები.




    სამეცნიერო ლიტერატურაშისასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს “ბულინგი“ ( ინგლ. -ხულიგანი, მოძალადე), (მობინგი ( -ბრბო -თავდასხმა-შევიწროვება). ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება, ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა სოციალური- ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომლის უკან დგას სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები. მეცნიერი ჰეინემენმა (1973 წელს )გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღწერილი იყო ადამიანთა ჯგუფის თავდასხმა ერთ ადამიანზე და ამ ფაქტის აღსანიშნავად გამოიყენა ტერმინი-მობინგი.ოლვეესი თავის ნაშრომებში იყენებს ტერმინს-ბულინგს, რომელიც თავის თავში გულისხმობს, როგორც ადამიანის ჯგუფის, ასევე ცალკეულიუ ადამიანის თავდასხმას მეორე ადამიანზე. პიკასის აზრით, მობინგი-არის ჯგუფური თავდასხმის აღსანიშნავად, ხოლო ბულინგი ნებისმიერი თავდასხმის აღსანიშნავად.



    4.რატომ ხდებიან ბავშვები დაუნდობლები? რა იწვევს მათ აგრესიულ ქცევას?

    ბულინგის მოტივაცია მრავალფეროვანია:-შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, და ა. შ ბულინგის მრავალფეროვანი გამოვლინებები შეიძლება გავაერთიანოთ 2 ჯგუფში:

    1.დამცირების აქტიური ფორმები

    2.ბავშვის გაცნობიერებული, მიზანმიმართული იზოლაცია.

    ეს მოვლენა გცხვდება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ბიჭები უფრო ხშირად მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს, გოგონები კი ზეწოლის ირიბ ფორმას (ჭორების გავრცელებას, ურთიერთობის შეწყვეტას). ბულინგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შუა ბავშვობისა და ადრეული მოზარდობის პერიოდში.

    რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბულინგს და რატომ უნდა ვებრძოლოთ მის ყველანაირ გამოვლინებას?



    საყოველთაოდ ცნობილია, რომ მძალადობის მსხვერპლი თვითონვე შეიძლება მომავალში მოძალადე ჩამოყალიბდეს. ბულინგის შემთხვევაში, მსხვერპლი სამუდამოდ ან ძალადობის შეწყვეტიდან დიდი ხნის შემდეგაც დეპრესიულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ, უკონტაქტო ადამიანად რჩება.


    2012 წელს გერმანიაში გამოიცა წიგნი ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის დღიური.აღმოჩნდა რომ სკოლაში ის წლების მანძილზე განიცდიდა ორგანიზებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ არც ოჯახში, არც სკოლაში ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ის წერდა რომ სკოლის დამთავრებიდან 12 წლის შემდეგაც, კიდევ ვერ დააღწია თავი შიშსა და შფოთს, რომელსაც სკოლაში განიცდიდა.მსხვერპლ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს სამედიცინო ჩივილებიც:მოუსვენარი ძილი, უმადობა, , უარესდება ბავშვის აკადემიური მოსწრება, უკიდურესად მძიმე ფორმის ბულინგი შესაძლოა დასრულდეს კატასტროფული შედეგებით.საჭიროა საკითხის კომპლექსური მიდგომა-სკოლის, მშობლების, თანატოლების, საზოგადოების, თემის მხრიდან ერთობლივი მუშაობა.

    5.მასწავლებლის როლი ბულინგის პრობლემის გადაჭრაში.

    ა. გაკვეთილზე ზრუნავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

    ბ. ამჩნევს და სათანადოდ რეაგირებს ბულინგის გამოვლინენებზე.

    გ. მხარს უჭერს დაჩაგრულ ბავშვს და ცდილობს ბულინგის შეჩერებას.

    დ. სხვადასხვა გზებით ცდილობს მოსწავლეებში ემპათიის უნარის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და ა. შ.

    ე. ეხმარება ბავშვს რეაგირების სათანადო საშუალებების პოვნაში.

    ვ.იძლევა სათანადო ქცევის მაგალითს. არის პოზიტიური“ კეთილგანწყობილი და მის მაგალითზე ბავშვი სწავლობს გარემომცველთა პატივისცემას.

    ზ. ახალისებსსხვა ბავშვებთან მის სიახლოვეს, მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში, ან კლასგარეშე საქმიანობებში.

    თ.აგრესორ მოსწავლეს აგრძნობინებს რომ არ მოითმენს მის ძალადობრივ ქმედებას, მიმართავს სავსებით კონკრეტულ შეზღუდვებს ბულინგის განმეორების შემთხვევაში.


  • ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენების გზით
  • მაგალითად: მხატვრული ლიტერატურის ეფექტური გამოყენება სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. მხატვრული ლიტერატურა მკითხველისთვის საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის წყაროს წარმოადგენს, მისი მიზანმიმართული გამოყენება კი დიდ შესაძლებლობებს ქმნის სრულფასოვანი პიროვნების აღსაზრდელად.

    ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა პედაგოგებთან ერთად, განსაკუთრებული როლი ეკისრება, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს. რა მიმართულებით წარმართავს იგი მხატვრულ ტექსტზე მუშაობას, როგორ გამოიყენებს იგი ამ მდიდარ მასალას, იმ უნარებისა და ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ მოსწავლეებს ცხოვრებაში და განსაზღვრავს მომავალში საზოგადოების განვითარების დონეს. მაგალითი. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთადროცა მსჯელობს ადამიანურ ღირსებაზე, ან თანასწორობაზე მოსწავლეებს სთხოვს წაიკითხონ გ. ვარაზანაშვილის მოთხრობა “ ვიოლინო“ და ტექსტის ანალიზისთვის გამოიყენებს კითხვა-პასუხს.“კიპა“ ოთხ კატეგორიად ( “იქვე ტექსტში“, “იფიქრე და მოიძიე“, “ავტორი და მე“, “მე თვითონ“) დაყოფილი კითხვების მიხედვით აღნიშნული ტექსტის დამუშავება გამოიწვევს მოსწავლეთა ჩაფიქრებას. მაგალითად საკითხის ასეთი დასმა:თენგო უცნობ ბიჭს მიმართავს:“ახლა კი მიბრძანე მუსიკოსო, საით მიბრძანდები?-რატომ იყენებს თენგო მიმართვისას ამ სიტყვებს?“ რას გამოხატავს ეს სიტყვები? თავაზიანობას თუ დაცინვას?“თენგოს რა თვისებები ჩანს ამ მოთხრობაში?დაფიქრდით თქვენ ხომ არ მოქცევიხართ სხვას ამგვარად?ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი უცნობი ბიჭის ადგილზე?“ თენგო შეიცვლებოდა თუ არა, რატომ ფიქრობთ ასე?“ და სხვა.

    მხატვრული ლიტერატურის გააზრება, თავისთავად, გულისხმობს შეფასებისა და თვითშეფასების უნარის განვითარებას. მხატვრულ ტექსტში აღწერილი მოვლენებისა და პერსონაჟების მიმართ მკითხველს ძალაუნებურად უყალიბდება ემოციური დამოკიდებულება:


    როლური თამაში - ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობითა მონაწილეებს შეუძლიათ შეიძინონ ცხოვრებისეული გამოცდილება, შეასრულებენ რა მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ სიტუაციაში წარმოსახვითი პიროვნების როლს.

    როლური თამაშების გამარტივებულ სამყაროში უფრო ადვილია მიმდინარე პროცესების სტრუქტურისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ურთიერთობების დანახვა და გაცნობიერება, ვიდრე რთულ რეალობაში. ამიტომაც, ამ მეთოდის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება უფრო ეფექტურად და ნაკლები რისკით შევისწავლოთ და შევიძინოთ ახალი ქცევითი ნორმები და ხერხები და შევამოწმოთ პრაქტიკაში ჩვენი იდეები.



    იმისათვის, რომ როლური თამაშის მეთოდის გამოყენებას მაქსიმალური სარგებელი მოჰყვეს, შემოთავაზებული სიტუაციები შეძლებისდაგვარად უნდა ასახავდნენ რეალობას. ინსტრუქცია დეტალურად უნდა აღწერდეს სიტუაციის ყველა ასპექტს. მონაწილეებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთი შეხედულებებისამებრ შეასრულონ როლები.



    როლური თამაშის დროს მონაწილეთა ამოცანაა, შექმნან ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებისათვის დამახასიათებელი ქცევითი მოდელები. სწორედ ეს ქცევა, და არა მათი მსახიობური მონაცემები და ტალანტები, უნდა იქცეს შემდგომ ჯგუფის დისკუსიის თემად, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს მათ გამოსვლას. როლურ თამაშს მეტი ეფექტი ექნება, თუ არის მისი ვიდეოჩანაწერის გაკეთების და შემდეგ განხილვის საშუალება.

    ამ მეთოდის გამოყენებისას, პედაგოგმა უნდა:




    • მიღებული გამოცდილების შენარჩუნების პერიოდი ხანგრძლივია;

    • სასიამოვნო პროცესია;

    • ხელს უწყობს ემპატიის (თანაგანცდა) განვითარებას;

    • შესაძლებელია გაგება და დანახვა იმისა, როგორ იქცევიან სხვა ადამიანები;

    • გაცნობიერება იმისა, თუ ვინ როგორ მოიქცეოდა კონკრეტულ სიტუაციაში;

    • უსაფრთხოება დაცულია.





    მაგალითი: სურვილისამებრ, ერთ-ერთი მოსწავლე განასახიერებს ბულინგის მსხვერპლის როლს, დაიწყებს სიარულს მერხებს შორის, თავისი თანატოლები უდიერად მოეპყრობიან მას- დაუძახებენ რაიმე ზედმეტ სახხელს, ჰკრავენ ხელს და ა.შ. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს თანაგრძნობა მის მიმართ და გამოხატოს თავის ქცევაში. რამდენიმე წუთიანი გათამაშების შემდეგ “მსხვერპლი“ გადმოსცემს რას განიცდიდა დამცირების დროს და რა შეგრძნება დაეუფლა როცა მას ადამიანურად მოექცნენ. “მოძალადეები“ კი თავის ემოციას გადმოგვცემენ. არანაკლებ საინტერესოა დანარჩენი მოსწავლეების აზრის მოსმენა, რადგან, როგორც დადგენილია, ბულინგის დროს სტრესს იღებენ არა მხოლოდ მონაწილე, არამედ იქ მყოფი თანატოლები.


    როლური თამაშები გაკვეთილზე, ხელს უწყობს მოსწავლეებს სულ რამდენიმე წუთით “სხვის ტყავში“ მოექცნენ, სამყარო დაინახონ დაჩაგრული, მოძალადე ბავშვის თვალით, რაც ხელს შეუწყობს ბულინგის შედეგებზე მოსწავლეთა ჩაფიქრებას.


    პროექტული სწავლებაამ დროს თვითონ მოიძიებენ მოსწავლეები მასალას აღნიშნული საკითხის მიმართ, ლიტერატურიდან, ისტორიიდან, ფილმებიდან და პრაქტიკიდან.

    მოაწყობენ სემინარებს, დისკუსიებს, გააკეთებენ ჩანახატებს თემაზე:“ რა არის დაცინვა“, ან ისაუბრებენ ისეთ თემებზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით როგორიცაა: “რა არის ტკივილი?“ ვფიქრობ, ასე აუმაღლდებათ ცნობიერება და გამოუმუშავდებათ ტოლერანტული თვისებები, რაც გამოადგებათ მთელი ცხოვრების მანძილზე.



    უკუკავშირის ეფექტური გამოყენება ბულინგის წინააღმდეგ.

    გამოიყენებს მასწავლებელი აქტივობას “გვირილა“

    მოსწავლეები გაანალიზებენ იმ მძიმე შედეგებს, რაც თანატოლთა შორის არასწორ კომუნიკაციას მოჰყვება.

    ბულინგის გამოვლინების წინააღმდეგ სხვადასხვა ხერხებით ბრძოლა აუცილებელი და გადაუდებელია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლი თვითონვე შეიძლება ჩამოყალიბდეს მოძალადედ, ან დაითრგუნოს და მთელი ცხოვრება დაღდანსმული იყოს. გაირიყოს საზოგადოებისაგან, დარჩეს უკონტაქტო, საკუთარ თავში ჩაკეტილ, დეპრესიულ ადამიანად, რომელიც ვერ იბრძოლებს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და ამით მისი ცხოვრება დაკარგავს იმ ხიბლს, რასაც პიროვნებად ყოფნა ნიშნავს.



    გამოყენებული ლიტერატურა


    • ბესელია ნინო, ბოკერია ნინო, კორძაძე მაკა - “როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე’’- გამომცემლობა: “ბაკურ სულაკაურის’’ 2011წ;
    • გორგაძე სოფიო, იმედაძე ნათია, ჯანაშია ნათია- განვითარებისა და სწავლების თეორიები გამომცემლობა: “საქართველოს მაცნე’’ 2008წ;
    • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წ.- “სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა’’ ;
    • ჟურნალი-“სკოლის მართვა“ N-3.






    0
    24
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთევან ჭიღლაძე
    ქეთევან ჭიღლაძე
    24
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0