x
image
ქეთი გაბინაშვილი
ანია

ქეთი გაბინაშვილი

სევდამ ჯერ იატაკი დაფარა და მერე კედლებისაკენ აიწია, ხელი მოუფათურა ოთახებს მკერდზე, მოეალერსა. მოდიდდა წუხილი და ჰაერი შთანთქა. ერთხანს ცხოვრობდა ანია ტკივილით გაჟღენთილ სახლში და შეურაცხყოფას ყლაპავდა. მოხუცი მეეზოვესავით არეული ნაბიჯით დადიოდა ღამე და ძველ წყენებს შემოდგომის ფოთლებივით აგროვებდა. დილას კი აღარ მოჰქონდა სინათლე. გათენება ვარსკვლავებს ახრჩობდა და დაჰქონდათ თვალებით ყელგამოღადრული მოგონებები.
აზრი თითქოს ბაბუაწვერას ყვავილი ყოფილიყოს, ისე შეებერა სული წყენას, ყველა სიტყვა ჰაერში გაფანტულიყო. დადიოდნენ ოთახებში უბრად და სასაფლაოს მდუმარებას ჰგავდა მოლოდინი.
ჯერ პირობები დადეს, მერე ყველა პირობა შეთანხმებულივით პომპეზურად დაარღვიეს და ახლა გაცრულებული იმედები ებლანდებოდათ ფეხებში და წინსვლაში უშლიდათ ხელს, ამიტომ მათი გზა აღარსად მიდიოდა, წრეზე ბრუნავდა დაუსრულებლად. მერე და მერე ფიქრობდა ანია, ზაფხულის სულშეხუთულ შუადღეებში, საკუთარ თავს თვალებში რომ ჩაჰყურებდა, თავიდანვე უნდა მცოდნოდაო, აბა რა საჭიროა ისეთი პირობის დადება, რომელიც არ დაირღვევა, მხოლოდ დარღვეული პირობები იდებაო, მხოლოდ მაშინაა საჭირო ფიცის დადება, როცა იცი, რომ ამ ფიცს გასტეხ, თორე რაც არ მოხდება, იმას რა ფიცი და მტკიცი სჭირდებაო.
კიდევ ბევრ რამეზე ფიქრობდა ანია, მაგრამ სინანულს აზრი აღარ ჰქონდა, სინანული დროს უკან ვერ დააბრუნებდა. ერთს კი მიხვდა, გაღმრთობა ძალიან რთული ყოფილაო ადამიანის, თორემ თუ კი ღმერთი გვყავს გულში, შენდობას რაღა უნდაო, ღმერთი ხომ თავადააო პატიება, მან ხომ შეგვინდოვო, აი აქ, ადამიანის ვერ შენდობაშიაო სწორად უფლის ხატის წაშლა რომ იგრძნობაო.
არავის საყვედურობდა, საკუთარი თავისთვის თავადაც ვერ ეპატიებინა, აბა, მე თუ ვერ გამიგია ჩემი თავის, სხვა რას გაიგებსო. გაუგებარი კი ამის გარდაც ბევრი რამე იყო ცხოვრებაში. ჯერ სულ ბინდი იდგაო და ამ სიყვარულმა ხომ სულ თავზარი დამცა, ის ცოტა, ეკონომიურად დანახული სინათლეც ჩაქრაო თითქოს.
დამშვიდობება მაინც შემძლებოდაო ნორმალურად, მინდოდაო მეთქვა, რომ უსაზღვროდ და უშეღავათოდ მიყვრდაო, მინდოდაო მეთქვა თავდავიწყებით რომ შემყვარებოდაო, მაგრამ ვეღარ ვუთხარიო. ადამიანს მანამდე უნდა ჩაეხუტო, სანამ წასვლას დააპირებს, თორემ უკვე კართან მდგომის მკერდს აღარც იმდენი სითბო აქვს და აღარც ისე გამალებით ფეთქავსო.
ის კი წავიდა და წაიყოლა ანიას პერანგი. შემოიცვა თავის ოფლშემშრალ მხრებზე და მალე დაგიბრუნებო, მაგრამ აღარ გამოჩენილა. კარადაში კი სანაცვლოდ თავისი სევდისფერი მოსასხამი დაუტოვა. როცა ოთახში ადგილი გათავისუფლდა და საწოლში მარტოობა შეუწვა, ის სევდისფერი სამოსი მოიგდო მხრებზე, მაგრამ ანიას ტკივილს ვერ შემოსწვდა, ვერ გაათბო. საკუთარი მუხლისთავები ჩაიკრა გულში. გული კი თითქოს ახლა მხოლოდ ფორმალურად იყო ანიას ძარღვებზე მიერთებული, სხვისთვის ძგერდა, სხვისთვის ბობოქრობდა.
უგულოდ ცხოვრება კიდევ სიკვდილს ნიშნავს. და კვდებოდა მარტოდმყოფი ანია. და იმ სიმარტოვეში მიხვდა: მარტო ვიბადებით და მარტოები უნდა დავიხოცოთ, სულ ტყუილია, თითქოს მართლა არსებობს სამყაროში ადამიანი, ვინც შეგვეხიდება, ჩვენს ტკივილსა და სიხარულს გაიყოფს, ჩვენ ვიტყვით სიტყვებს და ის გაგებას შესძლებს. უფრო დიდი და ტკივილიანია მარტოობა, როცა წამითაც არ გტოვებენ საკუთარი თავის ანაბარასო.
სარკეში ჩაიხედა, ახლა ანია ერთი აღარ იყო, ანია იყო ორი და ის მერე იმ სხვა კაცის ნაცვლად ხედავდა სამყაროს. მეორე ანიაც, პირველის მსგავსად, მარტო იყო. ხელი ჩასჭიდა საკუთარ მარტოხელა ორეულს და იატაკზე დაწვა. იატაკი იყო ცივი და სევდისგან დანესტიანებული. ნეკნები ეტკინათ ანიას და ანიას. წამოდგომა სცადეს, მაგრამ ვეღარ ადგნენ. დაცემა ყოფილაო ადვილი, წამოდგომა ვისთვის რთული და ვისთვის სულაც შეუძლებელიო. თვალებდათხრილი სახე შეაჩერა ანიამ იმ სხვის ნაცვლად მოფიქრალ ნაწილს.
-მაინც რა არის სიყვარული, ჩემო?- ჰკითხა ანიამ.
-სიყვარულია, როცა ყველა ძარღვი ნაფლეთებად გექცევა, სხეულის ყველა უჯრედი გტკივა, როცა თავზე გემსხვრევა შენი ყველა წარმოდგენა საკუთარი თავსა და სამყაროს მიმართ, როცა ვეღარ ხედავ საშენო სიზმრებს, როცა გრძნობ საკუთარ უსუსურებას, როცა აღარ შეგიძლია...- ანია გაჩუმდა.
-რა აღარ შეგიძლია?- ჰკითხა სულში ინტერესშემძვრალმა ანიამ.
-უბრალოდ აღარ შეგიძლია!- უპასუხა იმ მეორე ანიამ და უთვალო თვალები მოარიდა.
-ვერაფერი გავიგე, - გული დასწყდა ანიას.
-ჰო, ვერც მე, ჩინურია, - სევდიანად პასუხა საკუთარმა ნახევარმა.
ანიამ ზურგი აქცია საკუთარ თავს და სევდაშემხმარ კედელს მიაყრდნო გაყინული შუბლი. ანიას ეტკინა მარტოობა. ჭერსმიშტერებულ ანიასაც გულს უღრღნიდა სიმარტოვე.

ქეთი გაბინაშვილი

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0